ნივთიერებათა მოხმარება

                                         მავნე ნივთიერებათა მოხმარება და ბოროტად გამოყენება

მავნე ნივთიერებათა მოხმარება ის პრობლემაა, რომელიც ჩვენი საზოგადოების ყველა სეგმენტს ეხება. ნარკოტიკის მოხმარებისა და ჯანმრთელობის თანამედროვე ეროვნული კვლევის მიხედვით, 12 წელს გადაცილებული ამერიკის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ალკოჰოლის მომხმარებელია, აქედან მთელი კონტინგენტის მეხუთედზე მეტი – ინტენსიური მომხმარებელი. გარდა ამისა, ბოლო 30 დღის განმავლობაში, 19 მილიონ ამერიკელზე მეტს (მთლიანი მოსახლეობის 8%) მოხმარებული ჰქონდა არალეგალური ალკოჰოლი. მავნე ნივთიერებათა მოხმარება ამერიკის შეერთებულ შტატებში ნომერ პირველი ჯანმრთელობის დაავადებაა. არსებული კვლევების მიხედვით, ზოგიერთ ლესბოსურ, გეი, ბისექსუალ და ტრანსგენდერ ქვეჯგუფებში ალკოჰოლისა და სხვა ნარკოტიკების მოხმარების უფრო მაღალი მაჩვენებლებია, ვიდრე ჰეტეროსექსუალებში . ამას გარდა, ამ პოპულაციაში მავნე ნივთიერებათა მოხმარება შესაძლოა მჭიდროდ უკავშირდებოდეს ჯანმრთელობის სხვა პრობლემებს, რომლებსაც კლინიკური ჩარევა ესაჭიროება (სარისკო სექსუალური ქცევა , ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები და სხვ). ამ თავში შემოგთავაზებთ ლგბტ ადამიანების მრავალფეროვან ჯგუფებში მავნე ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებული ფაქტორების ზეგავლენის ზოგად მიმოხილვას. განვიხილავთ იმ ნივთიერებებს, რომლებიც ლგბტ თემში ჭარბად გამოიყენება და მათთან ასოცირებულ სოციალურ, სამედიცინო და ფსიქიატრიულ ფაქტორებს, რომლებიც კლინიცისტებმა ლგბტ პაციენტებთან მავნე ნივთიერების მოხმარების შეფასებისას უნდა მიიღონ მხედველობაში.

მავნე ნივთიერებათა მოხმარების და ბოროტად გამოყენების ეპიდემიოლოგია

ლგბტ ადამიანების შესახებ არსებული ადრეული ეპიდემიოლოგიური კვლევები გეებსა და ლესბოსელებში ალკოჰოლის მოხმარებისა და ჭარბად მოხმარების შემაშფოთებლად მაღალ მაჩვენებლებს შეიცავს. ამ ფართოდ გავრცელებული ადრეული კვლევების მიხედვით,  გეი მამაკაცებისა და ლესბოსელების მესამედზე მეტის მიერ ალკოჰოლს გადაჭარბებულად ან ბოროტად გამოიყენებს . თუმცა, ამ კვლევების მეთოდოლოგიური უზუსტობების გამო (მაგალითად, მაღალი რისკის შემცველი ქცევების მქონე ადამიანების მაღალი კონცენტრაცია შერჩევით ჯგუფებში), ეს მაჩვენებლები უფრო მაღალია, ვიდრე მავნე ნივთიერებათა მოხმარების რეალური რაოდენობა ზოგადად ლგბტ მოსახლეობაში. ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებული სტიგმის გამო, ლგბტ ადამიანების რეპრეზენტაციული შერჩევის განხორციელება საკმაოდ რთული იყო 1960-იან, 70-იან წლებში. შესაბამისად, ეს კვლევები ისეთ შერჩევას ეყრდნობოდნენ, რისი შედგენაც მოუხერხდებოდათ. მაგალითად, ფიფილდის კვლევის ფარგლებში გამოკითხვა ჩატარდა ლოს-ანჯელესში, გეი და ლესბოსელთა ბარების მეპატრონეებთან, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავდა ამ კვლევის სხვა გეი და ლესბოსელ მოსახლეობაზე განზოგადების შესაძლებლობას (მაგალითად, სოფლად მცხოვრები ადამიანები ნაკლებად სტუმრობენ გეი და ლესბოსურ ბარებს). მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული კულტურა შედარებით უფრო მიმღებელი გახდა ლგბტ ადამიანების მიმართ, სტიგმა და დისკრიმინაცია კვლავ არსებობს. შესაბამისად, დღემდე მრავალი ლგბტ ადამიანი რჩება „უხილავ“ მოქალაქედ. ეს კი ამგვარი ეპიდემიოლოგიური კვლევებისათვის რეპრეზენტაციული შერჩევითი ჯგუფის შედგენას ართულებს. ამ მიზეზთა გამო, ლგბტ მოსახლეობაში ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარების შესახებ სანდო მონაცემების შეგროვება დღემდე რთულია. იმ მცირერიცხოვან კვლევებშიც კი, რომლებიც ლგბტ ადამიანების მიერ მავნე ნივთიერებების მოხმარებას შეისწავლიან, წყვეტა არსებობს ნივთიერებათა მოხმარების გაზომვისა და მათი შესწავლის მეთოდების კუთხით. ნივთიერებათა მოხმარებას გამოყენების, ბოროტად გამოყენებისა დამოკიდებულების ფართო სპექტრი გააჩნია, და არ არსებობს ერთიანი სტანდარტი იმისა, თუ როგორ იზომება ნივთიერებათა მოხმარება და ბოროტად გამოყენება ლგბტ მოსახლეობაში. გარდა ამისა, განსხვავდება ჰომოსექსუალური იდენტობის განსაზღვრის გზებიც. ზოგიერთი კვლევა ეყრდნობა ჰომოსექსუალური ან ბისექსუალური იდენტობის თვითგანსაზღვრას, სხვა კვლევები კი სექსუალური ორიენტაციის დასადგენად გენდერულ და სექსუალურ ქცევას ეყრდნობიან. ასევე, ძირითადი ეპიდემიოლოგიური კვლევები სხვადასხვაგვარად აღწერენ მავნე ნივთიერებათა მოხმარებას – ზოგიერთი მხოლოდ მოხმარების ფორმებზე კონცენტრირდება, ზოგი კი – ნივთიერებაზე დამოკიდებულებასთან დაკავშირებული აშლილობის დიაგნოზზე. სხვა კვლევები საუბრობენ ნივთიერებათა მოხმარებაზე მთელი ცხოვრების განმავლობაში და შესაძლოა არ ფოკუსირდნენ მოხმარების პრობლემურ საკითხებზე. შესაბამისად, ამ კვლევების მონაცემების ინტერპრეტაცია საკმაოდ ფრთხილად უნდა მოხდეს.
მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე კვლევების მიხედვით, აშშ-ში მავნე ნივთიერებათა მოხმარება და ბოროტად გამოყენების პროცენტი მნიშვნელოვნად დაეცა, ვიდრე ეს ფიფილდისა და საგირის და რობინის ადრეულ კვლევებში ჩანდა, არსებული კვლევებიც მიანიშნებს, რომ  ლგბტ ადამიანები შესაძლოა ზოგად მოსახლეობაზე უფრო ინტენსიურად მოიხმარდნენ ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ ლგბტ მოსახლეობაში ნივთიერებათა მოხმარების ქცევის შესახებ არსებული ლიტერატურის სელექციური მიმოხილვა. ამ სფეროში კვლევების სიმცირის გათვალისწინებით, ეს მასალა გადამწყვეტად არ უნდა ჩაითვალოს. ის მხოლოდ ზოგადი მიმოხილვაა ნივთიერებამოხმარების და ბოროტად გამოყენების ფორმების შესახებ ლგბტ პოპულაციის წარმომადგენლებს შორის.
ლესბოსელები ერთ-ერთი კვლევა, რომელიც ჩიკაგოში შერჩეულ 748 ლესბოსელისგან შემდგარ შერჩევით ჯგუფს ეყრდნობა, აჩვენებს, რომ ლესბოსელები ნაკლებად ამბობენ უარს ალკოჰოლზე, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები; ლესბოსელთა მხოლოდ 15% ამბობს სრულ უარს ალკოჰოლის მოხმარებაზე, ჰეტეროსექსუალთა 15%-თან შედარებით. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ ლესბოსელებს ალკოჰოლის მცირე დოზით მოხმარების მეტი ალბათობა აქვთ  (76%, ჰეტეროსექსუალ ქალთა 59%-თან შედარებით) და დაახლოებით სამჯერ მაღალი ალბათობით აქვთ ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებული პრობლემები, ვიდრე ჰეტეროსექსუალ ქალებს (23% ჰეტეროსექსუალთა 8%-თან შედარებით). ამავე კვლევამ აღმოაჩინა მარიხუანისა და კოკაინის მოხმარების უფრო მაღალი მაჩვენებლები ზოგად მოსახლეობასთან შედარებით. მეორე ფართომასშტაბიანი კვლევა ლესბოსელების შესახებ (1925 მონაწილე), ლესბოსელთა ჯანმრთელობაზე ზრუნვის ეროვნული კვლევა, აჩვენებს, რომ მონაწილეთა 25% ალკოჰოლს კვირაში რამდენჯერმე მოიხმარდა, 6% კი – ყოველდღიურად. 47% მთელი ცხოვრების მანძილზე მოიხმარდა მარიხუანას, 19% კი – კოკაინს.  გარდა ამისა, მონაწილეთა 14% ამბობდა, რომ აწუხებდათ ალკოჰოლის მოხმარების ჩვევა და 16%-ს ჰქონდა ალკოჰოლთან ან ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული პრობლემების მკურნალობის პროგრამაში ჩართულობის გამოცდილება. როდესაც ეროვნულ კვლევაში  – ნარკოტიკის მოხმარება ოჯახში – მონაწილე ჰომოსექსუალურად აქტიური ქალები შეადარეს ჰეტეროსექსუალურად აქტიურ ქალებს, ისინი მნიშვნელოვნად მეტი რაოდენობით მოიხმარდნენ მარიხუანას, კოკაინს, ჰალუცინოგენებს, ინჰალანტებს, სედატივებს და სტიმულანტებს. როდესაც მათ გასული წლის განმავლობაში ნივთიერებათა დისფუნქციური მოხმარების შესახებ ჰკითხეს, აღმოჩნდა, რომ ჰომოსექსუალურად აქტიური ქალები უფრო ხშირად მოიხმარენ მარიხუანას, კოკაინსა და ჰალუცინოგენებს დისფუნქციურად, ვიდრე ჰეტეროსექსუალურად აქტიური ქალები. მიუხედავად იმისა, რომ არსებული კვლევები ლესბოსელებში მავნე ნივთიერებების მოხმარების მაღალ ხარისხზე მიანიშნებს, საჭიროა მოსახლეობაზე დაფუძნებული მეტი კვლევა, მოხმარების ფორმების დასადგენად, განსაკუთრებით კი შესაბამის, კულტურულად განსხვავებულ ქვეჯგუფებში.
გეი კაცები: ჰომოსექსუალურად აქტიურ მამაკაცები, რომლებმაც ეროვნულ კვლევაში  – ნარკოტიკის მოხმარება ოჯახში – მიიღეს მონაწილეობა ასევე უფრო მაღალი რაოდენობით მოიხმარდნენ სხვადასხვა მავნე ნივთიერებებს (მაგალითად კოკაინი, ჰალუცინოგენები, ინჰალანტები, ანალგეტიკები და ტრანკვილიზატორები), ვიდრე ჰეტეროსექსუალურად აქტიური მამაკაცები. ალბათობაზე დაფუძნებული ერთ-ერთი სატელეფონო კვლევის მიხედვით, ქალაქში მცხოვრები გეი მამაკაცების შესახებ ამერიკის დიდი ქალაქებიდან (ჩიკაგო, ლოს-ანჯელესი, ნიუ-იორკი და სან-ფრანცისკო) გეი კაცების 85%-ს ბოლო 6 თვის განმავლობაში მოუხმარია ალკოჰოლი, ხოლო 52%-ს – ზოგიერთი რეკრეაციული ნარკოტიკიც კი. სან-ფრანცისკოში მცხოვრები გეი მამაკაცების შემთხვევითად შერჩეული ოჯახების მეორე კვლევის მიხედვით, ალკოჰოლის მოხმარების ფორმები ჰეტეროსექსუალებში დაფიქსირებული მაჩვენებლის მსგავსია; თუმცა,  გეი კაცები მნიშვნელოვნად მაღალი ალბათობით მოიხმარდნენ სხვადასხვა ნარკოტიკს, როგორიცაა, მარიხუანა, პოპერსი, MDMA (ასევე ექსტაზის სახელით ცნობილი), ფსიქოდელიკებს, ბარბიტურატებს და ამფეტამინს. სან-ფრანცისკოში ჩატარებული სხვა კვლევის მიხედვით, გეი მამაკაცების მიერ ნარკოტიკების მოხმარების ხარისხი ასევე მაღალია (მარიხუანა 64%, კოკაინი 24%, ამფეტამინი 25%, ექსტაზი 31%).  ალკოჰოლისა და სხვა ნარკოტიკების მოხმარების ასევე მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა სხვა მრავალგანზომილებიან კვლევაში (3212 მონაწილე), აივ ინფექციის არმქონე მამაკაცებში, რომლებსაც სექსი აქვთ სხვა მამაკაცთან და ჩართულნი არიან აივ  ვაქცინაციის მზადების საცდელ კურსში. ამ კვლევის მიხედვით, ალკოჰოლს მოიხმარდა კვლევის მონაწილეთა 89%, მარიხუანას 49%, ინჰალანტებს 29%, ამფეტამინს 21%, კოკაინს 14% და ჰალუცინოგენებს – 14%. ამ ქალაქებში ჩატარებული კვლევების გარდა, სხვა კვლევები ამბობენ, რომ ზოგიერთი ქვეჯგუფი გეი პოპულაციებში, მაგალითად ცირკუიტ წვეულებების მონაწილე კაცები, შესაძლოა სხვა გეი მამაკაცებზე დიდი ოდენობით მოიხმარდნენ ნარკოტიკებსა და ალკოჰოლს.
ბისექსუალი მამაკაცები და ქალები: სპეციფიკურად ბისექსუალ ქალებსა და კაცებში მავნე ნივთიერებების ბევრ კვლევაში ბისექსუალი ქალები და კაცები ერთიანად შეისწავლებიან, ისევე როგორც ლესბოსელი და ბისექსუალი ქალები . გარდა ამისა, არსებული ლიტერატურა ზოგჯერ ეყრდნობა დაშვებას, რომ ბისექსუალ ქალებსა და მამაკაცებს მეტი საერთო აქვთ ჰომოსექსუალებთან, ვიდრე ჰეტეროსექსუალებთან. შესაძლოა, ეს ცდომილებაც იყოს და მართალიც, თუმცა ბისექსუალი მამაკაცებისა და ქალების მიერ მავნე ნივთიერებათა მოხმარების შესახებ არსებული კვლევების უმრავლესობა ამ დაშვებას არასოდეს განიხილავენ. შესაბამისად, ბისექსუალი ქალებისა და მამაკაცების მიერ ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარების კარგად გამყარებული მონაცემების მოძიება რთულია.  ერთმა თანამედროვე კვლევამ აჩვენა, რომ ბისექსუალი ქალები მეტი ალბათობით იყენებენ უკანონო  ნარკოტიკებს და უფრო ხშირად აქვთ ალკოჰოლის მოხმარებით გამოწვეული პრობლემები, ვიდრე ჰეტეროსექსუალ ქალებს. თუმცა, მეტი კვლევაა საჭირო, რათა დადგინდეს, მართლაც აქვთ თუ არა მავნე ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებული პრობლემების უფრო მაღალი რისკები ჰომოსექსუალ ქალებსა და მამაკაცებს.
ტრანსგენდერი ქალები და კაცები: ტრანსგენდერ ადამიანებზე კონცენტრირებული ლიტერატურის დიდი უმეტესობა მამაკაციდან-ქალზე (male-to-female MTF) ტრანსგენდერი სექს მუშაკების მონაცემებს ეყრდნობა, სადაც აივ ინფიცირების რისკი ყველაზე წინ წამოწეული საკვლევი სფეროა და მავნე ნივთიერებების მოხმარება, მისი აივ ინფიცირებასა და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების გავრცელებასთან დაკავშირებული კუთხით არის შესწავლილი. ეს კვლევები ტრანსგენდერი ადამიანების ყველა ჯგუფის მდგომარეობას არ უჩვენებს, მაგალითად მათსას, ვინც არ არის სექს მუშაკი, ან ქალიდან მამაკაცზე (female-to-male FTM) ტრანსგენდერი ადამიანები არიან. მამაკაციდან-ქალზე სექს მუშაკების შესახებ არსებული კვლევები კი მიანიშნებს ნარკოტიკების მოხმარების მაღალ ოდენობაზე კონკრეტულ ჯგუფებში. სან-ფრანცისკოში, ტრანსგენდერ ადამიანებზე აივ ინფიცირების შესახებ შექმნილ ანგარიშში, კლემენტმა და კოლეგებმა ამ კონტინგენტში მთელი ცხოვრების მანძილზე ინექციური ნარკოტიკების მოხმარების მაღალი მაჩვენებლები დააფიქსირეს (მაგალითად, 34% MTF-ებში და 18% FTM-ებში). რებაკის და ლომბარდის მიერ ლოს-ანჯელესში ჩატარებულ MTF ტრანსგენდერი ადამიანების კვლევაში, მონაწილეთა 35% სექს მუშაკი იყო. გარდა ამისა, წინა თვეში მონაწილეთა 37%-ს  ჰქონდა მიღებული ალკოჰოლი, 13%-ს მარიხუანა, 11%-ს კრეკი, 11%-ს მეტამფეტამინი, 7%-ს კოკაინი და 2% -ს – ჰეროინი. ეს მაჩვენებლები უფრო მაღალია, ვიდრე 1996 წლის ეროვნული კვლევის – ნარკოტიკის მოხმარება ოჯახში – მონაცემები, ქალებთან სექსის მქონე მამაკაცების მიერ წარსულში ნივთიერებათა მოხმარების შესახებ (მარიხუანა 8%, კოკაინი 1%, სხვა სტიმულატორები 1% და 0.1 ჰეროინი). შესაბამისად, ეს შედარებით მცირემასშტაბიანი კვლევები MTF სექს მუშაკებში გაზრდილ მოხმარებას აჩვენებს; თუმცა არ არსებობს სანდო მონაცემები, რაც ტრანსგენდერ ადამიანთა მრავალფეროვან ჯგუფებში მავნე ნივთიერებათა მოხმარების პრობლემას დაადასტურებდა.

