ტრანსგენდერთა ჯანმრთელობა

                                             ტრანსგენდერი და ინტერსექსი ადამიანების ჯანმრთელობა

რენდი კაუფმანი, ფსიქოლოგიის დოქტორი

შესავალი ტრანსგენდერ იდენტობასა და ჯანმრთელობაში

ფრანც კაფკას ცნობილი მოთხრობა, ”მეტამორფოზა”, იხსნება გიგანტურ მწერად გადაქცეული ერთი ჩვეულებრივი კაცის აბსურდული გასაჭირით. მიუხედავად მწერობისა, გრეგორ ზამზა კვლავაც ადამიანივით გრძნობს და აზროვნებს. თუმცა, როგორც მწერი, ის ვერ ახერხებს საკუთარ ოჯახთან კომუნიკაციას და მათი დახმარებისა და ემპათიის მოპოვებას. მას ისიც კი არ შეუძლია, მათ გააგებინოს, ვინ არის. ამ უცნაურ და გაურკვეველ გარემოებებში დრო გადის და გრეგორი ნელ-ნელა აცნობიერებს, რომ მისი მდგომარეობა გადაულახავია, რადგან ის არა და არ უბრუნდება ადამიანურ ფორმას. თვითგადარჩენის სურვილი მასში გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცოცხლობს, მაგრამ ბოლოს ქრება. გარდატეხა მაშინ დგება, როდესაც მისი და დაიძახებს, რომ ეს მწერი რომ მართლაც გრეგორი ყოფილიყო, ის თავისით დატოვებდა იქაურობას, რადგან ეცოდინებოდა, რომ მის ოჯახს ”ასეთ არსებასთან” ცხოვრება არ შეუძლია. საკუთარი ოჯახის აგონიის გაცნობიერების შემდეგ, გრეგორის სიცოცხლის სურვილი სიკვდილის სურვილად გარდაიქმნება. ის მედიტაციის მდგომარეობაში კვდება, რაც მიგვითითებს, რომ მან საკუთარი თავი დაარწმუნა მომკვდარიყო, და ეს იყო თავისი ოჯახის მიმართ გამოვლენილი სიყვარულის აქტი.

კაფკას ”მეტამორფოზას” ხშირად ინტერპრეტირებენ, როგორც სულიერი გამოფიტვის მეტაფორას, რომელიც გამომდინარეობს ირგვლივ არსებულ გარემოებათა დაძლევის შეუძლებლობიდან. ეს ასურათებს სიტუაციას, როდესაც ადამიანი განიცდის დაბნეულობას, დამცირებას, დაცინვასა და უკიდურეს იზოლაციას, როდესაც სხვები მას ვერ ხედავენ იმად, ვინც ის სინამდვილეში არის. კაფკას თანახმად, მიუხედავად უარყოფისა და ხელის კვრისა, ადამიანს შეიძლება სურვილი გაუჩნდეს, საკუთარი თავი შესწიროს იმისთვის, რომ ოჯახის გაუფრთხილდეს, და ეს დიდი სიყვარულის აქტის სახით გააკეთოს.

ბევრი ასპექტის მიხედვით, „მეტამორფოზა“ ტრანსგენდერი ადამიანის წინაშე მდგარ დაბრკოლებებსა და სირთულეებს ხატოვნად აღწერს. საკუთარ ანატომიურ სქესსა და გენდერულ იდენტობას შორის განსხვავების გაცნობიერებასთან ტანდემში, ტრანსგენდერი ადამიანები სწრაფადვე აცნობიერებენ , რომ ისინი უარყოფის, დაცინვის, დამცირებისა და იზოლაციის საგანი ხდებიან. გრეგორის მსგავსად, ზოგიერთი ტრანსგენდერი ინდივიდი არჩევს, თავი გასწიროს იმისათვის, რომ საყვარელ ადამიანებს გაუფრთხილდეს. ეს მსხვერპლი შეიძლება კონკრეტული და პერმანენტული იყოს, როგორც თვითმკვლელობის შემთხვევაში, ან აბსტრაქტული, რადგან როდესაც ადამიანი საკუთარ იდენტობას ახშობს, ეს მის ფსიქიკურ გარდაცვალებას იწვევს. საბედნიეროდ, ბევრი ტრანსგენდერი ადამიანი არჩევს ქამინგ აუთის გაკეთებას და გარემოებებთან ბოლომდე ბრძოლას.

ქამინგ აუთის გაკეთება ტრანსგენდერი ადამიანისათვის სიმამაცის აქტია, რომელიც გულისხმობს დიდ რისკზე წასვლას და მზაობას იმისათვის, რომ ურთიერთობები გამოსცადო და გჯეროდეს, რომ ადამიანების მზრუნველობა და პატივისცემა უარყოფით შედეგებს გადაფარავს.

ჩვენ ამჟამად გენდერული იდენტობის განვითარების გაგებისა და მიმღებლობის მხრივ გზაჯვარედინზე ვიმყოფებით. ერთის მხრივ, გენდერის შესახებ არსებული დომინანტური შეხედულებები ჯერ კიდევ გულისხმობს, რომ ადამიანი ან ქალი უნდა იყოს ან კაცი, და რომ მისი შინაგანი გრძნობა კაცად ან ქალად ყოფნისა მჭიდროდ არის დაკავშირებული მის ანატომიასთან. ეს შეხედულება აისახება იმაში, რომ მენტალური აშლილობების უახლეს დიაგნოსტიკურ და სტატისტიკურ სახელმძღვანელოში (DSM-IV) გენდერული იდენტობის აშლილობა ჯერ კიდევ დიაგნოზად იწოდება, და ამგვარად გენდერული იდენტობის განსხვავებულობებს სულიერ დაავადებად ნათლავს. მეორეს მხრივ, სულ უფრო და უფრო ცხადი ხდება, რომ ადამიანის გენდერული იდენტობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება უფრო ხშირია. თანამედროვე კლინიკური აზროვნება გვკარნახობს, რომ გენდერული იდენტობის საკითხები ფსიქოპათოლოგიის ნიშანი არ არის.  გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ადამიანებში მენტალური ჯანმრთელობის გართულებებისა და ნარკოტიკულ ნივთიერებათა მოხმარების მაღალი მაჩვენებელი დღესდღეობით კულტურულ დისკრიმინაციასა და მიუღებლობას მიეწერება, რომელიც ხშირად თანხვედრაშია სოციალური და ფინანსური მხარდაჭერის ნაკლებობასთან, ეს აუცილებელი ფაქტორია ამ გამოწვევებზე რეაგირებისთვის. ტრანსგენდერთან დაკავშირებული საკითხების გაგებამ ამ ფართო ფსიქოლოგიურ კონტექსტში და არა როგორც მენტალური აშლილობის ჭრილში, შედეგად გამოიღო გენდერული იდენტობის აშლილობის DSM-დან ამოღებისკენ მიმართული მოძრაობის წარმოშობა. ასევე, 1973 წელს ამავე სახელმძღვანელოდან ჰომოსექსუალობა ამოღებულ იქნა.

ამ თავის ამოცანაა, შემოგთავაზოთ ტრანსგენდერი საკითხებისა და გამოცდილების ზოგადი კონტექსტი, რათა ტრანსგენდერ ადამიანებთან მუშაობისას ჯანდაცვის მუშაკები მეტად იყვნენ ინფორმირებულნი და შესაბამისად, მათ უფრო მგრძნობიარე, სათანადო და მხარდაჭერისკენ მიმართული მზრუნველობა შესთავაზონ.

 

განსაზღვრებები

სქესი, გენდერი და გენდერული იდენტობა

ტერმინები სქესი, გენდერი და გენდერული იდენტობა, როგორც წესი, სხვადასხვაგვარად/სხვადასხვა მნიშვნელობით გამოიყენება და შეიძლება დამაბნეველი იყოს. ორი სქესისა და ორი გენდერისაგან შემდგარი მოდელი, რომელიც ჩვენთვის ყველაზე კარგად არის ცნობილი, იყენებს სიტყვა ”სქესს” ადამიანის სხეულის – ანუ, ობიექტური ბიოლოგიური (ქრომოსომული) და ანატომიური (შინაგანი და გარეგანი გენიტალიები) მახასიათებლების აღსაწერად, რასაც საზოგადოება მამრობითად ან მდედრობითად ცნობს. ”გენდერი” გამოიყენება სხვადასხვა კონტექსტში ადამიანის გენდერული იდენტობის (ბიოლოგიისგან დამოუკიდებლად, ეს არის ადამიანის შინაგანი გრძნობა მამაკაცად ან ქალად ყოფნასთან დაკავშირებით), ან გენდერული როლის (როლი, ქცევა და ატრიბუტები – მასკულინური ან ფემინური – რომლებსაც საზოგადოება ქალებისა და მამაკაცებისთვის შესაფერისად მიიჩნევს) აღსაწერად. ამ ბინარული მოდელის თანახმად, ყველა ადამიანი განისაზღვრება ან კაცად ან ქალად, გენდერი ფიქსირებული და ფესვგადგმულია ბიოლოგიურ სქესში და მიღებული გენდერული როლი ნაკარნახევია ხილული/აშკარა გენდერით. ეს მოდელი გამორიცხავს ინტერსექს ადამიანებს, რომლებიც იბადებიან ისეთი სქესობრივი ქრომოსომებით, გარეგანი გენიტალიებითა და/ან შინაგანი რეპროდუქციული ორგანოებით, რომლებიც ექსკლუზიურად მამრობით ან მდედრობით სქესს არ განეკუთვნება. ამასთან ერთად, ეს მოდელი ასევე ვერ ახერხებს იმ ადამიანების მოცვას, რომლებიც საკუთარ თავს დაბადებიდან მიწერილ სქესთან არ აიგივებს. ასევე, იგი უარყოფს ადამიანთა მრავალრიცხოვანი ჯგუფის გამოცდილებას, რომლებიც აღწერენ გენდერს, როგორც ქალურსა და კაცურზე უფრო მეტსა და განსხვავებულს.

დღესდღეობით ხდება სქესისა და გენდერის სულ უფრო ახალი მოდელების აღწერა, რაც გვაშორებს კარგად ნაცნობი ორი სქესის (ქალი და კაცი) და ორი გენდერის (მასკულინური და ფემინური) მოდელისგან, სადაც სქესი და გენდერი დიქოტომიური კონსტრუქტებია, და გვაახლოებს იმ მოდელთან, რომელსაც ”პოლისქესობრივს” ან ”პოლიგენდერულს” უწოდებენ. ეს მოდელები გვთავაზობს უფრო სრულ გაგებას სქესისა და გენდერის განსხვავებულობის და სირთულის მხრივ და შესაძლებელს ხდის უფრო დიდ/ფართო თვითგამოხატვის ფორმებს. ეს მოდელები კიდევ განასხვავებს სქესს (ადამიანის ბიოლოგიის მამაკაცად, ქალად ან ინტერსექსად ობიექტური დახარისხება), სექსუალურ ორიენტაციას (რომელი სქესის წარმომადგენელთა მიმართ განიცდის ადამიანი ლტოლვას), გენდერულ იდენტობას (საკუთარი თავის სუბიექტური აღქმა ქალად, კაცად ან რაიმე სხვად), გენდერულ როლს (კულტურულ მოლოდინებს, რომლებსაც ადამიანი მისდევს, როგორც წინასწარ გამოწერილი ქცევითი ნორმების ერთობლიობას, რომლებიც ადამიანის გენდერს მიეწერება) გენდერულ წარმოჩენას/presentation (როგორ გამოიყურება ადამიანი), გენდერულ პერფორმანსს (როგორ იქცევა/თამაშობს ადამიანი), მინიჭებულ გენდერს (გენდერი, რომელიც სამედიცინო მუშაკის მიერ მიეწერება დაბადებისას, როგორც წესი, გარეგანი გენიტალიების მიხედვით) და გენდერულ ატრიბუციას (გენდერი, რომელსაც სხვა მოგაწერს კულტურული ინტერპრეტაციის ან გენდერული მინიშნებების მეშვეობით).

 

რას ნიშნავს, იყო ”ტრანსგენდერი”?

ტრანსგენდერი ადამიანები არიან პირები, რომლებიც ამა თუ იმ ნიშნით არღვევენ/ცდებიან სოციალურად კონსტრუირებულ გენდერულ ნორმებს. თუმცა, ამ სფეროს ენა ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია: ტერმინი ”ტრანსგენდერი” გამოიყენება იმდენად ბევრ კონტექსტში, რომ შეუძლებელია მისი ზუსტად განსაზღვრა. ზოგი ”ტრანსგენდერს” იყენებს, როგორც ქოლგა ტერმინს იმ ადამიანების აღსაწერად, რომელთა გრძნობები და ქცევები არ შეესაბამება მიწერილ გენდერს: მაგალითად ”ქროს დრესერებს” და ადამიანებს, რომლებიც საკუთარი თავის იდენტიფიკაციას ახდენენ, როგორც “MTF” (ადამიანი, რომელიც ტრანზიციას მამრობით სქესიდან მდედრობითზე განიცდის) და  “FTM” (ადამიანი, რომელიც ტრანზიციას მდედრობითი სქესიდან მამრობითზე განიცდის). სხვები ამ სიტყვას იყენებენ ქალისა და კაცის კონსტრუქტებს გარეთ არსებული გენდერის და გენდერის გარეშე ან რამდენიმე გენდერით ცხოვრების გამოცდილების აღსაწერად: მაგალითები მოიცავს ადამიანებს, რომლებიც საკუთარ თავს აიგივებენ “გენდერქვიართან”, ”ანდროგინად”, ”გენდერ–ბენდერთან”, ”ბინარულობის მიღმა” მყოფთან და ”პოლიგენდერთან”. ჩანართში 12-1 მოცემულია განსაზღვრებები ზოგიერთი გავრცელებული და ნაკლებად ცნობილი ტერმინისა, რომელიც გამოიყენება ტრანსგენდერი თემის წევრთა აღსაწერად.

ტრანსგენდერი ადამიანები არჩევენ, სამყაროს სხვადასხვანაირად წარმოუდგნენ. ზოგიერთი ტრანსგენდერი ადამიანი წყვეტს, სხეული შეცვალოს ჰორმონებისა და ქირურგიის საშუალებით, მათი ანატომიის გენდერულ იდენტობასთან შესათანხმებლად.  სხვები საკუთარი გენდერის გამოხატვას ნაკლებად პერმანენტული სახით ირჩევენ, თმის სტილის ან ტანსაცმლის შეცვლის მეშვეობით. ზოგს კი ამ კუთხით საერთოდ არაფრის შეცვლა არ სურს. მიუხედავად იმისა, თუ როგორ არჩევენ ისინი საკუთარი თავის წარმოჩენას, ტრანსგენდერი ადამიანების უმეტესობა ერთ საერთო სურვილს იზიარებს: საზოგადოების მიერ იყვნენ დანახულნი და პატივცემულნი ისეთები, როგორებიც არიან.

 

MTF (male-to-female): ადამიანი, რომლის ბიოლოგიური სქესიც მამრობითია, მაგრამ გენდერული იდენტობა მდედრობითი. ის სოციალურად ქალად წარმოაჩენს თავს და ხშირად, მაგრამ არა ყოველთვის გადის ფიზიკურ ცვლილებებს ჰორმონებისა და ქირურგიის მეშვეობით. ზემოხსენებული აბრევიაცია გამოიყენება როგორც სიტყვა ”ტრანსსექსუალის” თანხლებით, ისე მის გარეშე.

FTM (female-to-male): ადამიანი, რომლის ბიოლოგიური სქესიც მდედრობითია, ხოლო გენდერული იდენტობა – მამრობითი. იგი სოციალურად თავს მამაკაცად წარმოაჩენს და ხშირად, თუმცა არა ყოველთვის, გადის ფიზიკურ ცვლილებებს ჰორმონული თერაპიისა და ქირურგიის მეშვეობით. ზემოხსენებული აბრევიაცია გამოიყენება, როგორც სიტყვა ”ტრანსსექსუალის” თანხლებით, ისე მის გარეშე.

ქროს დრესერი: ადამიანი, რომელიც იცვამს მისთვის მიწერილი სქესისგან განსხვავებულ ტანსაცმელს. როგორც წესი, ტერმინი გამოიყენება კაცებთან მიმართებაში, რომლებიც ქალის ტანსაცმელს ატარებენ, მაგრამ შეიძლება სულაც არ სურდეს საკუთარი გენდერის შეცვლა. ეს ტერმინი უფრო პოლიტკორეკტულად მიიჩნევა, ვიდრე ”ტრანსვესტიტი”.

ტრანსვესტიტი: როგორც წესი, აღწერს ბიოლოგიურ მამაკაცს, რომელიც ქალის ტანსაცმელს ატარებს, ხშირად სექსუალური კმაყოფილებისთვის. ეს ტერმინი აგდებულ დამოკიდებულებასა და პათოლოგიზაციას გამოხატავს და მისი გამოყენება არასასურველია .

დრეგ ქვინი: მამაკაცი, რომელიც ქალის ტანსაცმელს იცვამს უპირველეს ყოვლისა პერფორმანსის ან შოუსთვის. დრეგ ქვინები უმეტესწილად მამაკაცებად მიიჩნევენ თავს, ხშირად გეი კაცებიც არიან და არ სურთ საკუთარი გენდერის შეცვლა.

დრეგ ქინგი: ქალი, რომელიც კაცის ტანსაცმელს ატარებს და რომელსაც შეიძლება სურდეს ან შეიძლება არ სურდეს გენდერის შეცვლა.

ტრანსი ქალი: როგორც წესი, გამოიყენება ადამიანის მიმართ, რომელიც მამაკაცად არის დაბადებული და თავს ქალად აღიქვამს. ტრანსი ქალი საკუთარი გენდერის ქალურად წარმოსაჩენად გარკვეული ნაბიჯების გადადგმის ან სრული ტრანზიციის გავლის შემდეგ ხდება; თუმცა იმ ადამიანების უმეტესობა, ვინც სრული ტრანზიცია გაიარა, ხშირად ამჯობინებს, რომ ქალი ეწოდოს და არა ტრანსი ქალი.

