ფსიქიკური ჯანმრთელობა

                    ფსიქიკური ჯანმრთელობა: ეპიდემიოლოგია, შეფასება და მკურნალობა

„ჰომოსექსუალობა ნამდვილად არ არის უპირატესობა, თუმცა ამაში სამარცხვინოც არაფერია. ის არაა ბოროტება, დეგრადაცია და არ შეიძლება მის დაავადებად კატეგორიზება“  

ზიგმუნდ ფროიდი, „ამერიკელი დედის წერილი“, 1935

როგორც ყველა პაციენტისათვის, ფსიქიკური ჯანმრთელობის საბაზისო შემოწმება ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ და ტრანსგენდერ ადამიანთა ჯანმრთელობაზე ზრუნვის მნიშვნელოვანი ასპექტია. ლგბტ პაციენტებისათვის შესაბამისი ზრუნვის შეთავაზების კუთხით, აუცილებელია კლინიცისტების მიერ ლგბტ მოსახლეობის ფსიქიკური დაავადებებისადმი სპეციფიკური მოწყვლადობის შესახებ ცოდნა, და ასევე შეფასების ყველაზე ეფექტური ტექნიკებისა და მკურნალობის მეთოდების გაცნობა. გეი, ლესბოსელი და ბისექსუალი ადამიანების თაობებს ჯერ კიდევ ახსოვთ დრო, როცა სამედიცინო პროფესიები მათ სექსუალურ იდენტობას და ქცევას პათოლოგიად თვლიდა. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელ ფსიქიატრთა ასოციაციის მიერ ჰომოსექსუალობის დიაგნოსტიკური კატეგორიებიდან ამოღების შემდეგ სამმა ათწლეულმა განვლო, დღემდე გამოყოლილი სტიგმა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის მიღების ბარიერად რჩება. ლესბოსელ, გეი და ბისექსუალ მოსახლეობაზე გავლენის მქონე ფსიქიკური დაავადებების ეპიდემიოლოგიის, დიაგნოზისა და მკურნალობის  განსხვავებების გათვალისწინებით, ამ თავში საუბარი იქნება საშუალებებზე, რომლებიც კლინიცისტებს ამ ბარიერების გადალახვაში შეუწყობს ხელს, რათა მათ თავიანთ პაციენტებს საუკეთესო შესაძლებელი დახმარება აღმოუჩინონ. ამ ტექსტის მიზანი არ არის ფსიქიატრიული შეფასებისა და მკურნალობის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მოწოდება. მისი მიზანია ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის სფეროში საბაზისო ცოდნის შექმნა პირველადი ზრუნვის მიმწოდებელი კლინიცისტის როლის შესახებ. ჯანმრთელ სხეულსა და ჯანმრთელ ფსიქიკას შორის ურთიერთკავშირის შესახებ ყველამ იცის – ეს ხაზს უსვამს პაციენტზე ხარისხიანი ზრუნვის უზრუნველყოფის საქმეში პირველადი ზრუნვის მიმწოდებლებსა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პროფესიონალებს შორის თანამშრომლობის საჭიროებას.

ეპიდემიოლოგია; ფსიქიკური დარღვევები ლგბტ მოსახლეობაში

ლგბ მოსახლეობაში არსებული ფსიქიკური დარღვევების საკითხები ჯერ კარგად შესწავლილი არ არის. ამ სფეროში მაღალი ხარისხის კვლევის მეთოდებზე დაფუძნებული კვლევების რიცხვი საკმაოდ მცირეა. კოკრანი და მაისი წიგნში „სექსუალური ორიენტაცია და ფსიქიკური ჯანმრთელობა“ აღწერენ „სამ ძირითად გარდაქმნას“ ლგბ განწყობის აშლილობების ეპიდემიოლოგიურ კვლევებში ბოლო 50 წლის განმავლობაში. პირველი, იმ პერიოდში, როდესაც ჰომოსექსუალობა პათოლოგიზებული იყო, ეპიდემიოლოგიური კვლევა მხოლოდ ფსიქიკური ჯანმრთელობის კლინიკებში მყოფ პაციენტთა ჯგუფებთან ტარდებოდა. ეს კი გეებსა და ლესბოსელებში განყობებისა და შფოთვითი აშლილობების არსებობის ხარისხის გადაჭარბებულ შეფასებას იწვევდა. მეორე გარდაქმნა ეპიდემიოლოგიურ კვლევებში ასახავდა 1973 წელს ჰომოსექსუალობის ფსიქოპათოლოგიური დიაგნოზის გაუქმებას. მკვლევარებმა სამედიცინო და ფსიქიკური ჯანმრთელობის კლინიკებს გარეთ დაიწყეს შერჩევითი ჯგუფების შეგროვება, რამაც უფრო ჯანმრთელი და ნაკლებად სტიგმატიზებული ადამიანების შესწავლას შეუწყო ხელი. ამ პერიოდის კვლევებმა გამოავლინა, რომ ჰომოსექსუალ ქალებსა და მამაკაცებში ფსიქოპათოლოგიების დაახლოებით ისეთივე მაჩვენებლები აღინიშნებოდა, როგორიც ჰეტეროსექსუალებში. მესამე, და ყველაზე თანამედროვე გარდაქმნა კვლევებში აქცენტს აკეთებს უთანასწორობებზე ჯანმრთელობაზე ზრუნვის სფეროში, რაც აივ ინფიცირებულობის სტატუსს, ეთნიკურ წარმოშობას, რასას, გენდერულ და სექსუალურ იდენტობებს უკავშირდება. ამან უფრო ვალიდური კვლევების არსებობა განაპირობა, რადგან ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მრავალი სოციალური ფაქტორი ახდენს გავლენას. გარდა ამისა, ლგბ კვლევები გაფართოვდა და ფსიქიკურ აშლილობებზე შეურაცხყოფის, დისკრიმინაციის და მსხვერპლად ქცევის გავლენა ახსნით დაინტერესდა. მასშტაბის თვალსაზრისით ჯერ კიდევ დაუხვეწავი კვლევების თანახმად, ლგბტ მოსახლეობას ფსიქიკური აშლილობების ისეთივე მაჩვენებლები აქვს, როგორც ზოგად მოსახლეობას, თუმცა შესაძლოა ლგბტ ადამიანებს განწყობის, შფოთვითი აშლილობებისა და სუიციდური ქცევის  უფრო მაღალი რისკი გააჩნდეთ.