მავნე ნივთიერებათა მოხმარების სოციალური და კულტურული კონტექსტი

ლგბტ ადამიანებში მავნე ნივთიერებათა მოხმარება სოციალურ და კულტურულ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. ჩვეულებრივ, ლგბტ ადამიანებისათვის თავშეყრის ადგილი ბარები იყო, რომლებიც სოციალური და სექსუალური კავშირების დამყარებას უწყობდა ხელს თემის წევრებს შორის, ამ კავშირების განვითარებისა და ლგბტ იდენტობის ჩამოყალიბების საშუალებას იძლეოდა. 2000 წელს ჩატარებულმა ოჯახების ეროვნულმა კვლევამ აღმოაჩინა, რომ გეი მამაკაცები, ლესბოსელი და ბისექსუალი ქალები მეტ დროს ატარებდნენ ბარებში, ვიდრე იმავე სქესის ჰეტეროსექსუალები. ლესბოსელებისათვის ბარის ძირითადი სოციალური სივრცის ფუნქცია მნიშვნელოვნად იყო დაკავშირებული ალკოჰოლის მოხმარებასთან.
განსაკუთრებით, გეი და ბისექსუალი კაცებისთვის, აბანოები და სექს-კლუბები ნივთიერების მოხმარების ადგილიც იყო და ახალ პარტნიორებთან შეხვედრისაც. სხვადასხვა გეი დაწესებულებებში მოსიარულე  გეი და ბისექსუალი მამაკაცების შესახებ არსებულმა თანამედროვე კვლევამ დაადგინა, რომ მათში, ვინც სექს-კლუბებსა და აბანოებს სტუმრობს, დაუცველი ანალური კავშირების ქონის მაღალი პროცენტი ფიქსირდება, მას კი, ვინც ცირკუიტ წვეულებებს ესწრება, დაუცველი ანალური კავშირის მაღალი შანსი აქვს პარტნიორთან, რომელსაც მისგან განსხვავებული აივ სტატუსი აქვს ან ვისი აივ-ინფიცირების სტატუსიც უცნობია. მეორე კვლევის თანახმად დადგინდა, რომ მამაკაცები, რომლებიც „წვეულების ნარკოტიკებს“ იყენებენ (მეტამფეტმინი, GHB, პოპერსი და ა.შ.), უფრო ინტენსიურად სტუმრობენ აბანოებსა და შეხვედრების საჯარო ადგილებს.
დღეს ინტერნეტი არა მარტო საზოგადოებრივი მხარდაჭერის მოპოვების ადგილი გახდა, არამედ ისეთი ახალი სექსუალური პარტნიორების მოძიებისაც, ვისაც მსგავსი ინტერესები აქვს მავნე ნივთიერებების მიმართ. ინტერნეტი სოფლად მცხოვრებ კაცებსაც აძლევს გეი და ბისექსუალი კაცების უფრო ფართო წრეებთან დაკავშირების შესაძლებლობას და ბარებთან ერთად, იგი კაცებისათვის სექსუალური პარტნიორების გაცნობის ყველაზე გავრცელებული გზაა . თუმცა, რამდენიმე კვლევა აჩვენებს, რომ გეი და ბისექსუალი მამაკაცები, რომლებიც ინტერნეტით ეძებენ პარტნიორს, სარისკო სექსუალური ქცევის, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისა და სექსის დროს  ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მოხმარების მაღალი მაჩვენებლებით გამოირჩევიან .

მავნე ნივთიერებათა მოხმარება და იდენტობა

უმცირესობათა ჯგუფების მიერ განცდილი სტრესი და მარგინალიზაცია ამ ჯგუფებში ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ჭარბად მოხმარების მიზეზად ხშირად სახელდება . ლგბტ ადამიანების მიმართ საზოგადოებაში არსებული უარყოფითი დამოკიდებულებები შესაძლოა ლგბტ ადამიანების სტრესის ძირითადი წყარო იყოს. ტერმინი ჰომოფობია ჰომოსექსუალობის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებების აღსანიშნად გამოიყენება, ინტერნალიზებული ჰომოფობია კი ლგბტ ადამიანების მიერ ამ უარყოფითი დამოკიდებულებების გათავისებას და მიღებას აღნიშნავს. მსგავსი ტერმინებია ჰეტეროსექსიზმი, ინტერნალიზებული ჰეტეროსექსიზმი და ინტერნალიზებული ჰომონეგატივიზმი. ამის მსგავსად, ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას ტრანსფობიას უწოდებენ, და როცა ეს უარყოფითი დამოკიდებულება ტრანსგენდერი ადამიანების მიერ არის ინტერნალიზებული, ამ მდგომარეობას ინტერნალიზებული ტრანსფობია ჰქვია. იმის მიუხედავად, გაცხადებული აქვს თუ არა ადამიანს საკუთარი ლგბტ იდენტობა, ასეთი ტიპის სტრესორებთან ყოველდღიურად გამკლავების საჭიროება ლგბტ ადამიანებში ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარების მაღალი მაჩვენებლების ერთ-ერთ ხელშემწყობ ფაქტორად მიიჩნევა. თუმცა, ჯერჯერობით ჰომოფობიას, ტრანსფობიასა და მავნე ნივთიერებების მოხმარებას შორის კავშირი გარკვევით დადგენილი არ არის. ზოგიერთმა კვლევამ ეს კავშირი ნაწილობრივ დაადასტურა , სხვებმა კი – არა . ამ თემაზე ჩატარებული მცირერიცხოვანი კვლევები მხოლოდ გეებსა და ლესბოსელებზე კონცენტრირდება, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის გავლენა ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების მიერ მავნე ნივთიერებების მოხმარებაზე კი ჯერ ცნობილი არ არის. ამ ურთიერთობების ადეკვატურად შესასწავლად დამატებითი კვლევებია საჭირო.

ბოროტად გამოყენებული ნარკოტიკები

ალკოჰოლი
ეთილის ალკოჰოლი (ეთანოლი) ჩვეულებრივი არასელექციური ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესანტია და ის სხვა დამამშვიდებელ-ჰიპნოტურ ნივთიერებებს ჰგავს; მისი გამოყენება იწვევს მოდუნებას, დამშვიდებას ან ეიფორიას. ის მალე შეიწოვება, მეტაბოლიზმით მალე იჟღინთება  სხეულში და მოქმედებს GABA ინჰიბიტორი ნეიროტრანსმიტერის სისტემაზე. ალკოჰოლის საზიანო მოქმედება კარგად არის დოკუმენტირებული და მოიცავს ღვიძლის, საყლაპავი მილის, ყელისა და ხორხის კიბოს რისკის ზრდას. გარდა ამისა, ალკოჰოლის მოხმარება ზრდის ავარიით გარდაცვალების, სამუშაო ან სხვა გაუთვალისწინებელი ტრავმების, თვითმკვლელობის ან მკვლელობის საფრთხეს. მაშინ, როცა დამტკიცებულია, რომ ალკოჰოლის მცირე რაოდენობით გამოყენება გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკს ამცირებს, ეს რისკი ძალიან იზრდება დიდი რაოდენობით მოხმარების დროს და თავშეკავებული მსმელების მიერ რიგი თავაშვებული სმის შედეგადაც.
არსებული მონაცემების მიხედვით, ალკოჰოლი ლგბტ ადამიანების მიერ ყველაზე ხშირად მოხმარებული რეკრეაციული ნარკოტიკია . მაგალითად, ქალაქში მცხოვრები MSM-ების შერჩევით ჯგუფში, გასული 6 თვის განმავლობაში ალკოჰოლს მონაწილეთა 85% იყენებდა. ზოგადად, გეი და ბისექსუალ კაცებთან შედარებით, ლესბოსელი და ბისექსუალი ქალების მიერ ალკოჰოლის მოხმარების და ბოროტად გამოყენების შესახებ მეტი მონაცემები არსებობს. მაგალითად, ლესბოსელებს ჰეტეროსექსუალ ქალებზე ხშირად მიუმართავთ ალკოჰოლიზმის მკურნალობისთვის და ზოგად მოსახლეობასთან შედარებით ბევრად ინტენსიურად ახასიათებთ ალკოჰოლის მოხმარება და ჭარბად გამოყენება. სხვა ლესბოსელების ეროვნული კვლევის მიხედვით, ლესბოსელებში უფრო ხშირია ალკოჰოლის მოხმარება, ჭარბად მოხმარება და თვითგაცხადებული ალკოჰოლიზმი, ვიდრე ზოგადად ქალების საკვლევ ეროვნულ კვლევებში. ზოგიერთი კვლევის მიხედვით კი, ლესბოსელებსა და ბისექსუალ ქალებში უფრო დიდია ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემები, ვიდრე სხვა ქალებში, თუმცა ამ მხრივ კაცებთან სექსუალური ორიენტაციის მიხედვით განსხვავება არ შეინიშნება.

მარიხუანა
მარიხუანა, რომელიც კანაბისის სახელითაც არის ცნობილი (ასევე პლანი, კანაფი, ბალახი, და ა.შ.) ყველაზე ფართოდ გავრცელებული არალეგალური ნარკოტიკია ზოგად მოსახლეობაში და ასევე ლგბტ ადამიანებშიც . მარიხუანა მზადდება მცენარე კანაფის გამხმარი ფოთლებისა და ყვავილებისაგან, ზოგჯერ ღეროსა და თესლისგანაც. მას უმეტესად სიგარეტის ფორმით ეწევიან თამბაქოსთან ერთად, ან წყლის ჩილიმში. ასევე შესაძლებელია მისი გადაყლაპვაც. მარიხუანას ძირითადი აქტიური აგენტი დელტა-9 ტეტრაჰიდროკანაბინოლია და მარიხუანაში მისი შემცველობა განსაზღვრავს მის მოქმედებას მომხმარებელზე. მარიხუანას სხვა ძლიერი ფორმებია „სინსემილა“, ჰაშიში, ან ჰაშიშის ზეთი. მარიხუანას ყველა ფორმა ცვლის ტვინის ფუნქციას, რაც გონების შეცვლის სხვადასხვაგვარ ეფექტებს იწვევს. სასურველი შედეგებია: ეიფორია, მოდუნება და შემოქმედებითობა. არასასურველი ეფექტებია შფოთვა, პარანოია, ათვისებისა და მეხსიერების პრობლემები, დამახინჯებული აღქმა, მოტორული კოორდინაციის დარღვევა და აჩქარებული გულისცემა.
მთელი ცხოვრების განმავლობაში მარიხუანას მომხმარებელთა რაოდენობა ლესბოსელებში 24%-36%-ია , გეი კაცებში 18%-37%, და ტრანსგენდერ ქალებში 13%. მრავალი კვლევის მიხედვით, ლესბოსელებსა და გეებში უფრო მაღალია მარიხუანას მოხმარების რიცხვი, ვიდრე ჰეტეროსექსუალ ქალებსა და კაცებში. თუმცა, ლესბოსელებისა და გეების მაჩვენებლებს შორის სხვაობა უფრო მცირეა, ვიდრე ქალებსა და მამაკაცებს შორის ზოგად მოსახლეობაში . ახალგაზრდებს მარიხუანას მოხმარების განსაკუთრებულად მაღალი ალბათობა აქვთ, და მონაცემები მოხმარების 79%-მდეც კი აღწევს. ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების მცირერიცხოვანმა კვლევებმა მარიხუანას მოხმარების მაჩვენებლების სპეციფიკურობის შესახებ ასეთი შედეგი აჩვენა, თუმცა მრავალი მიზეზი არსებობს იმის სავარაუდოდ, რომ ის ისეთივე მაღალია, როგორც ლესბოსელებსა და გეებში. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი MTF-ების კვლევამ აჩვენა, რომ გასულ წელს მონაწილეთა 71%-ს მარიხუანა მოწეული ჰქონდა.

კოკაინი
კოკაინი, (მას ასევე უწოდებენ კოკას, თოვლს, ცხვირის კანფეტსა და კრეკს), ფსიქოაქტიური სტიმულანტია, რომელიც მცენარე კოკას ფოთლებისგან მზადდება. კოკა სამხრეთ ამერიკის ანდების მცენარეა. ის მოქმედებს, როგორც  ვაზოკონსტრიქტორი – სისხლძარღვების შემავიწროვებელი – და როგორც ამ კლასის სხვა სტიმულანტები (მაგალითად ამფეტამინი), ზრდის მომხმარებლის ცენტრალური ნერვული სისტემის აქტივობას. მისი მიღების გავრცელებული გზებია შესუნთქვა, მოწევა (კრეკი) და ინტრავენური მოხმარება. კოკაინი ნეიროტრანსმიტერული სისტემიდან დოფამინის გამოყოფას უწყობს ხელს, და ბლოკავს ნეირონულ პრესინაფსურ შეწოვას. კოკაინით ინტოქსიკაციის კლინიკური შედეგი სხვადასხვაგვარია, და ხშირად დამოკიდებულია დოზაზე, მიღების ფორმაზე, მიღების სტილსა და მოხმარების ხანგრძლივობაზე. ფხვნილის ფორმით შესუნთქული კოკაინის ძირითადი ეფექტები 60-90 წუთი გრძელდება, მაშინ როცა მისი მოწევა (კრეკი) უფრო ხანმოკლე და ეიფორიულ პიკს იწვევს, დაახლოებით 5 წუთის ხანგრძლივობით.
კოკაინით ინტოქსიკაცია ხშირად ჩნდება მცირე ან დიდი დოზის მიღებისას. ამის მცირე  მოკლევადიანი ნიშნებია აჩქარებული გულისცემა, სისხლის წნევის ცვლილება, სისხლძარღვების შევიწროვება, ტემპერატურის მომატება და გუგების გაფართოება. კოკაინის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანები ხშირად განიცდიან ეიფორიას, მოჭარბებულ ენერგიას, გონებრივ ცვლილებებს, ჰიპერსექსუალობასა და მადის დაქვეითებას. კოკაინის ინტოქსიკაციამ შესაძლოა გამოიწვიოს ფსიქომოტორული აღგზნება, ჰიპერმგრძნობელობა და მოჭარბებულად ფხიზელი ქცევა, რაც მანიის სიმპტომებს მოგვაგონებს და შესაძლოა მომხმარებლისათვის სასიამოვნო არ იყოს. კოკაინის ქრონიკული მოხმარების გრძელვადიანი შედეგები კი შეიძლება იყოს გაღიზიანება, მუდმივი მოუსვენრობა, პარანოიდული იდეები, გუნება-განწყობილების პრობლემები (მაგალითად, დისფორიული განწყობა და დეპრესია), აღქმის პრობლემები (მაგალითად, სმენითი და შეხებითი – ტაქტილური ჰალუცინაციები) და ნივთიერებაზე დამოკიდებულების ჩამოყალიბება. კოკაინს ხშირად რამდენიმედღიანი წვეულებების დროს მოიხმარენ.
არსებული ეპიდემიოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ კოკაინის მოხმარება ლგბტ თემშიც გავრცელებულია. მაკკირანმა და პეტერსონმა გეი მამაკაცებში, მთელი ცხოვრების განმავლობაში, კოკაინის მოხმარების უფრო მაღალი მაჩვენებლები დააფიქსირეს. განსაკუთრებით 35 წელს გადაცილებული გეი კაცები ხდებიან კოკაინის უფრო ხშირი მომხმარებლები, ვიდრე ამავე ასაკის ზოგადი მოსახლეობა. ასევე, კოკრანმა და კოლეგებმა აღმოაჩინეს, რომ ჰომოსექსუალურად აქტიური ქალები და მამაკაცები უფრო ხშირად იყენებენ კოკაინს მთელი ცხოვრების განმავლობაში, ვიდრე ჰეტეროსექსუალურად აქტიური ქალები და მამაკაცები (20% და 12%). კროსბის და კოლეგების კვლევამ გამოავლინა, რომ სან-ფრანცისკოში მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცთა 25% კოკაინს მთელი ცხოვრების  მანძილზე მოიხმარდა. ამის მსგავსად, ტრანსგენდერთა ზოგიერთი ჯგუფი (ძირითადად MTF), ასევე დიდი რაოდენობით კოკაინს მოიხმარს. რებაკის და ლომბარდის მიხედვით, დასავლეთ ჰოლივუდში მცხოვრებ ტრანსგენდერ ადამიანთა შერჩევით ჯგუფში 19% მოიხმარდა კოკაინს ან კრეკს. როდესაც სექს მუშაობაც გაითვალისწინეს, როგორც ფაქტორი, აღმოჩნდა, რომ სექს მუშაკები კოკაინს სხვებზე მეტად იყენებდნენ (25% 3%-თან შედარებით).
კოკაინის მიღებისას სექსუალობის გაზრდის ეფექტის გათვალისწინებით, კვლევები ადასტურებს, რომ გეი მამაკაცები მას სექსის დროს იყენებენ, რაც აივ ინფიცირებისა და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების გავრცელების რისკის ზრდასთან ასოცირდება . კოლფაქსმა და კოლეგებმა გამოავლინეს, რომ ამერიკის დიდი ქალაქებიდან შერჩეული 4295 გეი კაცისაგან შედგენილ შერჩევით ჯგუფში, კოკაინის მომხმარებლები უფრო მეტი ალბათობით ამყარებდნენ დაუცველ კავშირებს ვიდრე სხვები. შესაბამისად, გარდა ნივთიერებაზე დამოკიდებულებისა და მის ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემებისა, რასაც კოკაინი იწვევს, გეი მამაკაცებსა და MTF ადამიანებს ასევე ეზრდებათ აივ ინფიცირებისა და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების საფრთხე.