ტრანსი კაცი: როგორც წესი, გამოიყენება ადამიანის მოსახსენიებლად, რომელიც ქალად არის დაბადებული, ხოლო თავს აღიქვამს და თავის გენდერს წარმოაჩენს კაცურად. ამ სიტყვას ადამიანები ხშირად იყენებენ მას შემდეგ, რაც გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამენ საკუთარი გენდერის კაცურად წარმოსაჩენად, ან სრული ტრანზიციის გავლის შემდეგ; თუმცა იმ ადამიანების უმეტესობა, ვინც სრული ტრანზიცია გაიარა, ხშირად ამჯობინებს, რომ კაცი ეწოდოს და არა ტრანსი კაცი.

ინტერსექსი: ადამიანი, რომელიც დაბადებულია გენიტალიებით, რომლებიც ექსკლუზიურად არც მდედრობით და არც მამრობით სქესს არ განეკუთვნება, ან რომლებიც შეუსაბამოა მის ქრომოსომულ სქესთან; ინტერსექსუალობის გამოვლენა ხანდახან პუბერტეტამდე არ ხდება, როდესაც ადამიანს არ უვითარდება ზოგიერთი მეორადი სქესობრივი ნიშნები, ან ავითარებს ნიშანთვისებებს, რომლებიც არ იყო მოსალოდნელი. ინტერსექსი არ ითვლება ტრანსგენდერის ქვეკატეგორიად თუმცა, ადამიანები, რომლებიც ინტერსექსუალობის გარკვეული  მდგომარეობით იბადებიან დიდი ალბათობაა, რომ გრძნობდნენ, რომ მათთვის მიწერილი გენდერი არასწორია. ტერმინი ”სქესობრივი განვითარების დარღვევები” გამოიყენება ამ კონდიციის მქონე ახალშობილების მკურნალობის შემთხვევაში.

ჰერმაფროდიტი: წარსულში გამოიყენებოდა “ინტერსექსის” აღსანიშნად; დღესდღეობით მიიჩნევა მასტიგმატიზებელ და მოძველებულ ტერმინად.

Passing: როდესაც ადამიანი აღიქმება იმ გენდერის წარმომადგენლად, რომელსაც ის ითავსებს ტანსაცმლისა და მანერიზმების მეშვეობით: მაგალითად კაცი, რომელსაც ქალის ტანსაცმელი აცვია, ქალად აღიქმება.

გამოაშკარავება (Getting Clocked/ Spooked): როდესაც უცხო ადამიანი მავანის გენდერული რეპრეზენტირების მიღმა მის ნამდვილ სქესს ხედავს. მაგალითად: კაცს, რომელსაც ქალის ტანსაცმელი აცვია, ვიღაც ეუბნება: ”შენ ხომ კაცი ხარ კაბაში?”

შენიღბული ცხოვრება (Stealth): როდესაც ტრანსგენდერმა ადამიანმა სხვა გენდერში ტრანზიცია განიცადა, ცხოვრობს ისე, თითქოს ეს მისი გენდერია დაბადებიდან და არ ამხელს თავის ტრანსგენდერობას.

Tranny (იგივე, რაც რუსულში “ტრანსუხა”):  შემოკლებული ტრანსგენდერიდან: ზოგი ადამიანი ამ ტერმინს დამაკნინებლად მიიჩნევს.

ტრანსუხების მდევარი – Tranny-chaser: ეხება ადამიანს, რომელსაც იზიდავს და რომელიც ეძებს სექსუალურ კავშირს ან ურთიერთობებს ტრანსგენდერ ადამიანებთან. ზოგიერთი ადამიანი ამ ტერმინს დამამცირებლად მიიჩნევს.

გენდერქვიარი: ახალი ტერმინი, რომელიც ძირითადად ორნაირად გამოიყენება: 1) როგორც ქოლგა ტერმინი, რომელიც მოიცავს ადმიანებს, რომელთა გენდერიც ნორმებისგან განსხვავდება, ისევე, როგორც ტერმინი ქვიარ გამოიყენება ყველა სექსუალური ორიენტაციის აღსანიშნად, რომლებიც ჰეტეროსექსუალობისგან განსხვავდებიან; ან 2) ინდივიდების ქვეჯგუფის აღსაწერად, რომლებიც ბიოლოგიური ქალები არიან, მაგრამ საკუთარ გენდერულ იდენტობას არც მამრობითად და არც მდედრობითად არ აღიქვამენ. კლინიკური დაკვირვება გვკარნახობს, რომ მამრობით/მდედრობით ბინარულობაში დანახული ადამიანები უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს, როდესაც მათ მამრობითი სახელით და ნაცვალსახელით მიმართავენ, მაგრამ შეიძლება მაინც არ გრძნობდნენ, რომ მათი გენდერული იდენტობა მამრობითია.

ბოი: კიდევ ერთი ტერმინი ადამიანისთვის, რომელიც ქალად არის დაბადებული, მაგრამ მიიჩნევს, რომ ეს არ არის სრული ან აკურატული აღწერა მათი იდენტობისა. სხვა მსგავსი ტერმინები ქალიდან კაცზე გარდამავალი სპექტრისა შეიცავს: “Boychick,” “Shapeshifter,” (მაქცია) და  “Boss Girl.”

ანდროგინი: გამოიყენება იმ ადამიანების აღსანიშნად, ვისი გენდერული იდენტობაც ორივეა – ქალურიც და კაცურიც, ან არც ერთი – არც ქალური და არც კაცური. ანდროგინული ადამიანი შეიძლება წარმოდგებოდეს, როგორც ანდროგინული და/ან ხანდახან როგორც მდედრობითი ან მამრობითი სქესის და შეიძლება აირჩიოს ანდროგინული სახელი. პირის ნაცვალსახელში პრეფერენციები, როგორც წესი, იცვლება, მათ შორის ადამიანი შეიძლება მონაცვლეობით იყენებდეს მამრობითი და მდედრობითი სქესის პირის ნაცვალსახელს და ირჩევდეს იმას, რომელიც უფრო შეესაბამება იმ დროისათვის გენდერულ გამოხატვას, ან შეიძლება იყენებდეს ახლად წარმოქმნილ გენდერულად ნეიტრალურ პირის ნაცვალსახელებს.

გენდერ-ბენდერი, ბინარული განსაზღვრების მიღმა, პოლიგენდერი, გენდერული აბრაგი (Gender bender/ beyond binary/ polygender/ gender outlaw🙂  გენდერქვიარის და ანდროგინის მსგავსად, ეს ტერმინები აღწერს გენდერის ვარიაციებს მამაკაცსა და ქალზე ტრადიციული, დიქოტომიური შეხედულებების საწინააღმდეგოდ. ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს ამ ტერმინებს უწოდებენ, შეიძლება თავს აიგივებდნენ და წარმოაჩენდნენ ორივე, ან მონაცვლეობით ქალისა და კაცის სახით, ან არც ერთი გენდერის და ბინარული სისტემის გარეთ მყოფი გენდერის სახით.

გენდერული იდენტობა და სექსუალური ორიენტაცია

მიუხედავად იმისა, რომ გენდერული იდენტობა და სექსუალური ორიენტაცია ორი განსხვავებული რამაა, ისინი მაინც მჭიდროდ არის გადახლართული; გენდერული იდენტობის შესწავლის პროცესი განურჩევლად შეიცავს სექსუალური ორიენტაციის შესწავლასაც.  ტრადიციული ცრურწმენა, თითქოს ტრანსგენდერი იგივე გეია, იმით არის გამოწვეული, რომ ზოგ გეი და ლესბოსელს აქვს ტენდენცია, საკუთრი თავი წარმოაჩინოს სტერეოტიპული გენდერული ნორმებისგან განსხვავებული საშუალებებით. ამ ცრურწმენის საფუძველი შეიძლება ასევე იყოს გეი კაცების ასოცირება დრეგ ქვინებთან. გენდერული იდენტობა და სექსუალური ორიენტაცია შეიძლება ადვილად იქნას ერთმანეთისგან გარჩეული, თუკი გენდერულ იდენტობას განვსაზღვრავთ იმისდა მიხედვით, თუ როგორ გრძნობს საკუთარ გენდერს (მეს) ადამიანი შინაგანად, ხოლო სექსუალურ ორიენტაციას აღვიქვამთ, როგორც გენდერზე(ებზე), რომელიც ადამიანს იზიდავს (სხვებში).

მოდელი, რომელიც გრეის სტერლინგ სტოუველმა, ბოსტონის გეი, ლესბოსელი და ტრანსგენდერი ახალგაზრდობის ალიანსის აღმასრულებელმა დირექტორმა განავითარა, წარმოაჩენს სამკუთხედს, რომელზეც სქესი, გენდერი და სექსუალური ორიენტაცია სამ განსხვავებულ წერტილში მდებარეობს. ვიზუალურად ეს მოდელი აღწერს იმასაც, თუ როგორ განსხვავდებიან ეს კატეგორიები და იმასაც, რომ ისინი ერთმანეთთან კავშირშია.

ტრანსგენდერ  ადამიანებს ნებისმიერი სექსუალური ორიენტაცია შეიძლება ჰქონდეთ; სექსუალური ორიენტაცია შეიძლება შეიცვალოს მათი იდენტობის განვითარების პროცესში, როდესაც მათ უფრო მკაფიოდ ესმით საკუთარი გენდერული იდენტობა. ტრანსგენდერი ადამიანის სექსუალური ორიენტაციის შესახებ იარლიყების გამოყენება სასარგებლო არ არის, პირიქით, შეიძლება საკმაოდ დამაბნეველი და შეცდომაში შემყვანი იყოს. წარმოიდგინეთ ბიოლოგიური მამაკაცი, რომლის გენდერული იდენტობაც ქალია. ამ ადამიანისთვის, ჰომოსექსუალობა ნიშნავს ქალებისადმი ლტოლვის განცდას; ჰეტეროსექსუალობა კი შეიძლება ნიშნავდეს კაცებისადმი მიზიდულობას. ამასთან ერთად, სექსუალური ორიენტაციის იარლიყები შეიძლება სხვადასხვანაირად გამოიყენებოდეს იმისდა მიხედვით, თუ რამდენად ღიაა ადამიანი საკუთარ გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებით. ბიოლოგიურმა კაცმა, რომელიც თავს ქალთან აიგივებს და მალავს საკუთარ გენდერულ იდენტობას, შეიძლება საკუთარ თავს „გეი“ უწოდოს, რათა ცხადი გახადოს, რომ კაცები მოსწონს. მეორეს მხრივ, ბიოლოგიურმა კაცმა, რომელიც თავს ქალთან აიგივებს და ღიაა საკუთარი გენდერული იდენტობის შესახებ, შეიძლება საკუთარ თავს „ჰეტეროსექსუალი“ უწოდოს, რათა სხვებს აცნობოს, რომ კაცები მოსწონს. ცხადია, თუკი ჩვენ გვინდა ადამიანის სექსუალური ორიენტაცია გავიგოთ, უნდა ვკითხოთ რომელი გენდერი(ები) იზიდავს მას და თავი შევიკავოთ დაშვებების გაკეთებისგან ფართოდ გამოყენებული, მაგრამ არაზუსტი ტერმინოლოგიის საფუძველზე.

 

გენდერული იდენტობის აშლილობა და გენდერული დისფორია

გენდერული იდენტობის აშლილობა დიაგნოზია, რომელიც განისაზღვრება მენტალური აშლილობების დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელოს (DSM-IV)-ის მიერ იმ ტრანსგენდერი ადამიანების გამოსავლენად, ვისზეც კლინიკურმა ჩარევამ შეიძლება დადებითად იმოქმედოს. დადებითი მხარე აქ ისაა, რომ ამ კატეგორიაში ინკლუზია გენდერის საკითხებს სამეცნიერო გამოძიების ლეგიტიმურ საგნად აქცევს, რაც კლინიკურ გამოკვლევას აადვილებს; ის ასევე ვალიდურს ხდის კლინიკური მზრუნველობის საჭიროებას, რამაც თავის მხრივ შეიძლება სამედიცინო დაზღვევის პოლისებში ცვლილების გაადვილებას შეუწყოს ხელი, რომლებიც ამჟამად არ ფარავს გენდერული იდენტობის საკითხებთან დაკავშირებულ ხარჯებს. კრიტერიუმი გენდერული იდენტობის აშლილობის დიაგნოსტიკისთვის, წარმოჩენილია ჩანართში 12-2. უნდა აღინიშნოს, რომ გენდერული იდენტობის აშლილობის დიაგნოსტიკა მხოლოდ ტრანსსექსუალებს – ტრანსგენდერი ადამიანების მხოლოდ ერთ ქვეჯგუფს აღწერს. გენდერული იდენტობის სფერო იმდენად ახალია, რომ გენდერული იდენტობის აშლილობის DSM-ისეული აღწერილობა მოძველებული გახდა.

ამის უარყოფითი მხარე ის გახლავთ, რომ გენდერული იდენტობის აშლილობის დიაგნოზი გაკრიტიკებულ იქნა, როგორც დიაგნოზი. აქ ასევე პრობლემაა ენობრივი თვალსაზრისითაც. სიტყვა „აშლილობა“ მიანიშნებს, რომ გენდერული ნორმებიდან ვარიაცია აშლილობა ან ნაკლოვანებაა, და არა უბრალოდ განსხვავებულობა. ის გვკარნახობს, რომ გენდერული იდენტობები, რომლებიც ტრანსგენდერ ადამიანებს აქვთ, არალეგიტიმურია და წარმოადგენს პერვერსიას, დელუზიას ან უმწიფარ განვითარებას. ამგვარად, ბევრი ადამიანი ”გენდერული იდენტობის აშლილობის” ნაცვლად ტერმინ ”გენდერულ დისფორიას” იყენებს. გენდერული დისფორია აღწერს მდგრად ავერსიას/ანტიპათიას ადამიანის ზოგიერთი ან ყველა ფიზიკური მახასიათებლის და/ან სოციალური როლის მიმართ, რომლებიც მას ბიოლოგიური სქესის მიხედვით მიეწერება. გენდერული დისფორია, რომელიც ხშირად დეპრესიის, შფოთვის, გაღიზიანების და/ან ღელვის სახით აღინიშნება, აღწერს გრძნობას იმისა, რომ რაღაც ძალიან არასწორად არის; ეს ტერმინი არ გულისხმობს პათოლოგიას, არამედ ტრანსგენდერი ადამიანის ემოციურ გამოცდილებას უფრო ფართოდ აღნიშნავს[8].

 

როგორ ვითარდება გენდერული იდენტობა?

მზარდი ცოდნა გვკარნახობს, რომ გენდერული იდენტობის განვითარება გაცილებით უფრო კომპლექსურია, ვიდრე ადრე მიიჩნეოდა. არ არსებობს სამეცნიერო კონსენსუსი იმაზე, თუ კონკრეტულად რას მივყავართ გენდერულ დისფორიამდე. მიზეზშედეგობრიობის თეორიები, ძირითადად, ორ კატეგორიად ნაწილდება: ბუნება/ბიოლოგია და აღზრდა/სოციალიზაცია. დომინანტური ბიოლოგიური თეორიის თანახმად, ნეიროჰორმონულ არეულობას აქვს ადგილი თავის ტვინში ემბრიოლოგიული განვითარების დროს. ნაყოფის განვითარების მე-12 კვირას, როდესაც ადამიანის ემბრიონის გენიტალიების დიფერენციაცია ხდება მამაკაცურად და ქალურად, გენდერული იდენტობის პორცია თავის ტვინში, დაახლოებით მე-16 კვირას არის დიფერენცირებული. ამ ოთხი კვირის განმავლობაში, ჰორმონული დისბალანსის შემთხვევაში, გენდერული იდენტობა შეიძლება გენიტალიებთან თანხმობაში არ განვითარდეს. არსებობს ჰიპოთეზა იმის თაობაზე, რომ დედის ზოგადი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობა ფეხმძიმობის დროს შეიძლება იწვევდეს ამგვარ დისბალანსს. მძიმე ემოციური ტრავმა ან სხვა სტრესი ან ზოგიერთი წამლის ან არალეგალური ნარკოტიკული ნივთიერების მიღება ორსულობის პერიოდში, შეიძლება ნაყოფის ტვინის ჩამოყალიბებაში ჩაერიოს.

აღზრდასთან დაკავშირებული თეორიები აცხადებს, რომ გენდერული იდენტობის ათვისება და დასწავლა სოციალიზაციის მეშვეობით ხდება. ადრეული ფსიქოანალიტიკური თეორიები გვკარნახობს, რომ გენდერული იდენტობის აშლილობა ისეთი დარღვევების შედეგად ხდება, როგორიც არის მშობლისგან რთული დაშორებისა და ინდივიდუაციის პროცესი, ოიდიპოსის მოუგვარებელი კომპლექსი, ბავშვის ადრეულ წლებში მთავარი მზრუნველის (primary caregiver) ფიზიკური ან ემოციური ნაკლებობა, კროსგენდერული ქცევის გაძლიერება და დადებითი სტიმულის მიცემა, და კლასიკურად დომინანტი დედისა და სუსტი მამის ყოლა, ან მამის არ არსებობა. ეს თეორიები თანხმობაში არ მოდის კლინიკურ დაკვირვებებთან, რომლებიც აჩვენებს, რომ ფსიქოსოციალური და ოჯახური გამოცდილებები ტრანსგენდერი ადამიანების შემთხვევაში, ისევე, როგორც სხვა ადამიანებისთვის, უკიდურესად განსხვავებულია ერთმანეთისგან.

 

 

აღზრდისა და სოციალიზაციის თეორიების წარუმატებლობა, გენდერული იდენტობის კომპლექსურობის ადეკვატურ აღწერაში, ცხადად არის წარმოჩენილი კანადელი ტყუპი ბიჭების შემთხვევაში. 1967 წელს მამრობითი სქესის იდენტური ტყუპებიდან ერთ-ერთის პენისი მძიმედ იქნა დაზიანებული ცუდად ჩატარებული წინადაცვეთის შედეგად. გენდერული იდენტობის ცნობილ ექსპერტ – ჯონ მონისთან კონსულტაციის შემდეგ, ოჯახმა გადაწყვიტა, ეს ბავშვი გოგოდ აღეზარდა. მდედრობითი სქესის გარეგანი გენიტალიები ქირურგიული გზით იქნა კონსტრუირებული სანამ ის კიდევ ჩვილი იყო, და მას ასევე მისცეს ქალური ჰორმონები. თორმეტი წლის განმავლობაში ის მონაწილეობდა პროგრამაში, რომელიც ”სოციალურად, მენტალურად და ჰორმონულად პირობებს უქმნიდა მის ტრასფორმაციას თავის ფსიქიკაზე დასაუფლებლად”. მას არ უთხრეს სიმართლე მისი ისტორიის შესახებ, და ის გაიზარდა იმ რწმენით, რომ გოგოდ დაიბადა. ეს შემთხვევა სამედიცინო ლიტერატურაში წარმატებული მაგალითის სახით იყო წარმოდგენილი. ცხადი შედეგი იყო, რომ გენდერი სოციალიზაციის შედეგი უფრო იყო, ვიდრე ბიოლოგიის და ამან რწმენა შემატა 1970-იანი წლების ქალთა მოძრაობას და ხშირად იყო ნახსენები. ამავე შემთხვევამ წარმატება მოუტანა დოქტორ მონის, რომელსაც ”საუკუნის უდიდეს სქესის მკვლევარს” უწოდებდნენ.