განწყობის, შფოთვითი აშლილობები და სუიციდური ქცევა

სავარაუდოდ, 2020 წლისათვის ფსიქიკური პრობლემები სიკვდილიანობისა და  დაავადებების მეოთხე უდიდესი მიზეზი იქნება. შესაძლოა, ლგბ მოსახლეობა განსაკუთრებულად მოწყვლადი იყოს კონკრეტული ფსიქიკური აშლილობების მიმართ. თანამედროვე მოსახლეობაზე დაფუძნებული ჰოლანდიური კვლევის თანახმად, გეი და ლესბოსელ მონაწილეებს უფრო მძიმე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, უარესი ზოგადი ფსიქიკური ჯანმრთელობა, ფიზიკური სიმპტომები და მეტი ქრონიკული დაავადებები აწუხებდათ, ვიდრე ჰეტეროსექსუალებს. შუახნის განვითარების ეროვნული გამოკითხვის მონაცემების ანალიზში, რომელიც ფსიქიატრიულ და სექსუალურ ქცევას ეხება, კოკრანი და მაისი ამბობენ, რომ პანიკური შეტევები და ხანგრძლივი დეპრესიები გეი და ბისექსუალ მამაკაცებში უფრო ხშირი იყო, ვიდრე ჰეტეროსექსუალებში (17.9 % – 3.8%-თან შედარებით, და 31% -10.2%-თან შედარებით p<0.05). 12-თვიან პერიოდში, ლესბოსელი და ბისექსუალი ქალების კონტინგენტში ზოგადი შფოთვითი აშლილობის მნიშვნელოვნად უფრო მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, (14.7%) ვიდრე ჰეტეროსექსუალ ქალებში (3.8%, p<0.05).
ამ კვლევამ ასევე დაასკვნა, რომ გეი ან ბისექსუალი მამაკაცები და ლესბოსელი ან ბისექსუალი ქალები მნიშვნელოვნად უფრო ხშირად იყენებდნენ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის სერვისებს უკანასკნელი 12 თვის მანძილზე, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები და მამაკაცები. დასახელდა მკურნალობის მომსახურების გამოყენების ოთხი ხერხი: (1) შეხვედრა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის მიმწოდებელთან; (2) შეხვედრა პირველადი ზრუნვის მიმწოდებელთან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის გამო; (3) თვითდახმარების ჯგუფების შეხვედრებზე დასწრება; (4) ფსიქიატრიული პრეპარატების მიღება. ლესბოსელი და ბისექსუალი ქალები ამ მომსახურებებიდან ერთს ან მეტს მაინც იყენებენ (66%) და თან ჰეტეროსექსუალ ქალებზე ხშირად (35.8%, p<0.05); გეი ან ბისექსუალ მამაკაცებშიც სერვისების გამოყენების უფრო მაღალი მაჩვენებლები აღინიშნება (56.7%), ვიდრე ჰეტეროსექსუალ მამაკაცებში (24.9%, p<0.05). გარდა ამისა, კვლევის მონაწილე გეი ან ბისექსუალი მამაკაცების 17.8%  თავიანთ ფსიქიკურ ჯანმრთელობას 16 წლის ასაკში „დამაკმაყოფილებლად“ ან „ცუდად“ აფასებდა, ჰეტეროსექსუალ მამაკაცთა 6.1%-თან შედარებით (p<0.05); ისინი თავიანთ ამჟამინდელ ჯანმრთელობასაც ნაკლებად დადებითად აფასებდნენ (20.4% „დამაკმაყოფილებელი“ ან „ცუდი“), ვიდრე ჰეტეროსექსუალი მამაკაცები (7.7%; p<0.05). ლესბოსელ ან ბისექსუალ და ჰეტეროსექსუალ ქალებს შორის  ზოგადი ჯანმრთელობის შეფასების განსხვავებები უმნიშვნელო იყო. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის კვლევების უმეტესობა ბისექსუალად იდენტიფიცირებულ ადამიანებს გეი და ლესბოსელად იდენტიფიცირებულ ადამიანებთან აჯგუფებენ, ამიტომ რთულია ბისექსუალთა ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ მონაცემების განცალკევება.
სხვადასხვა კვლევის მიმოხილვაში, გეი ან ბისექსუალ მამაკაცებსა და ლესბოსელებში სუიციდური აზრების არსებობის უფრო მაღალი მაჩვენებელი იკვეთება, ვიდრე ზოგად მოსახლეობაში. თუმცა, მომხდარი სუიციდების შემთხვევათა შორის არ ფიქსირდება ლგბ ადამიანების მაღალი რაოდენობა. ჩიკაგოს ქალთა ჯანმრთელობისა და ცხოვრებისეული გამოცდილებების კვლევის (1997) და ქალთა ჯანმრთელობისა და ცხოვრებისეული გამოცდილებების ეროვნული კვლევის (2003) მონაცემები ასევე ადასტურებს, რომ ლესბოსელებს სუიციდური აზრების ქონის მაღალი რისკი აქვთ.
მოზარდთა ჯანმრთელობის ეროვნული ლონგიტიდური კვლევის მიხედვით, ერთსქესიანი ან ბისექსუალური სურვილების ან ქცევების მქონე ბიჭებში თვითშეფასებასთან დაკავშირებული შფოთვისა და დეპრესიის მაღალი მაჩვენებლები აღინიშნება. ასევე, მოზარდი გოგონები ერთსქესიანი ან ბისექსუალური სურვილებითა და ქცევებით ამჟღავნებენ უფრო დაბალ თვითშეფასებას და საკუთარ თავს დეპრესიულად ახასიათებენ. ლგბ მოზარდებში სუიციდისკენ მიდრეკილების და მცდელობების ჰეტეროსექსუალებზე მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება. უცნობია, უდევს თუ არა საფუძვლად ლგბ მოზარდებში სუიციდური განზრახვების მაღალ რისკს ჰეტეროსექსუალი თანატოლების მსგავსი ფსიქიკური სტრესი და აშლილობები, რომელსაც ზედ ჰომოფობიურ გარემოში ერთსქესიანი სურვილების ქონით განპირობებული დამატებითი სტრესი ერთვის; თუ ზოგიერთ პირად თავისებურებებს დამატებული იზოლაცია, სტიგმა და სირცხვილი განაპირობებს ფსიქოლოგიური სტრესისა და აშლილობების წარმოქმნას, რასაც მოზარდები  სუიციდურ აზრებამდე მიჰყავს. ლგბ მოზარდების შესახებ არსებული ფსიქიკური ჯანმრთელობის კვლევების შედეგების ინტერპრეტაციას მრავალ ფაქტორს შორის კომპლექსური ურთიერთობა ართულებს: ინდივიდუალური პირადი ნიშნები (რომლებიც ყალიბდება ტემპერამენტისა და მშობლებთან/და-ძმებთან ურთიერთობათა ურთიერთქმედების შედეგად); ფსიქიკური აშლილობების მიმართ გენეტიკური მიდრეკილება; კოგნიტური თავდაცვის მექანიზმები; ანტიჰომოსექსუალური საზოგადოებრივი განწყობები და ინტერნალიზებული ჰომოფობია; ძალადობის მიმართ მოწყვლადობა. როგორც ჩანს, ლგბ მოზარდებს სუიციდური აზრებისა და მცდელობების უფრო მაღალი რისკი აქვთ, ვიდრე მათ არა-ლგბ თანატოლებს. ასევე ჩანს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ეს რისკი ხან იზრდება, ხანაც კი კლებულობს.

რატომ აქვთ ლგბ ადამიანებს განწყობის, შფოთვითი აშლილობები და სუიციდური აზრები? – გარემო, კულტურული და სოციალური ფაქტორები

უცნობია, თუ რატომ აქვთ ლგბ ადამიანებს განწყობის, შფოთვითი აშლილობები და სუიციდური აზრები. თუმცა, არსებობს მოსაზრება, რომ ეს მაღალი მაჩვენებლები ლგბ ადამიანებში არსებული რაღაც თანდაყოლილი ფაქტორებით კი არ არის განპირობებული, არამედ წახალისებულია ლგბტ პაციენტების გარშემო არსებული გარემო და სოციალური ფაქტორების მიერ. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ლგბ ახალგაზრდებში დეპრესიის, უიმედობისა და სუიციდურობის უფრო მაღალი მაჩვენებლებია, ვიდრე ჰეტეროსექსუალებში. თუმცა, როდესაც პრობლემის სხვა გამომწვევების არსებობაც მიიღეს მხედველობაში, მაგალითად უარყოფითი სტრესი, არასაკმარისი სოციალური მხარდაჭერა, თავდაცვის სუსტი სტრატეგიები და სოციალური მხარდაჭერის მოპოვების ბარიერები, სექსუალურ ორიენტაციაზე დაფუძნებული განსხვავება საერთოდ გაქრა. ეს კვლევა აჩვენებს, რომ სტრესის მაღალ მაჩვენებლებს არ შეიძლება მხოლოდ სექსუალური ორიენტაცია განაპირობებდეს და ის სოციალური მხარდაჭერის ნაკლებობისა და ჰომოსექსუალობის მიმართ არატოლერანტულ გარემოში ცხოვრებით გამოწვეული დაბალი თვითშეფასების შედეგად ჩნდება. MSM-ების (მამაკაცი, ვისაც სექსი აქვს მამაკაცთან  – Men who have sex wish men) შემთხვევით შერჩევაზე დაფუძნებულ კვლევაში (2004 წ), რომელშიც 2881 მამაკაცი იღებდა მონაწილეობას, აღმოჩნდა, რომ მონაწილეთა 17,2%-ს დეპრესია, ხოლო 12.1%-ს სტრესი აღენიშნებოდა. დეპრესიაცა და სტრესიც ანტი-გეი ძალადობის მსხვერპლად ყოფნასთან იყო დაკავშირებული და არა გეიდ ან ჰომოსექსუალად იდენტიფიცირებასთან, ასევე ლგბტ თემთან გაუცხოების განცდასთან და ოჯახური პარტნიორის არყოლასთან. სტრესსა და დეპრესიას ასევე უკავშირდებოდა აივ ინფიცირებულობა, თუმცა ეს კავშირი მნიშვნელობას კარგავდა სხვა ფაქტორების მხედველობაში მიღებისას, როგორიცაა დემოგრაფიული მონაცემები, მავნე ნივთიერებათა ბოროტად გამოყენება და არსებული სოციალური კონტექსტი. დეპრესია (და არა სტრესი) ასოცირდებოდა ბავშვობაში განცდილ ძალადობასა და იმჟამინდელ სექსუალურ დისფუნქციასთან. ლესბოსელთა ფსიქიკური ჯანმრთელობის კვლევები კი მიანიშნებენ, რომ სუიციდური ქცევა და დეპრესია ლესბოსელ და ბისექსუალ ქალებში შესაძლოა ფიზიკური ძალადობის გამოცდილებას ან ბავშვობისდროინდელ სექსუალურ ძალადობას უკავშირდებოდეს.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ლგბ ადამიანებთან, განსაკუთრებით კი მამაკაცებში, სოციალური მხარდაჭერის ნაკლებობა უარეს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან არის კორელაციაში. ამ აღმოჩენას სხვა კვლევებიც უჭერს მხარს. მაგალითად ორი კვლევის მიხედვით, სოციალურ იზოლაციაში მოქცეული გეი მამაკაცები, მოგვიანებით უფრო მძიმე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს აწყდებოდნენ . ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების (ნივთიერებათა ბოროტად მოხმარება, კვებითი აშლილობები, თვითდასახიჩრება, სუიციდური ქცევა) გამომწვევ რისკ ფაქტორად შეგვიძლია ასევე ლგბ ადამიანებში გავრცელებული ინტერნალიზებული ჰომოფობიაც დავასახელოთ.