მეტამფეტამინი
მეტამფეტამინი (ასევე ცნობილია, როგორც მეთი, სპიდი, კრისტალი, აისი, კრენკი და ტინა)  ძლიერი სტიმულანტია, რომელიც მზადდება ცივი და ფისტულური მედიკამენტების -ეფედრინი და ფსევდოეფედრინისგან. ის ამფეტამინის მსგავსია. ნარკოტიკი უმეტესწილად ფხვნილის ფორმით იყიდება, შესაძლებელია მისი შესუნთქვა, მოწევა, ნემსით გაკეთება, გადაყლაპვა ან სწორ ნაწლავში შეწოვა. მისი ეფექტები შესაძლოა 12 საათს ან უფრო მეტხანს გაგრძელდეს, რაც დოზაზეა დამოკიდებული და ის ხშირად გამოიყენება რამდენიმე დღიან წვეულებებზე . ეს იმიტომ ხდება, რომ მეტამფეტამინი უფრო იაფია და კოკაინთან შედარებით გაცილებით დიდხანს მოქმედებს, ასევე იმიტომ, რომ ის ადვილად ხელმისაწვდომია. შესაბამისად, ამ ნარკოტიკის მომხმარებლებს დამოკიდებულების განვითარებისა და ჭარბად მოხმარების დიდი შანსი აქვთ. ადამიანები მეტამფეტამინს იყენებენ ენერგიის მომატებისთვის, ეიფორიის გრძნობის გამოსაწვევად, მადის დასაკარგად, თვითშეფასების ასამაღლებლად და სექსის პროცესის წყვეტის გარეშე გასახანგრძლივებლად. დოფამინის ვეზიკულარული სისტემიდან გამოთავისუფლების და დოფანიმის გადამტანი ტრანსპორტერების შეჩერებით, მეტამფეტამინი ზრდის უჯრედგარე დოფამინის შემცველობას. ეს სასურველი ეფექტების მთავარ განმაპირობებელ ფაქტორად მიიჩნევა. მეტამფეტამინი ასევე იწვევს ეპინეფრინისა და სეროტონინის გამოყოფას.
მეტამფეტამინის მოხმარების შედეგად ადამიანს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მრავალი მოკლე და გრძელვადიანი პრობლემა უჩნდება. მეტამფეტამინის ხანგრძლივი მოხმარება დოფამინის გამოყოფას ამცირებს, რაც დოფამინის ტრანსპორტერის შემცირებული აქტივოდის და დოფამინის ნერვული ტერმინალების გადაგვარების ბრალია. ნივთიერების ხშირ მომხმარებლებში მადის დაქვეითებამ შესაძლოა სერიოზული წონის კლება გამოიწვიოს. მეტამფეტამინს გავლენა აქვს სისხლძარღვოვან სისტემაზე, მათ შორის ზრდის გულისცემასა და სისხლის წნევას, აჩენს ატიპურ გულის რითმს და ტაქიკარდიას. მეტამფეტამინის კიდევ ერთი უარყოფითი შედეგი გადაჭარბებული ქავილისა და ქექვის ქცევების მომატებაა, რამაც შესაძლოა დერმატოლოგიური დაზიანებები გამოიწვიოს. მეტამფეტამინი ასევე ასოცირებულია მწვავე დენტალურ დაავადებებთან, მისი მოხმარების დროს დენტალური ჰიგიენის დაცვის უგულებელყოფის გამო. ასეთი დაავადებებია:  ქსეროსტომია (მეტამფეტამინის სიმპათომიმიტეკური მოქმედებით გამოწვეული მუდმივი პირის სიმშრალე) და ბრუქსიზმი (კბილების გადაჭარბებული შლა). მეტამფეტამინის ინტოქსიკაციის ან ზედმეტი დოზის სხვა შედეგებია: რაბდომიოლიზი, იშემიური ეპიზოდები და მათ შორის დამბლა, მიოკარდიული ინფარქტი და მწვავე ჰიპერთერმია და კონვულსიები. მეტამფეტამინის და სხვა სტიმულანტების მომხმარება გეი და ბისექსუალ მამაკაცებში 10-ჯერ მაღალია, ვიდრე ზოგადად. მიუხედავად იმისა, რომ ცოტაა ცნობილი  ტრანსგენდერი ადამიანების მიერ მეტამფეტამინის გამოყენების შესახებ, ლესბოსელი და ბისექსუალი ქალები ასევე უფრო დიდი რაოდენობით მოიხმარენ ამ ნარკოტიკს, ვიდრე ზოგადი მოსახლეობა.

ოპიოიდები
ოპიოიდები ნარკოტიკული ტკივილგამაყუჩებლების კატეგორიაა; ისინი მზადდება ან ბუნებრივად (ოპიუმი, ჰეროინი, მორფინი), ან სინთეტიკურად (ოქსიკოდონი, ფენტენილი). ერთ-ერთი ხშირად მოხმარებული ოპიოიდია ჰეროინი, რომელიც ოპიუმის ყაყაჩოსაგან ბუნებრივად მიღებული ნარკოტიკული ნივთიერებაა. ჰეროინი ან ფხვნილია (თეთრი ან ყავისფერი), ან „შავი კუპრის“ ფორმა აქვს. ჰეროინის ტიპი დამოკიდებულია გეოგრაფიულ მდებარეობასა და ნარკოტიკების გადატანის ადგილობრივ ფორმებზე (მაგალითად, ფხვნილი ნიუ-იორკშია ხელმისაწვდომი, „შავი კუპრი“ კი – სან-ფრანცისკოში). ჰეროინის ეფექტები, სხვა ხანმოკლე ზემოქმედების მქონე ოპიოიდების მსგავსად (მორფინი, ოქსიკოდონი და ჰიდროკოდონი), მოიცავს ტკივილის შემცირებას და ეიფორიას. ოპიუმის მიღებისგან გამოწვეული ფიზიკური ეფექტებია გულის შენელებული ფუნქციონირება, შენელებული სუნთქვა, თვლემა, პირის სიმშრალე და კანის სიწითლე, ოპიოიდების ქრონიკული მოხმარების ხანგრძლივი ეფექტები კი მოიცავს შეგუებასა და დამოკიდებულებას, ასევე ინექციური ნარკოტიკების გამოყენებასთან ასოცირებულ სამედიცინო გართულებებს, (მაგალითად აივ ინფექცია, B და C  ჰეპატიტები), ვენურ დაავადებებსა და ბაქტერიულ ინფექციებს (მაგალითად, შეშუპებები, ცელულიტები და ენდოკარდიტი).
არსებული ეპიდემიოლოგიური მონაცემების მიხედვით, ლგბტ ადამიანებში ჰეროინის მოხმარება დაბალია. კოკრანის და კოლეგების კვლევამ ვერ იპოვა მნიშვნელოვანი განსხვავება ჰეტეროსექსუალურად ან ჰომოსექსუალურად აქტიურ ქალებსა და მამაკაცებს შორის ჰეროინის მთელი ცხოვრების მანძილზე ან უკანასკნელი თვის განმავლობაში მოხმარების კუთხით. ასევე, ვიდი და კოლეგები, თავიანთ მრავალგანზომილებიან კვლევაში MSM-ების შესახებ, საუბრობენ ჰეროინის ან სხვა ინექციური ნარკოტიკების მოხმარების სიმცირეზე (<2%). მათი მონაცემები უფრო დაბალია, ვიდრე ჰეტეროსექსუალი მამაკაცების კონტინგენტში ჰეროინის მოხმარების მაჩვენებელი (2.2%), რომელიც ეროვნული კვლევის მონაცემებში დაფიქსირდა. თუმცა, ის მცირედი ლიტერატურა, რომელიც ტრანსგენდერ ადამიანებზე არსებობს, მიანიშნებს, რომ MTF ტრანსგენდერი ადამიანები, ვინც სექს სამუშაოს ასრულებს, შესაძლოა ჰეროინის ან სხვა ინექციური ნარკოტიკის მოხმარების საფრთხის ქვეშ იმყოფებოდეს. სან-ფრანცისკოს ქუჩებში შერჩეული სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელი ტრანსგენდერი ქალების ერთმა კვლევამ ბოლო 6  თვის განმავლობაში ინექციური „ქუჩის ნარკოტიკების“ მოხმარების მაღალი რაოდენობა გამოავლინა. სექს სამუშაოსთან დაკავშირებული ტრანსგენდერი ქალების მიერ ჰეროინის მოხმარების უკეთ შესასწავლად, საჭიროა მეტი კვლევები.
მთლიანობაში, ლგბტ თემში ჰეროინის მოხმარების რიცხვი დაბალია. თუმცა, ეროვნული ეპიდემიის მასშტაბით, იზრდება ოპიოიდების სამედიცინო დანიშნულებით მოხმარება, ბოროტად გამოყენება და მასზე დამოკიდებულება. ნარკოტიკის მოხმარებისა და ჯანმრთელობის ეროვნული კვლევის „მომავლის მონიტორინგისა“ და ნარკოტიკების ბოროტად გამოყენების გამაფრთხილებელი ქსელის ანგარიშის მიხედვით, ნარკოტიკი მოხმარების ყველა ეროვნული ინდიკატორი უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში ოპიოიდების სამედიცინო მიზნით დანიშვნის მნიშვნელოვან ზრდას და ახალგაზრდების მიერ მათი მოხმარების მონაცემების მომატებას აჩვენებს . ლგბტ ადამიანების შესახებ არსებული მცირედი მონაცემები მიანიშნებს, რომ შესაძლოა გეები და ლესბოსელები ჰეტეროსექსუალებზე მაღალი ინტენსივობით იყენებდნენ ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტებს. კოკრანის კვლევის მიხედვით, ჰეტეროსექსუალურად აქტიურ მამაკაცებთან შედარებით, ჰომოსექსუალურად აქტიური მამაკაცები ტკივილგამაყუჩებლებს ორჯერ უფრო ხშირად მოიხმარენ. ამის მსგავსად, ჰომოსექსუალურად აქტიური ქალების მონაცემების თანახმად, გასული თვის განმავლობაში ისინი მნიშვნელოვნად უფრო ხშირად მოიხმარდნენ ტკივილგამაყუჩებლებს, ვიდრე ჰეტეროსექსუალურად აქტიური ქალები. გარდა ამისა, ინტერნეტ მარკეტინგისა და უცხოეთში განთავსებული აფთიაქების რაოდენობის ზრდის წყალობით, რომლებიც რეცეპტის გარეშე ყიდიან ექიმის დანიშნულების საჭიროების მქონე პრეპარატებს, ექიმის დანიშნულების გარეშე ადამიანებს დიდი რაოდენობით ტკივილგამაყუჩებლების მოპოვება უკვე სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ. თანამედროვე კვლევამ აჩვენა, თუ რა ადვილად არის შესაძლებელი ოპიოიდების გამოწერა ინტერნეტში სამიზნე სიტყვების მარტივად მოძებნით. სიტყვების – „კოდეინი“ და „ვიკოდინი“ – ინტერნეტში ძებნის შედეგად მოძიებული ინტერნეტ ბმულების ნახევარზე მეტი „ექიმის დანიშნულების გარეშე“ ვებ-საიტებია. დანიშნულების აუცილებლობის მქონე ოპიოიდების ხელმისაწვდომობა და გეებისა და ლესბოსელების მიერ მათი გამოყენების შესახებ არსებული ინფორმაცია მიანიშნებს მომავალში კვლევების ჩატარების აუცილებლობაზე, რათა უკეთ შევისწავლოთ ლგბტ ადამიანების მიერ ოპიოიდების გამოყენება და ბოროტად გამოყენება.

ჰორმონები
რადგან ჰორმონებს ძალიან დიდი გავლენა აქვთ ადამიანის სხეულის ფორმასა და განწყობაზე, ისინი ბევრი (თუმცა არა ყველა) ტრანსგენდერი ადამიანისათვის აუცილებელია, რათა საკუთარ სხეულთან მიმართებაში კომფორტულად იგრძნონ თავი. მრავალ ტარანსგენდერ ადამიანს, განსაკუთრებით კი მამაკაციდან-ქალზე ტრანსგენდერებს, უჭირს სამსახურის პოვნა და ჯანდაცვის მომსახურებების მისაღებად არც ჯანმრთელობის დაზღვევა აქვთ. მრავალი მათგანი ჰორმონებს ქუჩაში, არალეგალურად, მეგობრებისგან ან მედიცინასთან დაუკავშირებელი მიმწოდებლებისგან შოულობს. სან-ფრანცისკოში ჩატარებულ ერთ-ერთ ფართომასშტაბიან კვლევაში გამოჩნდა, რომ ტრანსგენდერი ქალების 73% და ტრანსგენდერი მამაკაცების 53% ჰორმონებს იყენებდა, აქედან ტრანსგენდერი ქალების 42% და ტრანსგენდერი მამაკაცების 97% სპეციფიკურად – ინექციურ ჰორმონებს. ამ შერჩევითი ჯგუფის უმეტესობა ჰორმონებს სამედიცინო მიმწოდებლისაგან იღებდა ( MTF-71%, FTM-97%), თუმცა ტრანსგენდერ ქალთა მესამედზე მეტს (29%) ეს ჰორმონები ქუჩებში, „შავ ბაზარზე“, ან მეგობრებისაგან ჰქონდა მოპოვებული. ამ გზას კი ტრანსგენდერი მამაკაცების მხოლოდ 3% იყენებდა. ახალგაზრდებისათვის ჰორმონების სამედიცინო წყაროდან მოპოვება კიდევ უფრო რთულია. ჩიკაგოში ეთნიკური უმცირესობის ჯგუფს მიკუთვნებულ ახალგაზრდა ტრანსგენდერ ქალთა შერჩევითი ჯგუფის 61% იყენებდა ჰორმონებს, და მათგან მხოლოდ 29% იყო სამედიცინო წყაროდან მოპოვებული.
თანამედროვე კვლევების თანახმად, არალეგალურად მოპოვებულ სტეროიდებს გეი მამაკაცებიც იყენებენ. ზოგიერთი გეი კაცი ანაბოლიკურ სტეროიდებს კუნთების გაზრდის სასტიმულაციოდ და გარეგნობის შესაცვლელად იყენებს. ლონდონის ერთ-ერთი გამოკითხვის მიხედვით, რომელშიც 6 სხვადასხვა სპორტდარბაზში მოსიარულე 772 გეი კაცი იღებდა მონაწილეობას, მონაწილეთა 155 გასული 12 თვის განმავლობაში იყენებდა სტეროიდებს, აქედან 12% ინექციურ სტეროიდებს.  ამ კვლევის მონაწილეთაგან, სტეროიდების ყველა მომხმარებელი ნივთიერების ისეთ უსიამოვნო გვერდით ეფექტებზე საუბრობდა, როგორიცაა: სათესლე ჯირკვლების ატროფია, ინსომნია, დეპრესია და მაღალწნევიანობა. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ უკანონო ჰორმონების გამოყენების ზეგავლენა ჯანმრთელობაზე კარგად შესწავლილი არაა და საჭიროა მეტი კვლევები ტრანსგენდერი ადამიანებისა და გეი მამაკაცების მიერ მათი მოხმარების მავნე შედეგების აღსაწერად.