1997 წელს, ექსპერიმენტის წარუმატებლობა გასაჯაროვდა. დოქტორ მილტონ დაიმონდმა, ჰავაის უნივერსიტეტის ბიოლოგმა და დოქტორ კით სიგმუნდსონმა, კანადელმა ფსიქიატრმა, მოახდინეს იმის დოკუმენტირება, თუ როგორ აჯანყდა ტყუპისცალი ქალად სოციალიზაციის წინააღმდეგ. ის ეწინააღმდეგებოდა კაბების ტარებას, იჟინებდა, რომ ფეხზე დამდგარს მოეშარდა და ამის გამო სკოლაში მძიმე ბულინგს განიცდიდა. მოზარდობაში მან თავის მოკვლა სცადა. მშობლებმა, როგორც იქნა, გაუმხილეს ისტორია, როდესაც ის 14 წლის იყო; ამის შემდეგ ის ისევ ბიჭად გადაიქცა მამაკაცური ჰორმონების მიღებით. მიუხედავად იმისა, რომ დარჩენილი ცხოვრება კაცად იცხოვრა, დევიდ რაიმერი უბედური იყო. მან განაცხადა: ”ყველაფერს გავიღებდი იმისათვის, რომ ჰიპნოტისტთან მივსულიყავი და მთელი ჩემი წარსული ამომეშალა გონებიდან… იმიტომ, რომ ეს წამებაა… რაც მათ გაუკეთეს ჩემს სხეულს, ხშირად ისეთ საშინელებად არ მეჩვენება, რამდენადაც ის, რაც ჩემს გონებას გაუკეთეს. დევიდ რაიმერმა ტრაგიკულად მოიკლა თავი 2004 წელს, 38 წლის ასაკში.

ეს შემთხვევა ცხადყოფს იმის მნიშვნელობას, რომ ინდივიდები, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ საკუთარ გენდერულ იდენტობას, დახმარებას საჭიროებენ საკუთარი თავის განსაზღვრაში და საჭიროებენ მხარდაჭერას, როდესაც ისინი თანდათანობით არჩევენ საკუთარი იდენტობის სხვებთან გამჟღავნებას. მცდელობები იმისა, რომ ვაიძულოთ ტრანსგენდერი ადამიანები, იცხოვრონ მათთვის უცხო გენდერში, არაეფექტურია და შეიძლება უაღრესად საზიანო იყოს.

განვითარებასთან დაკავშირებული ნორმალური ეჭვები და გენდერული დისფორია

გენდერული და სქესობრივი ნორმების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება გარკვეული დოზით ნორმალური განვითარების ნაწილია, როგორც მოზარდების შესახებ თავშია განხილული. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება და/ან გენდერის და/ან გენდერული იდენტობის კუთხით საკუთარი თავის ძიება არ მიანიშნებს აუცილებლად გენდერულ დისფორიაზე ან გენდერული იდენტობის აშლილობის დიაგნოზზე. თუმცა, ზრდასრული ტრანსგენდერი ადამიანების უმეტესობა აცხადებს, რომ ადრეულ ასაკში იცოდა, რომ მათ თავს რაღაც განსხვავებული ხდებოდა. საკმაოდ ხშირად გვესმის მოსაზრება, თითქოს ოთხი ან ხუთი წლის ასაკში ადამიანმა იცოდა, რომ მცდარ სხეულში იყო, ან შეიტყო, რომ მისი გენდერი განსხვავდებოდა იმისგან, რაც ადრე ეგონა. ერთ-ერთი კლიენტის ციტირება რომ მოვახდინოთ: ”მე მეგონა, რომ გოგო ვიყავი, და როდესაც საბავშვო ბაღში რიგში გვაყენებდნენ, ყოველთვის გოგონების რიგში ვდგებოდი. მეუბნებოდნენ, მეორე რიგში ჩადექი, ბიჭი ხარო. ასე გავიგე, რომ ბიჭი ვიყავი”.

ხანდახან გენდერული დისფორია შეიძლება უგულებელყოფილი ან მიღებული იყოს ბავშვობაში, სანამ ცვლილებები, რომელიც პუბერტეტს მოაქვს, ჯერ არ დაწყებულა. ბავშვები შეიძლება მიილტვოდნენ თანატოლებისკენ, რომლებიც მათ გენდერულ იდენტობას ასახავენ, ან შეიძლება აირჩიონ ის თამაშები, რომლებიც სტერეოტიპულად იმ გენდერს მიეწერება, რომელსაც თავს მიაკუთვნებენ. თუმცა, ბავშვები გენდერული დისფორიით საკმაოდ ადრეულ ასაკში ასევე სტრესის ნიშნებს შეიძლება ავლენდნენ. ბიოლოგიური გოგონები შეიძლება უარს ამბობდნენ კაბის ტარებაზე, გრძელი თმის ქონაზე ან გოგონებთან თამაშზე და შეიძლება ფეხზე დგომით ცდილობდნენ მოშარდვას. ბიოლოგიური ბიჭები შეიძლება ავლენდნენ სურვილს, დედის (ან დის) ტანსაცმელი ჩაიცვან, ითამაშონ გოგონებთან, ან მოშარდვისას დასხდნენ. ზოგიერთი ბავშვი აცხადებს ან იჟინებს, რომ ისინი სხვა გენდერს განეკუთვნებიან, ან რომ სხვა გენდერი ექნებათ, როცა გაიზრდებიან. ბავშვისათვის გენდერული იდენტობის აშლილობის დიაგნოზის დასმა შეიძლება რთული და პრობლემატური იყოს, რადგან კვლევა აჩვენებს, რომ კროსგენდერული ქცევის მქონე ბავშვების უმეტესობა ზრდასრულ ასაკში გენდერული იდენტობის აშლილობის დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებს არ შეესაბამება.

პუბერტეტი, ხშირად ის დროა, როდესაც გენდერული დისფორია უფრო ცხადი ხდება, როგორც ინდივიდისთვის, რომელიც ფიზიკურ ცვლილებებს განიცდის, ისე სხვებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანი ახერხებს ან უგულებელყოს ან აიტანოს საკუთარი გენდერული პრობლემები ბავშვობაში, მომწიფებასთან დაკავშირებული რადიკალური ცვლილებები იმ მკაცრ რეალობას ქმნის, რომლის იგნორირებაც უკვე შეუძლებელი ხდება. კლიენტები ხშირად აღწერენ სქესობრივი მომწიფების პერიოდს, როგორც საშინელ დროს, რომლის განმავლობაშიც ისინი საკუთარი სხეულის მიერ თავს შოკირებულად, დამცირებულად და ნაღალატევად გრძნობენ. არ არის გასაკვირი, რომ ტრანსგენდერი მოზარდები ხშირად გამოხატავენ მიუღებლობას ან ზიზღს საკუთარი სხეულისადმი, მას შემდეგ, რაც მეორადი სქესობრივი ნიშნები გამოკვეთილი ხდება. თუკი ზიზღის ეს გრძნობები ესკალაციას განიცდის, შედეგად შეიძლება მივიღოთ დეპრესია, სუიციდური გრძნობები და თვითძალადობისაკენ მიმართული ქმედებები.

საკუთარი სხეულსა და გენდერულ იდენტობას შორის გარკვევის სავსებით ჩვეულებრივი სურვილი გენდერულ დისფორიასა ან გენდერული იდენტობის აშლილობაში გადაიზრდება, როდესაც ადამიანს უვითარდება მდგრადი და შემაშფოთებელი სიმპტომები, რომლებიც მისი ცხოვრების მთავარ ფოკუსად იქცევა. როცა ეს ხდება, როგორც წესი, ჩნდება თანმხლები სირთულეები ბევრ სხვა სფეროში, მათ შორის სოციალურ, აკადემიურ და დასაქმებასთან დაკავშირებულ ქმედითუნარიანობაში. ნორმალური განვითარება შეიძლება შეჩერდეს ან შეფერხდეს. ბევრი კლიენტი საუბრობს ”ზრდის” შიშზე, მისი აცილების სურვილზე და/ან მომავლის დანახვის სირთულეზე: ”მე არ შემეძლო მომავალი წარმომედგინა, რადგან ვერასოდეს ვახერხებდი საკუთარი თავის ქალად აღქმას”.

არატოლერანტულ საზოგადოებაში ცხოვრების შედეგები

 

არატოლერანტულ საზოგადოებაში ცხოვრების შედეგები ადვილი გასაგებია, თუკი შემდეგ შეკითხვებს მივაქცევთ ყურადღებას: ოდესმე გინახავს ადამიანი, რომლის გენდერიც მკაფიო არ არის? დაშტერებიხარ მას? თავი არაკომფორტულად გიგრძვნია? გაგჩენია თუ არა სურვილი დაგეზუსტებინა მისი გენდერი? რატომ? როგორ გრძნობდი თავს? არაკომფორტულად? დაბნეულად? აღელვებულად? დაინტრიგებულად? რატომ? კულტურული ნორმები გვკარნახობს როგორ უნდა მოვიქცეთ ჩვენი სქესი, გენდერი და/ან სექსუალური ორიენტაციის სხვათა მიერ აღქმისას. ადამიანების უმეტესობისთვის ეს პრობლემატური არ არის. თუმცა ის ადამიანები, რომლებიც საზოგადოებრივი მოლოდინებისადმი არაკონფორმულები არიან, ხშირად განიცდიან:

  • დაჟინებულ მზერას;
  • იგნორირებას;
  • კონტაქტს სხვების მხრიდან, მაშინ, როცა სხვა შემთხვევაში მათ თავს დაანებებდნენ;
  • უხერხულობას საუბარში;
  • დისკრიმინაციას;
  • ძალადობას.

გენდერული იდენტობა გავლენას ახდენს ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების ყველა ასპექტზე: მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან და პარტნიორებთან ურთიერთობაზე, სამსახური ან სკოლა და ჯანდაცვის სერვისისადმი ხელმისაწვდომობა. წარმოიდგინეთ ტრანსგენდერი ადამიანის გამოცდილება, რომელსაც საპირფარეშოს გამოყენება სჭირდება და აღმოაჩენს, რომ ერთადგილიანი (უნისექს) ტუალეტის ნაცვლად, დაყოფილი საპირფარეშოები არის (მხოლოდ კაცების ან ქალებისთვის განკუთვნილი) და ეს ერთადერთი მისაწვდომი ვარიანტია. რამდენ ხანს გაატარებს ტრანსგენდერი ადამიანი იმაზე ფიქრში, თუ რომელი საპირფარეშო გამოიყენოს? რამდენს ინერვიულებს იმაზე, რომ პრობლემები შეექმნება და შეავიწროვებენ თუკი იმას გამოიყენებს, რომელიც სწორად მიაჩნია? რამდენად არაკომფორტულად იგრძნობს იგი თავს, თუკი იმ საპირფარეშოს გამოყენება მოუწევს, სადაც შესვლა კატეგორიულად არ სურს? რა მოხდება, თუკი ვინმე პოლიციას გამოუძახებს, სანამ ის ტუალეტში იქნება? ეს მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორი წინააღმდეგობები ხვდებათ წილად ტრანსგენდერ ადამიანებს ყოველდღიურად.

მიმღებლობის ნაკლებობა ხშირად იწვევს დაბალ თვითშეფასებას, სირცხვილს, დამცირების გრძნობასა და იზოლირებას. ტრანსგენდერი ინდივიდები უაღრესად მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან დისკრიმინაციის, საბაზისო სამედიცინო და მენტალური ჯანმრთელობის სერვისებით სარგებლობის, უმუშევრობისა და არასრულად დასაქმების, უსახლკარობის, ნივთიერებათა მოხმარების, აივ ინფექციის, დეპრესიის, შფოთვის, სუიციდური გრძნობებისა და/ან მცდელობების, კომერციული სექსისა და ძალადობრივი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების მხრივ. ერთ სფეროში არსებული პრობლემები სხვა სფეროებშიც სწრაფად ვრცელდება. მაგალითად, ფინანსური პრობლემები, რომლებიც უმუშევრობიდან გამომდინარეობს, შეიძლება იწვევდეს სამედიცინო დაზღვევის დაკარგვას (და შესაბამის შეზღუდულ მისაწვდომობას ჯანდაცვის სერვისებისადმი), ისევე როგორც უსახლკარობის და შემოსავლისათვის კომერციულ სექსში ჩაბმისაკენ (თავისი თანმხლები გაზრდილი რისკებით სხვადასხვა უარყოფითი შედეგებისადმი, ძალადობის, ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებისა და აივ ინფექციის ჩათვლით). როგორც კი ეს მანკიერი წრე დამყარდება, მისი გაწყვეტა ძნელია.

სამედიცინო და ფსიქიკური  ჯანმრთელობის სერვისების მრავალ მომწოდებელს აკლია ცოდნა ტრანსგენდერი მოსახლეობის სპეციფიკური სამედიცინო საჭიროებების შესახებ. ამ სექციის დარჩენილი ნაწილი მიმოიხილავს რისკის საკვანძო არეალებს. ამ თავში ჩართული სექცია ”როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ? ტრანსგენდერ პაციენტებთან მუშაობის კლინიკური მიდგომა” გამოკვეთს ზრუნვის სტანდარტებს და წარმოადგენს პრაქტიკულ რჩევებს, რათა დაეხმაროს კლინიცისტებს მგრძნობიარე კომუნიკაციის დამყარებაში და შესაფერისი მენტალური ჯანმრთელობის და გადამისამართების სერვისების უზრუნველყოფაში. სპეციფიკური ინფორმაცია ჰორმონულ და ქირურგიულ მართვასთან დაკავშირებით წარმოდგენილია თავში ”ტრანსგენდერი პაციენტის ქირურგიული და სამედიცინო მართვა: რა უნდა იცოდეს პირველადი ზრუნვის კლინიცისტმა”.

დეპრესია

დეპრესია ალბათ ყველაზე გავრცელებული სიმპტომია, რომელიც გენდერულ დისფორიას უკავშირდება. დეპრესია ხშირად ქრონიკულია, რადგან გენდერული დისფორიის მქონე ადამიანების უმეტესობამ საკუთარი გენდერული დისფორიის შესახებ ადრეული ასაკიდან იცის, სამი ან ოთხი წლიდანაც კი. თუმცა, გარკვეულმა სიტუაციებმა შეიძლება გაამძაფროს დეპრესიის სიმძლავრე. ეს სიტუაციები შეიძლება ადვილად გამოგვრჩეს მხედველობიდან, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ისინი სავსებით ”ჩვეულებრივ” შემთხვევებს წარმოადგენს იმ ადამიანებისათვის, რომლებიც გენდერულ დისფორიას განიცდიან. გენდერული დისფორიის გაგების გარეშე, ეს სიტუაციები არ აღიქმება იმ დამაჩქარებელ შემთხვევებად, რომლებიც ზრდის დეპრესიას ან სუიციდურ ფიქრებსა და მცდელობებს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, პუბერტეტი განსაკუთრებით მოწყვლადი დროა. როდესაც ტრანსგენდერი ადამიანის სხეულზე მისთვის მიუღებელი, მცდარი გენდერის მეორადი სასქესო ნიშნების გამოკვეთა ხდება, გენდერული დისფორიის მქონე ადამიანები ხშირად განიცდიან შოკის, დაბნეულობის, თავზარდაცემულობის, სიბრაზის, ცუდი გუნებისა და ღალატის გრძნობას, მიუხედავად იმისა, რომ მათ უმეტესობას გონებრივად ჩინებულად ესმის პუბერტეტი და წინასწარ იციან იმ ცვლილებების შესახებ, რომლებსაც მათი სხეული გაივლის. პუბერტეტამდე, ზოგიერთ ტრანსგენდერ ადამიანს სჯერა, რომ მათი სხეული ან გარდაიქმნება იმ გენდერად, რომელიც მათ სურს, ან დარჩება ანდროგინულად, მეორადი სქესობრივი მახასიათებლების გარეშე. როგორც კი ფიზიკური ცვლილებები იწყება, უკვე შეუძლებელი ხდება ამ ფანტაზიებში დამალვა.

მენსტრუალური ციკლები და პრემენსტრუალური სიმპტომები ბიოლოგიურ ქალებში, რომლებიც თავს კაცებად აღიქვამენ, და ერექციები, ეაკულაცია და ღამეული გამონადენები ბიოლოგიურ კაცებში, რომლებიც თავს ქალად აღიქვამენ, საგრძნობლად აძლიერებს დამცირებისა და დეპრესიის გრძნობას. მაგალითად, ერთ-ერთ კლიენტს სუიციდური აღქმები განუვითარდა ყოველთვიურად, როდესაც მას მენსტრუალური ციკლი ჰქონდა, მაგრამ გაუქრა მას შემდეგ, რაც ტესტოსტერონის მიღება დაიწყო და ციკლი შეუჩერდა.