როგორ უნდა ექცეოდეს პირველადი ზრუნვის კლინიცისტი ლგბ პაციენტს პირველივე ვიზიტისას?  – შეფასება და დიაგნოზი: პირველადი ინტერვიუ

პირველადი ზრუნვის მიმწოდებლებს ხშირად აქვთ საქმე დეპრესიის, შფოთვის და ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვა პრობლემების მქონე პაციენტებთან. პაციენტმა სიმპტომები შესაძლოა გაცხადებულად ან ფარულად გამოამჟღავნონ. ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების, დიაგნოზისა და მკურნალობის მაღალი ხარისხის გარემოს შესაქმნელად, აუცილებელია კლინიცისტების მიერ პაციენტთან კარგი ურთიერთობის დამყარება, დაწვრილებითი პირველადი კლინიკური ინტერვიუს ჩატარება და პოტენციური განწყობისეული ან შფოთვითი აშლილობების გამოსავლენად მონაცემებზე დაფუძნებული სკრინინგის კითხვების დასმა. ეს ყველა პაციენტს ეხება, სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად. თუმცა, ლგბ პაციენტებთან აუცილებელია სხვა ფაქტორების შემოწმებაც, მაგალითად, რამდენად კომფორტულად გრძნობენ თავს საკუთარ სექსუალურ იდენტობასა და ორიენტაციასთან მიმართებაში, როგორია მათი სექსუალური ქცევა, ნივთიერებათა მოხმარებასთან დაკავშირებული მდგომარეობა, როგორი სოციალური ქსელი გააჩნიათ და რამდენად ჰყავთ ირგვლივ მხარდამჭერი ადამიანები. პირველადი კლინიკური ინტერვიუს დროს ამ საკითხებისადმი მიდგომის ფორმები ქვემოთ უფრო დეტალურად არის განხილული.

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ლგბ პაციენტი და პაციენტის მიერ საკუთარი სექსუალობის მიმღებლობა

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ლგბ პაციენტებთან პირველადი კლინიკური ინტერვიუს ჩატარება უმეტესწილად პირველადი ზრუნვის გარემოში თუ ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტის მიერ ყველა სხვა პაციენტთან ჩატარებული ინტერვიუების მსგავსია. თუმცა, ლგბ პაციენტზე ზრუნვისას მნიშვნელოვანია გავიგოთ, თუ როგორ ახდენს ის საკუთარი სექსუალური ორიენტაციის იდენტიფიცირებას და შევაფასოთ პაციენტის მიერ საკუთარი სექსუალობის მიმღებლობის ხარისხი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ლგბ პაციენტებთან, რომლებთანაც სოციალური მიმღებლობისა და სექსუალობის რთული თემების განხილვის შესაძლებლობის ნაკლებობამ შესაძლოა ფსიქოლოგიური პრობლემების გართულება გამოიწვია. კლინიცისტებს ასევე უნდა ახსოვდეთ, რომ სექსუალური იდენტობა სექსუალური ქცევისა და ფანტაზიებისგან განსხვავდება. შესაძლოა, ზოგიერთ ადამიანს ჰქონდეს სექსუალური ფანტაზიები ან ქცევები, თუმცა არ ახდენდეს თავის ჰომოსექსუალად იდენტიფიცირებას. სხვებს, შესაძლოა მიღებული აქვთ საკუთარი ერთსქესიანი ორიენტაცია, თუმცა საჯაროდ არ იდენტიფიცირდებიან გეიდ ან ლესბოსელად, არაჰეტეროსექსუალობასთან დაკავშირებული სტერეოტიპული ქცევების მიმართ არსებული ზოგადი უარყოფითი დამოკიდებულების (მაგალითად, „ქალური“ გეი მამაკაცები, აგრესიული ლესბოსელები), ან გავრცელებული სოციალური სტიგმის გამო.
პაციენტთან კომუნიკაციის პროცესში, კლინიცისტმა შეიძლება დაიწყოს კითხვით, თუ რა აწუხებს პაციენტს და შემდეგ მას დისკუსიის თავად წარმართვის საშუალება მისცეს;  იმის მიხედვით, თუ რას იტყვის პაციენტი, კლინიცისტს შეუძლია შეაფასოს, რამდენად საჭიროა ინტერვიუს დროს სექსუალური ორიენტაციისა და იდენტობის საკითხებზე კონცენტრირება. კლინიცისტი უნდა ეცადოს, თავიდან აიცილოს დაშვებები იმის შესახებ, თუ როგორი გავლენა შეიძლება ჰქონდეს სექსუალურ ორიენტაციას პაციენტის ჯანმრთელობაზე. იმის გაანალიზებით, თუ რა ითქვა და რა არა (მაგალითად, პაციენტის შფოთვა პირად ურთიერთობაზე საუბრისას), კლინიცისტს საშუალება ეძლევა, შეაფასოს, თუ  რა ძირითადი საკითხები უნდა განიხილოს მომდევნო სესიების განმავლობაში.
საკუთარ სექსუალურ ორიენტაციასთან პაციენტის კომფორტული დამოკიდებულების კარგად შესაფასებლად, რამდენიმე ძირითადი კითხვის დასმა შეიძლება. პირველი შეხვედრისათვის შესაძლოა კლინიცისტმა შემდეგი შეკითხვებიდან რამდენიმე აირჩიოს და დანარჩენებს მომდევნო შეხვედრებისას დაუბრუნდეს.

  • რომელ ასაკზე გააცნობიერეთ თქვენი სექსუალობა? როგორ?
  • როდის მოახდინეთ საკუთარი თავის ამ სექსუალობასთან იდენტიფიცირება? როგორ აღწერდით იმ იდენტობას, რომელიც თქვენ თავს უწოდეთ?
  • რომელ ასაკში გაუმხილეთ ეს ინფორმაცია სხვა ადამიანს? ვინ იყო ეს ადამიანი და რა შედეგი მოჰყვა საუბარს?
  • რა ასაკში გქონდათ პირველად სექსუალური გამოცდილება? რა სახის აქტივობა იყო ეს?
  • გქონიათ ან გაქვთ თუ არა ჰეტეროსექსუალური ქცევა? ვისთან? როდის? რა ქცევაა ეს?
  • ვისთან გაქვთ სექსუალური ცხოვრება ამჟამად?
  • რამდენად გაცხადებულია თქვენი იდენტობა? ვინ იცის მის შესახებ?
  • ვინ არიან შენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები? როგორია ამ ურთიერთობების ხასიათი?
  • რა არის/იყო საკუთარი სექსუალური იდენტობის გაცხადების უარყოფითი შედეგები?
  • რა არის/იყო საკუთარი სექსუალური იდენტობის გაცხადების დადებითი შედეგები?

პაციენტების მიერ გამოყენებულ ენაზე მორგებული მეტყველება, შესაძლოა განსაკუთრებით სასარგებლო იყოს, მასთან კეთილგანწყობის დასამყარებლად, და შესაძლოა გააძლიეროს პაციენტსა და კლინიცისტს შორის კავშირი, ეს კი შესაბამისი კლინიკური ინფორმაციის გამოვლენას უწყობს ხელს.

ფსიქიკური აშლილობების სოციალური ფაქტორების შეფასება

ფსიქიკური აშლილობების შეფასებისას, ფსიქოლოგიურ შეფასებასთან ერთად, გარდაუვალია სოციოლოგიური შეფასებაც. როგორც ეპიდემიოლოგიის ნაწილში განვიხილეთ, არსებობს სპეციფიკური გარემო, კულტურული და სოციალური ფაქტორები, რომლებიც ლგბ ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ახდენენ გავლენას. მაგალითად, სოციალური სტიგმა, ვიქტიმიზაცია, „ქამინგ აუთის“, მარტოობისა და პარტნიორის მოძებნის შეუძლებლობის შიში, შესაძლოა დეპრესიას, შფოთვასა და სუიციდურ მიდრეკილებებს განაპირობებდეს. შესაბამისად, ფსიქიკური ჯანმრთელობის შეფასებისას, კლინიცისტებმა აუცილებელად უნდა მოიპოვონ ინფორმაცია პაციენტის სოციალური იზოლაციის, სოციალური მხარდამჭერების არსებობისა და ამჟამინდელი თუ ძველი ტრავმების შესახებ  (სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, სხვა დისკრიმინაციული ქცევები). გარდა ამისა, კლინიცისტებმა პაციენტის თავდაცვის სტრატეგიების გარკვევა ისეთი კითხვების დასმით უნდა შეძლონ, როგორიცაა: „საუბრობთ თუ არა თქვენს პრობლემებზე?“, „შეგიძლიათ თუ არა სტრესის დროს ყურადღების სხვა რამეზე გადატანა? (რაიმე სასიამოვნოს გაკეთება)“, „შეგიძლიათ თუ არა სტრესის გამომწვევ ფაქტორებს დაუპირისპირდეთ?“, „ვარჯიშობთ თუ არა სტრესთან გასამკლავებლად?“. ამ შაბლონ კითხვებს დიაგნოსტიკური ღირებულება აქვთ და საშუალებას გვაძლევენ, უფრო განვითარებული ფსიქოთერაპიული მკურნალობის ტექნიკების გამოყენება დავიწყოთ. იმ ფსიქოლოგიური, სოციოლოგიური და ბიოფსიქოსოციალური ფაქტორების მოკლე შეჯამება, რომლებიც ყველა ლგბქ პაციენტთან უნდა შეფასდეს, 8-1 ცხრილშია მოცემული.
პაციენტების ამჟამინდელ ან წარსულში არსებული მასწავლებლების, როლური მოდელების ან მხარდამჭერების შესახებ ინფორმაციის გაგება თერაპიული გეგმის შესამუშავებლად შესაძლოა ასევე სასარგებლო იყოს. დადებითი როლური მოდელების არსებობას, როგორც ჩანს, ლგბ ახალგაზრდებისათვის დამცავი ძალა გააჩნია და შესაძლოა ეს ძალა ზრდასრულობაშიც განაგრძობდეს მოქმედებას. ასევე, შეიძლება სასარგებლო იყოს ვიკითხოთ, არსებობს თუ არა ვინმე, ვინც მართლა აღაფრთოვანებდა პაციენტს, და იციან თუ არა ვინმე ღია ლგბ ადამიანის არსებობის შესახებ.

