ჯანმრთელობის ხელშეწყობა: შესაძლებლობები და წინააღმდეგობები

ჯანმრთელობის ხელშეწყობა და დაავადებათა პრევენცია სხვადასხვაგვარ გარემოებში ხდება, პირველადი მკურნალობიდან დაწყებული, საჯარო ჯანდაცვით დამთავრებული. პირველადი მკურნალობისას, კლინიცისტებს ლგბტ ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მრავალი შესაძლებლობა აქვთ. თუმცა, კვლევების მიხედვით, ლგბტ ადამიანებისათვის პრევენციული მომსახურება ადვილად და მუდმივად ხელმისაწვდომი არაა და ლგბტ ჯანმრთელობის ხელშეწყობის კუთხით, დღემდე მრავალი ბარიერი არსებობს.
მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობის ხელშეწყობის საქმეში ერთადერთი და საუკეთესო სტრატეგია არ არსებობს, სულ უფრო და უფრო მეტი სპეციფიკური ლიტერატურა მიუთითებს ექიმისა და პაციენტის ურთიერთობაში კულტურული გარემოს მხედველობაში მიღების მნიშვნელოვნებასა და პაციენტისათვის მტკიცებულებებით დასაბუთებული ინფორმაციის მიწოდების ეფექტურობაზე. ამ თავში განვიხილავთ მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრევენციული მუშაობის რამდენიმე  მაგალითს და მათ გამოყენებას ლგბტ ადამიანებთან. მხედველობაში ვიღებთ იმასაც, რომ კლინიცისტთა უმეტესობას საკმაოდ შეზღუდული მომზადება აქვს გავლილი ლგბტ ადამიანებთან მუშაობის კუთხით. ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ფართოდ გავრცელებულია აზრი, რომ „მაღალი ხარისხის, მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრევენციული მუშაობა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ადამიანების დასახმარებლად, რათა მათ უფრო ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდიონ“. ასევე, კვლევების საფუძველზე ვიცით, რომ პრევენციული მუშაობის პაციენტამდე ეფექტურად მისატანად, საჭიროა, რომ მონაცემებზე დაფუძნებული ინფორმაცია მზა და ხელმისაწვდომი იყოს სამკურნალო დაწესებულებებში.
ჯანმრთელობის ხელშემწყობი მომსახურებების არათანაბარი გავრცელება საზოგადოების სხვადასხვა ნაკლებად პრივილეგირებულ ფენაში ასევე ცნობილი ფაქტია, და ფედერალური მთავრობა ამ უთანასწორობის აღმოსაფხვრელად ფინანსური დახმარების სხვადასხვა პროგრამას ითვალისწინებს (მაგალითად, აქტივობა  ძუძუს და საკვერცხის კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის შესამცირებლად). თუმცა, ლგბტ ადამიანების ჯანმრთელობის შესახებ მეცნიერული მონაცემების შექმნისათვის გამოყოფილი დაფინანსება მინიმალურია. შესაბამისად, მტკიცებულებებზე დაფუძნებული, კულტურულად სპეციფიკური აქტივობები, რომლებიც ლგბტ ადამიანების ჯანმრთელობის  ხელშეწყობისკენ იქნება მიმართული, შეზღუდულია. ამ თავში შევეცდებით, ინფორმაციული ხარვეზები შევავსოთ და სამედიცინო სფეროში მომუშავე პროფესიონალებს ლგბტ პაციენტებზე ზრუნვისათვის სასარგებლო ინფორმაცია მივაწოდოთ.