საკუთარი გენიტალიებით გამოწვეული დისკომფორტისა და ზიზღის გამო, გენდერული დისფორიის მქონე ადამიანები ხშირად გაურბიან მასტურბაციასა და სექსუალურ აქტივობას სხვა ადამიანებთან. იმ ადამიანებს კი, რომლებიც სექსუალურად აქტიურები არიან, ხშირად აქვთ ფანტაზიები, თითქოს მათი სხეული მათ გენდერულ იდენტობას შეესაბამება; მართლაც, ბევრ ადამიანს მხოლოდ მაშინ შეუძლია სექსუალური აღგზნების მიღწევა, როდესაც ამ ფანტაზიას ებღაუჭებიან. ბიოლოგიური კაცები, რომლებიც თავს ქალთან აიგივებენ, ანალური პენეტრაციისას წარმოიდგენენ ხოლმე, რომ საშო აქვთ; მათი პენისი როგორც წესი აკრულია, რათა არავინ დაინახოს და შეეხოს, რაც ამ ფანტაზიას დამაჯერებლობას მატებს.  ერთ-ერთი კლიენტმა, ბიოლოგიურმა ქალმა, რომელმაც მამაკაცისკენ განიცადა ტრანზიცია, გააცნობიერა თავისი მიზიდულობა სხვა კაცებისადმი, როდესაც გეი კაცებმა მასზე, როგორც კაცზე ისე მოახდინეს რეაგირება. როდესაც ის ქალად იყო დანახული, კაცების მხრიდან სექსუალური ყურადღება მისთვის ზიზღისმომგვრელი იყო და გუნებას უფუჭებდა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საკუთარი სხეულის შესახებ  გრძნობები და სექსუალური აქტივობა კომფორტულობის კონტინუუმის გასწვრივ არსებობს. ეს სპექტრი მოიცავს ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ ცოტათი არიან უკმაყოფილონი თავისი სხეულით, და იმათ, ვინც ძლივს ახერხებს დაბანისას საკუთარ სხეულთან შეხებას. ასევე არიან ადამიანები, ვინც საკუთარ სხეულთან განსაკუთრებულ დისკომფორტს არ გრძნობს. ზოგიერთი კლიენტი ამბობს, რომ სხვების მხრიდან იმ გენდერად რომ იყვნენ დანახულნი, რომელთანაც თავს აიგივებენ და შესაბამისი მოპყრობაც რომ ჰქონდეთ, ისინი არ იგრძნობდნენ საჭიროებას იმისა, რომ სხეულებრივი ცვლილებები განეხორციელებინათ. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ გენდერული იდენტობა ხშირად არასწორად აღიქმება, ამ ადამიანებიდან ზოგიერთი არჩევს სხეულის შეცვლას, რათა დანახული იყოს ისეთ ადამიანად, როგორადაც გრძნობს თავს.

დეპრესია შეიძლება ასევე გამოვლინდეს ადამიანებში, რომლებიც მთლად არ შეესაბამებიან გენდერული იდენტობის აშლილობის დიაგნოზს, მაგრამ ასევე განიცდიან გენდერული დისფორიის გარკვეულ დონეს. ასეთი ადამიანები შეიძლება საკუთარ თავს არც კაცთან და არც ქალთან არ აიგივებდნენ და შესაბამისად, გარედან ვერ იღებდნენ გენდერული იდენტობისა ვალიდაციას, რომელიც განსხვავდება კაცისა და ქალის ბინარულობიდან. მაგალითად, ერთ–ერთი კლიენტი, რომელიც ბიოლოგიური მამაკაცია და საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ანდროგინთან ახდენს, შეეცადა საკუთარი გენდერი წარმოეჩინა, როგორც ანდროგინული, რაც მისთვის ყველაზე სწორ და „ნაღდ“ არჩევნად ითვლებოდა (ის კომფორტულია როგორც მამრობითი, ისე მდედრობითი სქესის პირის ნაცვალსახელების გამოყენებასთან). თუმცა, მან აღმოაჩინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კარგად შეეძლო როგორც კაცად ისე ქალად წარმოეჩინა თავი, ვერ ახერხებდა ეპოვა საშუალება, რომ სრულიად ანდროგინული ყოფილიყო. საბოლოო ჯამში მან მიიღო გენდერული იდენტობა, როგორც მისი გენდერული თვითგამოხატვისგან განსხვავებული. თუმცა, ის აგრძელებს დეპრესიისა და დაბალი თვითშეფასების  ნიშნების გამოვლენას და ახასიათებს გარიყულობისა და იზოლაციის გრძნობები, იქიდან გამომდინარე, რომ სხვები ვერ ახერხებენ მისი ანდროგინულობის აღიარებას. გენდერული დისფორიის მიუხედავად, ზოგი ადამიანი არ ეძებს სამედიცინო ან მენტალური ჯანდაცვის სერვისებში დახმარებას და პროფესიული დახმარების დადებითი გავლენის გარეშე ებრძვის ამ პრობლემებს.  ზოგიერთი მათგანი ახერხებს ეფექტურად მოაგვაროს პრობლემები; სხვები აგრძელებენ განსხვავებულობით გამოწვეული უარყოფითი გავლენებისგან ტანჯვას, იმისდა მიუხედავად აკეთებენ თუ არა ქამინგ აუთს საკუთარი გენდერული ვარიაციის შესახებ.

დეპრესია ხშირად მოითხოვს ფსიქოფარმაკოლოგიურ ჩარევას. ზოგიერთი ტრანსგენდერი ადამიანი წამლის მიღებას ეჭვის თვალით უყურებს, რადგან ეშინია, რომ ეს გამოიწვევს მათი გენდერული პრობლემების ნაწილობრივ უგულებელყოფას. პროვაიდერებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რომ მაშინ, როცა მედიკამენტებს შეუძლია დეპრესიის შემსუბუქება, გენდერული დისფორია არ მოგვარდება, სანამ დეპრესიის საფუძველში მდებარე გენდერულ საკითხებს არ მიექცევა ყურადღება ისეთი მოდელების მეშვეობით, როგორიც არის ინდივიდუალური ფსიქოთერაპია და/ან მხარდაჭერის ჯგუფში მონაწილეობა.

ჰორმონების მიღებამ (როგორც წესი, ქალური ჰორმონების) ასევე შეიძლება, დააქვეითოს ან გაამძაფროს დეპრესია. ამ ტიპის დეპრესიას შეიძლება ასევ მედიკამენტებით ვუმკურნალოთ, თუმცა ჰორმონების მიღება, ხშირად შედეგად იღებს დეპრესიის შემცირებასა და გუნების გამოკეთებას, როდესაც ადამიანი ხელშესახებ პროგრესს ხედავს საკუთარი გენდერული დისფორიის გადაწყვეტაში. ჰორმონების მიღების უეცარ წყვეტას უნდა მოვერიდოთ, რადგან ამან შეიძლება დააჩქაროს ცვლილებები განწყობაში და გამოიწვიოს დეპრესიის გაძლიერება.

 

შფოთვა

ზოგიერთი, მაგრამ არა ყველა კვლევა გვკარნახობს, რომ შეიძლება არსებობდეს ურთიერთკავშირი  ბავშვობაში განშორების (ძირითადად მშობელთან) შფოთვასა და გენდერული იდენტობის აშლილობის განვითარებას შორის. თუმცა, არსებობს კონსენსუსი იმის შესახებ, რომ შფოთვის აშლილობები ხშირია იმ ადამიანებში, რომლებსაც გენდერული იდენტობის აშლილობის დიაგნოზი აქვთ. შფოთვა შეიძლება იყოს ქრონიკული და გამომდინარეობდეს გენდერულ დისფორიასთან დაკავშირებული რეპრესიიდან, ისევე, როგორც იმის შიშიდან, რომ სხვებმა შეიძლება გაიგონ. შფოთვა შეიძლება ასევე უფრო მძაფრად გამოიხატოს, როგორც მაგალითად სიტუაციებში, რომლებიც საჯარო სივრცეში ყოფნას გულისხმობს ან საჯარო სივრცეში მოხვედრის მოლოდინს ითვალისწინებს. ამ შემთხვევაში, შფოთვა უფრო დიდი ალბათობით შესაძლოა გამომდინარეობდეს საჯარო განხილვის/ქილიკის, შევიწროვების ან/და ძალადობის შიშიდან ან ამის წარსული გამოცდილებიდან. დეპრესიასთან ერთად შფოთვის აშლილობების მართვა ამ პოპულაციაში, ხშირად ითხოვს მრავალმხრივ მიდგომას, რაც შეიცავს მედიკამენტებს, ფსიქოქცევითი და კოგნიტიური ქცევის თერაპიასა და მხარდაჭერის ჯგუფებს.

თვითდაზიანება

ლიტერატურის მიმოხილვა ცხადყოფს, რომ თვითდასახიჩრებაში მონაწილე პოპულაციები შეიცავს ტრანსსექსუალებს, ადამიანებს რომლებიც რელიგიური ან კულტურული მიზეზების გამო ისახიჩრებენ თავს, ადამიანები, რომლებიც ფსიქოზით იტანჯებიან, და ინდივიდები, რომლებსაც პიროვნების მწვავე აშლილობები აქვთ. იმ ადამიანებისთვის, ვისაც ზღვრული პიროვნული აშლილობა აქვს, თვითდასახიჩრებისკენ მიდრეკილი ქცევა იმის მცდელობაა, რომ აფექტი დარეგულირდეს. ზღვრული პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანებში თვითდასახიჩრების/საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების შესახებ ინფორმაციის სიჭარბის მიუხედავად, გენიტალური მუტილაციის მოხსენიება ამ პოპულაციაში თითქმის არარსებულია.

თუმცა, ტრანსგენდერ მოსახლეობაში, საკუთარი სხეულისათვის ზიანის მიყენება, როგორც წესი, სპეციფიკურად გენიტალიებს უკავშირდება . როდესაც ადამიანის ფიზიკური „მე“ დისჰარმონიაშია მათ გენდერულ იდენტობასთან, მას საკუთარი სხეული შესაძლოა უცხოდ ეჩვენებოდეს. გენიტალური მუტილაციის მიზანი იმ ნაწილების მოშორებაა, რომელიც ყველაზე მეტად დამამცირებელია, და ეს ხდება იმის და მიუხედავად, არსებობს თუ არა გეგმაში იმის საშუალება, რომ ახალი უფრო შესაფერისი გენიტალიები შეიქმნას. თვითკასტრაცია იშვიათად წარმოადგენს იმპულსურ ქმედებას; ის უფრო ხშირად ხორციელდება გრძელვადიანი კონფლიქტის შედეგად. ამ შემთხვევაში, სქესის კვლავმინიჭების ოპერაციის ლოდინის პროცესით გამოწვეულმა დეპრესიამ და შფოთვამ შეიძლება სასხლეტის როლი ითამაშოს.

ტრანსგენდერ ადამიანებს ხშირად არარეალისტური მოლოდინი აქვთ იმის თაობაზე, თუ რა მოხდება თუკი ისინი საკუთარ გენიტალიებს დააზიანებენ. კლიენტები ხანდახან საუბრობენ რწმენაზე იმისა, რომ ჭრილობა მარტივად შეუხორცდებათ და სამედიცინო დახმარების გარეშეც კარგად იქნებიან, და უგულებელყოფენ იმ ფაქტს, რომ  კასტრაცია ან მკერდის ამპუტაცია, წარმოადგენს დიდ ფიზიკურ ტრავმას. ჯადოსნური ფიქრები ასევე საკმაოდ ხშირია: მაგალითად, ერთ-ერთი კლიენტი სისტემატურად აღწერდა, როგორ ცდილობდა საკუთარი პენისი უჯრაში მოეყოლებინა და მოეკვეთა, რადგან მას მტკიცედ სჯეროდა, რომ პენისის მოკვეთა საშოს წარმოქმნას გამოიწვევდა.

 

თვითმკვლელობა

ლიტერატურა გადავსებულია კვლევებით, რომლებიც გენდერული იდენტობის აშლილობასა და თვითმკვლელობას უკავშირებს ერთმანეთს . ტრანსგენდერი პოპულაციების კვლევები ფილადელფიაში, ვაშინგტონში, ჩიკაგოში, სან-ფრანცისკოსა და ჰიუსტონში, გვეუბნებიან, რომ სუიციდური იდეების ქონის მაჩვენებელი 16%–დან 64%–მდე მერყეობს, და ამ ადამიანების უმეტესობა თვითმკვლელობის სურვილს საკუთარ გენდერულ დისფორიას უკავშირებს. კლემენტს–ნოლემ გამოავლინა, რომ 392 ტრანსგენდერი ქალიდან  62% დეპრესიაში იყო, ხოლო 32%–მა თავის მოკვლა სცადა.

შედარებით ახალ კვლევებში განხილული იყო კავშირი გენდერულ როლს, სექსუალურ ორიენტაციასა და თვითმკვლელობის რისკს შორის. კვლევებმა გამოავლინა, რომ კროსგენდერული როლი სუიციდური სიმპტომების უნიკალური პრედიქტორია, განსაკუთრებით ბიჭებში; ამავე კვლევებში გამოტანილი დასკვნა ისაა, რომ კროს გენდერული იდენტიფიკაციის მქონე ადამიანებში, მათი სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად, სუიციდური სიმპტომების უფრო მაღალი რისკი ფიქსირდება.

 

ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება

 

ნივთიერებების მოხმარება ასევე ხშირია. ითვლება, რომ ტრანსგენდერი ადამიანები ყველაზე ნაკლებად გამოკვლეული ჯგუფია ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების მხრივ. თუმცა არსებობს სპეციფიკურად ამ ჯგუფზე ჩატარებული კვლევები.

ტრანსგენდერი თემის ჯანმრთელობის პროექტმა (The Transgender Community Health Project), 1997 წელს სან-ფრანცისკოში გამოკითხა 392 ტრანსგენდერი ქალი და 123 ტრანსგენდერი კაცი. აივ ინფექციის სარისკო ქცევების მაღალი მაჩვენებელის გარდა, ტრანსგენდერი ქალების ჯგუფიდან 34% -მა და ტრანსგენდერი კაცების ჯგუფიდან 18%-მა გამოავლინა ინექციური ნარკოტიკების მოხმარება. ამ უკანასკნელი ჯგუფის 91% ერთმანეთს შპრიცებს უზიარებდა. ჩვენს ხელთ არსებული კვლევები ასევე გვამცნობს, რომ ტრანსგენდერ თემში თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი ასევე მაღალია. ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებისათვის მკურნალობის მოპოვება ხშირად პრობლემატურია ტრანსგენდერი ადამიანებისთვის. მკურნალობის ბევრი პროგრამა გენდერულად სეგრეგირებულია და შეიძლება ტრანსგენდერ ადამიანს დამცირებულად აგრძნობინოს თავი და დახმარებაზე უარის თქმისკენ უბიძგოს. ასევე გავრცელებულია შეხედულება იმის შესახებ, რომ ჰორმონების და ფსიქოტროპული მედიკამენტების მიღებაც კი ნარკოტიკების მოხმარებას წარმოადგენს და რომ ჰორმონების მიღების შეწყვეტა აუცილებელია ნივთიერებათა ჭარბი მოხმარების სამკურნალო პროგრამაში ჩაწერამდე. ტრანსგენდერ თემში  ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების უნიკალური ნიშან-თვისებები შეიცავს სილიკონის გამოყენებას სხეულის გარეგნობის შესაცვლელად და თვითნებურად, არალეგალური გზით მოპოვებული ჰორმონების მიღებას. იქიდან გამომდინარე, რომ სილიკონის და ჰორმონების შეყვანა ხშირად ინექციის საშუალებით ხდება, შპრიცებისა და შესაბამისი ხელსაწყოების გაზიარება და არასტერილური ტექნიკების გამოყენება, შეიძლება გართულებების, მაგალითად, ინექციის ადგილზე ისეთი ინფექციის მიზეზი გახდეს, როგორიც არის ენდოკარდიტი, ჰეპატიტი და აივ ინფექცია. სილიკონის გამოყენება, რომელიც FDA-სა და სხვების მიერ დაგმობილ იქნა, უფრო ხშირად ინდუსტრიული ხარისხის უფროა, ვიდრე სამედიცინო ხარისხის, რაც უფრო ადვილად მოიპოვებოდა ხოლმე მკერდის იმპლანტანტებში. არასასურველი შედეგები შეიძლება შეიცავდეს რესპირატორულ სტრესს, სიკვდილს, სისტემატურ ავადმყოფობასა და სხეულის შეცვლილი ადგილების დამახინჯება/ფორმის შეცვლას, რადგან ამ მასალა შეიძლება სხეულის სხვა არეებშიც გადავიდეს. ჰორმონების თვითნებურად, ექიმის დაკვირვების გარეშე მიღება ასევე სახიფათოა, რადგან უკავშირდება თრომბოემბოლიზმების, ღვიძლის დისფუნქციისა და გულის მოქმედებასთან დაკავშირებული პრობლემების რისკს.

 

კომერციული სექსი

 

რამდენიმე მიზეზის გამო, კომერციული სექსი საკმაოდ ხშირია ტრანსგენდერ თემში. კომერციული სექსი უზრუნველყოფს ფინანსურ შემოსავალს იმ ტრანსგენდერი ადამიანებისათვის, რომლებსაც საკუთარი თავის რჩენის სხვა საშუალება არ გააჩნიათ.  ტრანსგენდერი ახალგაზრდები ამ შემთხვევაში განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფია. ქამინგ აუთის შემდეგ მათ ხშირად აგდებენ სახლიდან, მათ არ აქვთ სათანადო განათლება და შეიძლება დასაქმების ლეგალურ ასაკსაც არ იყვნენ მიღწეულები. ზრდასრული ტრანსგენდერი ადამიანები, რომლებიც საკუთარი იდენტობის გამო კარგავენ სამსახურს, ხშირად ხშირად ვერ ახერხებენ ახალი დასაქმების მოპოვებას, ან იმიტომ რომ ვერ წარმოაჩენენ თავს სასურველ სქესად, ან იმიტომ, რომ წინა დამქირავებელი მათ კარგ რეკომენდაციას არ აძლევს.

შემოსავლის წყაროსთან ერთად, კომერციული სექსი შეიძლება დანახულ იქნას, როგორც ტრანზიციისაკენ მიმავალი გზა. კომერციულმა სექსმა შეიძლება საკმაოდ სწრაფად მოიტანოს დიდი თანხები. ეს შეიძლება ძალიან მაცდუნებელი იყოს ტრანსგენდერი ადამიანისთვის, რომელიც სასოწარკვეთილი ელოდება ტრანზიციის საშუალებას და არ აქვს შესაძლებლობა სხვანაირად მოიპოვოს საჭირო თანხები. ტრანზიციის პროცესის წინააღმდეგობები უფრო დაწვრილებით არის აღწერილი სექციაში სახელად ”ტრანზიცია”.

ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფის გარდა, კომერციული სექსი შეიძლება ემოციური დახმარების წყაროც იყოს. ტრანსგენდერ ადამიანებს ხშირად ეშინიათ, რომ მათი გენდერული იდენტობის გამო არავის მოუნდება მათთან რომანტიკული და სექსუალური ურთიერთობების დამყარება. ის ფაქტი, რომ ვიღაცას მათი სხეული შეიძლება სურდეს, არაჩვეულებრივად ძლიერი ფაქტორია. ხანდახან მხოლოდ ესაა, რაც გვსურს, რასაც ვეძებთ. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თვითშეფასებისთვის, სხვებთან სიახლოვისა და სიყვარულის ჩვენი მოთხოვნილებისთვის. კომერციული სექსი შეიძლება უზრუნველყოფდეს კმაყოფილების/დაკმაყოფილებისა და ნორმალურობის შეგრძნებას, რომელიც ტრანსგენდერ ადამიანს ასე ჭირდება, საკუთარი სხეულის სასურველობისა და გენდერული თვითგამოხატვის შეფასების მხრივ.

სამწუხაროდ, კომერციული სექს სამუშაო მნიშვნელოვან რისკებს უკავშირდება. პროსტიტუცია ხშირად მოითხოვს იმ ადამიანის მოთხოვნებისადმი დამორჩილებას, რომელიც ამ მომსახურებაში ფულს იხდის. ეს იმას ნიშნავს, რომ სექს მუშაკი ნაკლებად სავარაუდოა უსაფრთხო სექსში ჩაერთოს და ამიტომაც უფრო მაღალი რისკის ქვეშ არის C ჰეპატიტის, აივ ინფექციისა და სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მხრივ. ტრანსგენდერი კომერციული სექსმუშაკები ასევე ინტერპერსონალური ძალადობის მაღალ რისკს განიცდიან.

 

აივ/შიდსი

ახალი კვლევები აჩვენებს აივ ინფექციის მაღალ მაჩვენებლებს ტრანსგენდერი ქალების პოპულაციებში: 21% ჩიკაგოში, 22% ლოს-ანჯელესში, 1%-დან 30%-მდე ნიუ-იორკში, 27% ჰიუსტონში, 32% ვაშინგტონში და 26 %, 35% და 47% სან-ფრანცისკოში . სიცოცხლის განმავლობაში აივ ინფექციისათვის სარისკო ქცევების მაღალი დონე აღინიშნება ტრანსგენდერ ქალებში: ერთ კვლევაში, მონაწილეთა 85%-ს ჰქონია დაუცველი ანალური სექსის პრაქტიკა. იგივე კვლევაში აღმოჩნდა, რომ აივ ინფექციის მაჩვენებელი უფრო დაბალი იყო გამოკითხულ 123 ტრანსგენდერ კაცში (1.6%); თუმცა, რაღაც დროის მერე სურათი შეიძლება შეიცვალოს, რადგან ამ ჯგუფის 28%-მა დაუცველი ანალური სექსის აქტიური პრაქტიკა გამოავლინა.

სან-ფრანცისკოში 100 ტრანსგენდერი ქალისა და კაცისგან შემდგარი 11 ფოკუს ჯგუფიდან მოპოვებული ინფორმაციით აღმოჩნდა, რომ დაბალი თვითშეფასება სექსუალური რისკების აღების მთავარი მიზეზია. ამგვარად ჩანს, რომ ზოგიერთი ტრანსგენდერი ინდივიდისთვის აივ ინფექციის მიღების რისკი ნაკლებად მნიშვნელოვნად ითვლება, ვიდრე სიამოვნებისა და ნორმალურობის შეგრძნება, რომელსაც განიცდიან, როდესაც გრძნობენ, რომ მათი სხეული სასურველია და მათი გენდერული იდენტობა -აღიარებული. თვითშეფასების საკითხების მოგვარების მნიშვნელობა ტრანსგენდერ კლიენტებთან არასოდეს არის გადაჭარბებულად შეფასებული; ცხადია, რომ კლინიცისტებმა ასევე ბევრი უნდა იმუშაონ რისკის შემცირებისკენ მიმართულ ეფექტურ საკონსულტაციო ტექნიკებზე.

ძალადობა და უსაფრთხოების საკითხები

 

ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ ძალადობა საკმაოდ გავრცელებულია როგორც სახლში, ისე მის გარეთ. ტრანსგენდერ ადამიანებს შეუძლიათ ”სხვები განარისხონ საკუთარი არსებობით”. ანდროგინულმა გარეგნობამ, ან გენდერული ნიშანთვისებების აღრევამ, შეიძლება სასხლეტის ფუნქცია შეასრულოს ტრანსგენდერ ადამიანებზე თავდასხმისთვის.

კენაგიმ აღმოაჩინა, რომ 78 გამოკითხული ტრანსგენდერი ადამიანიდან 53.8% იძულებით შესულა სექსუალურ კონტაქტში, 56.3%-ზე, გამოკითხული 80 ტრანსგენდერი ადამიანიდან სახლში უძალადიათ ხოლო 51.3%-ზე ფიზიკურად უძალადიათ ზოგადად. თითოეულ შემთხვევაში, ტრანსგენდერი ქალები უფრო მეტად იყვნენ მოწყვლადები ძალადობისადმი, ვიდრე ტრანსგენდერი კაცები. ყველაზე მაღალი რისკ ჯგუფში შედიან შავკანიანი ტრანსგენდერი ქალები.

ტრანსგენდერი ადამიანების მკვლელობების მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია. სტატისტიკის თანახმად, 1999 წლამდე, აშშ-ში ტრანსგენდერი ადამიანის მკვლელობა ხდებოდა დაახლოებით თვეში ერთხელ. მას შემდეგ ეს რიცხვი ორამდე ავიდა. ტრანსგენდერი ისტორიკოსის ქენდის ”ქეი” ბრაუნის მიხედვით, მკვლელობების მაჩვენებელი ტრანსგენდერ ქალებში ყოველთვიურად შეადგენს 119-ს 100,000 ტრანსგენდერ ადამიანზე, რაც ექვსჯერ აღემატება ეროვნულ საშუალო მაჩვენებელს. მკვლელობების ეს მაჩვენებელი სამჯერ აღემატება აფროამერიკული მამაკაცების სიკვდილიანობის მაჩვენებელს, რომელსაც უმაღლესი დაფიქსირებული სიხშირე აქვს.

უნდა აღინიშნოს, რომ ტრანსგენდერი ადამიანების მიერ განცდილი ძალადობის დიდი ნაწილი არ არის აღრიცხული, ინტერნალიზებული ტრანსფობიის, სირცხვილისა და ოფიციალური სტრუქტურებისადმი ნდობის ნაკლებობის გამო. ამასთან ერთად, ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ ძალადობა ხშირად არასწორად მიეწერება გეების მიმართ აგრესიას. უფრო მეტიც, ტრანსგენდერი ადამიანების მკვლელობა ხშირად არ არის გაჟღერებული მედიაში. ამის საპასუხოდ, ჩამოყალიბდა ვებ გვერდი ”გვახსოვდეს ჩვენი მკვდრები” (http://www.gender.org/remember/), რათა უფრო ზედმიწევნით მოხდეს ტრანსგენდერი ადამიანების მკვლელობების აღრიცხვა.

 

მისაწვდომობა ჯანდაცვის სერვისებზე

 

მიუხედავად ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ასეთი მაღალი რისკებისა, ბევრ ტრანსგენდერ ადამიანს სისტემატურად ეუბნებიან უარს მკურნალობაზე, მათ არ გააჩნიათ ფინანსური სახსრები იმისათვის, რომ ჯანმრთელობის სერვისები გამოიყენონ დასაქმებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო , ან წარსულში ტრავმული გამოცდილების გამო არ ეძიებენ დახმარებას. არსებობს აღრიცხული შემთხვევები ტრანსგენდერი ადამიანების სიკვდილისა სასწრაფო სამედიცინო დახმარების დაგვიანების ან უარყოფის გამო. არასრულწლოვნების მიზეზით, ტრანსგენდერ ახალგაზრდობას განსაკუთრებით შეიძლება არ მიუწვდებოდეს ხელი გენდერული იდენტობის აშლილობის შესაფერის მკურნალობაზე. ირონიაა, რომ სწორედ პროაქტიული ნაბიჯების არგადადგმა არის მთავარი მიზეზი ისეთი ფსიქოლოგიური პრობლემების ესკალაციისათვის, როგორიც არის თვითმკვლელობა, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარება და უსახლკარობა, რაც ქმნის თვითგამაძლიერებელ ციკლს. ამ მაღალი რისკების გათვალისწინებით, რაც კიდევ უფრო ამწვავებს სამედიცინო და მენტალური ჯანდაცვის სერვისებისადმი მისაწვდომობის დიდ სირთულეებს, ისეთი პროგრამების განვითარება, რომლებიც აუთრიჩ მომსახურებას მიაწვდიან ტრანსგენდერ თემს, უაღრესად მნიშვნელოვანია.

აუთრიჩის პროგრამებმა მხედველობაში უნდა მიიღოს ისეთი პოპულაციები, რომლებიც ყველაზე ნაკლებად მიმართავენ ჯანდაცვის სერვისებს, მაგალითად ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლები, სექს მუშაკები, ახალგაზრდები და უსახლკაროები. მსგავსი ჯანდაცვის სერვისის მოდელი არის: ბოსტონის გეი, ლესბოსელი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანებისათვის ჯანდაცვის მისაწვდომობის პროექტი (http://www.glbthealth.org/index.html) და სან ფრანცისკოში მოქმედი ტრანსგენდერი ადამიანების ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის პროექტი, რომელსაც ტრანსგენდერი ადამიანების იურიდიული ცენტრი ახორციელებს, სან ფრანცისკოს კალიფში. (http://www.transgenderlawcenter.org/do/transform.html#health).

თვითმიმღებლობის მიღწევა

 

როგორც უკვე არაერთგზის აღვნიშნეთ, თვითმიმღებლობის მიღწევის პროცესი და დადებითი იდენტობის განვითარება ტრანსგენდერი ადამიანებისათვის ისეთივე კალაპოტში მიდის, როგორშიც იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თავს ლესბოსელად, გეიდ ან ბისექსუალად მიიჩნევენ. პირველი ნაბიჯი არის საკუთარი თავის განსაზღვრა; შემდეგ ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს, რამდენად უნდა გაამჟღავნოს საკუთარი იდენტობა სხვებთან. ლგბ ინდივიდებისგან განსხვავებით, ტრანსგენდერ ადამიანებს ხშირად  საკუთარი იდენტობის დამალვის ნაკლები უნარი შესწევთ – ანუ, იმ გენდერულ როლში ცხოვრებისას, რომელიც კონფლიქტშია მათ ბიოლოგიურ სქესთან, ისინი ხშირად სხვებისათვის ადვილად შესამჩნევნი არიან. პირადი სივრცის/პრივატულობის ეს ნაკლებობა განსაკუთრებულ წინააღმდეგობებს უქმნის ტრანსგენდერ ადამიანებს, რომლებიც ირჩევენ ნამდვილი ცხოვრებისეული გამოცდილებები მიიღონ იმ უფრო პერმანენტული ფიზიკური ტრანზიციისაკენ მიმავალ გზაზე, რომელიც საკუთარი სხეულის გენდერულ იდენტობასთან შეთანხმებაში დაეხმარებათ. ეს სექცია მიმოიხილავს სამ ყველაზე დიდ დავალებას, რომელიც ტრანსგენდერმა ადამიანმა უნდა დაძლიოს თვითმიმღებლობისაკენ გზაზე: თვითშეცნობა, ქამინგ აუთი და ტრანზიცია.

საკუთარი თავის შეცნობა

 

გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის ირგვლივ გარკვეული დონის ძიება და ექსპერიმენტები საკმაოდ გავრცელებულია მოზარდებსა და ახალგაზრდებში, როგორც ნორმალური ფსიქოსექსუალური განვითარების ნაწილი. ტრანსგენდერი ადამიანებისათვის მათი თანატოლების უმეტესობისგან რეალური განსხვავებულობის საფეხურეობრივი გაცნობიერება, და არა უბრალოდ ექსპერიმენტირება, ხშირად შიშისმომგვრელი პროცესია. ზოგიერთი ინდივიდი, განსაკუთრებით ისინი, ვისაც დადებითი მისაბაძი მაგალითები და ძლიერი მხარდაჭერა აქვს, თავს ღირებულად  გრძნობს და ეიფორიაში ვარდება, როდესაც აღმოაჩენს, რომ ის მარტო არ არის და მის მდგომარეობაში სხვებიც იმყოფებიან.

სხვებისათვის კი ეს პერიოდი შეიძლება აღნიშნული იყოს დაბნეულობის, შფოთვისა და დეპრესიის გრძნობებით. ამგვარად, არ არის გასაკვირი, რომ ძიებისა და საკუთარი გენდერული იდენტობის გარკვევის პროცესში ბევრი ტრანსგენდერი ადამიანი სასარგებლოდ თვლის მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტთან კონსულტაციის გავლას. ფსიქოთერაპიის დავალებები ქვემოთ არის მიმოხილული სექციაში სახელწოდებით „მენტალური ჯანმრთელობის შეფასება და მართვა“.

ქამინგ აუთი

 

როდესც ტრანსგენდერი ადამიანი საკუთარი გენდერული საკითხების ძიებაში გარკვეული კომფორტის დონეს მიაღწევს, შემდეგი ნაბიჯი საკუთარი გენდერული იდენტობის სხვებისათვის გაცხადებაა. ტრანსგენდერი ადამიანებისათვის ქამინგ აუთის გაკეთება ძალიან ჰგავს ლგბ ადამიანების ქამინგ აუთს. საკუთარი გენდერული იდენტობის გაცხადება ადამიანის იდენტობის გაძლიერებას უწყობს ხელს ისევე, როგორც ქმნის დამატებით სივრცეს, სადაც სხვებს საკუთარი შეხედულებების შეცვლის საშუალებას აძლევს. ქამინგ აუთი ისეთი პროცესია, რომელიც მთელი ცხოვრება გრძელდება. თუმცა, ხშირად არის გარკვეული პერიოდი, როდესაც ადამიანი თავიდან იწყებს ქამინგ აუთის გაკეთებას თავისთვის საკვანძო ადამიანებთან.

ადამიანები განსხვავებულ არჩევანს აკეთებენ იმასთან დაკავშირებით, თუ ვისთან არჩევენ ქამინგ აუთის გაკეთებას, ასევეა ტრანსგენდერი ადამიანების შემთხვევაშიც. სექსუალური ორიენტაციისგან განსხვავებით, გენდერული იდენტობის ადვილად დამალვა შეუძლებელია, თუკი ადამიანი სხეულის შეცვლას გადაწყვეტს. ამიტომ, ადამიანს შეიძლება მოუწიოს ისეთ პირებთან ქამინგ აუთის გაკეთება, ვისთანაც, უკიდურესი საჭიროება რომ არა, არც გააკეთებდა. ზოგიერთი ტრანსგენდერი ადამიანი მიიჩნევს, რომ მათი გენდერული იდენტობა უფრო სერიოზულად იქნება აღქმული, თუკი ტრანზიციის პროცესს დაიწყებენ: „ჩემი ოჯახისთვის უფრო რთული იქნებოდა ჩემი ქალად ხილვა მაშინ, როცა ჯერ კიდევ მთლიანად კაცი ვიყავი“. ამიტომ, მათ შეიძლება აირჩიონ ჰორმონული თერაპიის დაწყება, ისე, რომ მათი სხეულები მათი გენდერის შესაბამის ატრიბუტებს ატარებდეს.

ქამინგ აუთის პროცესი შეიძლება შვების გრძნობაში, ეიფორიაში, შფოთვაში ან ამ და სხვა ემოციის ნებისმიერ კომბინაციაში გადაიზარდოს. ზოგიერთი ტრანსგენდერი პირი გვიამბობს ქამინგ აუთის მარტივ გამოცდილებებზე, რომლებმაც მოსალოდნელზე უკეთ ჩაიარეს; სხვები აღწერენ რთულ, სამწუხარო გამოცდილებებს, რომლებიც მოიცავს გარიყვის გამოცდილებას, სხვების მხრიდან გამოწვევასა და გაუგებრობას.

ხშირად ადამიანების კომპეტენცია იმის შესახებ, თუ რა არის ტრანსგენდერი და რა არა, საკმაოდ მწირი და არასწორია. ეს შეიძლება იგრძნობოდეს, როგორც ზედმეტი ტვირთი მოწყვლადი ადამიანისთვის, რომელიც საზოგადოებისგან მხარდაჭერას ეძებს. ზოგიერთ კლიენტს სძულს, სხვების განათლება რომ უწევს: ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა: “ეს ჩემი სამსახური არ არის”. არის ასევე საშიშროება იმისა, რომ ოჯახის წევრები და მეგობრები, რომელთაც უჭირთ ამ სიახლესთან შეგუება, ქამინგ აუთის პროცესში მყოფი ადამიანისგან მზრუნველის როლის მორგებას მოითხოვენ. ამან თავის მხრივ შეიძლება გულისწყრომა გამოიწვიოს. ერთ-ერთმა კლიენტმა აღნიშნა: “მე ვარ ადამიანი, რომელსაც მხარდაჭერა სჭირდება, მაგრამ ჩემს ოჯახს უნდა, რომ მათ ვუპატრონო, რადგან ამის გამო ასე დამწუხრებულები არიან. და მერე მე?”

ზოგიერთი კლიენტი, მცირე ხნის განმავლობაში, ურთიერთობებში რეგრესს განიცდის, მაგრამ აქვს უნარი იმისა, რომ ეს პრობლემები მოაგვაროს და შედეგად მიიღოს ხანგრძლივი და ხანდახან წინანდელზე უკეთესი ურთიერთობები. მაგალითად, ერთ-ერთი კლიენტის დედამ შვილს სექსუალური ორიენტაციის გამჟღავნების გამო გაკიცხვითა და გარიყვით უპასუხა. მათ არ ჰქონდათ კონტაქტი ორი წლის განმავლობაში და კლიენტს ეგონა, რომ დედა მისი ცხოვრებიდან საბოლოოდ გაქრა. თუმცა, თანდათანობით მათ ისევ დაიწყეს ერთმანეთთან ლაპარაკი და ბოლოს დედა ძალიან მიმღები გახდა. კიდევ ერთი კლიენტის მშობლებმა ისურვეს, რომ მათი შვილი “უბრალოდ გეი” ყოფილიყო და არა ტრანსგენდერი. ეს განცხადება ირონიულად უთითებს პროგრესზე, რომელიც ჩვენმა კულტურამ განიცადა განსხვავებული სექსუალური ნორმების მიმღებლობის მხრივ და ამავე დროს აჩვენებს, რომ განსხვავებული გენდერული ნორმების მიმღებლობისკენ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი.