კლუბური ნარკოტიკები
„კლუბურ ნარკოტიკებს“ ან „წვეულების ნარკოტიკებს“, მიაკუთვნებენ ნარკოტიკთა იმ კატეგორიას, რომლებსაც ზრდასრული ადამიანები ან თინეიჯერები იყენებენ ღამის კლუბებში, ბარებში ან დიდ წვეულებებზე. თუმცა კლუბური ნარკოტიკების მოხმარება მხოლოდ ამ კონტექსტებით არ შემოიფარგლება. კლუბური ნარკოტიკები პოპულარულია ახალგაზრდა ზრდასრულ ადამიანებსა და ქალაქში მცხოვრებ MSM-ებში. რადგან  მრავალ ქალაქში დიდი წვეულებები და საცეკვაო კლუბები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდება, კლუბური ნარკოტიკების გამოყენება ძირითადად ენერგიის გასახანგრძლივებლად ხდება,  დიდი დროის განმავლობაში საცეკვაოდ და ხელისშემშლელი სოციალური ფაქტორების თავიდან ასარიდებლად. რადგან კლუბური ნარკოტიკების მომხმარებელთა უმეტესობა ამ ნარკოტიკების გამოყენებას „რეკრეაციულს“ უწოდებს, გავრცელებულია ცრუ მოსაზრება, თითქოს ისინი ნაკლებად მავნებელნი არიან. შემდეგ სექციაში განვიხილავთ გავრცელებულ კლუბურ ნარკოტიკებს და მასთან ასოცირებულ რისკებს.

MDMA
MDMA (3,4 მეთილენედიოქსიმეტამფეტამინი, ასევე ცნობილი ექსტაზის, იქსის, იქტისის, როლსის და ადამსის სახელით) ძირითადად ტაბლეტის ფორმით გამოიყენება. MDMA-ს ეიფორიული, ეიფორიის გამაძლიერებელი და სტიმულაციური ეფექტები აქვს, რაც სამიდან ექვს საათამდე გრძელდება. ქიმიურად ის ჰალუცინოგენ მესკალინისა და ამფეტამინის მსგავსია. მიიჩნევა, რომ MDMA მომხმარებელზე ეფექტს სეროტონინის გამოყოფის გაზრდითა და მისი შეწოვის შეფერხებით ახდენს . მისი მომხმარებლები ხშირად მონაწილეობენ ცეკვის ხანგრძლივ შეჯიბრებში. ვინაიდან ეს აქტივობა უკავშირდება ორგანიზმის რესურსების ამოწურვას, მან შესაძლოა ხელი შეუწყოს MDMA-სთან ასოცირებულ დაავადებებსა და სიკვდილიანობას. მიუხედავად იმისა, რომ MDMA-სთან დაკავშირებული ყველაზე ძლიერი სამედიცინო პრობლემები ხშირი არაა, ის იწვევს პრობლემებს ტემპერატურისა და სისხლის წნევის რეგულირების კუთხით, რასაც მოჰყვება ჰიპერთერმია მაღალი წნევა, ტაქიკარდია, ჰიპონატრემია (სოდიუმის დაბალი შემცველობა სისხლში), რაბდომიოლისი (კუნთების დაზიანება), ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება და სიკვდილი . გარდა ამისა, MDMA-ს ტაბლეტები შესაძლოა სხვა ისეთ ნივთიერებებსაც შეიცავდეს, როგორებიცაა მეტამფეტამინი და ფსევდოეფედრინი, რომლებსაც შესაძლოა დამატებითი ან MDMA-სთან შერწყმული ეფექტები ჰქონდეთ. ძლიერი MDMA ინტოქსიკაციის სამკურნალოდ საჭიროა სითხისა და ელექტროლიტური ბალანსის აღდგენა, აგრეთვე ღვიძლის ფუნქციონირების შეფასება და მკურნალობა.
მიუხედავად იმისა, რომ MDMA-ზე დამოკიდებულების გაჩენის შესაძლებლობის დასადასტურებლად მცირედი მონაცემები არსებობს, იგი ტიპურად შეუწყვეტლად გამოიყენება. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევაში,  MDMA-ს მიწოდება  სეროტოგენური აქტივობის დაქვეითებას იწვევს, რაც სავარაუდოდ MDMA-ს ტოქსიკურობით განპირობებული სეროტოგენური ნეირონების შემცირების ბრალია . მაშინ, როცა ზოგიერთი (თუმცა არა ყველა) კვლევა MDMA -ს მომხმარებლებში აფიქსირებს კოგნიტური უნარების დაქვეითების, ინსომნიის, დეპრესიისა და შფოთვიანობის მაღალ მაჩვენებლებს , ასევე არსებობს მონაცემები, რომლის მიხედვითაც MDMA-ს გამოყენებას კლინიკურად მნიშვნელოვანი ნევროლოგიური შედეგები მოჰყვება. კვლევების მიხედვით, გეი კაცები, ვინც „ცირკუიტ“ წვეულებებს ესწრებიან  (მაგალითად, შაბათ-კვირის საცეკვაო წვეულებები გეი მამაკაცებისათვის), MDMA-ს მოიხმარენ. ამის საილუსტრაციოდ გამოდგება კოლფაქსის და კოლეგების კვლევა, რომლის თანახმადაც, სან-ფრანცისკოში მცხოვრებ მონაწილეთა 80%-ს  ბოლო დიდი წვეულების დროს  MDMA ჰქონდა მოხმარებული.

კეტამინი
კეტამინი (ასევე „კ“-ს და სპეციალური „კ“-ს სახელით ცნობილი) დისოციაციური საანესთეზიო საშუალებაა, რომელიც ვეტერინარულ მედიცინაში გამოიყენება; რეკრეაციული მიზნით, კეტამინი სამედიცინო წყაროებიდან არალეგალური გზით მოიპოვება. საანესთეზიო საშუალებისა და პენციკლიდინის ჰიდროქლორიდისგან შექმნილ კეტამინს ძლიერი ჰალუცინოგენური და ეიფორიული ეფექტები აქვს. ის ხშირად სხვა კლუბურ ნარკოტიკებთან ერთად გამოიყენება . მისი მოხმარება შესაძლებელია შესუნთქვით, ინექციით ან დალევით. კეტამინის მოქმედება პირველადი ეფექტის განმეორებით ხასიათდება (1-დან 30 წუთამდე, მიღების ფორმის მიხედვით) და 30-დან 180 წუთამდე გრძელდება. დიდი დოზის შედეგად, მომხმარებელი შესაძლოა გადავიდეს „კ-ორმოში“, რაც უძრაობის, დისოციაციური ფაზაა. ამ ფაზიდან გამოსვლა ნარკოტიკის მოქმედების დასრულების შემდეგაა შესაძლებელი. გარდა ამისა, ნივთიერების მიღებისგან გამოწვეული უარყოფითი შედეგები მოიცავს მღელვარებას, ამნეზიას, მაღალწნევიანობას, ბოდვებს, დეპრესიას, ტაქიკარდიას, რაბდომიოლისს, გულისრევასა და რესპირატორულ დეპრესიას . ძლიერი გართულების მკურნალობა მოიცავს მხარდაჭერას და ზრუნვას, Volume repletion. შესაძლოა, ძლიერი აღელვების შემთხვევაში ბენზოდიაზეპინით მკურნალობაც სასურველი იყოს.
მიიჩნევა, რომ კეტამინი მომხმარებლებზე პირველ რიგში ტვინის რეცეპტორ N-მეთილ-D-ასპარტატზე ზეგავლენით მოქმედებს, სადაც ის სხვა ნეიროქიმიკალებთან  competes for bindind sites. N-მეთილ – D-ასპარტატის დისფუნქცია ფსიქოზთან და შიზოფრენიასთან ასოცირდება; ასეთივე სიმპტომები ჩანს კეტამინის მომხმარებლებში. მიუხედავად იმისა, რომ მონაცემებისგან დასკვნების გაკეთება რთულია, ზოგიერთი კვლევა მიანიშნებს, რომ კეტამინის ხშირი მოხმარებით გამოწვეული ჩავარდნები მეხსიერებაში და დამახინჯებული აღქმა შესაძლოა ნივთიერების მოქმედების გასვლის შემდეგაც შენარჩუნდეს. კეტამინზე დამოკიდებულება გამოიხატება სურვილითა და კეტამინზე შეჩვევით, თუმცა სხვა ფიზიოლოგიური საჭიროების სიმპტომები არ აღინიშნება . ლგბტ მოსახლეობაში კეტამინის მოხმარების სიხშირე არაა ცნობილი, თუმცა კლუბის ნარკოტიკების გამოყენებით ცნობილ „ცირკუიტ“ წვეულებებზე მოსიარულე MSM-ების შესახებ არსებული ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ბოლო წვეულებაზე მონაწილეთა 58-66%-ს კეტამინი მიღებული ჰქონდა.

GHB
გამა ჰიდროქსი ბუტირატი (GHB) მეტაბოლიტია, რომელიც ადამიანის ტვინში ბუნებრივად წარმოიქმნება. სინთეტიკური GHB და მისი შემადგენელი ნივთიერებები ეიფორიის ეფექტის გამოსაწვევად გამოიყენება. ეს კონტროლირებული ნივთიერებაა, რომელიც ალკოჰოლიზმის და ნარკოლეფსიის სამკურნალოდ გამოიყენება. GHB იქმნება ადვილად ხელმისაწვდომი ინდუსტრიული ქიმიკატებისაგან და შექმნის ინსტრუქცია ინტერნეტშია ხელმისაწვდომი. GHB უმეტესად ისმევა სითხის ფორმით, მომხმარებელზე გავლენას 10-20 წუთში ახდენს, და მისი ეფექტები შესაძლოა 4 საათი გაგრძელდეს. GHB-ს დაბალი უსაფრთხოების ინდექსი აქვს, და დოზის მცირედმა გაზრდამ შესაძლოა ეიფორიიდან პირდაპირ მოდუნებულ ნარკოტიკულ კომაში გადასვლა და რესპირატორული დეპრესია გამოიწვიოს. ეს განსაკუთრებით საშიშია იმიტომ, რომ GHB-ს სიძლიერე მომზადებისას შესაძლოა ძალიან მცირედი დოზებით შეიცვალოს; და შესაძლოა მომხმარებელმა გაუცნობიერებლად მიიღოს ზედმეტი დოზა, მაშინ როცა იგივე რაოდენობით ნარკოტიკს იღებს, რაც წინა დალევაზე უპრობლემოდ  მიიღო. ნარკოტიკის კონცენტრაციაში ასეთი ვარიაციები, კომბინირებული იმ ფაქტთან, რომ GHB-ს ალკოჰოლთან ერთად მიღება უსაფრთხოებას საგრძნობლად ამცირებს, ალბათ GHB-ს მიღების პრობლემებით  გამოწვეული სასწრაფო გამოძახებების მაღალი რიცხვის მიზეზია. ამ ეფექტების გამო, GHB სექსუალური ძალადობისას ხშირად გამოყენებული ნარკოტიკია. GHB-ს სხვა მძიმე შედეგები მოიცავს ამნეზიას, დეპრესიას, გაურკვევლობას, აღელვებისა და კომის ურთიერთშემცვლელ ფაზებს, გულის წასვლას, ჰიპოტონიას, ატაქსიას, თვალების უკონტროლო მოძრაობას, სახისა და კიდურების შემთხვევით სპაზმურ მოძრაობებსა და აპოპლექსიურ დამბლას . GHB-თი გამოწვეული სიკვდილი ხშირად უკავშირდება გაგუდვას, რესპირატორულ დეპრესიასა და ფილტვის ედემას. ინტოქსიკაციის მკურნალობა მოიცავს მხარდაჭერას და შესაძლოა საჭირო გახდეს ხელოვნური სუნთქვის ჩატარება. GHB უკავშირდება როგორც GHB-ს, ასევე გ-ამინობუტირიკული მჟავის რეცეპტორებს, რომლებიც მეხსიერებასა და ძილს არეგულირებენ; GHB-ს გარეგანი მიღების შედეგები ჩნდება მის გ-ამინობუტირიკული მჟავის B ტიპის რეცეპტორებთან ურთიერთქმედებით. GHB ასევე უკავშირდება ცენტრალური ნერვული სისტემის  დოფამინოგენური აქტივობის ცვლილებას და არსებობს მტკიცებულებები, რომ ის ტვინში დოფამინის დონეს ამცირებს.
მომხმარებლებს შესაძლოა გაუჩნდეთ დამოკიდებულება, რომლის სიმპტომებიც (გულისრევა, კანკალი, ინსომნია) ნივთიერებისთვის თავის დანებების შემთხვევაში ორი კვირის განმავლობაში გრძელდება. შესაძლოა, ეს პროცესი ხანგრძლივად, რამდენიმე თვის განმავლობაშიც  გაგრძელდეს (მისი სიმპტომებია შფოთვა, დისფორია და მეხსიერების პრობლემები) . თავის დანებების პროცესის გასაადვილებლად საჭიროა მხარდაჭერა, შესაძლოა ბენზოდიაზეპინის გამოყენებაც. ცოტაა ცნობილი ლგბტ ადამიანების მიერ GHB-ს მოხმარების შესახებ, თუმცა ის ხშირად გამოიყენება MSM-ებში „ცირკუიტ“ წვეულებებზე,  25-29% კი მას სხვადასხვა წვეულების დროს მოიხმარს.

პოპერსი
მიუხედავად იმისა, რომ შესასუნთქი ნიტრიტი, რომელიც ასევე პოპერსის სახელითაა ცნობილი, ყოველთვის არ მოიაზრება კლუბურ ნარკოტიკად, გადავწყვიტეთ ამ თავში განგვეხილა, რადგან ისინი ხშირად გამოიყენება წვეულებებზე აივ ინფექციის რისკის მქონე ან ინფიცირებული MSM-ების მიერ. ეს ინჰალანტები შესაძლოა შედგებოდეს ამილის, ალკილის ან ბუტილის ნიტრიტების სხვადასხვა ფორმებისგან. პოპერსი ინტერნეტში ხშირად იყიდება, როგორც საწმენდი საშუალება, თუმცა ზოგიერთ გვერდზე უფრო გარკვევით ახდენენ მის რეკრეაციულ ნარკოტიკად  რეკლამირებას. ნიტრატებს უმეტესად ცხვირით შეისუნთქავენ, რაც სისხლძარღვების მყისიერ გაფართოებას იწვევს. ამის შედეგია სიმსუბუქის განცდა და ეიფორია, რაც შესაძლოა ძლიერ თავის ტკივილშიც გადაიზარდოს. ამ სიმპტომებს თან ერთვის ტაქიკარდია და სისხლის წნევის დაცემა. პოპერსის სხვა უარყოფითი შედეგები შეიძლება იყოს ალერგიული რეაქცია, ჰემოლიზური ანემია და მეთემოგლობინემია. პოპერსის მეტაბოლიზმი სწრაფია, და მისი ეფექტი უმეტესად რამდენიმე წუთიანია.
მისი ორგაზმის გამახანგრძლივებელი ფუნქციის გამო, პოპერსს უმეტესწილად სექსუალურ გარემოში იყენებენ. ის ასევე ადუნებს ანალურ სფინქტერს და ანალურ სექსს უფრო კომფორტულს ხდის. პოპერსის ფოსფოდიესთერაზას ისეთ შემაკავებელთან ერთად გამოყენება, როგორიცაა სილდენაფილ ციტრატი (ვიაგრა), წინააღმდეგობრივია, რადგან  სისხლძარღვების ამ ორი გამაფართოვებლის ერთად გამოყენებამ შესაძლოა კარდიოვასკულარული კოლაფსი გამოიწვიოს. პოპერსი ასევე ასოცირებულია ჰერპესის ვირუსთან, სავარაუდოდ პოპერსის გამოყენებასთან დაკავშირებული სექსუალური პრაქტიკების გამო.