ეროვნული სტანდარტები

ეს თავი ეროვნული პოლიტიკის მესვეურების მიერ შექმნილ ორ მოდელსგანიხილავს. პირველია „პრევენციული კლინიკური მომსახურების სახელმძღვანელო: რეკომენდაციები აშშ-ს პრევენციული მომსახურების დანაყოფს“ – USPSTF – (http://www.ahrq.gov/clinic/uspstfix.htm). ის  მტკიცებულებებზე დაყრდნობილი კლინიკური მკურნალობის რეკომენდაციებსგვთავაზობს. ამ სახელმძღვანელოს ჯანმრთელობის სფეროს მრავალი  პროფესიონალი იცნობს. სახელმძღვანელოს შესაქმნელად, სისტემატურად მოწმდებოდა მეცნიერული მონაცემები და მათგან გამომდინარე, ყალიბდებოდა პრევენციული მუშაობის რეკომენდაციები.ეროვნული პოლიტიკის მეორესახელმძღვანელო,„სათემო პრევენციული მომსახურებების სახელმძღვანელო“ (http://www.thecommunityguide.org/index.html), ექიმებსა და ჯანდაცვის ორგანიზაციებს თანამედროვე და დამტკიცებული კლინიკური ტესტებისა და ქცევითი პრაქტიკის მაგალითების ქონის საშუალებას აძლევს. ეს სახელმძღვანელო აჯამებს იმ აქტივობებს, რომლების განხორციელებამაც ზოგადად მოსახლეობაშიჯანდაცვის ხელშეწყობის გაზრდა გამოიწვია.

 

თამბაქოს მოხმარების სკრინინგი და კონსულტირება

თამბაქოს მოხმარება დღემდე რჩება დაავადებებისა და სიკვდილიანობის ერთ-ერთი ისეთ წამყვან მიზეზად ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომლის თავიდან აცილებაც შესაძლებელია. აშშ-ში მოწევა, ან სიგარეტის კვამლის შესუნთქვა (პასიური მოწევა) წელიწადში დაახლოებით 259 494 სიკვდილის მიზეზად დასახელდა მამაკაცებში და 178 408 – ქალებში. წლიურად 438 000  ნაადრევი სიკვდილიანობიდან, 39.8% კიბოს მიზეზით მოხდა, 34.7% კარდიოვასკულარული პრობლემების, ხოლო 25.5% რესპირატორული დაავადებების გამო. 1996 წლიდან, როცა ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკისა და კვლევის სააგენტომ თავისი პირველი კომპლექსური სახელმძღვანელო გამოსცა მოწევის შესაწყვეტად ჩასატარებელი კლინიკური პრაქტიკის შესახებ, რეკომენდებულია, რომ კლინიცისტებმა პაციენტთა თამბაქოს მოხმარება შეამოწმონ და მოწევის შეწყვეტაში, კლიენტებს დაეხმარონ.  მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული მონაცემებით, მუდმივი მწეველების 55% და არამუდმივი მწეველების 43% იღებს მოწევისათვის თავის დანებების შესახებ რჩევებს თავიანთი ექიმებისაგან, ლათინოამერიკელი მწეველები მოწევის შეწყვეტის რჩევას მნიშვნელოვნად ნაკლებად იღებენ, ვიდრე სხვა რასობრივი ჯგუფები.

7-1 ცხრილი USPSTF პრევენციული კლინიკური მომსახურებები და მათი გამოყენება ლგბტ ადამიანებთან
ხარისხი მომსახურება აღწერილობა რა არის ცნობილი ლგბტ მოსახლეობაზე რა უნდა გაკეთდეს ლგბტ მოსახლეობაში

 

 

 