სამსახურში ქამინგ აუთის გაკეთება განსაკუთრებულ წინააღმდეგობებს უქმნის ტრანსგენდერ ადამიანებს. საბედნიეროდ, გასული წლების განმავლობაში, ბევრი კლიენტი აცხადებს, რომ სამსახურში მათ კარგად იღებენ ქამინგ აუთის შემდეგ, აქ დიდი წვლილი მიუძღვის იმ ფაქტს, რომ დამქირავებელთა მზარდ ნაწილს აქვს ტრანსგენდერ თანამშრომლებთან მუშაობის გამოცდილება. თუმცა სამწუხაროა, რომ ზოგიერთი კლიენტის განცხადებით მათ სამსახურიდან უშვებენ. ხანდახან, მათი გენდერული იდენტობა ღიად არის დასახელებული გათავისუფლების მიზეზად; უფრო ხშირად, ადამიანებს სხვა ახსნა-განმარტებას აძლევენ, მაგრამ ეჭვი იმისა, რომ ნამდვილი მიზეზი გენდერული იდენტობაა, მაინც რჩება. ამასთან ერთად, ტრანსგენდერი ადამიანების დაქირავებაც ხშირად რთულია მათი ხილვადი გენდერული განსხვავებულობის გამო. დახმარებას ისინი იშვიათად მიმართავენ, რადგან ტრანსგენდერი ადამიანებისათვის უნივერსალური სახის დაცვითი მექანიზმები არ არის შემუშავებული.

ისეთი ფედერალური კანონი განსხვავებული უნარების მქონე ადამიანების შესახებ, როგორიც არის რეაბილიტაციის ფედერალური აქტი (Federal Rehabilitation Act ) და  განსხვავებული უნარების მქონე ამერიკელების აქტი (the Americans With Disabilities Act), ექსპლიციტურად გამორიცხავენ დაცვას გენდერული იდენტობის გამო, რაც არ წარმოადგენს ფიზიკურ შეფერხებას. თუმცა, ზოგიერთი საშტატო კანონი არ გამორიცხავს ამას და ამიტომ ზოგიერთ შტატში ტრანსგენდერმა ადამიანმა შეიძლება დაცულად იგრძნოს თავის. 1964 წლის სამოქალაქო უფლებათა აქტის VII მუხლი (ENDA: Employee Non-Discrimination Act) ასევე ვერ ახერხებს ადამიანების დაცვას გენდერული ნიშნის საფუძველზე. 1996 წელს ENDA-ს წევრმა თანამშრომელმა მოითხოვა ადამიანების დაცვა სექსუალური ორიენტაციის გათვალისწინებით, მაგრამ შეთავაზება უარყო სენატმა 50 ხმით 49-ის წინააღმდეგ. 2004 წელს ლგბტ (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი) ორგანიზაცია Human Rights Campaign–მა, რომელიც ზემოხსენებული კანონპროექტის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ლობისტი იყო, განაცხადა, რომ ENDA–ს მხარს მხოლოდ მაშინ დაუჭერდა, თუკი მასში ტრანსგენდერი ადამიანების დაცვის მექანიზმებიც შევიდოდა. ამჟამად, შვიდმა შტატმა, კოლუმბიის ოლქმა და ოთხმოცმა ქალაქმა აშშ–ის მასშტაბით მიიღო ექსპლიციტურად ტრანსგენდერ ინკლუზიური ანტიდისკრიმინაციული კანონები. არსებული კანონები ფარავს აშშ-ის მოსახლეობის 31%-ს. მონაწილე შტატებში შედის მინესოტა (1993), როუდ აილენდი (2001), ნიუ-მექსიკო (2003), კალიფორნია (2003), ილინოისი (2005), მეინი (2005) და ვაშინგტონი (2006).

ტრანზიცია

ტრანზიცია, როგორც წესი, გაგებულია, როგორც დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც მის ცხოვრებას ცვლის, და რომელიც ხშირად შეიცავს ფიზიკურ მახასიათებლებში ცვლილებების შეტანას. თუმცა, ყველა ტრანსგენდერი ადამიანი როდი ირჩევს ფიზიკური გარეგნობის შეცვლას. იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ ცვლილებების გავლას ირჩევს, არჩევანის სპექტრი იწყება საკუთარ გარეგნობაში დროებითი ცვლილებების შეტანით და მთავრდება პერმანენტული ფიზიკური ან/და ანატომიური ცვლილებების განხორციელებით. არსებობს ბევრი საშუალება, რომლის მეშვეობითაც ადამიანს შეუძლია საკუთარი გენდერის გარეგნობაში განსხვავებულად გამოხატვა.

ეს ცვლილებები შედგება სიარულის მანერისგან, ჩაცმულობისგან, ლაპარაკის მანერისგან, თმის ვარცხნილობისგან, მაკიაჟისა და სამკაულების შერჩევისაგან და ა.შ. ადამიანებისათვის, რომლებსაც საკუთარი მამრობითი გენდერის წარმოჩენა სურთ, სხვა საშუალებები შეიცავს “აკვრას” და “ჩალაგებას”. აკვრა ნიშნავს მკერდის დამალვას ან მინიმალიზაციას ისეთი მასალების გამოყენებით, როგორიც არის სამედიცინო სახვევი, ან სპორტული ლიფი, სკოჩი ან სპეციალური მკერდის ასაკრავი ჟილეტი. მკერდის აკვრისათვის საჭირო მასალები, როგორც წესი, ხელმისაწვდომია ტრანსგენდერი მომარაგების ვებგვერდებზე. ასევე, საკმაოდ გავრცელებულია რამდენიმე მაისურის ერთად ჩაცმა ან ისეთი მაისურების ტარება, რომელთა დიზაინიც ვიზუალურად ამცირებს მკერდის გამობურცულობას. “ჩალაგება” გულისხმობს ვიზუალურად მამრობითი გენიტალიების ხილვადობის შექმნას. ამისათვის ხშირად გამოიყენება წინდები, სტრეპ–ონ დილდო, ან რბილი გენიტალური პროთეზი (რომელსაც, “packer” -ს ეძახიან), რომელიც არ მოითხოვს სარტყელის ტარებას. ზოგიერთი ასეთი პროთეზი საშუალებას აძლევს პატრონს, ფეხზე დადგომით მოშარდოს, რამაც შეიძლება გააძლიეროს ადამიანში იმის შეგრძნება, რომ მამაკაცის სასქესო ორგანო აქვს და ასევე გაზარდოს მისი უსაფრთხოება, როდესაც კაცებისათვის განკუთვნილ საჯარო საპირფარეშოში იმყოფება.

იმ ადამიანებისათვის, ვისაც სურს თავისი გენდერი მდედრობითად წარმოაჩინოს, საკმაოდ ხშირია ხილვადი მკერდის შექმნა ოპერაციის გარეშე. ეს ხშირად გულისხმობს სილიკონისგან დამზადებული ლიფში მოსათავსებელი პროსტატული მკერდის (“falsies”) ტარებას. თუმცა, ბევრი ტრანსგენდერი ადამიანი უფრო კრეატიულია და უფრო იაფ საშუალებას პოულობს მკერდის შესაქმნელად. ერთ-ერთი ასეთი საშუალება არის ქალის „კოლგოტისგან“ უმი ბრინჯით სავსე პატარა ქისების დამზადება, რაც აზღუდში (ლიფში) მოთავსებისას საკმაოდ ბუნებრივად გამოიყურება. ხანდახან გამოიყენება სკოჩი მკერდზე კანის ერთად მოსაგროვებლად დეკოლტესთვის. კიდევ ერთი გავრცელებული ტექნიკა, რომელიც მამაკაცური სასქესო ორგანოს დამალვას ეხება “შეკეცვა” გახლავთ. ამისათვის სათესლე ჯირკვლების პერიტონეალურ ღრუში ატანა ხდება, შემდეგ პენისის მოთავსება ფეხებს შუა, სამაგრის როლს აქ მჭიდროდ მომდგარი ქალის საცვალი ასრულებს

ტრანსგენდერმა ინდივიდებმა, ვისაც ფიზიკური და ანატომიური ნიშანთვისებების შეცვლა სურს, შეიძლება აირჩიონ ჰორმონების მიღება ან ოპერაციის გაკეთება. იმ ადამიანებისათვის, რომლებიც ტრანზიციას მამრობითიდან მდედრობით სქესზე გადიან, ქირურგიული ჩარევა, როგორც წესი, სქესის კვლავმინიჭების ოპერაციას გულისხმობს, ან შეიძლება შეიცავდეს მკერდის გადიდებასა და სხვა სახის კოსმეტიკურ ოპერაციას, როგორიც არის სახის ფემინიზაციის ოპერაცია. ადამიანებისთვის, რომლებიც ტრანზიციას გადიან მდედრობითი სქესიდან მამრობითზე, ქირურგიული ჩარევა, როგორც წესი გულისხმობს მკერდის ოპერაციას (მასტექტომია), ან “ქვედა” ოპერაციას (ფალოსის კონსტრუქცია). შემდგომი დისკუსიისთვის იხილეთ თავში ”ტრანსგენდერი პაციენტის სამედიცინო და ქირურგიული მართვის შესახებ”.

ტრანზიციის განმავლობაში, გენდერული მინიშნების წარმოსაქმნელად, ტრანსგენდერი ადამიანები ხშირად არჩევენ სახელის შეცვლას. ხშირად, არსებობს მკაფიო, განსაზღვრული მიზეზები, თუ რატომ ირჩევს ადამიანი ამა თუ იმ სახელს. ბევრი იტოვებს თავის პირვანდელ სახელს მისი მამრობითი ან მდედრობითი ვერსიით (მაგ. რობერტა განიცდის ტრანზიციას და ხდება რობერტი; პოლი ტრანზიციის პერიოდში პოლა ხდება), ან სხვა მაგრამ მსგავს სახელს (მაგ. მელისა ირჩევს სახელს მელვინი; ჯონი იცვლება ჯოენით). სხვები იღებენ სახელს, რომელსაც მათი მშობლები დაარქმევდნენ, ისინი რომ საპირისპირო სქესით დაბადებულიყვნენ და ამგვარად უფლებას აძლევენ ოჯახის მნიშვნელოვან წევრებს, გაიზიარონ ტრანზიციის ეს ინტიმური გზა.

და ბოლოს, სიმბოლური მიზეზების გამო, ზოგიერთი ადამიანი სრულიად ახალ სახელებს ირჩევს. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, გარდაცვლილი მეგობრის ან ახლო ნათესავის სახელი, სხვა ენიდან აღებული სახელი ან ტერმინი, რომელსაც სულიერი ან რელიგიური დატვირთვა აქვს, ან განგებ ანდროგინული სახელის შერჩევა, როგორიცაა პეტი, რობინი ან კრისი. ადამიანებმა, რომლებიც ამ უკანასკნელ გზას ირჩევენ, ეს შეიძლება გააკეთონ იმისთვის, რომ გენდერის ბინარული სისტემა უკუაგდონ, ან იმისათვის, რომ  გენდერულად სპეციფიკური სახელები აიცილოს თავიდან და ამით დაეხმაროს სხვებს მისი ტრანზიციის უფრო ადვილად მიღებაში.

ფინანსური საკითხები ხშირად ტრანზიციის პროცესის დიდი ნაწილია. ტრანზიცია შეიძლება საკმაოდ ძვირი იყოს. ხარჯები შეიძლება ეხებოდეს ჰორმონებს, ახალ ტანსაცმელს, თმის მოცილებას, თმის გადანერგვას, სახელის ლეგალურ შეცვლას, ქირურგიულ ოპერაციას (კოსმეტიკურს, მკერდის ან სქესის კორექციის ოპერაცია) და თითქმის ყოველთვის ფსიქოთერაპიას. ზემოთჩამოთვლილთაგან ზოგიერთი რამის, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ტრანზიციაში მყოფი ადამიანისათვის, ფინანსური მიუწვდომლობა იწვევს ტრანზიციის პროცესის შეფერხებას და შეიძლება გამოიწვიოს საგრძნობი გაუარესება მენტალურ ჯანმრთელობაში (დეპრესია, შფოთვა, თვითმკვლელობა). სამწუხაროდ, სამედიცინო დაზღვევა ამ სფეროში ძალიან მცირე როლს თამაშობს: ზოგადად მხოლოდ ფსიქოთერაპიის ხარჯები იფარება, ხანდახან ჰორმონებიც.

ტრანზიცია შეიცავს ადამიანის შეგუებას სხეულის შეცვლასთან. უცხო ფიზიკურ მახასიათებლებთან შეგუების გარდა ეს მოიცავს მზარდ გაცნობიერებას იმისა, რომ ადამიანი სხვების მხრიდან დანახულია, როგორც ამ ცვლილებების ნაყოფი. მაგალითად, ბიოლოგიური მამაკაცი, რომელიც წარმატებით წარმოაჩენს საკუთარ თავს სასურველ გენდერად (მდედრობითი) შეიძლება მიზოგინიურ რეაქციებს წააწყდეს. გარდა ამისა, ტრანზიციაში მყოფი ტრანსგენდერი ინდივიდებისთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა იმის გაცნობიერება, რომ ტრანზიციის განმავლობაში ისინი განსაკუთრებით მოწყვლადები არიან ფიზიკური ძალადობისადმი. ადამიანის გენდერის ირგვლივ სიცხადის ნაკლებობა, აღრეული გენდერული მინიშნებების გამო, შეიძლება რისკ ფაქტორი იყოს ძალადობისთვის.

მნიშვნელოვანია, რომ ტრანსგენდერი ადამიანი არ არის ერთადერთი, ვინც ტრანზიციას გადის. ტრანსგენდერი ადამიანის ცხოვრებაში არსებული ადამიანები ასევე გადიან პროცესს, რომლის განმავლობაშიც ისინი თანდათანობით იცვლიან წარმოდგენას ადამიანის გენდერულ იდენტობაზე და მის აღქმას. გასაგებია, რომ ადამიანები ავლენენ რეაქციების მთელს სპექტრს, მათ შორის ცნობისმოყვარეობას, გაოცებას, შოკსა და დაბნეულობას. იმის გაგება, რომ ვიღაც ტრანსგენდერია, ხშირად იწვევს ტკივილისა და ღალატის გრძნობებს. ადამიანები ხშირად ისეთ რაღაცეებს უზიარებენ ერთმანეთს, რასაც არ გააკეთებდნენ, რომ სცოდნოდათ ადამიანის გენდერული იდენტობის შესახებ. ხანდახან ადამიანები გრძნობენ საჭიროებას, ტრანსგენდერ ადამიანთან ინტერაქციის მანერა მისი გენდერის მათეულ ახალ გაგებასთან შეთანხმებაში შეცვალონ. ნეგატიური გავლენის შემცირებაში დაგვეხმარებოდა პაციენტების განათლება იმაში, თუ რა რეაქციები არის მოსალოდნელი. მას აქტიურად უნდა მოვუწოდოთ საჯარო ტრანზიციამდე მხარდამჭერების მოზიდვა. ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებლებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ, ისევე, როგორც სხვა ადამიანებმა, ტრანსგენდერ პაციენტებთან ურთიერთობაში შეიძლება განიცადონ უხერხულობის გრძნობა, ტრანზიციის დაწყების შემდეგ რაღაც პერიოდის განმავლობაში.

რით შეგვიძლია დახმარება? ტრანსგენდერ პაციენტებთან მუშაობის კლინიკური მიდგომა

ერთ–ერთი პირველი პრაქტიკოსი, რომელიც ტრანსგენდერ კლიენტებთან მუშაობდა, ჰარი ბენჯამინია, პიონერი ენდოკრინოლოგი, რომელიც 1950–იანი წლების ნიუ-იორკში ტრანსსექსუალებთან მუშაობდა. იმ დროისათვის არსებული ინფორმაციის ნაკლებობის გამო, დოქტორმა ბენჯამინმა 1979 წელს დაწერა კლინიკური სახელმძღვანელოების მთელი რიგი გენდერული დისფორიის მქონე პაციენტების მკურნალობასთან დაკავშირებით. ეს სახელმძღვანელოები ცნობილია, როგორც ჰარი ბენჯამინის ზრუნვის სტანდარტები (Harry Benjamin Standards of Care), რომლებიც სამედიცინო პრაქტიკოსთა საერთაშორისო პროფესიული კონსენსუსის ჯგუფის მიერ ექვსჯერ იქნა გადახედილი, და დღესაც გამოიყენება. ამ სტანდარტებზე არის პასუხისმგებელი ორგანიზაციაა ტრანსგენდერი ჯანმრთელობის მსოფლიო პროფესიული ასოციაცია (World Professional Association for Transgender Health, Inc). ეს ორგანიზაცია ცნობილი იყო, როგორც ჰარი ბენჯამინის სახელობის საერთაშორისო გენდერული დისფორიის ასოციაცია. ჩანართში 12–3 მოცემულია ბენჯამინის მიერ ჩამოყალიბებული სტანდარტების მოკლე მიმოხილვა. ამ სახელმძღვანელოთა სრული ვერსია (უფასო 22 გვერდიანი PDF ფაილი) შეგიძლიათ ნახოთ ვებ გვერდზე http://www.wpath.org.

ამ სექციის დანარჩენი ნაწილი აღწერს პრაქტიკულ რჩევებს, რომლებიც კლინიცისტებს დაეხმარებათ ტრანსგენდერ პაციენტებთან უფრო მგრძნობიარე და ეფექტური კომუნიკაციის დამყარებაში; ჩვენ ასევე ჩამოვთვლით სასარგებლო საგანმანათლებლო რესურსებს როგორც კლინიცისტებისთვის, ისე პაციენტებისთვის, და გამოვყოფთ ამომწურავ მიდგომას მენტალური ჯანმრთელობის შეფასებასა და მართვაში. სამედიცინო და ქირურგიული მართვა ასევე მოკლედ იქნება განხილული. დეტალებისთვის, იხილეთ თავი ”ტრანსგენდერი პაციენტის ქირურგიული და სამედიცინო მართვა: რა უნდა იცოდეს პირველადი ზრუნვის კლინიცისტმა”.