სექსუალურად სარისკო ქცევა და ნარკოტიკების მოხმარება

გეი კაცებს შორის
ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანების სექსუალური კავშირი აივ ინფექციის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რისკ ფაქტორია, რადგან ამ დროს ხშირია დაუცველი სექსუალური პრაქტიკები. თუმცა, სხვადასხვა ნარკოტიკის მოხმარებას, აივ ინფიცირებისა და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (სგგი) გავრცელების ხელშემწყობ სარისკო სექსუალურ ქცევას შორის კავშირების დადგენა და დასკვნების გამოტანა რამდენიმე ფაქტორით ფერხდება. კროს-სექციურ კვლევებში, კვლევები, რომლებიც მავნე ნივთიერებათა მოხმარებასა და სექსუალურ რისკს შორის კავშირს ადევნებენ თვალს, ხშირად ცალ-ცალკე არ განიხილავენ ზოგადად ნივთიერებათა მოხმარებას და ნივთიერებათა მოხმარებას სპეციფიკურად სექსუალურ კონტექსტში. შესაძლოა, ასეთივე მიდგომა ჰქონდეთ ლონგიტიდურ კვლევებს, რაც მიზეზშედეგობრივ კავშირს საკმაოდ ბუნდოვანს ხდის. მაგალითად,  ნივთიერებათა მოხმარება შესაძლოა სარისკო სექსუალურ ქცევაში ჩართვით გამოწვეულ შფოთვასთან გამკლავების მექანიზმი იყოს.  მაშინაც კი, როცა დროებითი ფაქტორები გათვალისწინებულია, სხვა პოტენციურად გაუზომელი ფაქტორები, როგორიცაა დეპრესია, ახალი შთაბეჭდილებების ძიება, როგორც თავისთავადი მიზანი, სხვადასხვა ნარკოტიკების მოხმარება, პარტნიორის ტიპი, სექსუალური ქცევისა და ნივთიერების მოხმარების კონტექსტი, – საკმაოდ ართულებს ერთ ნივთიერებასა და მასთან ასოცირებული სექსუალურად სარისკო ქცევის ქონის მაღალ რისკს შორის ასოციაციის ინტერპრეტაციას.
მიუხედავად ასეთი შეზღუდვებისა, კვლევების უმეტესობა (თუმცა არა ყველა), სექსუალურად სარისკო ქცევასა და პოპერსისა და მეტამფეტამინების გამოყენებას შორის მნიშვნელოვან კავშირს აჩვენებს. ეს ორი ნარკოტიკი დამოუკიდებლადაც ასოცირებულია აივ ინფექციასა და სგგს-სთან . პოპერსის მომხმარებლებში აივ ინფიცირების რისკის გაორმაგებას რამდენიმე კვლევა ამტკიცებს; ამის მსგავსად, მეტამფეტამინის მომხმარებლებში აივ ინფიცირების რისკის ზრდაც მრავალგან დაფიქსირდა . აივ ტესტირების ჩატარების მსურველი MSM-ების თანამედროვე კვლევამ აჩვენა, რომ აივ ინფიცირების მაჩვენებელი მეტამფეტამინის მომხმარებლებში 6.3% იყო, არამომხმარებელთა 2.1%-თან შედარებით. ზოგიერთ, მაგრამ არა ყველა კვლევაში, MDMA-ს მოხმარება ასოცირებულია დაუცველ ანალურ სექსთან და სექსუალური პარტნიორების გაზრდილ რაოდენობასთან . კეტამინისა და GHB-ს მოხმარებაც ასევე ზოგიერთ, თუმცა არა ყველა, კვლევაშია ასოცირებული სარისკო სექსუალურ ქცევასთან .
მეტამფეტამინის სპეციფიკურად სექსუალურ კონტექსტში გამოყენება უფრო ხშირია აივ-ინფიცირებული მამაკაცებში, არაინფიცირებულ მამაკაცებთან შედარებით . MSM-ების შესახებ არსებული რამდენიმე კვლევა (რომლების მონაწილენიც უმეტესად თვითიდენტიფიცირებული გეები არიან), ამბობს, რომ არამომხმარებლებთან შედარებით, მომხმარებლებს სამჯერ მაღალი ალბათობით აქვთ დაუცველი სექსი. მათ უფრო ხშირად უზიანდებათ ან ძვრებათ პრეზერვატივი, გადაეცემათ სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია, ან ინფიცირდებიან აივ ვირუსით . ასეთი რისკები მაღალია როგორც მუდმივ, ისე არასტაბილურ მომხმარებლებს შორის. ერთ-ერთმა თანამედროვე კვლევამ გამოავლინა აივ ინფიცირების გაზრდილი საფრთხე მეტამფეტამინის მომხმარებლებში კონკრეტული სექსუალურად სარისკო ქცევების შეცვლის შემდეგაც, მაგალითად აივ-ინფიცირებულ ადამიანებთან დაუცველი ანალური სექსის შემთხვევაში. ეს კი მიანიშნებს, რო მეტამფეტამინის გამოყენება აივ-ინფიცირების საფრთხეს სარისკო ქცევის ალბათობის გაზრდის გარეშეც ამაღლებს. სავარაუდოდ, ამის მიზეზი გახანგრძლივებული ინტერკურსია, სადაც იზრდება პრეზერვატივის მთლიანობის დარღვევის ან ლორწოვანი გარსის დაზიანების საფრთხე.

მრავალ, თუმცა არა ყველა კვლევაში, MSM-ებში მაღალი რისკის მქონე სექსუალურ ქცევასთან ალკოჰოლიც არის დაკავშირებული. ალკოჰოლის გადაჭარბებული მიღება და ალკოჰოლის მიღება სექსუალურ აქტამდე დაუცველ სექსთან ასოცირდება და სექსუალური პარტნიორის ტიპიდან გამომდინარე (მაგალითად, სტაბილური ან შემთხვევითი პარტნიორი), ალკოჰოლმა შესაძლოა სხვადასხვაგვარად გაზარდოს სექსუალური რისკი . ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, აივ-უარყოფით მამაკაცებს, რომლებიც ექვს ან მეტ ჭიქა ალკოჰოლს სვამდნენ სექსამდე, 2.4-ჯერ მაღალი ალბათობით ჰქონდათ დაუცველი ანალური კავშირი ახალ სექსუალურ პარტნიორთან. ალკოჰოლისა და სექსუალურ რისკს შორის კავშირის სავარაუდო ახსნები მოიცავს ალკოჰოლის მიერ დაცულობის მოთხოვნის შემცირებას, დალევის შემდგომ რისკის აღქმის შემცირებას. იმ MSM-ების კონტინგენტში, ვისაც რისკზე წამსვლელი პიროვნული მახასიათებლები აქვთ, გავრცელებულია ფხიზელ მდგომარეობაში მიუღებლად აღქმული ქცევების ალკოჰოლით გამართლება ან ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარება.
მიიჩნევა, რომ სარისკო ქცევების გაზრდილი მაჩვენებლები და ნარკოტიკის მოხმარებით გამოწვეული აივ ინფიცირებისა და სგგი-ს გაზრდილი საფრთხე ნივთიერებების მიერ შემაკავებელი ფუნქციების შემცირების ბრალია. თუმცა, სხვა ფაქტორებიც, მაგალითად სექსუალური ინტერკურსის გახანგრძლივება, ტკივილის შეგრძნების შემცირება, რაც ლორწოვანი გარსის დაზიანების საფრთხეს ზრდის, ამ ნივთიერებების მიერ იმუნიტეტის დაქვეითება და სხვა, ასევე მიიჩნევა რისკის ამამაღლებელ მიზეზებად, სექსუალური ქცევის კონტროლის შემთხვევაშიც კი. ზოგიერთი ნარკოტიკი კონდომის დაზიანებასთანაც არის ასოცირებული, რაც მიანიშნებს, რომ მაშინაც კი, როდესაც არსებობს დაცული სექსის მცდელობა, ნარკოტიკების მოხმარებამ შესაძლოა სექსუალური რისკი მაინც გაზარდოს.

ტრანსგენდერ ადამიანებს შორის
აივ ინფიცირების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად მაღალია MTF ტრანსგენდერ ადამიანებში,  განსაკუთრებით კი ლათინო და აფროამერიკელ ადამიანებში. ტრანსგენდერ ქალებში აივ ინფექცია 14%-დან 68%-მდეა გავრცელებული და მონაცემები დამოკიდებულია შერჩევითი ჯგუფის მონაწილეების წარმომავლობაზე . სან-ფრანცისკოს მონაცემია 35%, ვაშინგტონში 32%, ჰიუსტონში 27%, და ჩიკაგოს ეთნიკურ უმცირესობებს მიკუთვნებულ ახალგაზრდა MTF-ებში – 22%. შედარებით ნაკლებია ცნობილი აივ ინფიცირების მაჩვენებლების შესახებ FTM ტრანსგენდერ ადამიანებში. იუწყებიან, რომ მათი მონაცემები 2%-დან 3%-მდეა. მეტი კვლევაა საჭირო გეიდ იდენტიფიცირებული FTM-ების საკვლევად, რომლებიც მიიჩნევა, რომ უფრო მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან.
ტრანსგენდერ ადამიანებში აივ ინფექციას მუდმივად უკავშირებენ ნივთიერებათა მოხმარებას. სან-ფრანცისკოში, ინტრავენური ნარკოტიკების მომხმარებლებს აივ ინფიცირების  2.69-ჯერ მეტი რისკი ჰქონდათ, ვიდრე არამომხმარებლებს. ვაშინგტონში, ტრანსგენდერი ადამიანები, ვინც ნივთიერების გამოყენების პრობლემებზე საუბრობდა, სხვებთან შედარებით ორჯერ მაღალი მაჩვენებლით იყვნენ ინფიცირებულნი. ამ პოპულაციაში ნივთიერებათა მოხმარებისას შემთხვევით პარტნიორებთან დაუცველი სექსუალური კავშირი განსაკუთრებით ხშირია. ასევე აღმოჩნდა, რომ ტრანსგენდერ ქალებს უფრო ხშირად ჰყავთ ინტრავენური ნარკოტიკების მომხმარებელი  ხანგრძლივი სექსუალური პარტნიორები, ვიდრე ჰეტეროსექსუალ ქალებს.

ნარკოტიკის მოხმარების გავლენა აივ ინფექციის მატარებლებზე

აივ დაავადებაზე სხვადასხვა ნივთიერების გავლენის შესახებ მცირე ინფორმაცია არსებობს. თუმცა მეტამფეტამინი, MDMA და პოპერსი უჯრედულ იმუნურ რეაქციებზე ახდენს გავლენას, ამ ზემოქმედების კლინიკური შედეგები უცნობია . აღმოჩენილია, რომ მეტამფეტამინი ზრდის ციტოკინის დონეს, რაც შესაძლოა ხელს უწყობდეს აივ დაავადებისას განვითარებულ იმუნურ აქტივაციას . ცხოველებზე ჩატარებულ ცდებში, ასოცირებული იმუნოდეფიციტური ვირუსი (რეტროვირუსი, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული აივ ვირუსთან) მნიშვნელოვნად მრავლდება და მუტაციას გადის მეტამფეტამინის თანაარსებობის შემთხვევაში . თუმცა, ბუნების ისტორიის კვლევების უმეტესობაში ნარკოტიკის მოხმარებასა და აივ დაავადების პროგრესირებას შორის კავშირი არ აღინიშნება. ერთ ერთი კვლევის მიხედვით, ჰალუცინოგენების (MDMA-ს ჩათვლით) ყოველკვირეული გამოყენება დამოუკიდებლად ასოცირდებოდა შიდსის განვითარებასა და სიკვდილთან. მეორე კვლევის შედეგები კი აჩვენებს, რომ მაშინაც კი, როდესაც მედიკამენტების დანიშნულებისამებრ მიღება კონტროლდებოდა, მეტამფეტამინის მომხმარებლებს უფრო მაღალი ვირუსული ნიშნები აქვთ და უფრო ნაკლებად რეაგირებენ ანტირეტროვირალურ თერაპიაზე (ART – antiretroviral therapy), ვიდრე არამომხმარებლები. ეს მონაცემები შეზღუდულია და აივ დაავადებასა და ნივთიერებათა მოხმარებას შორის პირდაპირ კავშირებს არ ამყარებს. თუმცა, ისინი ამ სფეროს მომავალში კვლევის საჭიროებისაკენ მიანიშნებს.
პაციენტები, რომლებიც ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს მოიხმარენ, წამლების მიღებაზე ნივთიერებათა მავნე ზეგავლენის პოტენციური რისკებისა და ასევე მათი ანტი-აივ წამლებთან პოტენციური ურთიერთქმედების გამო, ანტირეტროვირალური თერაპიის დროს სხვადასხვა სირთულეებს აწყდებიან. ზოგადად, ნივთიერებათა მომხმარებლები უფრო ნაკლებად ექვემდებარებიან მკურნალობას, ვიდრე სხვები, თუმცა ეს მონაცემებიც არასაკმარისია .
მეტამფეტამინის მომხმარებლებში განსაკუთრებით, დიდი წვეულებები შესაძლოა მედიკამენტების არასტაბილურად მოხმარების პერიოდებად დასახელდეს. მკურნალობის  ასეთმა უსისტემო პატერნმა შესაძლოა მედიკამენტების მიმართ რეზისტენტული აივ ვირუსების განვითარება გამოიწვიოს, რაც მკურნალობის პროცესს წარუმატებელს ხდის.
ზოგიერთი ნარკოტიკის ART-თან კომბინაცია სერიოზულ და ზოგჯერ ფატალურ გართულებებს იწვევს. ანტირეტროვირალური თერაპიისას პაციენტები უნდა გავაფრთხილოთ, რომ ნარკოტიკის მიღების ტიპური დოზა მათთვის შესაძლოა დიდ საშიშროებას შეიცადეს. მეტამფეტამინი, კეტამინი, MDMA და GHB ნაწილობრივ მაინც გადამუშავდება ციტოქრომ P450 (CYP-450) სისტემის მიერ, რაც მრავალი მედიკამენტის, ანტირეტროვირალური მედიკამენტების, განსაკუთრებით კი პროტეაზის შემაჩერებლების, ღვიძლში მეტაბოლიზმის ძირითადი სისტემაა. ამ ნარკოტიკების ანტირეტროვირალურ მედიკამენტებთან ერთად მოხმარებამ შესაძლოა სისხლის გაწმენდა შეაფერხოს და ნარკოტიკების სისხლში შემცველობა სახიფათო დონემდე გაზარდოს. ამან კი შესაძლოა სახიფათო გართულებები გამოიწვიოს. რიტონავირი, მაგალითად, GHB-ს და MDMA-ს დონეს ზრდის, და შესაძლოა რიტონავირის გავლენით სისხლში MDMA-ს დონის მომატებამ ფატალური შედეგი გამოიღოს . სხვადასხვა რეკრეაციულ ნარკოტიკსა და ნუკლეოზიდურ შებრუნებული ტრანსრიპტაზის შემაჩერებლებს, ისევე, როგორც არანუკლეოზიდურ შებრუნებული ტრანსრიპტაზის შემაჩერებლებს  შორის ურთიერთქმედება შედარებით ცუდადაა ცნობილი, თუმცა პროტეაზის შემაჩერებლის და არანუკლეოზიდური შებრუნებული ტრანსკრიპტაზის შემაჩერებლის არსებობისას, კეტამინის დონე შესაძლოა გაიზარდოს.

თანდართული აშლილობები

ფსიქიკური აშლილობები
ერთდროულად არსებულ დაავადებათა ეროვნული კვლევის მიხედვით, ფსიქიკური აშლილობებისა და ნივთიერებათა მოხმარების აშლილობების თანადროულად არსებობის მაჩვენებელი 15-დან 54 წლამდე 8098 ამერიკელში, მოსახლეობის 4.7%-ს ერთდროულად არსებული ფსიქიკური აშლილობა და ნივთიერებებზე მიჯაჭვულობა აღმოაჩნდა. ამის მსგავსად, 2002 წლის ნარკოტიკის მოხმარებისა და ჯანმრთელობის ეროვნული კვლევის შედეგების მიხედვით, დაახლოებით 4 მილიონი ზრდასრული სერიოზული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის და ნივთიერებაზე დამოკიდებულებისა და ჭარბად მოხმარების კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა.  ამ კვლევის თანახმად, სერიოზული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს მეტი ალბათობით აღენიშნებოდათ ნივთიერებათა მოხმარების აშლილობა. მაშინ, როცა ფსიქიკური დარღვევების არმქონე ადამიანების მხოლოდ 8% იდგა ნივთიერებათა მავნედ მოხმარების პრობლემის წინაშე, ფსიქიკური დარღვევების მქონე კონტინგენტის 23%–ში ნივთიერებათა მავნედ გამოყენება თანადროულად დაფიქსირდა. ამასთანავე, აშლილობის მქონე მონაწილეთა 23%–ში, აშლილობის არმქონე მონაწილეთა 13%–თან შედარებით, სერიოზული ფსიქიკური დაავადებები ასოცირდებოდა ალკოჰოლის ზღვარგადასულ მოხმარებასთან. შესაბამისად, ნივთიერებათა მავნედ მოხმარების აშლილობების მქონე ადამიანებს შესაძლოა მწვავე ფსიქიკური დარღვევა-აშლილობებიც აღენიშნებოდეთ, ეს კი მკურნალობის კურს უფრო მეტად ართულებს.
ალკოჰოლისა და სხვა ნივთიერებების მოხმარების მაღალი მაჩვენებლების გარდა ზოგიერთი კვლევა ასევე მიანიშნებს, რომ ლგბტ ადამიანებში შესაძლოა უფრო მეტად იყოს გავრცელებული ფსიქიკური პრობლემები, ვიდრე ჰეტეროსექსუალებში . ზოგიერთ ლგბტ ჯგუფს გუნება–განწყობილებისა და ნივთიერებათა მოხმარების აშლილობების ერთდროულად არსებობა ახასიათებს . ეს კვლევები ასევე დეპრესიის მაღალ დონესა და სუიციდურ აზრებს აჩვენებს. დეპრესიის მაღალი დონე, სუიციდური აზრები და შფოთვითი აშლილობები ლგბტ მოსახლეობის კვლევებში არაერთგზის არის ნაჩვენები. შესაბამისად, ზოგიერთი ლგბტ ადამიანისათვის, ვისაც ნივთიერებათა მავნე მოხმარება ახასიათებს, მკურნალობის კურსის ჩატარებისას ფსიქიკური ჯანმრთელობის შეფასება და მკურნალობაც საჭიროა.
ნივთიერებათა მოხმარების გავლენა ფსიქიატრიულ აშლილობებზე დამატებითი დამამძიმებელი ფაქტორია. ამის საილუსტრაციოდ გამოდგება ალკოჰოლის მოხმარების გავლენა დეპრესიის გაუარესებისა და სუიციდის რისკის ზრდის მაჩვენებელი ორმაგი დიაგნოზის მქონე პაციენტებში.  ხშირად ორმაგი დიაგნოზის მქონე პაციენტები მხოლოდ ნივთიერებათა მავნე მოხმარების სერიოზულ სიმპტომებს არ ებრძვიან. ფსიქიატრიული აშლილობების გამო, ეს სიმპტომები ხშირად რთულდება და პროგრესირდება. მაგალითად, დისფორიული ან დეპრესიული განწყობილება ხშირად ზოგიერთი ნივთიერებისთვის თავის დანებების თანმდევი ეფექტია (კოკაინი, ლეტამფეტამინი), მაგრამ ადამიანს, ვისაც მოხმარებამდე აღენიშნებოდა დეპრესიული აშლილობა, შესაძლოა დისფორიული მდგომარეობა ისე გაუმწვავდეს, რომ სუიციდურ ფიქრებამდე ან ქმედებამდე მივიდეს. გარდა ამისა, ზოგიერთი ნივთიერების ხანგრძლივი ქრონიკული მოხმარება, შესაძლოა, კლინიკურად მნიშვნელოვან გუნება–განწყობილების, შფოთვით და ფსიქოტურ აშლილობებს იწვევდეს. თანამედროვე მონაცემები ნივთიერებათა მოხმარების აშლილობების ბუნებრივი ისტორიის შესახებ თანაარსებულ მწვავე ფსიქიკურ აშლილობებთან ერთად, იმას მიანიშნებს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მკურნალობა ორივე აშლილობის საჭიროებებს არ იღებს მხედველობაში, მკურნალობის შედეგები შესაძლოა საკმაოდ წარუმატებელი აღმოჩნდეს.  არსებობს მკურნალობის წარმატებული მოდელები, რომლებიც ორმაგი დიაგნოზის მქონე ადამიანების ვიწრო საჭიროებებს ითვალისწინებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანს, რომელიც ნივთიერებათა მოხმარების აშლილობაზე მოწმდება, ასევე შევუმოწმოთ თანაარსებული ფსიქიკური აშლილობა, და მხოლოდ ამის შემდეგ დავგეგმოთ ოპტიმალური მკურნალობა.