თამბაქოს მოხმარება და ამით გამოწვეული დაავადებები, კონსულტირება პრევენციისათვის შეამოწმეთ ყველა პაციენტი და მწეველებს შესთავაზეთ თამბაქოსთვის თავის დანებებაში დახმარება მონაცემების მიხედვით, ლგბტ ადამიანებში თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი მაღალია შეამოწმეთ თამბაქოს მოხმარება, შესთავაზეთ სტანდარტული ან ლგბტ-ზე ორიენტირებული თავის დანებების შესაძლებლობები
A მაღალი სისხლის წნევა, შემოწმება  შეამოწმეთ 18 წლის ან უფრო ზრდასრული პაციენტები მონაცემების მიხედვით, ლგბტ ადამიანებს კარდიოვასკულარული დაავადებების უფრო მაღალი რისკი აქვთ შეუმოწმეთ სისხლის წნევა, შესთავაზეთ სტანდარტული მომსახურება
A ასპირინი სისხლძარღვოვანი დაავადებების პირველადი პრევენციისათვის განიხილეთ ასპირინის ქიმიოთერაპია პაციენტებთან, ვისაც მაღალი რისკი აქვთ გულის კორონარული დაავადებებისადმი. ისაუბრეთ ასპირინის თერაპიის პოტენციურ უპირატესობებსა და ნაკლოვანებებზე
A ლიპიდური დარღვევები ზრდასრულებში, სკრინინგი სისტემატურად ჩაუტარეთ სკრინინგი მამაკაცებს, რომლებიც არიან 35 წლის და ზემოთ და ქალებს, რომლებიც არიან 45 წლის და ზემოთ. ლიპიდურ დარღვევებს უმკურნალეთ  გულის დაავადებების მზარდ რისკთან ერთად მონაცემები ადასტურებს ლგბტ ადამიანებში გულსისხლძარღვთა დაავადებების მაღალ რისკს შესთავაზეთ სტანდარტული მომსახურება
A კოლორექტალური კიბო, სკრინინგი ჩაუტარეთ სკრინინგი 50 წელს გადაცილებულ ქალებსა და მამაკაცებს მონაცემები მიგვითითებს  სკრინინგის დაბალ მაჩვენებლებს ლგბტ ადამიანებში შესთავაზეთ სკრინინგის სტანდარტული შესაძლებლობები
A აივ სკრინინგი აივ ინფექციის სკრინინგი ჩაუტარეთ ყველა ზრდასრულ და მოზარდ ადამიანს, ვისაც მაღალი აივ ინფიცირების რისკი აქვთ; ასევე ყველა ორსულ ქალს
A სიფილისის სკრინინგი ჩაუტარეთ სკრინინგი ყველა რისკის მქონე ადამიანსა და ყველა ორსულ ქალს
A ქლამიდიური ინფექციების სკრინინგი სისტემატურად ჩაუტარეთ სკრინინგი ყველა სექსუალურად აქტიურ ქალს, რომელიც 25 წლის ან უფრო ახალგაზრდაა; ასევე ყველა ასიმპტომურ ქალს, ვისაც დაინფიცირების მაღალი რისკი გააჩნია
A B ჰეპატიტი, სკრინინგი ორსულ ქალებს სკრინინგიპირველივე კონსულტაციის დროსჩაუტარეთ
A Rh (D) შეუთავსებლობის -სისხლის რეზუს ფაქტორის სკრინინგი სისხლის რეზუს ფაქტორისა და ანტისხეულების ტესტირება ჩაუტარეთ ყველა ორსულ ქალს, თავიანთ პირველ ორსულობასთან დაკავშირებულ ვიზიტზე მრავალი ლბტ ქალი ორსულდება შესთავაზეთ სტანდარტული სკრინინგი
A ბაქტერინურია, ასიმპტომურობის სკრინინგი შარდის ანალიზი ჩაუტარეთყველა ორსულ ქალს,ორსულობის მე-12 – მე-16 კვირებში მრავალი ლბტ ქალი ორსულდება შესთავაზეთ სტანდარტული სკრინინგი
B ჭარბწონიანობა ზრდასრულ ადამიანებში, სკრინინგი სკრინინგი ჩაუტარეთ ყველა პაციენტს. შესთავაზეთ ინტენსიური კონსულტაციები და აქტივობა მდგრადი წონის შესანარჩუნებლად და ზედმეტი წონის დასაკლებად მონაცემების მიხედვით, ლესბოსელებში ჭარბწონიანობის მაღალი მაჩვენებლებია შეამოწმეთ ჭარბწონიანობაზე