 

განკითხვისგან თავისუფალი, დადებითი გარემოს შექმნა

როდესაც ტრანსგენდერ პაციენტებთან ვმუშაობთ, კრიტიკული მნიშვნელობა აქვს მათ უზრუნველყოფას ისეთი გარემოთი, რომელიც განკითხვისგან არის თავისუფალი და მათ კომფორტულად აგრძნობინებს თავს. ასეთი გარემო ტრანსგენდერ პაციენტებს საშუალებას აძლევს, ფიზიკურად უსაფრთხოდ იგრძნონ თავი, იგრძნონ, რომ ისინი მიიღეს და გაუგეს. 221 კვლევის მეტა ანალიზში, რომელმაც სხვადასხვა ფაქტორების მნიშვნელობა დაახარისხა ზრუნვის ხარისხით კმაყოფილების კუთხით, ტრანსგენდერმა პაციენტებმა ჰუმანური მოპყრობა ნომერ პირველ ფაქტორად დაასახელეს; ტექნიკური კომპეტენტურობა მეორე ადგილს იკავებდა. ცხადია, რომ როგორც სხვა პაციენტებზე ეფექტური ზრუნვის შემთხვევაშია, ტრანსგენდერ პაციენტებთან  თანაგანცდითა და პატივისცემით მოპყრობის სწავლასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

არსებობს რამდენიმე საშუალება, რომლითაც ამას შეიძლება მივაღწიოთ მნიშვნელოვანია ვისაუბროთ გულახდილად და შევარჩიოთ შესაფერისი ენა. კლინიცისტები, რომლებიც არასწორ, მოძველებულ ენას იყენებენ, გაგებისა და პატივისცემის გრძნობას არ გამოიწვევენ პაციენტში. ტრანსგენდერმა ადამიანმა შეიძლება დაასკვნას, რომ სერვისის მიმწოდებელი არ აფასებს მის შინაგან გამოცდილებას, რაც აფიქრებინებს, რომ მისი არასწორად ესმით, ყურადღებას არ აქცევენ, ან რიყავენ. მაგალითად, ზოგიერთი ტერმინი, როგორიცაა “ტრანსვესტიტი” და “ჰერმაფროდიტი”, დამამცირებელ ელფერს ატარებს და უმჯობესია მათ გამოყენებას მოვერიდოთ. ყოველთვის უმჯობესია თავად პაციენტს ვკითხოთ, როგორ ახდენს თვითიდენტიფიკაციას იმის ნაცვლად, რომ დაშვებები გავაკეთოთ მისი თვითგამოხატვის საფუძველზე. შემდგომი საუბრის განმავლობაშიც სჯობს, იმ ენაზე ვიმეტყველოთ, რომელსაც თავად პაციენტი იყენებს. ასევე სასარგებლოა ექსპლიციტურად განხილვა იმისა, თუ როგორ ურჩევნიათ პაციენტებს, მათ მეგობრებსა და პარტნიორებს, რომ მივმართოთ სახელისა და პირის ნაცვალსახელის მხრივ. არსებული ბინარული მამრობითი და მდედრობითი სქესის პირის ნაცვალსახელების გამოყენება ზედმიწევნით არ ასახავს ადამიანის იდენტობის შეგრძნებას.

სამედიცინო სერვისების მიმწოდებლებმა თავის თავზე უნდა აიღონ თანამშრომლების დატრეინინგება, რადგანაც მთელი პერსონალის მიერ შესაფერისი ეტიკეტის გამოყენება ჯანდაცვის საკითხებთან დაკავშირებულ მთელს ამ გამოცდილებაში პაციენტის ნდობას აძლიერებს. შეცდომები, რა თქმა უნდა, მოხდება და აუცილებლად პატიებასაც მოიპოვებს, თუკი ცხადი იქნება, რომ ადამიანი მართლაც არ იშურებს ძალისხმევას, რომ სწორად მოიქცეს. ტრანსგენდერი ადამიანების უმეტესობა საკმაოდ კეთილგონიერია და ჩინებულად ესმის, რომ საკომუნიკაციო ენის შეცვლა, უცხო ენის გამოყენება დროს მოითხოვს. ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებელთა უმეტესობა ძალიან ცუდად არის ინფორმირებული ან საერთოდ არ იღებს ინსტრუქციებს ტრანსგენდერი პაციენტების გენდერული იდენტობისა და ჯანმრთელობის საჭიროებების შესახებ. ამას თუ გავითვალისწინებთ, უცოდინრობის/არცოდნის აღიარება საკმაოდ მიღებული რამაა. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ კლინიცისტებმა საკუთარი ცოდნისა და უნარების დასახვეწად სანდო ინფორმაცია მოიძიონ. თავად ტრანსგენდერი პაციენტები ხშირად შესანიშნავ რესურსს წარმოადგენენ: ტრანსგენდერი ადამიანების უმეტესობას არაფერი აქვს საწინააღმდეგო შესაბამისი შეკითხვებისა, რომლებიც დაინტერესებას და პატივისცემას გამოხატავს. არსებობს ასევე შემეცნებითი რესურსების, წიგნების, ფილმების, დოკუმენტური ფილმების, სტატიების ფართო სპექტრი. ფორმალური სატრეინინგო პროგრამების და შემეცნებითი კონფერენციების სახით. ამას გარდა, კლინიცისტებმა უნდა შეიტყონ, მათ სფეროში რომელი სპეციალისტები უზრუნველყოფენ სისტემატურად ტრანსგენდერ ადამიანებს მომსახურებით და/ან კონსულტაცია გაიარონ მათთან ან საჭიროების შემთხვევაში გადაამისამართონ. რესურსების სია მოცემულია დანართში A.

ცნობისმოყვარეობა ნორმალური მოვლენაა, თუმცა მნიშვნელოვანია თავი შევიკავოთ ვუაიერიზმისგან. მაგალითად, თუ ტრანსგენდერი ადამიანი მოგმართავთ ყურის ინფექციით, მომსახურება ფოკუსირებული უნდა იყოს ინფექციის აღმოფხვრაზე. გენდერული კორექციის ოპერაციის შესახებ შეკითხვების დასმა ამ კონტექსტში არ არის სწორი, რადგან ისინი არ ეხება მისაწოდებელ სერვისს და პაციენტის მხრიდან აღიქმება, როგორც ზედმეტი შემოჭრა პირად სივრცეში. თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, არ შევეცადოთ ადამიანის გენდერზე საუბრის თავიდან არიდებას, როდესაც ეს მისაღებია. ბევრი ტრანსგენდერი ადამიანი უაღრესად მგრძნობიარეა სხეულის გასინჯვისას და შეხებისას. ხშირია, რომ ტრანსგენდერი კაცები უარს ამბობენ მკერდის ან მენჯის არეში გასინჯვაზე, ხოლო ტრანსგენდერი ქალები უარს ამბობენ სათესლე ჯირკვლებისა და პროსტატის შემოწმებაზე.

კრიტიკულად  მნიშვნელოვანია,  გავაცნობიეროთ პაციენტების შინაგანი მგრძნობიარობა ასეთ გამოკვლევებში მონაწილეობისას და ასეთივე მნიშვნელოვანია, პატივი ვცეთ პაციენტის გადაწყვეტილებას, უარის თქვას მკურნალობაზე. პაციენტთან ალიანსის შესაკრავად დროის გამოყოფა მონახულებების სერიის მეშვეობით ხშირად საჭიროა, სანამ პაციენტი ნებას დართავს ექიმს ეს გამოკვლევები ჩაუტაროს.

და ბოლოს, არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია ოფისის ფიზიკური გარემოს ზრუნვასთან შესაფერისობის პირობა. ასევე ძალიან ხელშემწყობია ვიზუალური მინიშნებები, რომლებიც მიმღებლობაზე მიუთითებს (კედლებზე გაკრული არადისკრიმინაციული, გენდერის საკითხების მომცველი პლაკატები, სამედიცინო ბროშურები, რომლებიც განსხვავებული ჯგუფების, მათ შორის ტრანსგენდერი ადამიანების, ჯანმრთელობის საჭიროებებს ეხება). ამასთან ერთად, კრიტიკული მნიშვნელობა აქვს უნისექს საპირფარეშოს უზრუნველყოფას. საჯარო ტუალეტის არჩევის ქმედებას ადამიანების უმეტესობა არც კი უფიქრდება. ტრანსგენდერი ადამიანისათვის ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება ძალიან მარტივად გამოიწვიოს შფოთვა, სირცხვილი და უსაფრთხოების საკმაოდ რეალურ საკითხებზე ფიქრი.  მიუხედავად იმისა, რომ იდეალური გამოსავალი არ არის, უნისექს საპირფარეშოები თუ არ არის მისაწვდომი, შესაძლებელია გენდერულად არასეგრეგირებული ტუალეტის გამოყენება, რომელიც განსხვავებული უნარების მქონე ადამიანებისთვის არის განკუთვნილი.

დაეხმარეთ პაციენტს თემის მხარდაჭერის მოპოვებაში

მაშინ, როცა მხარდაჭერა ხშირად მნიშვნელოვანი კომპონენტია იმ ადამიანებზე ზრუნვაში, რომლებიც ნებისმიერი სახის სამედიცინო ან მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხის წინაშე დგანან, ეს პირობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ტრანსგენდერი პოპულაციის შემთხვევაში, რადგანაც ჩვენი საზოგადოება ჯერ კიდევ ძალიან გაუნათლებელი, არატოლერანტული და დისკრიმინაციულია. იმის აღმოჩენა, რომ ისინი მარტო არ არიან, შესაფერისი მხარდაჭერის პოვნა და თემურობის შეგრძნების განვითარება აუცილებელი ფაქტორებია, რომლებიც ტრანსგენდერ პაციენტებს საკუთარი თავის მიღებაში ეხმარება. ამიტომ, ჯანდაცვის სერვისების პროვაიდერებს უნდა შეეძლოთ  ტრანსგენდერი კლიენტების მხარდაჭერის ჯგუფებში იმ ვებ გვერდებსა და ლიტერატურაზე გადამისამართება, რომელიც სასარგებლო და შემეცნებითი იქნება. რესურსების სია წარმოდგენილია A დანართში.

მენტალური ჯანმრთელობის შეფასება და მართვა

უკლებლივ ყველა შემთხვევაში, გენდერული დისფორია ფსიქოლოგიური სტრესის გარკვეულ დონეს უკავშირდება. ამიტომ, არ არის გასაკვირი, რომ ბევრი ტრანსგენდერი ადამიანი არჩევს, ადრე თუ გვიან, საკუთარი გენდერული იდენტობის ჩამოყალიბებასა და კონსოლიდაციის პროცესში, დახმარება ეძიოს მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტებთან. ამასთან ერთად, ჰარი ბენჯამინის ზრუნვის სტანდარტები გვირჩევს, რომ ყველა ტრანსგენდერმა პაციენტმა, რომელსაც ჰორმონული თერაპიის გავლა სურს, თავიდან 12-კვირიანი ფსიქოლოგიური შეფასების კურსი ან/და ფსიქოთერაპია გაიაროს იმისათვის, რომ ისინი დაცულნი იყვნენ იმპულსური და შეუქცევადი შედეგებისგან. სამედიცინო პროვაიდერების უმეტესობა მენტალური ჯანმრთელობის პროფესიონალისგან მოითხოვს წერილს, რომელიც გენდერული იდენტობის აშლილობის დიაგნოზს ადასტურებს და აცხადებს, რომ პაციენტი ფსიქიკურად საკმარისად სტაბილურია საიმისოდ, რომ დიდი ცხოვრებისეული გადაწყვეტილებები მიიღოს და რომ ის ფსიქოლოგიურად მზად არის, ადაპტირება მოახდინოს იმ უამრავ ცვლილებასთან ცხოვრებაში, რასაც ფიზიკური ტრანსფორმაცია მოუტანს.

პირველადი შეფასების დროს, ფსიქიკური  ჯანმრთელობის სერვისის მიმწოდებელი უნდა დარწმუნდეს, რომ პაციენტს აღენიშნება  გენდერული დისფორია  ან გენდერული იდენტობის აშლილობა (იხილეთ ჩანართი 12–2), შემდეგ მან უნდა შეაფასოს თანმხლები კონდიციების არსებობა (დეპრესია, შფოთვა ან ნივთიერებების მოხმარება), და შესთავაზოს შესაბამისი მკურნალობის კურსი. ჩანართი 12–4 გვთავაზობს სიას იმ ჩვეული მენტალური ჯანმრთელობის კონდიციებისა, რომლებიც ხანდახან გამოიყურება, როგორც გენდერული იდენტობის დისფორია, მაგრამ უნდა გამოირიცხოს.

 

ფსიქოთერაპიის მიზანია უსაფრთხო და ნდობით აღსავსე გარემოს შექმნა, სადაც პაციენტს გამოცდილ პროფესიონალთან ერთად შეუძლია ჩაუღრმავდეს საკუთარი გენდერული იდენტობის საკითხებს. მკურნალობის ამოცანა გენდერული იდენტობის “კორექცია” და ბიოლოგიური სქესის ან გენდერული თვითგამოხატვის “გამოსწორება” კი არ არის, არამედ გენდერულ იდენტობას, ბიოლოგიურ სქესსა და გენდერულ თვითგამოხატვას შორის დაძაბულობის  შემსუბუქებაა იმისათვის, რათა ფსიქოლოგიური კეთილდღეობისა და ქმედითუნარიანობის მაჩვენებელი გაიზარდოს. პაციენტი, სამედიცინო და მენტალური ჯანმრთელობის პროვაიდერებთან თანამშრომლობაში, თავადაც დიდად განსაზღვრავს ამ შვების მოსაპოვებლად საჭირო ჩარევის ბუნებასა და მასშტაბებს.

ფსიქოთერაპევტებს, რომლებიც გენდერული იდენტობის საკითხებზე მუშაობენ, ხშირად ეძახიან “გენდერის სპეციალისტებს”. მათ შეიძლება ჰქონდეთ ხარისხი ფსიქოლოგიაში, სოციალურ სამუშაოში ან ფსიქიატრიაში და შეიძლება გავლილი ჰქონდეთ ტრეინინგი, ზედამხედველობა ან კონსულტაცია გენდერის სხვა სპეციალისტის მხრიდან. იქიდან გამომდინარე, რომ ამჟამად ძალიან ცოტა (თუ საერთოდ არსებობს ასეთი) სატრეინინგო პროგრამა შეიცავს სპეციალიზაციას გენდერული იდენტობის საკითხებში, პრაქტიკოსების უმეტესობა კონფერენციების, კითხვის, ვორკშოფებისა და ზედამხედველობის მეშვეობით თვითგანათლებას ცდილობს.

მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობის დაწყებამ შეიძლება შვება მოიტანოს, ფსიქოთერაპიის პროცესი ხშირად ფრუსტრაციის მომტანიც არის და მტკივნეულიც. ბევრი ის საკითხი, რომელსაც ტრანსგენდერმა ადამიანმა თვალი უნდა გაუსწოროს, დაკარგვისა და დამარცხების შესაძლებლობასაც მოიცავს. ტრანსგენდერი ადამიანისათვის ქამინგ აუთის გაკეთება ნიშნავს იმის გამბედაობის ქონას, რომ გარისკოს ოჯახის წევრების, მეგობრების, საყვარელი ადამიანის, სამუშაოს, ფინანსური სტაბილურობისა და ცხოვრებისეული მიზნების შეგრძნების დაკარგვა.

დისკრიმინაციამ, სოციალურმა მიუღებლობამ და გაურკვეველი მომავლის პერსპექტივამ შეიძლება გაამწვავოს ან გამოიწვიოს პაციენტის დეპრესია, შფოთვა, ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება ან სუიციდური ფიქრები. ხშირად ხდება ისე, რომ ტრანსგენდერი ადამიანებს სურთ, რომ სასწრაფოდ უნდა მოაგვარონ გენდერთან დაკავშირებული საკითხები, როგორც კი მკურნალობას დაიწყებენ. თუმცა, მენტალური ჯანმრთელობის კლინიცისტი შეიძლება თვლიდეს, რომ ჯერ სხვა პრობლემებია მოსაგვარებელი, მაგალითად განწყობის დასტაბილურება.

ტრანსგენდერი პაციენტისათვის, გენდერული ტრანზიციის გადადება შეიძლება გადაიზარდოს მძლავრ ფრუსტრაციასა და შფოთვაში. ჰარი ბენჯამინის მზრუნველობის სტანდარტებში მოცემული სტრუქტურიდან გამომდინარე, ფსიქოთერაპევტებს შეუძლიათ მეკარეს პოზიცია დაიკავონ ტრანსგენდერი ადამიანის ტრანზიციის პროცესში. ეს შეიძლება გამოიხატოს დაძაბულ თერაპიულ სიტუაციაში, რომელიც კონტრა პროდუქტიული შეიძლება გამოდგეს.

სამედიცინო და ქირურგიული მართვა

ჰორმონების გამოწერასთან, სამედიცინო მეთვალყურეობასთან და ქირურგიულ მართვის არჩევანთან დაკავშირებული დეტალები შეიძლება იხილოთ ქვემოთ. თუმცა, ზოგიერთი საკითხი აქაც საჭიროებს ხაზგასმას. მათ შორის, ზოგადი საუბარი სქესის კვლავმინიჭების ოპერაციასთან დაკავშირებით, შერჩეულ შემთხვევებში, ნამდვილი ცხოვრებისეული გამოცდილებების აღწერა და დისკუსია იმ ლიტერატურის ირგვლივ, რომელიც სქესის კვლავმინიჭების ოპერაციის შედეგებს შეისწავლის.

სქესის კვლავმინიჭების ოპერაციის მნიშვნელობა

ჰარი ბენჯამინის სახელმძღვანელო ზრუნვის სტანდარტებზე, გვეუბნება, რომ სქესის კვლავმინიჭების ოპერაცია “როდესაც რეკომენდებულია კვალიფიციური პრაქტიკოსების მიერ, სამედიცინო თვალსაზრისით მითითებული და საჭიროა. სქესის კვლავმინიჭება არავითარ შემთხვევაში არ არის “ექსპერიმენტული”, “საკვლევი”, “არჩევითი”, კოსმეტიკური ან ოპციური. ის წარმოადგენს ძალიან ეფექტურ და შესაფერის მკურნალობას ტრანსსექსუალობისა ან ღრმა/ინტენსიური გენდერული იდენტობის აშლილობის შემთხვევაში”.