კლინიცისტისა და პაციენტის კომუნიკაცია

მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი სპეციფიკურად ლგბ ადამიანებთან მიმართებაში კარგად შესწავლილი არ არის, პაციენტსა და კლინიცისტს შორის ალიანსის ფორმირება ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის დროს დადებითი შედეგების მისაღებად ალბათ უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. მხარდამჭერი და ემპათიური კლინიცისტი პაციენტზე ძალიან დადებითად მოქმედებს . ლგბტ საკითხების მიმართ ფსიქიატრიის ისტორიული დამოკიდებულებისა და ოჯახის წევრებისა თუ ჯანმრთელობის სფეროს თანამშრომლების მხრიდან ლგბტ ადამიანების უარყოფის, მათზე განხორციელებული დისკრიმინაციისა და ძალადობის შესაძლო გამოცდილებების გათვალისწინებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კლინიცისტებმა ნდობის დამყარებას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ და თავიდანვე ღია და გახსნილი გარემო შექმნან.
კლინიცისტები, ასევე, მზად უნდა იყვნენ ისეთ კითხვებზე საპასუხოდ, როგორიცაა: „გყავთ სხვა ლესბოსელი, გეი ან ბისექსუალი პაციენტები?“, „რას ფიქრობთ ერთსქესიან ურთიერთობებზე?“, „თქვენ გეი ხართ?“. კლინიცისტებმა წინასწარ უნდა იფიქრონ სექსუალური ორიენტაციის შესახებ პირად ცრურწმენებსა და შეხედულებებზე, რათა ამ კითხვებზე პასუხი კომფორტულად გასცენ. კლინიცისტის მიერ საკუთარი სექსუალური ორიენტაციის გამხელა პაციენტის საჭიროებაზე, კლინიცისტის სტატუსზე, მკურნალობის მიზანსა და ინდივიდუალურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტებისათვის სასურველია ამ კითხვების მნიშვნელობების წინასწარ გაანალიზება, მაშინაც კი, როცა ისინი თანხმდებიან პასუხის გაცემას. მაგალითად, ფსიქოთერაპიის კურსის დასაწყისში, შესაძლოა მისაღები იყოს პაციენტის მიერ თერაპევტის სექსუალური ორიენტაციის შესახებ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა. თუმცა, იგივე შეკითხვას, მკურნალობის ექვსი თვის შემდეგ, სულ სხვა მნიშვნელობა ექნებოდა, რადგან შესაძლოა ის პაციენტის ქვეცნობიერ და არაცნობიერ ფანტაზიებსა და პროექციებზე მეტყველებდეს. კლინიცისტებისათვის შესაძლოა ასეთ კითხვებზე პირდაპირი პასუხის გაცემა დასაწყისში უფრო გაადვილდეს, როდესაც ის საკუთარ სექსუალურ ორიენტაციას გაამხელს თუმცა ცოტას ისაუბრებს იმის შესახებ, რაც კლინიცისტსა და პაციენტს შორის ალიანსის ფორმირებისთვის აუცილებელი არაა. ამით ის დაარწმუნებს პაციენტს, რომ მის საზრუნავსა და პრობლემებს გაგებით მიიღებენ. ზოგიერთი პაციენტი თავს კომფორტულად მხოლოდ ლგბ კლინიცისტებთან გრძნობს. ამის ასახსნელად უამრავი მიზეზი არსებობს, თუმცა შესაძლოა ასეთი არჩევანი სირცხვილისა და დაბალი თვითშეფასების ღრმად გამჯდარი გრძნობების გამოხატულებაც იყოს, რაც არა-ლგბ ადამიანების მხრიდან უარყოფის გამოცდილების შედეგია.
ზოგჯერ, პირველადი ზრუნვის დროსაც კი სასარგებლოა, კითხვას „თქვენ გეი ხართ?“, ასე უპასუხოთ: „რამდენიმე წუთში გიპასუხებთ, თუმცა ალბათ ღირს, რომ ამ კითხვაზე დავფიქრდეთ და ვნახოთ, იქნებ რამე ისეთზე მიუთითებს, რაც როგორც თერაპევტს მოგვიანებით გამომადგება“. შემდეგ შეგიძლიათ განაგრძოთ: „რა მნიშვნელობა ექნებოდა თქვენთვის, გეი, ლესბოსელი ან ბისექსუალი რომ ვიყო?“ ამ კითხვამ შესაძლოა კლინიცისტს საშუალება მისცეს, დაადგინოს, თუ რა არის მნიშვნელოვანი პაციენტისათვის,  შეაფასოს პაციენტის ინტერნალიზებული ჰომოფობიის ხარისხი და მისი კომფორტულობა საკუთარ იდენტობასთან. ლგბტ  ჯანმრთელობაზე ზრუნვის პროფესიონალებს შესაძლოა თავად განუცდიათ ძალადობა და თავად ჰქონიათ ინტერნალიზებული ჰომოფობიისა და თვითსიძულვილის პრობლემები. გეი და ლესბოსელმა კლინიცისტებმა, რომლებიც მომზადებას გადიოდნენ, „დიდი ენერგია და ემოცია დაახარჯეს ისეთი სატრენინგო პროგრამების გავლას, რომელიც მათი სექსუალური ორიენტაციის მიმართ არამგრძნობიარე და ხშირად მტრულად განწყობილიც კი იყო“. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მოწყვლად მოსახლეობასთან მუშაობის დაწყებამდე, კლინიცისტს თავად ჰქონდეს გაანალიზებული ეს პირადი პრობლემები.

განწყობის და შფოთვითი აშლილობების შესაფასებელი ინსტრუმენტები

დღემდე არ არსებობს იმის მონაცემები, რომ ლგბტ მოსახლეობაში დეპრესიას, შფოთვასა თუ სუიციდურ აზრებს რაიმე განსხვავებული გამოხატულებები გააჩნია. შესაბამისად, ლგბტ ადამიანების განწყობის და შფოთვითი აშლილობების ობიექტურად გასაზომად იგივე ინსტრუმენტები უნდა გამოვიყენოთ, რაც ზოგადი მოსახლეობისთვის გამოიყენება. დეპრესიისა და ბიპოლარული აშლილობის გამოსავლენად შემდეგი ინსტრუმენტები გამოდგება:

  • ბეკის დეპრესიის კითხვარი II, განახლებული;
  • გუნება–განწყობილების აშლილობების კითხვარი ბიპოლარული აშლილობის შესაფასებლად;
  • კორნელის დისთიმიის შესაფასებელი სკალა

ობიექტური შეფასების ეს სკალები, რომელთაგანაც პირველი ორი პაციენტის თვითშეფასებას მოიაზრებს, შეგიძიათ მოიძიოთ არაკომერციული ჯგუფის – „ოჯახები დეპრესიის შესახებ ცნობიერების ამაღლებისათვის“ – ვებსაიტზე: http://www.familyaware.us/moodtest/questionnaire.php. ეს სკალები ზუსტია, სწრაფი, მარტივად გამოსაყენებელი და გასაანალიზებელი. ისინი დაგეხმარებათ მკურნალობის დაგეგმვაში, განსაკუთრებით ფსიქოფარმაკოლოგიური მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში.
შფოთვითი აშლილობების შესაფასებლად, პირველად შფოთვის სამი ფორმა უნდა შემოწმდეს (მძიმე შფოთვითი აშლილობა,  მოლოდინისეული აშლილობა და განრიდება). ასევე, დაავადების საბაზისო დონის მნიშვნელოვანი ფაქტორების შესაფასებლად, საჭიროა ბაზისური შეფასების ინსტრუმენტის გამოყენება. ასეთი ინსტრუმენტებია:

  • ბეკის შფოთვის კითხვარი
  • შფოთვის თვითშეფასების სკალა

ეს კითხვარების მოძიება შემდეგ ბმულზე შეგიძლიათ: http://www.anxietyhelp.org/index.html. მართალია, არ მომხდარა ამ სკალების სპეციფიკურად ლგბ ადამიანებისთვის შეთავსება, თუმცა კლინიკური გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ისინი ლგბ პაციენტებთანაც ეფექტურია.

დეტალური პირველადი ისტორიისა და შეფასების ჩატარების შემდეგ, შემდგომი გამოკვლევისა და თერაპიებისათვის, სასურველია ზოგიერთი პაციენტის ამ სფეროებში გამოცდილ კლინიცისტებთან გადამისამართება. პირველადი ზრუნვის კლინიცისტმა ზოგადი აშლილობები უნდა შეაფასოს (მაგალითად დეპრესია ან შფოთვითი აშლილობა), თუმცა იგი უნდა იყოს საწყისი წერტილი, ფსიქიატრებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვა  პროფესიონალებთან კონსულტაციის გავლის წინ, პროფესიული ზრუნვის მისაღებად.

სარისკო ქცევები, ერთდროულად არსებული დაავადებები და პრობლემის თანაფაქტორები

ფსიქიკური ჯანმრთელობის შეფასების ჩატარებისას, კლინიცისტებს უნდა ახსოვდეთ, რომ ლგბ პაციენტებს შესაძლოა ჰქონდეთ გარკვეული სარისკო ქცევები, თანადროულად არსებული დაავადებები და ისეთი თანაფაქტორები, რომლებიც შესაძლოა იწვევდნენ ან ართულებდნენ ფსიქიკურ დაავადებებს.