ტრავმა და ძალადობა
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ერთსქესიან ურთიერთობებში ინტერპერსონალური ძალადობა ჰეტეროსექსუალი წყვილების მსგავსი მაჩვენებლებით გვხვდება . ერთსქესიან ურთიერთობებში პარტნიორებს შორის ძალადობა 8%–დან 46%–მდე მერყეობს. გარდა ამისა, კვლევები მიანიშნებენ, რომ ლგბტ ადამიანები, რომლებსაც ნივთიერებათა მავნედ მოხმარების პრობლემები აქვთ,  უფრო ხშირად განიცდიან სექსუალურ ძალადობას, ვიდრე ზოგადი მოსახლეობა. რატნერმა და მისმა კოლეგებმა აღმოაჩნეს, რომ ნივთიერებათა მავნედ გამოყენების სამკურნალო ადგილობრივ პროგრამებში ჩართული გეების 37% და ლესბოსელების 67% –ს სექსუალური ძალადობის გამოცდილება ჰქონდა. ტრავმისა და ძალადობის ასეთი გამოცდილების გათვალისწინებით, სავარაუდოა, რომ ლგბტ ადამიანები სხვა ფსიქიკური პრობლემების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან. ასეთია პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, რაც ნივთიერებათა მოხმარების აშლილობის მკურნალობას კიდევ უფრო ართულებს.

სპეციფიკური საკითხები ლესბოსელების შესახებ

კვლევები ადასტურებენ, რომ ზოგადი მოსახლეობის მსგავსად, ლესბოსელების მიერ ნივთიერებების ბოროტად გამოყენება ასაკთან ერთად მკაფიოდ არ მცირდება. მიუხედავად იმისა, რომ ლესბოსელების მიერ ნივთიერებათა მოხმარების ფორმების განსხვავება ეთნიკური განსხვავებების გათვალისწინებით ძალიან ცოტა კვლევაშია შესწავლილი, ერთ-ერთმა კვლევამ აღმოაჩინა, რომ აფროამერიკელი ქალები უფრო მაღალი ალბათობით იდენტიფიცირდებიან აქტიურ მსმელებად და რომ ამ კონტინგენტში განსაკუთრებით მაღალია ალკოჰოლის მოხმარების შედეგად გამოწვეულ გართულებათა რიცხვი. მაშინ, როცა ზოგად მოსახლეობაში ქალების მიერ ნივთიერებათა მოხმარებაზე შესაძლოა სოციალურმა კონტექსტმა და როლებმა (დასაქმება, მშობლობა, ქორწინება) მოახდინოს დადებითი გავლენა, ლესბოსელებს ამ ფაქტორების დამცველობითი ზეგავლენის მიღების ნაკლები შანსი აქვთ. ლესბოსელები ნაკლებად იზღუდებიან საზოგადოებაში ზოგადად ქალისთვის განსაზღვრული სოციალური როლით და მეტი ალბათობით ირჩევენ ქალისათვის არატრადიციულ სამუშაოს, რაც ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებულ რისკ ფაქტორად მიიჩნევა.

სპეციფიკური საკითხები გეი მამაკაცების შესახებ

ცირკუიტ წვეულებები ფართომასშტაბიანი, რამდენიმედღიანი საცეკვაო ღონისძიებებია და მათ უმეტესად გეი და ბისექსუალი მამაკაცები ესწრებიან. რამდენიმე კვლევა გვიჩვენებს, რომ მამაკაცები, რომლებიც ამ წვეულებებზე დადიან, განსაკუთრებულად დიდი დოზებით მოიხმარენ სხვადასხვა ნივთიერებებს, ასევე კომბინირებულად იყენებენ რამდენიმე ნივთიერებას და ხშირია დოზის გადაჭარბების შემთხვევებიც . ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, წვეულების მონაწილეები უმეტესად 4 ნივთიერებას მოიხმარდნენ მათი ბოლო ცირკუიტ წვეულების დროს, 80% იყენებდა MDMA-ს, 66% – კეტამინს, 58% – ალკოჰოლს, 43% – მეტამფეტამინს , 29%  – GHB-ს და 27% კოკაინს. თანაც, ცირკუიტ წვეულებების დროს ნივთიერებათა ხშირი მოხმარება სავარაუდოდ სექსუალურად სარისკო ქცევის ალბათობასაც ზრდის.

სპეციფიკური საკითხები ბისექსუალი მამაკაცების და ქალების შესახებ

ბისექსუალი კაცებისა და ქალების შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია არსებობს. ბისექსუალები სხვადასხვა გენდერის, იდენტობებისა და სექსუალური ქცევის მქონე ადამიანთა ფართო სპექტრს წარმოადგენენ. მრავალი კვლევა ახდენს მონაწილეთა კლასიფიკაციას ერთსქესიან პარტნიორებთან სექსუალური აქტივობის შესახებ განცხადების შედეგად. აქედან გამომდინარე, მრავალ ბისექსუალ ადამიანს „ჰომოსექსუალთა“ ჯგუფს მიაკუთვნებენ, რადგან მათ ერთსქესიანი სექსუალური გამოცდილება აქვთ და შედეგად ბისექსუალთა შესახებ გეებსა და ლესბოსელებზე ჩატარებული კვლევების მონაცემების მიღმა ცოტა რამაა ცნობილი. საკითხი უფრო რომ გავართულოთ, მოგახსენებთ, რომ მრავალი გეი მამაკაცი და ლესბოსელი, საკუთარი იდენტობის ჩამოყალიბების გახსენებისას, ხშირად ამბობს, რომ ქამინგ აუთის გარკვეულ ეტაპზე, მათ შესაძლოა ბისექსუალად წარედგინათ საკუთარი თავი. თუმცა, ეს გარდამავალი იდენტობა, რომელიც მოქნილი და განვითარებადი ქამინგ აუთის პროცესში ფორმირდება, არ აღნიშნავს იმ განსხვავებულ და განცალკევებულ სექსუალურ ორიენტაციას, რომლებსაც სხვადასხვა ადამიანები მიაკუთვნებენ თავს. ამ ყველაფრის მიუხედავად, ნივთიერებათა მოხმარების მკურნალობისას, ბისექსუალ ადამიანებს შესაძლოა სპეციფიკური პრობლემები შეექმნათ.
ზოგიერთ ბისექსუალ ადამიანს შესაძლოა გარშემო მყოფნი ვერ უგებდნენ, იმ გავრცელებული მცდარი რწმენის გამო, თითქოს ბისექსუალები საკუთარ სექსუალურ ორიენტაციაში ან ჰომოსექსუალურ იდენტობაში ვერ გარკვეულან და რომ მათ არ სურთ „სრულფასოვან გეიდ“ რეპრეზენტირება და გეი მამაკაცებისა და ლესბოსელების მსგავსად  სტიგმისა და დისკრიმინაციის წნეხში მოქცევა. შესაბამისად, ზოგიერთი ბისექსუალი ადამიანი საზოგადოებაში თავს მარგინალიზებულად გრძნობს. ისინი არც მეინსტრიმ ჰეტეროსექსუალურ გარემოში არიან სრულფასოვნად მიღებულნი და არც გეი და ლესბოსურ სამყაროში. ასეთმა მარგინალიზაციამ, შესაძლოა გავლენა მოახდინოს ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარებისგან განკურნების პროცესზე. მაგალითად, ხშირად 12-ნაბიჯიან პროგრამაში (მაგალითად, ალკოჰოლის ან ნარკოტიკების ანონიმური მომხმარებლები და ა.შ.) მონაწილეობა ნივთიერებაზე დამოკიდებულების პრობლემების მქონე ადამიანების ფორმალური მკურნალობის მნიშვნელოვან დანამატად ითვლება. 12-ნაბიჯიანი პროგრამების დიდ ნაწილს გეი, ლესბოსელი და ტრანსგენდერი ჯგუფები ჰყავს. თუმცა ხშირად, ბისექსუალი ადამიანებისათვის ასეთი ჯგუფები არ არსებობს. ბისექსუალი ადამიანები შესაძლოა გრძნობდნენ ან არ გრძნობდნენ კავშირს გეი ან ლესბოსელ ადამიანებთან. ამის ნაცვლად, მათ შეიძლება ჰეტეროსექსუალ ადამიანთა ჯგუფი აირჩიონ. ისევე, როგორც იდენტობის სხვა ფორმების ჩამოყალიბებაა მრავალფეროვანი, ბისექსუალი ადამიანებიც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან მათი იდენტობის ჰომო და ჰეტეროსექსუალურ  ასპექტებთან იდენტიფიკაციისას. კლინიცისტს მოეთხოვება, ფრთხილად შეაფასოს მისი ბისექსუალი პაციენტების სექსუალური იდენტობა და პაციენტი ისეთ მომსახურებებთან გადაამისამართოს, რომლებიც ყველაზე მეტად შეესაბამება მათ თვითიდენტობასა და მკურნალობის საჭიროებებს.

სპეციფიკური საკითხები ტრანსგენდერი ადამიანების შესახებ

ტრანსგენდერი ადამიანების შესახებ არსებული კვლევები განსაკუთრებულად მწირია, რადგან ლგბტ საკითხებთან დაკავშირებული საჯარო ჯანმრთელობის კვლევები ტრანსგენდერთა საკითხებზე ყველაზე ნაკლებად კონცენტრირდება. მრავალი ფართომასშტაბიანი კვლევა ლგბტ საკითხების შესახებ ძალიან მცირერიცხოვან ტრანსგენდერ ადამიანს მოიცავს . ხელმისაწვდომი ლიტერატურის უმეტესი ნაწილი MTF ტრანსგენდერ ადამიანებზე არის კონცენტრირებული და ხშირად მხოლოდ სექს მუშაკებს შეეხება.
ლგბტ ადამიანების მიერ მავნე ნივთიერებათა მოხმარების შესახებ არსებულ ლიტერატურაში, ტრანსგენდერ ადამიანებს ხშირად მხედველობაში არ იღებენ, ან  უხილავად ტოვებენ იმ მოსაზრებების საფუძველზე, რომლებიც მხოლოდ ჰეტეროსექსიზმსა და ჰომოფობიაზე ფოკუსირდება. იმის გამო, რომ სექსუალური ორიენტაცია გენდერული იდენტობისაგან განსხვავებულია, ტრანსგენდერ ადამიანებს შეუძლიათ ჰეტეროსექსუალად იდენტიფიცირება და ხშირად ისინი ასეც იქცევიან. ის ტრანსგენდერი ადამიანები კი, რომლებიც საკუთარი თავის იდენტიფიკაციას ჰომოსექსუალად ახდენენ, შესაძლოა ტრანსფობიასთან ერთად ჰომოფობიის ზეწოლასაც განიცდიდნენ, როდესაც ნივთიერებათა მოხმარებისაგან განკურნებას ეცდებიან. იმის გამო, რომ ტრანსგენდერ ადამიანთა მრავალი პრობლემა  საკმაოდ განსხვავდება ლგბ ადამიანების პრობლემებისაგან (მაგალითად, გენდერის შეცვლის სამართლებრივი პროცედურა, ტრანზიციის თანმხლები სამედიცინო საკითხები ა.შ.), მკურნალობის პროცესში სირთულეს წარმოადგენს ლგბტ ადამიანებისათვის ერთსა და იმავე ადგილას ისეთი მომსახურების შეთავაზება, რომელიც ტრანსგენდერ ადამიანებს ადეკვატურ დახმარებას გაუწევდა. იმ ორგანიზაციებს, რომლებიც გაფართოვდნენ და საკუთარ სახელს „ტ“ კომპონენტი დაამატეს, ხშირად არ გააჩნიათ ადეკვატური და შესაბამის რესურსი, პერსონალი და ცოდნა საიმისოდ, რომ მართლაც ინკლუზიურები იყვნენ. ტრანსგენდერი ადამიანები შესაძლოა ამის შედეგად იზოლირებულნი და არასაკმარისად მიღებულნი გახდნენ ლგბ საზოგადოებაში, ეს კი მათ მიერ მათთვის განკუთვნილი მომსახურებებზე ნაკლებ მოთხოვნას გამოიწვევს.

სექს მუშაობა
მრავალი ტრანსგენდერი ადამიანი ტრანსფობიას ადრეული ასაკიდანვე განიცდის. ეს მოიცავს კონფლიქტს მშობლებთან და სკოლაში. ახალგაზრდა ტრანსგენდერი ქალები განსაკუთრებით მოწყვლადნი არიან  საზოგადოების მხრიდან უხეში მოპყრობის მიმართ, რადგან ფემინური კაცები საზოგადოებაში დაცინვისა და ძალადობის ობიექტები ხშირად ხდებიან. შედეგად,  მრავალი ახალგაზრდა ტრანსგენდერი ადამიანი, განსაკუთრებით ახალგაზრდა ტრანსგენდერი ქალები, სკოლას ატოვებენ და ქუჩებში ცხოვრობენ. ეს მათ სამსახურის შოვნისა და გადარჩენისათვის საჭირო უნარების შეძენის გარეშე ტოვებს. ისინი, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა ტრანსგენდერი ქალები, შესაძლოა სექს მუშაკები თავის გადარჩენის მიზნით გახდნენ, რაც მათ ასევე უფრო მოზრდილი ტრანსგენდერი ადამიანებისაგან საჭირო ზრუნვის მიღებისა და საკუთარი იდენტობის შესაბამისობაში მოყვანის საშუალებას აძლევს. ჩიკაგოში, ეთნიკური უმცირესობების ჯგუფს მიკუთვნებული MTF ახალგაზრდების შერჩევითი ჯგუფის 63%-ს უჭირდა სამსახურის პოვნა, ნახევარზე მეტს (59%) კი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე სექსუალური კავშირი ფულის, ნარკოტიკების, ან თავშესაფრის მოპოვების მიზნით ჰქონია. ჰიუსტონში მცხოვრებ ტრანსგენდერ ქალთა საკვლევ ჯგუფში 51%-ს ფულის გამო ჰქონია სექსუალური კავშირი, 26%-ს კი –  ნარკოტიკების. ფაქტობრივად, სექსი მუდმივად უკავშირდება მავნე ნივთიერებათა, განსაკუთრებით კი მეტამფეტამინის, მოხმარებას, რადგან ის სტრესთან გამკლავებისა და სასიცოცხლო ძალების შენარჩუნების გზად მიიჩნევა . ამასთანავე, ნარკოტიკების მოხმარებამ შესაძლოა ერთი და იგივე ნემსის ხმარებისა თუ ნარკოტიკების ზეგავლენის ქვეშ სექსუალური კავშირის შედეგად აივ ინფიცირების საფრთხეც გაზარდოს.

მკურნალობის წინაპირობა
ტრანსგენდერთათვის მავნე ნივთიერებათა მოხმარებისგან განკურნების საჭიროება მრავალჯერ გამოვლინდა . თუმცა, ამ საკითხის შესახებ ცოდნა და მგრძნობელობა საკმაოდ ჩამოუვარდება თემის საჭიროებებს . ზრუნვის მიმწოდებლები, ვინც თავს უხერხულად გრძნობს, ან საკმარისად კომპეტენტური არ არის გენდერული იდენტობის საკითხებში, ტრანსგენდერ ადამიანებთან მკურნალობის პროცესს უმეტესად წარუმატებლად წარმართავენ. სპეციფიკურად ტრანსგენდერ ქალებზე ორიენტირებული მკურნალობის ერთ-ერთი პროგრამა სან-ფრანცისკოში  საკმაოდ წარმატებულია კლიენტებთან მუშაობისას. მას ასევე თავისი პერსონალისთვის გააჩნია  მგრძნობელობის ასამაღლებელი წარმატებული ტრეინინგ პროგრამა. ამ პროგრამის მიხედვით, მკურნალობის მთავარი ელემენტებია ტრანსგენდერი იდენტობის მიმართ მიმღებლობა და მისი განმტკიცება, თანასწორობის პრინციპებით მოქმედი მომსახურე პერსონალი, და ფართო საზოგადოებას შორის კავშირების გამყარება. მავნე ნივთიერებათა მოხმარებისაგან განკურნების სხვა პროგრამებს, რომლებიც ცდილობენ ტრანსგენდერ კლიენტებსაც მოემსახურონ, მსგავსი მოდელის შემუშავება შეუძლიათ.