ნამდვილი ცხოვრებისეული გამოცდილება

ბენჯამინისეული მზრუნველობის სტანდარტები სქესის კვლავმინიჭების ოპერაციამდე მოითხოვს “რეალური ცხოვრების ტესტს” ან “რეალური ცხოვრების გამოცდილებას”. ეს გამოცდილება გულისხმობს იმ გენდერული როლის სრულად ათვისებას, რომლისკენაც არის მიმართული პაციენტის ტრანზიცია. ეს მოიცავს პაციენტის მხრიდან საკუთარი თავის კროს გენდერულ როლში წარმოდგენას ყველა სოციალურ ინტერაქციაში და გენდერის შესაბამისი ახალი სახელისა და პირის ნაცვალსახელების გამოყენებას. როგორც ბენჯამინის სტანდარტებშია აღნიშნული, “რეალური ცხოვრების გამოცდილება ამოწმებს ადამიანის გადაწყვეტილების სიმტკიცეს, მის უნარს, იმოქმედოს სასურველი გენდერის როლში” და “ეხმარება პაციენტსაც და მენტალური ჯანმრთელობის პროფესიონალსაც მათ შეფასებაში იმის შესახებ, თუ როგორ გააგრძელონ მკურნალობა”.

სქესის კვლავმინიჭების ოპერაციის შედეგები

მაშინ, როდესაც ბევრი ადამიანი წარმატებით გადის ტრანზიციას ოპერაციის გარეშე, არსებობს ლიტერატურის დიდი რაოდენობა, რომელიც აღწერს სქესის კვლავმინიჭების ოპერაციის წარმატებასა და დადებით შედეგებს გენდერული იდენტობის აშლილობის მქონე ადამიანებში .

ბევრი ტრანსგენდერი ინდივიდისთვის, მხოლოდ ფსიქოთერაპია არასაკმარისია გენდერული დისფორიის სრული მოგვარებისათვის, მაშინ, როდესაც ქირურგიული კორექცია ხშირად ეფექტურია. როგორც მორისის და სხვების კვლევაში არის აღნიშნული, “არ ყოფილა ჯერ არც ერთი ჭეშმარიტი ტრანსსექსუალი, რომელიც დაარწმუნეს, აიძულეს, ანალიზის, დარცხვენის ან დაცინვის გზით ან ელექტრონული შოკის მეშვეობით მიიყვანეს თავისი ფიზიკური მდგომარეობის მიმღებლობამდე”.

ყველაზე დეტალური კვლევა, რომელიც ეხება სქესის კვლავმინიჭების ოპერაციის გავლენას და შედეგებს, მოიცავს 70 კვლევასა და 8 წინანდელ მიმოხილვას,

ეს მასალა მოიცავს პაციენტებს 13 ქვეყანაში, 30 წლის (1961 – 1991) განმავლობაში გამოკითხულ 2000 პაციენტს. შედეგები 70%-ზე მეტ MTF და თითქმის 90% FTM-ში დამაკმაყოფილებელი იყო. სქესის კვლავმინიჭების ოპერაციის სპეციფიკურად პოზიტიური შედეგები შეიცავს: ფსიქოპათოლოგიური ნიშან-თვისებების კლებას ან გაქრობას, უფრო დიდ კმაყოფილებას ინტერპერსონალური ურთიერთობებითა და სოციალური ფუნქციონირებით, უფრო დიდ კმაყოფილებას საკუთარი თავის ხატით,  უფრო დიდ მიმღებლობას ოჯახის წევრების მხრიდან,  დასაქმების მხრივ ქმედითუნარიანობაში გაუმჯობესებას, ნაკლებ სირთულეს სექსუალური პარტნიორების მოძებნაში, ორგაზმის მიღწევის გაუმჯობესებული უნარს,  და/ან უფრო დიდ სექსუალურ კმაყოფილებას. რაც შეეხება თვითმკვლელობას, ლიტერატურა გვიჩვენებს “საგრძნობ კლებას სუიციდურ ტენდენციებში ოპერაციის შემდგომ” ტრანსსექსუალ ქალებში. პაციენტების უმეტესობა ივითარებს ძლიერ მხარდაჭერის სისტემას და სხვა მხრივაც კარგად აქვს საქმე. ჰანტმა და ჰემპსონმა დაადგინეს, რომ პაციენტები საკუთარ თავს “დევიანტებად” აღარ მიიჩნევდნენ, როგორც ამას ოპერაციამდე ფიქრობდნენ.

კვლევაში მონაწილე ჩვიდმეტივე სუბიექტმა განაცხადა, რომ მიუხედავად ტკივილისა, ხარჯებისა და დაგვიანებისა, რომელსაც ოპერაცია მოიცავდა, ისინი მაინც იგივე გზას აირჩევდნენ. უფრო ძველი კვლევები აღწერს სქესის კვლავმინიჭების ოპერაციის შემდეგ სინანულის მცირე მაჩვენებელს. მთავარი მიზეზი ამ სინანულისა იყო ოჯახური მხარდაჭერის ნაკლებობა,  რეალური ცხოვრების ტესტის გავლაში წარუმატებლობა და იმედის გამაცრუებელი ქირურგიული შედეგები. სინანული ხშირად დროებითია და ქარწყლდება პირველივე წლის განმავლობაში. პოსტოპერაციული ფსიქოთერაპიის პერიოდი რეკომენდებულია ადაპტაციის გასაადვილებლად.

შედარებით ახალი კვლევები უჩვენებს წარმატების კიდევ უფრო მაღალ მაჩვენებელს და მიგვითითებს, რომ შესწავლილ ჯგუფში არ ყოფილა სინანულის შემთხვევები, ან რომ 1%-ზე ნაკლებმა მონაწილემ ინანა მიღებული გადაწყვეტილება.  კმაყოფილების მაჩვენებლის ზრდას სავარაუდოდ გაუმჯობესებული ქირურგიული ტექნიკა იწვევს, რადგანაც ახალი კვლევები გვეუბნება, რომ “სქესის კვლავმინიჭების ოპერაციების ფიზიკური შედეგები შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე ოპერაციამდელი ფაქტორები, როგორიც არის ტრანსსექსუალური ტიპოლოგია ან დადგენილ სამკურნალო რეჟიმებთან თანხმობა ოპერაციის შემდგომი კმაყოფილების ან სინანულის დადგენაში”.  სირთულეები, რომლებიც ოპერაციას მოსდევს, ხშირად დროებითია და ქრება ერთი წლის განმავლობაში.

 

წარმატებული მაგალითები

არსებობს უამრავი მაგალითი, როდესაც ტრანსგენდერი ინდივიდებმა წარმატებული ტრანზიცია გაიარეს და სრული, დამაკმაყოფილებელი ცხოვრებით ცხოვრობენ. ზოგიერთი ეს ადამიანი საჯაროდ ცნობილია, მაშინ, როცა დანარჩენები უფრო ტრანსგენდერი თემისთვის არიან ცნობილნი.

ქვემოთ დასახელებულმა ადამიანებმა მამრობითიდან მდედრობით სქესზე განიცადეს ტრანზიცია:

კრისტინ იორგენსენი, ცნობილია იმით, რომ ერთ-ერთი პირველი ადამიანი იყო, ვინც გენდერული ტრანზიცია გაიარა. გაზეთმა The Daily News, მისი ამბავი 1952 წლის 1 დეკემბერს დაბეჭდა სათაურით: “ყოფილი ჯარისკაცი ქერა სენსაციად გადაიქცა” (“Ex-GI Becomes Blonde Bombshell,”) და წარმატება შესძინა მსოფლიო მასშტაბით. კრისტინი სკანდინავიაში წავიდა და ჰორმონული თერაპია 1950 წელს დაიწყო, რის შემდეგაც სქესის კვლავმინიჭების ოპერაცია გაიარა 1952-1954 წლებში.

• რენე რიჩარდსი, ცნობილი ჩოგბურთელი, რომელმაც წარმატებით უჩივლა აშშ-ის ჩოგბურთის ასოციაციას, როდესაც მას აშშ-ის ქალთა ღია თასისათვის პაექრობა აუკრძალეს. ამ ფაქტმა ტრნასსექსუალი სპორტსმენების უფლებებისათვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი პრეცენდენტი შექმნა.

• Dana International (ნამდვილი სახელი შერონ კოენი), რომელმაც 1998 წლის ევროვიზიის მუსიკალურ კონკურსში გაიმარჯვა.

• ექიმი მარსი ბოუერსი, მეან-გინეკოლოგი და სქესის კვლავმინიჭების ქირურგიის სპეციალისტი, რომელიც ამ სფეროში პიონერმა ამერიკელმა ქირურგმა ექიმმა სტენლი ბიბერმა მოამზადა.

შემდეგმა ადამიანებმა განიცადეს ტრანზიცია მდედრობითი სქესიდან მამრობითზე:

• ბილი ტიპტონი, ჯაზ მუსიკოსი და ერთ-ერთი პირველი ცნობილი ტრანსგენდერი, რომელმაც წარმატებულად იცხოვრა კაცის ცხოვრებით, იქორწინა ქალზე და მისი ბიოლოგიური სქესი რომ მდედრობითია, მხოლოდ სიკვდილის დროს აღმოაჩინეს.

• ჯემისონ გრინი, მწერალი და ტრანსგენდერი აქტივისტი, რომელმაც ცოტა ხნის წინ გამოსცა წიგნი სათაურით “ხილვად კაცად გახდომა” (Becoming a Visible Man)

• სტივენ უითლი, იურისპრუდენციის ლექტორი გაერთიანებულ სამეფოში და Press for Change-ის ვიცე-პრეზიდენტი. იგი გაერთიანებულ სამეფოში იმ კანონის შეცვლაზე მუშაობს, რომელიც დაბადების მოწმობაში არ აძლევს გენდერის შეცვლის საშუალებას. სტივენმა ტრანზიცია 19 წლის ასაკში გაიარა.

დასკვნა

გრეგორ ზამზა, უშველებელ მწერად გადაქცეული კაცი, იყო მსხვერპლი, რომელსაც არ შესწევდა უნარი გაქცეოდა თავის გარემოებებს. მან ფსიქიკური, სულიერი და საბოლოოდ ფიზიკური ნგრევა განიცადა, რადგან მას არ გააჩნდა ენა, რომლითაც ოჯახთან კომუნიკაციას მოახერხებდა, მათ კი არ ჰქონდათ საშუალება ეცნოთ იგი და მხარი დაეჭირათ მისთვის.

აქედან გამომდინარე, ზამზა იზოლირებულად დამცირებულად და უბედურად დარჩა. თუ ჩვენ გავაგრძელებთ გენდერის ბინარული სისტემის გამოყენებას, სადაც სქესი, გენდერი, გენდერული იდენტობა და გენდერული თვითგამოხატვა დანახულია ან როგორც კაცური ან როგორც ქალური, ჩვენ ხელს შევუწყობთ იმას, რომ ტრანსგენდერად ყოფნა დარჩეს ფუნდამენტურად მასტიგმატიზებელ მდგომარეობად, რომელსაც თან ახლავს ათასი ფსიქოლოგიური და სამედიცინო პრობლემა.

როგორც ჯანმრთელობის სერვისების მიმწოდებლებმა, ჩვენ საჭიროა ისე გავაკეთოთ ჩვენი საქმე, რომ იმ ადამიანის ჯანმრთელობა და ღირსება დავიცვათ, რომელთაც ვემსახურებით. ტრანსგენდერი ადამიანებისათვის მგრძნობიარე და ზედმიწევნითი მზრუნველობის შეთავაზება ხელს შეუწყობს გავრცელებული მეორადი სამედიცინო და მენტალური ჯანმრთელობის და ფსიქოლოგიური პრობლემების შემცირებას. ასევე მნიშვნელოვანია, წინა პლანზე წამოიწიოს ტრანსგენდერი ადამიანებისთვის ზიანის არ მიყენების პირობამ. კრიტიკული მნიშვნელობა აქვს იმის გათავისებას, რომ გენდერული დისფორია პიროვნების მხოლოდ ერთი ასპექტია. ისევე, როგორც ნებისმიერი არატრანსგენდერი ადამიანისთვის, ზოგადი ჯანდაცვა ტრანსგენდერი ადამიანებისათვისაც  მნიშვნელოვანი ფაქტორია. ტრანსგენდერ პაციენტებთან მუშაობა ჩვენგან ღიად აზროვნებას გულისხმობს, მოითხოვს, მხედველობაში მივიღოთ გენდერი და ზოგადად იდენტობა უფრო კომპლექსური სახით და დავაფასოთ ადამიანთა მრავალფეროვნების ღირებულება.

შეჯამება

• ტრანსგენდერი ადამიანები არიან ინდივიდები, რომლებიც არ არიან კონფორმულები ქალებისა და კაცებისთვის საზოგადოებრივად ჩამოყალიბებული გენდერული ნორმების მიმართ. ტრანსგენდერი ადამიანების ფართო კატეგორია მოიცავს ადამიანებს, რომლებიც საკუთარ  გენდერს აღიქვამენ თავიანთი ბიოლოგიური სქესის საპირისპიროდ, ადამიანებს, რომლებიც საპირისპირო გენდერისათვის დამახასიათებელ ტანსაცმელს ატარებენ, ადამიანებს, რომლებიც თავს კაცთან და ქალთან ერთდროულად აიგივებენ, ადამიანებს, რომლებიც არ აიგივებენ თავს არც კაცთან არც ქალთან და სხვებს, რომლებიც კულტურული გენდერული ნორმებისგან განსხვავდებიან.

• წარმოიქმნება ახალი მოდელები და ენა, რაც შესაძლებელს ხდის გენდერული იდენტობისა და თვითგამოხატვის მთელი სპექტრის არსებობას ქალისა და კაცის ბინარული სისტემის მიღმა.

• გენდერული იდენტობის აშლილობა არის დიაგნოზი, რომელიც მენტალური დაავადებების დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელოს (DSM-IV-TR) მიერ არის განსაზღვრული და აღწერს ადამიანებს, რომლებსაც ინტენსიური და მდგრადი კროსგენდერული გრძნობები გააჩნიათ. ეს დიაგნოზი გამოიყენება იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს იმ ინდივიდების გამოკვეთა, ვისზეც შეიძლება დადებითი გავლენა იქონიოს ადაპტაციის გასაადვილებელმა კლინიკურმა ჩარევებმა.

• ტერმინი “გენდერული დისფორია” აღწერს დისკომფორტს, რომელსაც ტრანსგენდერი ადამიანები განიცდიან საკუთარ სხეულთან და მათ გენდერულ როლებთან დაკავშირებულ საზოგადოებრივ მოლოდინებთან მიმართებაში. ბევრი ტრანსგენდერი ადამიანი ამჯობინებს ამ ტერმინს, ვიდრე გენდერული იდენტობის აშლილობას.  გენდერული დისფორია, როგორც წესი, განიცდება დეპრესიის, შფოთვისა და ნერვიულობის ნარევთან ერთად. მას ასევე თან ახლავს იმის შეგრძნება, რომ რაღაც ისე არ არის, როგორც უნდა იყოს.

• ამჟამინდელი კლინიკური აზროვნება გვკარნახობს, რომ გენდერული დისფორია არ არის მენტალური პათოლოგიის ნიშანი. თუმცა, კულტურულმა შეუწყნარებლობამ შეიძლება ტრანსგენდერი ადამიანები მცირე სოციალური და ფინანსური მხარდაჭერის ამარა დატოვოს, რაც საჭიროა სამედიცინო და ემოციური წინააღმდეგობების მოსაგვარებლად, ამან კი თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს მენტალური ჯანმრთელობის გაუარესება.

• კულტურული მიუღებლობისა და შეუწყნარებლობის გამო, ტრანსგენდერი ადამიანები დიდი დოზით დისკრიმინაციას აწყდებიან; ისინი ხშირად განიცდიან ხელმისაწვდომობის ნაკლებობას საბაზისო ჯანდაცვის სერვისებსა და მხარდაჭერის ქსელებზე და ასევე უმუშევრობის, უსახლკარობის, ნივთიერებათა მოხმარებისა და აივ ინფექციის, დეპრესიის, შფოთვის, თვითმკვლელობის, თვითზიანის, კომერციული სექსისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მაღალი რისკის ქვეშ არიან. დაბალი თვითშეფასება, სირცხვილი და დამცირება ტრანსგენდერი ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების დამახასიათებელი გამოცდილებაა.

• გენდერული იდენტობა და სექსუალური ორიენტაცია მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, მაგრამ ორი განსხვავებული რამაა. გენდერული იდენტობა აღწერს ადამიანის შინაგან გრძნობას ქალად ან კაცად ყოფნისა, მიუხედავად მისი ბიოლოგიისა; სექსუალური ორიენტაცია კი ეხება იმ გენდერს(ებს), რომელიც ადამიანს იზიდავს.

• გენდერული დისფორიის მქონე ყველა ადამიანს არ სურს ფიზიკური გარეგნობის შეცვლა ან სხვა გენდერისკენ ტრანზიცია. ამასთან ერთად, ყველა ტრანსგენდერ ადამიანს არ აქვს გენდერული დისფორია.

• ტრანზიცია ძალიან ძვირადღირებული პროცესია და სამედიცინო დაზღვევების უმეტესობა მას არ ფარავს. იმ ადამიანებისათვის, რომლებმაც სქესის კვლავმინიჭება აირჩიეს, ოპერაცია უაღრესად ეფექტური გამოდგა გენდერული დისფორიის შემსუბუქებაში. არსებობს უამრავი მაგალითი იმისა, რომ ტრანზიცია გავლილი ტრანსგენდერი ადამიანები წარმატებულად ცხოვრობენ სრული და დამაკმაყოფილებელი ცხოვრებით.

• კლინიცისტებს შეუძლიათ, განკითხვისაგან თავისუფალი და დადებითი გარემოს შექმნით გასწიონ მგრძნობიარე და ზედმიწევნითი მზრუნველობა, ინფორმაციის მოძიებითა და პაციენტის დახმარებით იპოვონ შესაფერისი  სათემო მხარდაჭერა.

• ჰარი ბენჯამინის ზრუნვის სტანდარტები გვთავაზობს რჩევებს გენდერული დისფორიის მქონე პაციენტების ფსიქიატრიული, ფსიქოლოგიური, სამედიცინო და ქირურგიული მართვისათვის, მათ შორის იმ ადამიანებისა, ვისაც სურს თავისი ფიზიკური გარეგნობა შეცვალოს ჰორმონული თერაპიისა ან/და ქირურგიული ჩარევის გზით (http://www.wpath.org).