გეი და ბისექსუალი მამაკაცების პრობლემები

მეტამფეტამინის მოხმარება
ქალაქში მცხოვრებ გეი და ბისექსუალ მამაკაცებში იზრდება კრისტალური მეტამფეტამინის მოხმარება. რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ მეტამფეტამინი შესაძლოა დეპრესიის, მანიებისა და ფსიქოზის ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორიც კი იყოს . გარდა ამისა, იგივე კვლევები ასევე მიუთითებს, რომ გეი და ბისექსუალი მამაკაცები მეტამფეტამინის საშუალებით ხშირად მიმართავენ ფსიქიკური აშლილობების თვითმკურნალობას. ეს პრობლემური ფაქტი, რომელსაც თან ერთვის მონაცემები, რომ მეტამფეტამინის მომხმარებელი გეი და ბისექსუალი მამაკაცები უფრო მაღალი ალბათობით ებმებიან სარისკო სექსუალურ აქტივობებში, მიანიშნებს, რომ პირველადი ზრუნვის მიმწოდებლებმა ამ ნივთიერების მოხმარებაზე ყველა გეი და ბისექსუალი მამაკაცი უნდა შეამოწმონ.

ანაბოლიკური სტეროიდების გამოყენება
დიდი ხანია, რაც ცნობილი და აღწერილია ანაბოლიკური სტეროიდების ფსიქოპათოლოგიური შედეგები. დიდი ბრიტანეთის მკვლევარებმა ლონდონის სპორტდარბაზების მომხმარებელი გეი და ბისექსუალი მამაკაცებისაგან შემდგარ კონტინგენტში ანაბოლიკური სტეროიდების ბოროტად მოხმარების შემაშფოთებელი რაოდენობა დაადგინეს. მონაცემები არ განმეორდა აშშ-ის კვლევებში, თუმცა ეს ტენდენცია უკვე მიუთითებს გეი და ბისექსუალი მამაკაცების მიერ ანაბოლიკური სტეროიდების მოხმარებასთან დაკავშირებული გასინჯვის საჭიროებაზე და ამით გამოწვეული დაავადებების – დეპრესიის, მანიის და ფსიქოზის – შემოწმების აუცილებლობაზე.

სექსუალური სურვილი და ქცევა
ზოგადად ცნობილია, რომ დეპრესია ადაბლებს სექსუალურ სურვილსა და უსაფრთხო სექსუალურ პრაქტიკას. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, დისთიმიის მქონე გეი მამაკაცებს დაუცველი ანალური სექსის ქონის ორჯერ მაღალი ალბათობა ჰქონდათ, ვიდრე სხვებს. ამავე კვლევის შედეგებით, გეი მამაკაცები, რომლებსაც მნიშვნელოვანი დეპრესიული პერიოდი აღენიშნებოდათ (თუმცა არა დისთიმია), უფრო დაბალი ალბათობით ერთვებოდნენ ზოგადად ნებისმიერ სექსუალურ აქტივობაში.

აივ ინფექცია/შიდსი
შეუძლებელია ამ თავში მოვახერხოთ იმის აღწერა, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს აივ ინფექციასა და შიდსს ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. თუმცა გუნება-განწყობილებისა და შფოთვითი აშლილობები, მკურნალობის გარეშე, შესაძლოა პრეპარატული მკურნალობის ეფექტურობის შემაფერხებელ ფაქტორად იქცეს და აივ ინფექციის/შიდსის პროგრესირება გამოიწვიოს. ოლატუნისა და მისი კოლეგების თანამედროვე ანალიზი აჯამებს აივ ინფექციის/შიდსის მქონე პაციენტებისათვის ფსიქოლოგიური და ფსიქოფარმაკოლოგიური მკურნალობის გზებს. ალბათ პირველადი ზრუნვის მიმწოდებლისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის ფაქტია, რომ აივ ინფექციისა და შფოთვითი აშლილობებისა და დეპრესიის სამკურნალო პრეპარატებს შორის მრავალი ურთიერთგავლენა არსებობს. აივ პოზიტიურმა პაციენტებმა ფსიქოფარმაკოლოგიური მკურნალობის დაწყებამდე ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ. ძირითადი კავშირები 8-2 ცხრილშია განხილული. ანტირეტროვირალური საშუალებების სხვა წამლებთან ურთიერთმიმართების შესახებ დამატებითი დეტალები იხილეთ: http://www.hopkinsguides.com/hopkins/ub

სიფილისი
გეი და ბისექსუალ მამაკაცებში სიფილისით დაავადების მზარდი მაჩვენებლები პირველადი ზრუნვის მიმწოდებლებს ტერიარული სიფილისის ნევროლოგიური ნიშნებისა და SERUM MARKERS-ის შემოწმებისკენ მიუთითებს. ზოგადი ფსიქიკური და ცერებროსპინალური სიმპტომებია: პიროვნული ცვლილებები, ხასიათის ლაბილობა, დეპრესია, ფსიქოზი და მანიები.

ლესბოსელ და ბისექსუალ ქალთა პრობლემები

რეპროდუქციული და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა
გუნება-განწყობის აშლილობების სპექტრში, ყველა ქალს უნდა ჩაუტარდეს პრემენსტრუალური დისფორიის სკრინინგი. ლესბოსელ ქალებში დაორსულების მაჩვენებლების ზრდამ კლინიცისტებს უნდა მიანიშნოს გუნება-განწყობის აშლილობების გართულებების შემოწმების საჭიროებაზე, დასაორსულებელი მედიკამენტების მიღების ან თავად ორსულობის მიზეზით. თანამედროვე კვლევის მიხედვით, არ არის აუცილებელი, რომ ორსულობამ გუნება-განწყობის აშლილობები გაართულოს. შესაძლოა, დეპრესიის მქონე ქალებმა, რომლებიც ანტიდეპრესანტებს იღებენ, უნდა გააგრძელონ კიდეც წამლების მოხმარება, რათა ორსულობის დროს დაავადების გართულება აიცილონ თავიდან. დაავადების დეფექტების პრევენციის ეროვნული კვლევის მონაცემებით, ანტიდეპრესანტების ერთი ჯგუფი SSRI (Selective serotonin reuptake inhibitors – სეროტონინის  ხელახალი მიღების არჩევითი შემაჩერებლები) ასოცირდებოდა დაბადების დეფექტების უმეტესი კატეგორიების რისკის მნიშვნელოვან ზრდასთან. თუმცა, ეს ფაქტი SSRI ანტიდეპრესანტის, პაროქსეტინის და დაბადების ნაკლოვანებების შესახებ ახალი აღმოჩენით უნდა დაბალანსდეს.  სხვა კვლევის თანახმად, ფილტვის მაღალი წნევის რისკი დადგინდა ჩვილებში, რომელთა დედებიც ორსულობისა და მშობიარობის დროს SSRI-ს მოიხმარდნენ.

არსებობს მოსაზრება, რომ ლგბ მოზარდებს მოზარდობის პერიოდში დაორსულების (ან სხვისი დაორსულების) ჰეტეროსექსუალებზე მაღალი ალბათობა გააჩნიათ. ზოგჯერ ეს საკუთარი სექსუალური ორიენტაციის უარყოფის საპასუხოდ ხდება, ზოგჯერ თანატოლებთან იდენტიფიცირებისათვის ან გამძაფრებული მარტოობის შეგრძნების მიზეზით. მშობლობის გადაწყვეტილებამ შესაძლოა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს. ყველა ლესბოსელი და ბისექსუალი ქალი უნდა შემოწმდეს მიმდინარე და წარსულ ორსულობებთან, შეწყვეტილ ორსულობებთან და ამ მოვლენების თანმხლებ სიტუაციებთან დაკავშირებით.

ყველა ლგბ პაციენტისათვის საერთო პრობლემები

სხეულის ხატი და კვებითი აშლილობები
ამ სფეროში ჩატარებული კვლევები სხვადასხვა შედეგებს გვიჩვენებს. ერთ-ერთი თანამედროვე კვლევის მიხედვით, გეი კაცები გაცილებით ინტენსიურად იცავენ დიეტებს, ებრძვიან ჭარბწონიანობას და უფრო უკმაყოფილონი არიან საკუთარი სხეულითა და მასკულინობის ხარისხით, ვიდრე ჰეტეროსექსუალი კაცები. თუმცა, იგივე კვლევის მიხედვით, გეი და ჰეტეროსექსუალი კაცები თანაბარი სიხშირით ვარჯიშობენ და ვარჯიშის გაცდენისას  ერთნაირად რცხვენიათ. გეი მამაკაცების მიერ სხეულის ხატის აღქმის შესახებ ჩატარებული სხვა კვლევის თანახმად, გეი და ჰეტეროსექსუალი მამაკაცები ერთნაირად აფასებენ საკუთარ სხეულს.
ლესბოსელი და ბისექსუალი ქალების კვებითი აშლილობების შესახებაც, საკმაოდ განსხვავებული მონაცემები არსებობს. თვითშეფასების ყველაზე ახალი კითხვარის მონაცემებით, ღიად ბისექსუალ ქალებს ორჯერ მეტად ახასიათებთ კვებითი დარღვევები, ვიდრე ღიად ლესბოსელ ქალებს. უფრო ადრეული კვლევის მიხედვით, ლესბოსური ორიენტაცია ქალებს კვებითი დარღვევებისაგან „იცავდა“.
თანამედროვე მონაცემების გათვალისწინებით, პირველადი ზრუნვის მიმწოდებლებმა მხედველობაში უნდა მიიღონ კვებითი აშლილობებისა და საკუთარი სხეულით კმაყოფილების შემოწმების საჭიროებაც. კვებითი აშლილობების შესაფასებლად მარტივი და სასარგებლო ინსტრუმენტია SCOFF.