შეფასება

ნივთიერებათა მოხმარების თანმდევი აშლილობები ხშირად შეუმჩნეველია და შესაძლოა კლინიკურ გარემოში დიაგნოზის გარეშე დარჩეს. აქედან გამომდინარე, ნივთიერებათა მოხმარების ფორმების დეტალური შეფასება ნებისმიერი საჭიროების მქონე პაციენტისათვის არის რეკომენდებული, რადგან ნივთიერებათა მოხმარების შესახებ გულახდილმა საუბარმა შესაძლოა ისეთი ქცევებისა და შემთხვევების განხილვამდე მიგვიყვანოს, რომლებიც სტიგმასა და სირცხვილთანაა დაკავშირებული. მნიშვნელოვანია, რომ კლინიცისტს არ აქვს განსჯითი დამოკიდებულება და პაციენტების მიმართ გულწრფელ ემპათიას გამოხატავს. ხშირად პაციენტთათვის რთულია სამედიცინო გარემოში ნივთიერების მოხმარების ან მასთან ასოცირებული ქცევების გამხელა. მაგალითად, შესაძლოა გეი კაცისათვის რთული იყოს მეტამფეტამინის მოხმარების დროს თავისი სექსუალურად სარისკო ქცევის განხილვა. სხვა ადამიანებს შესაძლოა უჭირდეთ ნარკოტიკების გამოყენებასთან ასოცირებული სხვა ისეთი პრობლემების გამჟღავნება, როგორიცაა სამართლებრივი, ინტერპერსონალური, დასაქმების და ა.შ. საკითხები. კლინიცისტებმა უნდა გაიაზრონ, რომ ნარკოტიკების მოხმარების სტიგმა საკმაოდ გავრცელებულია. გენდერულ და სექსუალურ იდენტობასთან დაკავშირებული სტიგმის მსგავსად, ნივთიერებათა მოხმარებასთან დაკავშირებულმა სტიგმამაც შესაძლოა  ქცევის გასაიდუმლოება გამოიწვიოს. ამას გარდა, კლინიცისტებმა უნდა იცოდნენ, რომ პაციენტს შესაძლოა შინაგანი დაცვითი მექანიზმები ჰქონდეს ნივთიერებათა ჭარბად მოხმარების ფაქტის აღიარების წინააღმდეგ. მაგალითად, პაციენტი შესაძლოა მავნე ნივთიერებების მინიმალურ რაოდენობას იღებდეს, ან ძალიან დიდი დროის განმავლობაში რაციონალურად ხსნიდეს, თუ რატომ მოიხმარს ნარკოტიკს. გარდა ამისა, არცთუ იშვიათია შემთხვევები, როდესაც პაციენტები ნარკოტიკების მოხმარების ფაქტს უარყოფენ ან სხვას აბრალებენ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ კლინიცისტს გაცნობიერებული ჰქონდეს ეს სირთულეები და პაციენტთან დაკავშირებული ეს უხერხული მომენტი გაანეიტრალოს შეფასების წარმოებით, პაციენტთან უშუალო დაპირისპირების გარეშე. რეკომენდებულია, რომ კლინიცისტებმა პირდაპირი შეკითხვები დასვან, და შეკითხვები ისე იყოს ფორმულირებული, რომ პასუხს წინასწარ არ განაპირობებდეს.

ნივთიერებათა მოხმარების, ბოროტად გამოყენებებისა და მათზე დამოკიდებულების კონტინიუმი

მიუხედავად იმისა, რომ მრავალ ადამიანს გაუსინჯავს როგორც ლეგალური, ისე არალეგალური ალკოჰოლი და ნარკოტიკები, ადამიანთა დიდ უმრავლესობას ნივთიერებათა მოხმარების შემდგომ სერიოზული პრობლემები არ ექმნება. ყველაზე „რეკრეაციულად მომხმარებლები“ არასოდეს განიცდიან ნივთიერებათა პრობლემურად მოხმარების ფორმებთან დაკავშირებულ რაიმე სოციალურ, პროფესიულ, საგანმანათლებლო ან ფსიქოლოგიურ შედეგებს.
თუმცა, როგორც კი ინდივიდს ზემოთხსენებულ პრობლემათაგან ერთ-ერთი მაინც უჩნდება და ეს მის მიერ ალკოჰოლის ან ნარკოტიკების მოხმარებასთან არის დაკავშირებული შესაძლოა საქმე გვქონდეს ნივთიერებათა პრობლემურ მოხმარებასთან ან ნივთიერებათა მოხმარების აშლილობასთან. ფსიქიკური აშლილობების დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელოს მე-4 გამოცემის მიხედვით (the Diagnostic and Statistical Manual for Mental Disorders, 4th Edition, Text Revision – DSM-IV-TR), ნივთიერებათა მოხმარების აშლილობის ორი ფართო დიაგნოსტიკური კატეგორია არსებობს. ეს კატეგორიები მოიცავს ნივთიერებათა ბოროტად გამოყენებას და ნივთიერებაზე დამოკიდებულებას. ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს ნივთიერებათა ბოროტად გამოყენების ან ნივთიერებაზე დამოკიდებულების დიაგნოზი ნებისმიერი ფსიქოაქტიური ნივთიერების მიმართ, ან შესაძლოა მათ რამდენიმე ნივთიერებასთან მიმართებაში. იმისათვის, რომ DSM-IV-TR-ის მიხედვით ინდივიდს დაესვას ნივთიერებათა ბოროტად გამოყენების დიაგნოზი, მას უნდა ახასიათებდეს „ნივთიერებათა მოხმარების ცუდად ადაპტირებული ფორმა, რომელიც კლინიკურად მნიშვნელოვან შეფერხებას ან სტრესს იწვევს. ეს ასახული უნდა იყოს უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში, ამ ქმედებათაგან ერთ-ერთში მაინც:

  • განმეორებადი მოხმარება, რომელიც იწვევს სამუშაო, სასწავლო ან საოჯახო მოვალეობების შესრულების შეუძლებლობას;
  • განმეორებადი მოხმარება ფიზიკურად საჭირო სიტუაციებში;
  • განმეორებადი სამართლებრივი პრობლემები, რომლებიც ნივთიერებათა მოხმარებასთან არის დაკავშირებული;
  • მოხმარების გაგრძელება, მაშინაც კი, როცა ინდივიდის სოციალური და ინტერპერსონალური პრობლემები ნივთიერებათა მოხმარებისგანაა გამოწვეული ან დამძიმებული.

ნივთიერებაზე მიჯაჭვულობა უფრო მწვავე დიაგნოსტიკური კატეგორიაა, და მოიაზრებს „ნივთიერებათა მოხმარების ცუდად ადაპტირებულ ფორმას, რომელიც იწვევს კლინიკურად მნიშვნელოვან  შეფერხებას ან სტრესს და 12 თვის განმავლობაში აისახება ჩამოთვლილ მახასიათებელთაგან სამის ან მეტის გამოვლინებით.

  • ნივთიერების მიმართ შეჩვევა;
  • აბსტინენციის სინდრომი („ლომკა“);
  • ნივთიერების გამიზნულზე უფრო დიდი ოდენობით და უფრო ხანგრძლივად მიღება
  • მუდმივი სურვილი ან მოხმარებისთვის თავის დანებების წარუმატებელი მცდელობები;
  • ნივთიერებათა მოპოვების, გამოყენებისა და მდგომარეობიდან გამოსვლისთვის დიდი დროის მოხმარება;
  • პრობლემები მნიშვნელოვან სოციალურ, სამსახურეობრივ და რეკრეაციულ აქტივობებში;
  • მოხმარების გაგრძელება მაშინაც, როცა გააზრებულია, რომ ხანგრძლივი ფიზიკური და ფსიქოლოგიური პრობლემები ნივთიერებათა მოხმარებით არის განპირობებული ან დამძიმებული;

ცხრილში 9-1 შეგიძლიათ იხილოთ რამდენიმე სასარგებლო დიაგნოსტიკური შეკითხვა, რომელიც კლინიცისტმა პაციენტს უნდა დაუსვას ნივთიერებათა მოხმარების პრობლემების შეფასებისას.

სკრინინგის ინსტრუმენტები

არსებობს სკრინინგის მოკლე ინსტრუმენტები, რომლებსაც კლინიცისტები ნივთიერებათა მოხმარების შესაფასებლად თავიანთ პაციენტებთან იყენებენ. არსებობს ალკოჰოლის მოხმარების გასაზომი ინსტრუმენტები, რომლებიც პირველადი ზრუნვის დროს გამოიყენება. ასეთია CAGE კითხვარი, ალკოჰოლის გამოყენების აშლილობის განმსაზღვრელი ტესტი (Alcohol Use Disorders Identification Test – AUDIT), და მიჩიგანის ალკოჰოლის სკრინინგის ტესტი Michigan Alcohol Screening Test – MAST). ეს სკალები საკმაოდ მოკლეა, და ხშირად საკმაოდ მგრძნობიარეც, თუმცა ისინი სპეციფიკის მიხედვით განსხვავდება, და საჭიროებენ უფრო საფუძვლიან კლინიკურ ინტერვიუს, რათა ნივთიერებათა მოხმარების აშლილობა გამოირიცხოს.

CAGE კითხვარი ძალიან მოკლე და მგრძნობიარე საზომია, რომელიც ხშირად გამოიყენება ალკოჰოლის მოხმარების აშლილობის სკრინინგისათვის (იხილეთ ცხრილი 9-2). CAGe ს ნებისმიერ დებულებაზე დადებითი პასუხი ალკოჰოლის მოხმარების პრობლემის ალბათობას მიანიშნებს, რასაც უფრო საფუძვლიანი კლინიკური ინტერვიუ უნდა მოჰყვეს ნივთიერების მოხმარების აშლილობის გამოსარიცხად.

კლინიკური ინტერვიუ

სკრინინგის გარდა ნივთიერებათა მოხმარების აშლილობის დასადგენად შესაძლოა კლინიკური ინტერვიუც ძალიან სასარგებლო აღმოჩნდეს. ის ასევე სასარგებლოა ადამიანის მიერ მოხმარების ფორმების და მოხმარების კონტექსტის დასადგენად. დეტალური კლინიკური ინტერვიუ ინდივიდის მრავალ განზომილებას უნდა აფასებდეს, რადგან ნივთიერებათა მოხმარების აშლილობა ხშირად ადამიანის ცხოვრების მრავალ ასპექტს მოიცავს. ცხრილი 9-3- რამდენიმე ელემენტს წარმოგიდგენთ, რომელთა განხილვაც შესაძლოა ნივთიერებათა მოხმარების შესაფასებელი ინტერვიუს დროს გამოგადგეთ.

ნივთიერებათა მოხმარების მკურნალობა

დღესდღეობით, მკურნალობის მიდგომებში ლგბტ ადამიანების მრავალფეროვანი და უნიკალური საჭიროებების გათვალისწინების შესახებ ძალიან ცოტა კვლევა არსებობს. ლგბტ ადამიანებზე ორიენტირებული მკურნალობის ეფექტური გზები და ინოვაციური პროგრამების შესახებ არსებული კვლევები ქვემოთაა აღწერილი. შემდეგ ქვეთავებში შემოგთავაზებთ ნივთიერებათა მოხმარების მკურნალობის სხვადასხვა ტიპებს, განვიხილავთ, რა პირობებში შეიძლება მათი გამოყენება და ასევე შევეხებით სპეციფიკურად ლგბტ ფოკუსის მქონე მკურნალობის მოდელებსა და პროგრამებს. ნივთიერებათა ბოროტად გამოყენების შესახებ არსებულ მკურნალობის საშუალებათა საბაზისო ცოდნა კლინიცისტებს საშუალებას მისცემს, ნივთიერებათა მოხმარების პრობლემების მქონე კლიენტები სათანადო რესურსებით უზრუნველყონ და სწორი მიმართულებით გადაამისამართონ.

მკურნალობის საშუალებები

ნარკოტიკებზე დამოკიდებულება კომლექსური და ზოგიერთისათვის ქრონიკული დარღვევაა. რადგან ყველა ინდივიდისათვის ერთი და იგივე მკურნალობა ეფექტური არ არის, მკურნალობის მრავალი მოდალობა არსებობს, მათ შრის ფარმაკოთერაპია და ბიჰევიორალური თერაპია.

ფარმაკოთერაპია
დამოკიდებულებითი აშლილობის მკურნალობისას მრავალი ეფექტური მედიკამენტი გამოყენება. მედიკამენტები წარმატებით გამოიყენება დეტოქსიკაციისა და შემნარჩუნებელი თერაპიებისას, ასევე  კონკრეტული ნივთიერებით მდგომარეობის გაუარესების პრევენციისათვის.

დეტოქსიფიკაცია
როდესაც ადამიანი ნივთიერებებზე (ალკოჰოლი, ბენზოდიაზეპინი, ოპიოიდი ა.შ.) ფიზიოლოგიურად დამოკიდებული ხდება, მკურნალობისას შესაძლოა სამედიცინო საშუალებებით დეტოქსიფიკაცია იყოს საჭირო. ეს გულისხმობს ისეთი მედიკამენტის გამოყენებას, რომელიც ჩაანაცვლებს იმ ნივთიერებას, რომლის მიმართაც პაციენტს დამოკიდებულება აქვს გაჩენილი. მედიკამენტი პაციენტს თანდათანობით შემცირებული დოზებით მკაცრი სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ მიეწოდება. ზოგიერთი ნივთიერების შემთხვევაში, აბსტინენციის სინდრომი შესაძლოა საკმაოდ მტკივნეული, ფიზიკურად საზიანო იყოს, ზოგ შემთხვევაში კი კლინიკურად მნიშნელოვანი პრობლემები წარმოშვას (მაგალითად გულის წასვლა, დელირიუმი და ა.შ.); ამ დროს, სათანადოდ სუპერვიზირებული დეტოქსიფიკაცია ამ მძიმე შედეგების თავიდან აცილებაში გვეხმარება. თუმცა, სამედიცინო დეტოქსიფიკაცია სრულყოფილი მკურნალობის მხოლოდ პირველი ნაბიჯია, და ხშირად ყველაზე ეფექტური მაშინაა, როცა ბიჰევიორალურ თერაპიასთან ერთად ხორციელდება, რაც ადამიანს ნივთიერებაზე უარის თქმის შენარჩუნებაში ეხმარება.

შემანარჩუნებელი თერაპიები
ოპიოიდზე დამოკიდებული ადამიანების ქვეჯგუფს, სხვადასხვა მედიკამენტების მუდმივად მიღების გარეშე, უკანონო ნარკოტიკების მოხმარებაზე უარის თქმისას, აბსტინენციის შენარჩუნების პროცესში, თავის ხანგრძლივად შეკავება საკმაოდ უჭირს. ოპიოიდებზე დამოკიდებული ზოგიერთი ადამიანი, ნივთიერებაზე ხელახალი დამოკიდებულების გაჩენის თავიდან ასაცილებლად, სარგებელს ოპიოიდის აგონისტის გახანგრძლივებული მკურნალობისგან იღებს. მეტადონის და ბუპრენორპინის გამოყენება ოპიოიდებზე დამოკიდებულების მკურნალობის ორი ეფექტური ფარმაკოთერაპიაა . მიუხედავად იმისა, რომ გარემო, სადაც მეტადონი (მაგალითად, ნარკოტიკზე დამოკიდებულების სამკურნალო პროგრამები) და ბუპრენორპინი (მაგალითად ოფისზე დაფუძნებული) გამოიყენება განსხვავებულია, ორივე მათგანის გამოყენების წარმატებული შედეგი  ფარმაკოთერაპიისა და ბიჰევიორული კონსულტირების ნაზავს მოიცავს. უკანონო ოპიოიდების მოხმარების ხელახლა დაწყების თავიდან ასაცილებლად, შესაძლებელია ოპიოიდის ანტაგონისტის გამოყენებაც. ნალტრექსონი ოპიოიდის ანტაგონისტია, რომელიც ოპიატების დადებითად განმამტკიცებელ ეიფორიულ ეფექტებს ბლოკავს. წარმატებული სამედიცინო დეტოქსიფიკაციის შემდეგ, ნალტრექსონი ერთ-ერთი  შემანარჩუნებელი მედიკამენტია, რომლის გამოყენებაც აბსტინენციის შესანარჩუნებლად არის შესაძლებელი. ბოლოს, დისულფირამი მავნე ნივთიერებების გამოყენების საწინააღმდეგო კიდევ ერთი საშუალებაა, რომელიც ალკოჰოლისაგან აბსტინენციას უწყობს ხელს. ის ალკოჰოლის ოქსიდიზაციას ბლოკავს ადეტალდეჰიდურ ფაზაში, რაც ინდივიდის მიერ ალკოჰოლის გამოყენებისას უსიამოვნო ავერსიულ ფიზიოლოგიურ მდგომარეობას იწვევს.