სიბერე
ლგბ ადამიანებს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები შესაძლოა ხანშიშესულ ასაკში შეექმნათ. ამ ასაკობრივი ჯგუფისათვის დამახასიათებელი ტიპური გარდატეხების გარდა, როგორიცაა პიროვნული მთლიანობა და ცხოვრებით კმაყოფილება სასოწარკვეთილებისა და ცხოვრებით უკმაყოფილების, უმიზნობის წინააღმდეგ, ლგბ ადამიანებს შესაძლოა გაუჩნდეთ ნეგატიური მე-ხატი და თვითსიძულვილის, საკუთარი ან საზოგადოებრივი იზოლაციის გრძნობა, და თუ მათ თავიანთი სექსუალური იდენტობა ცხოვრების გვიანდელ ფაზაში გამოააშკარავეს, შესაძლებელია გაჩნდეს დაკარგული დროის მიმართ სინანულის განცდაც. 60-დან 91 წლამდე გეების და ლესბოსელების კვლევამ აჩვენა, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც უფრო მაღალი თვითშეფასება და მეტი მხარდამჭერი ადამიანები ჰყავდათ (ოჯახი, მეგობრები, სოციუმი), უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობა და უფრო დაბალი ინტერნალიზებული ჰომოფობია ჰქონდათ. ასაკოვან ლესბოსელებში დაბალი ინტერნალიზებული ჰომოფობიის, ალკოჰოლის მოხმარებისა და სუიციდურობის მაჩვენებლები აღინიშნებოდა, ვიდრე ჰეტეროსექსუალ ქალებში.  თუმცა, პაციენტების თვითშეფასებისა და სოციალური მხარდაჭერის სრულყოფილი მიმოხილვა, გვიანდელი ასაკისთვის დამახასიათებელი დეპრესიის, შფოთვისა და სუიციდის მაღალი რისკის გამო, ალბათ პირველადი ზრუნვის მიმწოდებლებს მაინც სიფხიზლისკენ მოუწოდებდა.

სულიერება
რელიგიურ იდეებსა და ღირებულებებს ადამიანები ხშირად უფრო ადრე ეცნობიან, ვიდრე სექსუალური იდენტობის განცდა იწყებს გამოღვიძებას. სულიერი რწმენების ლგბტ იდენტობასთან ინტეგრირება შესაძლოა რთული იყოს და ნელ-ნელა ვითარდებოდეს. ლგბტ ადამიანების რელიგიასთან აფილაციის დადებითი და უარყოფითი მხარეების  შესახებ მცირერიცხოვანი მონაცემები არსებობს. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით,  რელიგიურობა შესაძლოა სამედიცინო თვალსაზრისით დაცულობის განცდის წყარო იყოს და ხელს უწყობდეს ადამიანის ფსიქიკურ თუ სამედიცინო ჯანმრთელობას. ამის საპირისპიროდ, სხვა კვლევა ამბობს, რომ ზოგიერთი რელიგიური მიმდინარეობის წევრობამ შესაძლოა გაუცხოება და თვითშეფასების დადაბლება გამოიწვიოს ლგბ ადამიანებში. ორივე შემთხვევაში, კლინიცისტებისთვის სასარგებლოა, თუკი ჩაინიშნავენ კლიენტის სულიერების ისტორიას კითხვებით: „ხართ თუ არა რელიგიური?“, „თქვენი აზრით, რას ფიქრობს თქვენზე (პაციენტის სიტყვა ღვთაების აღსანიშნავად, მაგალითად „ღმერთი“, ან წმინდა სული). ამ კითხვებზე პაციენტების პასუხი შესაძლოა საკუთარი სუპერ-ეგოს ან იდენტობის პროექციულ შეფასებად ჩათვალოთ. ეს დაგეხმარებათ, გაარკვიოთ, მათთვის რელიგია მხარდაჭერის წყაროა თუ დანაშაულის განცდის.

მკურნალობა

ზოგადად ცნობილია, რომ ფსიქიკური დაავადებების მკურნალობის საუკეთესო პრაქტიკა მოიცავს ფსიქოთერაპიას, სომატურ მკურნალობასა და ამ ორის კომბინაციას. მკურნალობის ამ მეთოდების გარდა, ლგბ მოსახლეობაში მნიშვნელოვანია, პაციენტებს პოზიტიური იდენტობის ჩამოყალიბებასა და მხარდაჭერის მოპოვებაში დაეხმაროთ. ასევე აუცილებელია მათი სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინება (მაგალითად, დეპრესიისა და მეტამორფინის გამოყენების ორმაგი დიაგნოზის შემთხვევაში). შემდეგ სექციებში განვიხილავთ ფსიქოთერაპიისა და სომატური მკურნალობის სხვადასხვა ვარიანტებს და მკითხველის ყურადღებას მივაპყრობთ ამ მეთოდების უფრო ღრმა განხილვისკენ, რადგან მედიკამენტოზური მკურნალობისა და თერაპიის ძირითადი პრინციპები ლგბ ადამიანებთან ისეთივეა, როგორც ჰეტეროსექსუალ მოსახლეობასთან. თავის ბოლოს ლგბტ პაციენტთათვის სოციალური მხარდაჭერის გაუმჯობესების შესახებ ვისაუბრებთ.

ბიოლოგიური/სომატური მკურნალობა
დღემდე არ არსებობს ისეთი ფსიქოფარმაკოლოგიური მტკიცებულება, რომელიც ჰეტეროსექსუალი პაციენტებისაგან განსხვავებულ მედიკამენტოზურ მკურნალობას შემოგვთავაზებდა დეპრესიულ, შფოთვით ან სუიციდურ ლგბტ პაციენტების მიმართებაში. ფსიქიატრიის ზოგადი ტექსტი, „ფსიქიატრიის სინოპსისი: ქცევითი მეცნიერებები/კლინიკური ფსიქიატრია“ ბენჟამენ ჯ. სადოკისა და ვირჯინია ა. სადოკის ავტორობით, ყველა ფსიქიატრიული დაავადების ზოგადი მენეჯმენტის მიმოხილვას გვთავაზობს. აქ დეპრესიის მქონე აივ-ინფიცირებული პაციენტების შესახებაც კი ძალიან მცირედი ფარმაკოლოგიური ინფორმაცია არსებობს, რომელიც სექსუალურ ორიენტაციაზეა ფოკუსირებული. ერთი მცირემასშტაბიანი კვლევა, რომელიც 27 აივ ინფიცირებული, დეპრესიის მქონე გეი მამაკაცის და ერთი აივ-ინფიცირებული ქალის მიერ სერტრალინის მოხმარებას შეისწავლიდა, აჩვენებს, რომ მონაწილეთაგან 14 (52%) დადებითად რეაგირებდა მედიკამენტზე. მეორე ასევე მცირე კვლევა დეპრესიის მქონე 27 აივ-ინფიცირებული ინდივიდის მაგალითზე ადარებდა მეთიფენიდატის და დესიპრამინის გამოყენებას შორის ეფექტურობის ხარისხსა და მკურნალობის დროს. კვლევის მიხედვით, ორივე პრეპარატი თანაბრად ეფექტურია და გამოჯანსაღების დროშიც სხვაობა არ დაფიქსირდა.
დეპრესიის სამედიცინო მკურნალობის ყველაზე თანამედროვე მეთოდები იწყება სეროტონინის  ხელახალი მიღების არჩევითი შემაჩერებლების (Selective serotonin reuptake inhibitors–SSRI) თანდათანობითი მიწოდებით. სამწუხაროდ, წარმატებულ შედეგს მხოლოდ ძლიერი დეპრესიული აშლილობის მქონე ადამიანთა მესამედზე ნაკლები აღწევს. ძლიერი დეპრესიული აშლილობის მქონე პაციენტებისთვის დეპრესიისაგან გასათავისუფლებლად უფრო ეფექტურია მკურნალობის თანმიმდევრული ალტერნატივები (Sequenced Treatment Alternatives to revieve Depression– STAR*D), რომლებიც მოსახლეობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტების ფართომასშტაბიანი კვლევების შედეგად განვითარდა. ეს კვლევა დეპრესიის მედიკამენტოზური მკურნალობის საკითხში დღემდე ყველაზე მეტ მტკიცებულებას გვთავაზობს, თუმცა შესაძლოა მკურნალობის ეს მეთოდი ყველა პაციენტთან თანაბრად წარმატებული არ იყოს. მკურნალობის ეს მეთოდი მრავალ ფაზას მოიცავს. პირველ ფაზაში, ყველა პაციენტს მიეწოდება ციტალოპრამი (SSRI). მეორე ფაზაში შემთხვევით შერჩეული პაციენტები, რომელთა მდგომარეობაც არ გაუმჯობესებულა, უმატებენ ან ბუსპირონს (SSRI-ს სახეობა), ან ბუპროპრიონს (ნორეპონეპერინი/დოფამინის აგენტი), ანკოგნიტურ თერაპიას, ან კიდევ, ციტლოპრამი (SSRI), ჩანაცვლდება სერტრალინით (SSRI), ბუპროპრიონით, ვენლაფაქსინით ან კოგნიტური თერაპიით). მესამე ფაზის დროს, იმ პაციენტებში, ვინც მკურნალობას არ ექვემდებარება ან მიტრაზაპინის ან ნორტრიპტილინის მიღებაზე გადაერთვება, მოქმედ ანტიდეპრესანტს ემატება ლითიუმი ან თიროიდის ჰორმონი. მეოთხე ფაზაში, პაციენტები,  ვისთვისაც მკურნალობა არ იყო წარმატებული, ან მიტროზაპინისა და ვენლაფაქსინის კომბინირებულ მკურნალობაზე გადადიან, ან ტრანილციპრომინის მიღებაზე. მიუხედავად იმისა, რომ კვლევის მონაცემები სპეციფიკურად ლგბ პაციენტებს არ უკავშირდება, ისინი კლინიცისტებს დეპრესიის სამკურნალოდ აქტიურ მიდგომას სთავაზობენ, რომელმაც შესაძლოა სრული გაუმჯობესება გამოიწვიოს ორმაგი დიაგნოზის მქონე პაციენტებშიც კი. ამავე დროს, დასახელებული კვლევა აჩვენებს, რომ პაციენტების მნიშვნელოვანი ნაწილი სტანდარტულ ფსიქოფარმაკოლოგიურ მკურნალობას არ ექვემდებარება და უფრო შესაბამის მიდგომას მოითხოვს. დამატებითი დეტალები იხილეთ: http://www.nimh.nih.gov/healthinformation/stard.cfm.
პირველადი ზრუნვის მიმწოდებლები, რომლებიც დეპრესიის მქონე პაციენტებს მკურნალობენ, კონსულტაციას უნდა გადიოდნენ ფსიქიკური ჯანმრთელობის პროფესიონალებთან შემდეგ სიტუაციებში:

  1. თუ პაციენტს არ აღენიშნება გაუმჯობესება SSRI თერაპიის დაწყების შემდეგ. მაგალითად, თუ პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება SSRI-ს საცდელი მიწოდების და შემდგომში შესაბამისი მედიკამენტზე გადართვის ან დამატების შემდეგ.
  2. თუ ფსიქიკური დაავადების მიზეზით, პაციენტს მნიშვნელოვნად ეზღუდება უნარები. მაგალითად, თუ პაციენტს სირთულეები აქვს სამსახურში, ინტერპერსონალურ ურთიერთობებში, თანადროულად აქვს მავნე ნივთიერებებზე მიჯაჭვულობა ან თანადროული ფსიქიკური დაავადება (მაგალითად, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, პანიკური აშლილობა, ტკივილები, სომატური აშლილობები ან პიროვნული აშლილობები), ან ახასიათებს სასოწარკვეთილება და სუიციდური აზრები.
  3. თუ პაციენტს აღენიშნება თანადროული სამედიცინო დაავადება, რომელმაც შესაძლოა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გაუარესება გამოიწვიოს. მაგალითად, თუ პაციენტი აივ ინფიცირებულია, აქვს შიდსი, დიაბეტი, თანდაყოლილი დეპრესია, ჰიპოთიროიდიზმი. ფსიქიატრმა, რომელიც მსგავსი პაციენტის წინაშე აღმოჩნდება, პაციენტს სამედიცინო და ფსიქიკური დაავადებების მკურნალობის მართლზომიერი დაგეგმვა და ოპტიმალური ზრუნვა უნდა შესთავაზოს.
  4. თუ პაციენტი დადებითად რეაგირებს სამედიცინო მკურნალობაზე და აქვს პოზიტიური სოციალური გარემო, თუმცა მაინც აღენიშნება უკმაყოფილების განცდა. მაგალითად, თუ პაციენტს გამუდმებულად დაბალი თვითშეფასების შეგრძნება აწუხებს, მისი ლგბტ სტატუსიდან გამომდინარე, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ საჭიროა ფსიქოთერაპია.

გარდა ამისა, დეპრესიისა და სუიციდურობასთან დაკავშირებული გუნება-განწყობის აშლილობების მკურნალობის ერთ-ერთ ალტერნატივად საჭიროა მოვიაზროთ  ელექტროკონვულსიური თერაპიის შესაძლებლობაც, განსაკუთრებით მაშინ, თუ მრავალი მედიკამენტი უკვე მოისინჯა.

STAR*D-ის მსგავსი სტანდარტიზებული სამედიცინო მკურნალობის მსგავსი მიდგომები შფოთვითი აშლილობებისა და სუიციდური პაციენტების სამკურნალოდ არ არსებობს. ამ შემთხვევებში, ამ სფეროებში მკურნალობის დასაგეგმად, შესაძლოა მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამედიცინო მიდგომა დაგვეხმაროს .

ფსიქოთერაპიული მკურნალობა

სპეციფიკური ფსიქოთერაპიული ტექნიკების პრაქტიკის მიმოხილვა ამ თავის შესაძლებლობებს სცილდება. ამის ნაცვლად, აქ მოცემულია ფსიქოთერაპიული მკურნალობების ზოგადი მახასიათებლები, რომლებიც ლგბ პაციენტების საჭიროებებს შეესაბამება. ლგბ კლიენტების მკურნალობისას, ნებისმიერი შემთხვევისას, სასურველია, მისდიოთ ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის რეკომენდაციებს, რომელიც 8-3 ცხრილშია წარმოდგენილი.

გარდაქმნის თერაპია
დღესდღეობით, ლგბ პაციენტებთან სავარაუდოდ ერთი მკაცრად უარყოფილი ფსიქოთერაპიული ტექნიკა არსებობს, რომელიც საკვებისა და ნარკოტიკების ადმინისტრაციის მიერ სიცოცხლისთვის საშიში გაფრთხილების ტოლფასია. ეს გარდაქმნის ან „გამოსასწორებელი“ თერაპიაა (სინამდვილეში, ის არ შეიძლება თერაპიად ჩაითვალოს), როგორც მას ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაცია უწოდებს. ტექნიკა ადამიანის სექსუალური ორიენტაციის ჰომო ან ბისექსუალობიდან ჰეტეროსექსუალობაზე გარდაქმნაზეა ფოკუსირებული. არ არსებობს არც ერთი გამოქვეყნებული მტკიცებულება, რომელიც ასეთი ტექნიკის ეფექტურობაზე ან უსაფრთხოებაზე მიუთითებს. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ერთობლივად და ძლიერად ეწინააღმდეგებიან ასეთი თერაპიის გამოყენებას, როგორც ეს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის შემდეგ განცხადებაშია აღწერილი:

„1998 წლის დეკემბერში, რწმუნებულთა საბჭომ გამოსცა თავისი პოზიციური განცხადება, რომ ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაცია ეწინააღმდეგება ნებისმიერ ფსიქიატრიულ მკურნალობას, (მაგალითად გარდაქმნის ან „გამოსასწორებელ“ თერაპიას), რომელიც ეფუძნება დაშვებას, რომ ჰომოსექსუალობა ფსიქიკური აშლილობაა ან ეფუძნება აპრიორ დაშვებას, რომ პაციენტმა უნდა შეიცვალოს თავისი სექსუალური (ჰომოსექსუალური) ორიენტაცია. ამ განცხადებით, APA უერთდება მრავალ სხვა პროფესიულ ორგანიზაციას, რომელიც ეწინააღმდეგება ან აკრიტიკებს „გამოსასწორებელ“ თერაპიას. ასეთებია: ამერიკის პედიატრთა აკადემია, ამერიკის სამედიცინო ასოციაცია, ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია, ამერიკის საკონსულტაციო ასოციაცია და სოციალურ მუშაკთა ეროვნული ასოციაცია“.

ლგბ მხარდამჭერი თერაპია
გარდაქმნის თერაპიისგან განსხვავებით, ლგბ-მხარდამჭერი თერაპია მხარს უჭერს სამედიცინო საზოგადოების თანამედროვე შეხედულებას, რომ ჰომოსექსუალობა ადამიანური ქცევის ერთ-ერთი ნორმალური ვარიანტია. ის ცდილობს ებრძოლოს ინტერნალიზებულ ჰომოფობიას, რომელიც შესაძლოა გავლენას ახდენდეს ისეთი ფსიქიკური აშლილობების განვითარებაზე, როგორიცაა შფოთვა და დეპრესია.  მიუხედავად ფორმალური კვლევების არარსებობისა, ამ მეთოდებთან კომბინირებით, ჩვენ მხარს ვუჭერთ ლგბტ მხარდამჭერ თერაპიას. ლგბ პაციენტებთან მომუშავე ფსიქოთერაპიის სახელმძღვანელოების მრავალი ავტორი უჭერს მხარს მსგავსი ტექნიკის გამოყენებას. ის ფსიქოთერაპიული მეთოდები, რომლებიც მტკიცებულებებზე დაყრდნობილ მედიცინაში დეპრესიული და შფოთვითი აშლილობებისათვის „წარმატებულად“ მიიჩნევა, შეგიძლიათ აქ იხილოთ: http://www.clinicalevidence.com/x/index.html