ბიჰევიორული თერაპია
კვლევების მიხედვით ბიჰევიორული თერაპიის რამდენიმე ეფექტური გზა არსებობს. ინდივიდუალური კონსულტაცია ნარკოტიკების შესახებ მოხმარების შემცირების ეფექტურ საშუალებად მიიჩნევა. მკურნალობის ეფექტური ელემენტებია მოკლევადიანი ბიჰევიორული მიზნების დასახვა, რაც პაციენტს ეხმარება სათანადო ბრძოლის სტრატეგიების შემუშავებაში ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარებისგან თავის შესაკავებლად. ეს მიდგომა ხშირად ჯგუფურ თერაპიასა და სათემო მხარდამჭერ ჯგუფებთან (მაგალითად, 12 ნაბიჯის პროგრამები, როგორიცაა ანონიმური ალკოჰოლიკები, ანონიმური ნარკომანები ა.შ) ერთად გამოიყენება. მოტივაციის გამზრდელი თერაპიაც ეფექტურ ბიჰევიორულ მეთოდად ითვლება. კლიენტზე ორიენტირებული ეს მიდგომა ცდილობს, პაციენტებს ქცევების შეცვლაში ისეთი თერაპიული ტექნიკების გამოყენებით დაეხმაროს, რომლებიც დამოკიდებულების მქონე ადამიანების მერყეობის პრობლემის გადაჭრას ცდილობს. მოხმარების თავიდან დაწყების პრევენციის თერაპია შემდეგი ემპირიულად ვალიდიზირებული ბიჰევიორული მკურნალობის მეთოდია. ის მოიცავს ისეთი კოგნიტური და ბიჰევიორული თეორიული ჩარჩოს გამოყენებას, რომელიც ეფუძნება მიდგომას, რომ ცუდად ადაპტაციური ქცევითი პატერნები (მაგალითად ნარკოტიკების მოხმარება) დასწავლით პროცესებზეა დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, ეს მიდგომა ინდივიდს ეხმარება, აღმოაჩინოს და გაასწოროს საკუთარი ცუდად ადაპტაციური ქცევითი პატერნები. მარტიცის მოდელი კიდევ ერთი კლინიკურად სასარგებლო მეთოდია, რომელიც კონკრეტულად სტიმულანტების მომხმარებლებზეა მიმართული. ეს მოდელი მოიცავს კომპლექსურ და ზუსტად სტრუქტურიზებულ მკურნალობას, რომელიც აერთიანებს ინდივიდს, ჯგუფს, განათლებას, ოჯახს და საზოგადოების მხარდაჭერას პოზიტიური ქცევითი ცვლილების მისაღწევად. ეს მოდელი გეი მამაკაცებთან სამუშაოდ სათანადო კულტურული ელემენტების გაერთიანებით შეიქმნა. მკურნალობის კიდევ ერთი ეფექტური გზაა კონტიგენტურობის მენეჯმენტი, რაც წმინდა ბიჰევიორული ჩარევაა და ნარკოტიკისგან თავის შეკავების დამადასტურებელი უარყოფითი შარდის ანალიზის პასუხების სანაცვლოდ გვთავაზობს ძვირადღირებულ განმამტკიცებლებს ვაუჩერის ფორმით. ერთად აღებული მრავალი ეფექტური ბიჰევიორული თერაპიის მეთოდი არსებობს. მას ნარკოტიკებზე დამოკიდებულების სამკურნალო მრავალი პროგრამა იყენებს, რომლებიც ნივთიერებათა მოხმარების შემცირებასა და ადამიანის მიერ მიღწეული შედეგების შენარჩუნებისთვის ზრუნავს. საჭიროა მეტი კვლევა, რათა შემუშავდეს ნარკოტიკზე დამოკიდებულების ბიჰევიორული მეთოდები  მრავალფეროვანი ლგბტ თემისთვის და მათი მკურნალობის განსხვავებული საჭიროებებისთვის.

მკურნალობის გარემო

ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ბოროტად გამოყენების ფარმაკოლოგიური და ბიჰევიორული მკურნალობა სხვადასხვა გარემოში მიმდინარეობს. მკურნალობის პროგრამების უმეტესობა შეიძლება მოექცეს სადღეღამისო და დღის სამკურნალო კატეგორიებში. ქვემოთ იხილეთ ამ სამკურნალო გარემოების მიმოხილვა.

სადღეღამისო მკურნალობის გარემო
სადღეღამისო მკურნალობა ინტენსიური პროგრამაა, რომელიც პაციენტს დაცულ გარემოს სთავაზობს. პაციენტი შორდება ნარკოტიკების მოხმარების გარემოს და შესაძლებლობა აქვს, სრულფასოვან რეაბილიტაციაზე კონცენტრირდეს გარემოს იმ გამღიზიანებლებისგან განცალკევებით, რომლებმაც შესაძლოა ინდივიდის მკურნალობის ეფექტურობას შეუშალოს ხელი. სადღეღამისო მკურნალობის ტიპები განსხვავებულია (თერაპევტთა საზოგადოება, სამედიცინო დეტოქსიფიკაციის განყოფილებები, სოციალურ მოდელზე მოწყობილი რეაბილიტაციის სახლები ა.შ.). ეს ზედმიწევნით სტრუქტურირებული პროგრამები ხშირად მულტიდისციპლინარულ მიდგომას იყენებენ, რომელთაგანაც მრავალი 12-საფეხურიან მოდელს ეყრდნობა. ასეთი პროგრამები ადამიანებს ალტერნატიულ სოციალურ გარემოს სთავაზობენ, რომელიც გამოჯანმრთელებას უწყობს ხელს და სადაც ცუდად ადაპტირებული ცხოვრების წესის შეცვლაზეა ძირითადი აქცენტი. არსებობს ექსკლუზიურად ლგბტ ადამიანებზეა ორიენტირებული სადღეღამისო პროგრამები. ვან ნესის სარეაბილიტაციო სახლი (http://www.vnrh.org/) ლოს-ანჯელესში, კომპლექსური სადღეღამისო პროგრამის ერთ-ერთი მაგალითია, რომელიც მრავალფეროვან ლგბტ თემს ნივთიერებათა ბოროტად გამოყენების შემთხვევაში კულტურულად მგრძნობიარე და შესაბამის მკურნალობას სთავაზობს.

დღის მკურნალობის გარემო
დღის მკურნალობის პროგრამები შინაარსის, ინტენსივობისა და ხანგრძლივობის მიხედვით იცვლება. ისინი უმეტესად სადღეღამისო მკურნალობაზე ნაკლებად ინტენსიურია და ხშირად მოიცავს ინდივიდუალურ და ჯგუფურ კონსულტირებას, ისევე, როგორც თვითდახმარებას (მაგალითად, 12 ნაბიჯი). მრავალდღიანი მკურნალობის პროგრამა მოიცავს მკურნალობის სხვადასხვა ზემოთ აღწერილ ემპირიულად ვალიდიზირებულ მეთოდს. მეთოდის გამოყენება დამოკიდებულია სამკურნალო პოპულაციაზე და პრობლემებზე, და შესაძლოა მოიცავდეს მედიკამენტოზურ მკურნალობას ოპიოიდებზე დამოკიდებულებისას (მაგალითად, ოპიოიდის აგონისტის – მეტადონისა და  ბუპრენოპინის გამოყენება), ან მკურნალობის ფსიქოსოციალურ მეთოდებს (მოტივაციის ასამაღლებელი თერაპია, კოგნიტური ბიჰევიორული თერაპია მოხმარების თავიდან დაწყების პრევენციისთვის), კონტინგენტურობის მენეჯმენტს, ინდივიდუალურ კონსულტაციას ნარკოტიკების შესახებ, მატრიცის მოდელსა და ასევე სპეციფიკურ მკურნალობებს, რომლებიც კონკრეტულ უნარებს ამაღლებენ, მათ შორის სოციალური უნარების ტრეინინგს, სტრესის მენეჯმენტს, დამარწმუნებლობის უნარებს, ბრაზის მენეჯმენტს. ამის მსგავსად, მრავალი დღის პროგრამა ეროვნული მასშტაბით სპეციფიკურად ლგბტ ადამიანების საჭიროებებზე გათვლილ მკურნალობას გვთავაზობს. ამის მაგალითია ბოსტონში მდებარე ფენვეის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სათემო ჯანდაცვის პროგრამები (http://www.fenwayhealth.org). ფენვეის პროგრამა გვთავაზობს  დამოკიდებულების მკურნალობის სერვისების სრულფასოვან პაკეტს მთელი ლგბტ თემისათვის. გარდა ამისა, სხვა პროგრამები უფრო სპეციალიზებულ მკურნალობებს უზრუნველყოფენ ლგბტ ჯგუფის ქვეჯგუფებისთვის. სტოუნვოლის პროექტი (http://psych.ucsf.edu/sfgh.aspx?id=472) სან-ფრანცისკოში, ზიანის შემცირების ზრუნვის მოდელს გვთავაზობს, რომელიც სპეციფიკურად ითვალისწინებს მკურნალობის უნიკალურ საჭიროებებს მეტამფეტამინის მომხმარებელი MSM-ისათვის. ამ პროგრამების მოდელები ცდილობენ კულტურულად სპეციფიკური და ლგბტ მხარდამჭერი მეთოდების უზრუნველყოფასა და უნიკალური სოციალური და იდენტობასთან დაკავშირებული ფაქტორების გათვალისწინებას, რომლებიც ხშირად ალკოჰოლისა და ნარკოტიკის მოხმარების პრობლემებთან გადახლართულია.
ლგბტ ადამიანების მკურნალობის საჭიროებები იმდენად მრავალფეროვანია, რამდენადაც ლგბტ თემების შემადგენელი ადამიანები. ამიტომაც რთულია, ერთ თავში ადეკვატურად ასახო ყველა ის ფაქტორი, რომელიც ლგბტ ადამიანებზე  ახდენს გავლენას. 2001 წელს, ნივთიერებათა ბოროტად გამოყენების მკურნალობის ცენტრმა  გამოაქვეყნა შესავალი ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანებისათვის ნივთიერების მოხმარებისას მკურნალობის მიმწოდებლებისთვის.  ეს სახელმძღვანელო შეიქმნა როგორც მტკიცებულებებზე და კონსენსუსზე დაყრდნობილი მკურნალობის შემოთავაზების მცდელობა (სადაც ემპირიული მტკიცებულებების ნაკლებობაა), და ის განიხილავს ნივთიერების მოხმარების თანმდევი აშლილობების მქონე ლგბტ ადამიანების მკურნალობის საუკეთესო პრაქტიკებს. მისი გადმოწერა შესაძლებელია შემდეგი ბმულიდან: http://kap.samhsa.gov/products/manuals/pdfs/lgbt.pdf.

დასკვნა

რამდენად მრავალფეროვანიც ლგბტ თემის შემადგენელი ჯგუფებია, იმდენადვე მრავალფეროვანია ის ფაქტორები, რომლებიც ლგბტ ადამიანების მიერ მავნე ნივთიერებათა მოხმარებას უწყობს ხელს. მიუხედავად იმისა, რომ მრავალფეროვან ლგბტ თემში პრობლემის ხარისხისა და ხასიათის უკეთ გასაგებად და ასევე ნივთიერებათა მოხმარების კომპლექსური კონტექსტების შესასწავლად საჭიროა კიდევ უფრო მეტი კვლევა, არსებული მონაცემები მიანიშნებს, რომ ლგბტ ადამიანებს ნივთიერების მოხმარებასთან ასოცირებული მრავალი უარყოფითი და მულტიფაქტორული შედეგის მაღალი რისკი აქვთ. როგორც ასეთი, ჯანმრთელობის სერვისების მიმწოდებლებს შეუძლიათ უკეთ დაეხმარონ საკუთარ ლგბტ პაციენტებს, მათი იმ უნიკალური სოციალური, ფსიქოლოგიური, ფიზიკური და სამედიცინო ფაქტორების კარგად გაგებით, რომლებიც ნივთიერებათა გამოყენების ცუდად ადაპტაციურ გზებს უწყობს ხელს. ამ ცოდნის მქონე კლინიცისტებს შეუძლიათ უკეთ შეაფასონ მდგომარეობა, უზრუნველყონ სათანადო რესურსების შეთავაზება და პაციენტი საჭიროების შემთხვევაში გადაამისამართონ.

 შეჯამება

  • ლგბტ მოსახლეობაში ნივთიერებათა მოხმარების ფართო კონტინიუმი არსებობს. იმ ადამიანთა უმეტესობას, ვინც ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს მოიხმარს (ლეგალურს თუ არალეგალურს), არ აღენიშნება პრობლემური მოხმარების სიმპტომები, რომელიც ჩარევას საჭიროებს. თუმცა, კლინიცისტებმა სისტემატიურად უნდა შეამოწმონ ალკოჰოლისა და ნარკოტიკების პრობლემური მოხმარება მათი სამედიცინო ზრუნვის ქვეშ მყოფი ყველა პაციენტში და საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს სათანადო ჩარევა.
  • რადგან გეი, ლესბოსელთა და ტრანსგენდერთა ბარები ის ძირთადი სოციალური გარემოა, სადაც ლგბტ ადამიანებს შეუძლიათ სოციალური თუ სექსუალური კავშირები გააბან სხვა ლგბტ ადამიანებთან, კლინიცისტებს უნდა ესმოდეთ ლგბტ ჯგუფების მიერ ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარების სოციალური და კულტურული კონტექსტები. კლინიცისტებმა ლგბტ პაციენტების გამოჯანმრთელებას ხელი უნდა შეუწყონ სოციალიზაციის ალტერნატიული საშუალებების და ადგილების შეთავაზებით, რომლებიც ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს არ მოიცავს.
  • არსებული კვლევები მიანიშნებენ პრობლემური ალკოჰოლიზმის მზარდ მაჩვენებლებს ლესბოსელთა შორის, ზოგად მოსახლეობასთან შედარებით. აქედან გამომდინარე, ალკოჰოლის გამოყენების სკრინინგი ლესბოსელთა შეფასების ნაწილი უნდა გახდეს ნებისმიერ ჯანმრთელობის დაცვის სერვისის მიღებისას.
  • ქალაქში მცხოვრებ გეი კაცებში ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარების მაღალი მაჩვენებლები შეინიშნება. მიუხედავად იმისა, რომ გეი მამაკაცთა უმეტესობა, რომლებიც ნარკოტიკს ან ალკოჰოლს მოიხმარენ, გამოყენების პრობლემურ ფორმებს არ მიმართავს, ზოგიერთი ნარკოტიკის „რეკრეაციული“ მიზნით გამოყენება (მაგალითად, მეტამფეტამინი და პოპერსი) აივ ინფექციისა და სგგი-ს გავრცელებასთან არის ასოცირებული. აქედან გამომდინარე, კლინიცისტებმა უნდა შეაფასონ როგორც რეკრეაციული ნარკოტიკების მოხმარება, ისე ამას თანდართული სარისკო სექსუალური ქცევები.
  • მამაკაციდან-ქალზე ტრანსგენდერ ადამიანებში დიდი ურბანული ცენტრებიდან კომერციული სექს-სამუშაოს მზარდი მაჩვენებლები შეინიშნება, რასაც ნივთიერებათა მოხმარება და სარისკო სექსუალური ქცევა ახლავს თან, ეს კი MTF ადამიანებს აივ ინფიცირების საფრთხეს უზრდის. MTF ტრანსგენდერებთან მომუშავე კლინიცისტები უნდა იცნობდნენ ამ რისკ ფაქტორებს, რაც მათ დაეხმარება შეფასების სწორად გაკეთებაში და სათანადო პრევენციისა და მკურნალობისათვის პაციენტების გადამისამართებაში.
  • ლგბტ ადამიანების ზოგიერთ ქვეჯგუფში (მაგალითად, ცირკუიტ წვეულებების მონაწილეები, MTF ტრანსგენდერი ადამიანები) აივ ინფექციისა და სგგი-ის რისკთან ასოცირდება. აქედან გამომდინარე, კლინიცისტებმა რისკ ჯგუფებთან ნივთიერებათა ბოროტად გამოყენების შეფასება უნდა განახორციელონ, რომელიც სარისკო სექსუალურ ქცევას მოიაზრებს მოხმარების კონტექსტიდან.
  • ნივთიერებათა მოხმარებასა და აივ ინფიცირებას შორის რამდენიმეგვარი კავშირი გამოიკვეთა. ზოგიერთი ნივთიერება იმუნურ სისტემას აქვეითებს, ზოგს ანტირეტროვირალურ თერაპიასთან სერიოზული ურთიერთქმედება ახასიათებს და  მედიკამენტების ცუდად ამტანობასთან ასოცირდება. შესაბამისად, აივ პოზიტიურ პაციენტებთან კლინიცისტებმა უნდა შეაფასონ ურთიერთმიმართება ნივთიერებათა გამოყენებასა და დაავადებას შორის.
  • ნივთიერებათა მოხმარებასთან დაკავშირებული აშლილობის მქონე პაციენტებს მკურნალობის სხვადასხვა გზებით სარგებლობა შეუძლიათ. ზოგიერთ დიდ ქალაქში ლგბტ პაციენტებზე ორიენტირებული მიზანმიმართული და კულტურულად შესაბამისი მკურნალობის სერვისები არსებობს.  კლინიცისტებს თავიანთ საზოგადოებაში უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია სათანადო სამკურნალო რესურსების შესახებ, რათა უკეთესი მომსახურება გაუწიონ პაციენტს და სათანადოდ გადაამისამართონ იგი.