თემის მხარდაჭერა

ამ წიგნის ცენტრალური არგუმენტია, რომ ყველა კლინიცისტმა, მისი პრაქტიკის სახეობის მიუხედავად, უნდა გაიაროს ტრეინინგი და მიიღოს განათლება, რათა ლგბტ ჯანმრთელობის სფეროში თავი კომპეტენტურად იგრძნოს. აშშ-ის ზოგიერთ ნაწილში უკვე არსებობს ჯანდაცვის სპეციალიზებული დაწესებულებები, რომლებიც ლგბტ პაციენტების ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროებებზე ზრუნავენ. ეს შესაძლოა იყოს ცალკეული დაწესებულებები, სადაც ლგბტ ადამიანების ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურეობის საჭიროებები ერთადაა თავმოყრილი, ასეთია ბოსტონის ფენვეი სათემო ჯანმრთელობა, მასი (http://www.fenwayhealth.org/site/PageServer) ან ჰოვარდ ბრაუნის ჯანმრთელობის ცენტრი ჩიკაგოში (http://www.howardbrown.org/). ასევე შესაძლებელია, ლგბ საკითხებით დაინტერესებული ადამიანების ჯგუფი ამ მიმართულებით უფრო დიდ დაწესებულებებში მუშაობდეს (მაგალითად, ფსიქიატრიის დეპარტამენტი კემბრიჯის საავადმყოფოში, მასაჩუსეტსში). ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით საჭიროებების მქონე ლგბტ პაციენტებისათვის, ასეთი დაწესებულებები მხარდამჭერი და თერაპიულია, განსაკუთრებით იმიტომ, რომ სოციალური მხარდაჭერის აღქმას ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე დადებითი შედეგი აქვს. სასურველია, ასეთ დაწესებულებებში გადავამისამართოთ პაციენტები, რომლებიც ლგბტ ჯანმრთელობის საკითხებში კომპეტენტურ გარემოს ეძებენ.

ლგბ ადამიანების მხარდამჭერი ჯგუფები ასევე შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს, განსაკუთრებით მათთვის, ვინც თავს გარიყულად გრძნობს. პაციენტებმა, რომლებიც ასეთი მომსახურების ცენტრებისგან შედარებით მოშორებულად ცხოვრობენ და სოციალურ მხარდაჭერას ეძებენ, შეუძლიათ ისარგებლონ ლგბტ ცხელი ხაზებითა და ვებ-გვერდებით, როგორიცაა გლბტ დახმარების ეროვნული ცენტრის ლგბტ დახმარების ხაზი ((http://www.glnh.org) ფენვეი სათემო ჯანმრთელობის ცენტრი  (http://www.fenwayhealth.org) და თანასწორთა მსმენელი ხაზი.

დასკვნის სახით – ფსიქიკური ჯანმრთელობაეპიდემიოლოგიაშეფასება და მკურნალობა               

ამ თავში განვიხილეთ ეპიდემიოლოგიური მონაცემები, რომლებიც ფსიქიკური დაავადებების მიმართ ლგბტ მოსახლეობის განსაკუთრებულ მოწყვლადობაზე მიანიშნებენ, და დეპრესიის, შფოთვითი აშლილობისა და სუიციდური აზრების მქონე ადამიანებში საწყისი სკრინინგის შეფასებისა და მკურნალობის შესახებ ვისაუბრეთ. მხარდამჭერი და ჯანმრთელობის მნიშვნელობის წინ წამოწევის გზით ლგბ პაციენტებთან კულტურულად მგრძნობიარე სკრინინგი და შეფასებაა საჭირო. სხვა მხრივ, ამ დაავადებების ბიოლოგიური და სომატური მკურნალობა ისეთივეა, როგორც ყველა სხვა პაციენტთან. თუმცა, ფსიქოთერაპიული და სოციალური ჩარევა თუ საგანმანათლებლო პროგრამები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ლგბ ადამიანებში ამ დაავადებების ქონის მაღალი მაჩვენებლის შემცირებაზე. საჭიროა კვლევები ლგბ პაციენტების შეფასებისა და მკურნალობის სფეროში, მათ შორის ისეთი სპეციფიკური კვლევები, რომლებიც შეისწავლიან ჰეტეროსექსუალ და ჰომოსექსუალ ადამიანთა განსხვავებულ რეაგირებას სომატურ და ფსიქოთერაპიულ მკურნალობაზე. ასევე, ადამიანის სექსუალური იდენტობის განვითარებისა და სექსუალობის მოქნილობის შესახებ არსებულმა თანამედროვე თეორიებმა გავლენა უნდა მოახდინოს ამ კვლევებზე და შესაბამისად მკურნალობისა და შეფასების მიმართ კლინიკურ მიდგომაზე.

შეჯამება:

  • ლგბ პაციენტებს უფრო მძიმე ფსიქიკური ჯანმრთელობის სიმპტომები და უარესი ზოგადი ფსიქიკური ჯანმრთელობა აქვთ, ვიდრე ჰეტეროსექსუალებს. ლესბოსელ და ბისექსუალ ქალებს შესაძლოა უფრო მაღალი რისკი ჰქონდეთ ზოგადი შფოთვითი აშლილობის მიმართ, გეი და ბისექსუალ მამაკაცებს – დეპრესიისა და შფოთვის მიმართ, და ყველა მათგანს – თანადროული დაავადებების მიმართ.
  • ლგბ ადამიანებს, განსაკუთრებით კი მოზარდებს, სუიციდური აზრების ქონისა და სუიციდის მცდელობების მაღალი რისკი აღენიშნებათ.
  • ამ ფსიქიკური დაავადებების უტყუარი მაჩვენებლები, სავარაუდოდ, ლგბ პაციენტების გარემო და საზოგადოებრივ ფაქტორებს უკავშირდება და არა შინაგან მიდრეკილებას. მაგალითად, სოციალური მხარდაჭერის ნაკლებობა და დაბალი თვითშეფასება, რაც ჰომოფობიურ გარემოში ცხოვრების შედეგია, შესაძლოა ამ დაავადებების რისკს ზრდიდეს.
  • პირველადი ზრუნვის მიმწოდებლებმა პაციენტები სრულად უნდა შეაფასონ, რაც დაავადებების მაღალი რისკის გაცნობიერებას და ლგბ პაციენტის სექსუალური იდენტობის მხარდაჭერას გულისხმობს. კლინიცისტს უნდა შეეძლოს პაციენტთან მყუდრო, მხარდამჭერი და პროფესიული ურთიერთობის დამყარება და ლგბ საკითხებში საკუთარი გამოცდილების შესახებ გაჩენილ კითხვებზე პასუხის გაცემა.
  • გუნება-განწყობისა და შფოთვითი აშლილობების შეფასება ისეთივე უნდა იყოს, როგორც ზოგადად ყველასთან. შეფასების ინსტრუმენტების სპეციფიკურად ლგბ პაციენტებისათვის შესაბამისობაში მოყვანა ჯერ არ მომხდარა, თუმცა ისინი საკმაოდ ეფექტურად მუშაობს.
  • ლგბ პაციენტები ასევე სარისკო ქცევების, თანადროული დაავადებების და სხვა ფაქტორების მხრივ უნდა შეაფასოთ, რომლებმაც შესაძლოა გაართულოს ან გამოიწვიოს ფსიქიკური აშლილობა. გეი მამაკაცებში ასეთია ანაბოლიკური სტეროიდების, მეტამფეტამინის მოხმარება, სიფილისი და აივ ინფექცია/შიდსი. ლესბოსელ და ბისექსუალ ქალებში ასეთია: მენსტრუაცია, ორსულობა და მენოპაუზა. საერთოა: კვებითი აშლილობები, ხანდაზმულობასთან დაკავშირებული პრობლემები და სულიერება.
  • შექმნილია ფსიქოფარმაკოლოგიური მკურნალობის ახალი ალგორითმები, როგორიცაა STAR*D. იგი შეიქმნა ზოგად მოსახლეობაში ასეთი დაავადებების სამკურნალოდ. ჯერჯერობით ლგბტ მოსახლეობის ალტერნატიული მკურნალობის შესახებ ძალიან მცირე მონაცემები არსებობს. პირველადი ზრუნვის მიმწოდებლებმა ზოგიერთ სიტუაციაში პროფესიონალებისგან უნდა ითხოვონ დახმარება.
  • ფსიქოთერაპია მნიშვნელოვანი მკურნალობის მეთოდია ლგბ პაციენტებისათვის, იმ შემთხვევაში, თუ კლინიცისტი ჰომოსექსუალობას ადამიანის საქციელის ნორმალურ მრავალფეროვნებად აღიქვამს. ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის რეკომენდაციები ლგბ კლიენტების ფსიქოთერაპიისათვის კლინიცისტებისათვის ამოსავალი წერტილია. ლგბ მხარდამჭერი თერაპიისას, კლინიცისტი მუშაობს ინტერნალიზებული ჰომოფობიის საკითხზე, რომელსაც შესაძლოა გავლენა მოეხდინა ფსიქიკური აშლილობების განვითარებაზე.
  • ფსიქიკური აშლილობების მქონე ლგბ პაციენტებისათვის სასარგებლოა ლგბტ სათემო რესურსებთან დაკავშრება, როგორიცაა მხარდამჭერი ჯგუფები, ცხელი ხაზები, და ლგბტ-სპეციფიკური ჯანმრთელობაზე ზრუნვის დაწესებულებები.
  • ლგბ პაციენტებისათვის შეფასების ინსტრუმენტების ვალიდაციისთვის და იმის შესამოწმებლად, თუ რომელი მკურნალობის მეთოდია ყველაზე ეფექტური, საჭიროა მომავალი კვლევები.