B ქცევითი ჩარევა პირველადი ზრუნვის დროს ჯანმრთელი დიეტის ხელშესაწყობად შესთავაზეთ ინტენსიური აქტივობა და დიეტის ხელშემწყობი კონსულტაციები ყველა ჰიპერლიპიდემიის ან გულსისხლძარღვთა სხვა დაავადებების  რისკ ფაქტორების  და დიეტასთან დაკავშირებული ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტს. ინტენსიური კონსულტაციები შეიძლება პირველადი ზრუნვის აღმომჩენმა კლინიცისტებმაც ჩაატარონ, ან პაციენტები გადაამისამართონ სხვა სპეციალისტებთან (დიეტოლოგები) მონაცემების მიხედვით, ლბ ქალები უფრო ცუდად იკვებებიან შეამოწმეთ ჭარწონიანობაზე, გადაამისამართეთ დიეტის შესაცვლელ პროგრამებთან
B დიაბეტი ზრდასრულებში, მეორე ტიპის დიაბეტის სკრინინგი ჩაუტარეთ სკრინინგი ზრდასრულ პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ მაღალწნევიანობა ან ჭარბწონიანობა მონაცემების მიხედვით ლგბტ ადამიანებში მაღალია სისხლძარღვოვანი დაავადებების რისკი ჩაატარეთ დიაბეტის სკრინინგი, გადაამისამართეთ დიეტის შეცვლისა და ფიზიკური აქტივობების პროგრამებთან
B ლიპიდური დარღვევები ახალგაზრდებში, სკრინინგი სისტემატიურად შეამოწმეთ ახალგაზრდები (20-დან 35 წლამდე მამაკაცები და 20-დან 45 წლამდე ქალები), იმ შემთხვევაში, თუკი მათ გულის  კორონარული დაავადებების სხვა რისკ ფაქტორები აღენიშნებათ. ასევე, გაზომეთ ქოლესტერინის საერთო დონე მონაცემების მიხედვით, ლგბტ ადამიანებში მაღალია სისხლძარღვოვანი დაავადებების რისკი ჩაატარეთ ლიპიდების სკრინინგი, შესთავაზეთ სტანდარტული მომსახურება
B ძუძუს კიბოს სკრინინგი ჩაატარეთ მამოგრაფია მკერდის კლინიკურ გასინჯვასთან ერთად ან მის გარეშე. მამოგრაფია საჭიროა ყოველ ერთ ან ორ წელიწადში ერთხელ, 40 წელს გადაცილებული ქალებისათვის მონაცემების მიხედვით, ლბტ ქალებში სკრინინგის  ჩატარების დაბალი მაჩვენებლებია შესთავაზეთ სტანდარტული მომსახურება
B ძუძუს კიბოს ქიმიოპრევენცია გასინჯეთ ქალები, რომლებსაც აქვთ ძუძუს კიბოს მაღალი რისკი და ქიმიოპრევენციის უარყოფითი შედეგების დაბალი რისკი. პაციენტებს შეატყობინეთ ყველა პოტენციური უპირატესობისა და საფრთხის შესახებ ძუძუს კიბოს გაჩენის მხრივ, ლესბოსელებს უფრო მეტი ქცევით რისკ ფაქტორები აღენიშნებათ შესთავაზეთ სტანდარტული მომსახურება
B ძუძუს და საშვილოსნოს კიბოს ალბათობა, გენეტიკური რისკის შეფასება და BRCA მუტაციების ტესტირება ქალები, რომელთა საოჯახო ისტორიაც ასოცირებულია BRCA1 და BRCA2 ავთვისებიან მუტაციასთან,  გადაამისამართეთ გენეტიკურ კონსულტაციასა და BRCA ტესტირებასთან. შესთავაზეთ სტანდარტული მომსახურება
B აბდომინალური აორტული ანევრიზმა, სკრინინგი აბდომინალური აორტული ანევრიზმის შესამოწმებლად საჭიროა ერთჯერადი ულტრასონოგრაფია 65-დან 75-წლამდე მამაკაცებისათვის, ვინც როდესმე ყოფილა მწეველი მონაცემთა მიხედვით ლგბტ ადამიანებში თამბაქოს მოხმარების მაღალი მაჩვენებლებია ჩაუტარეთ სკრინინგი 65-დან 75-წლამდე მამაკაცებს, ვინც როდესმე ყოფილა მწეველი
B ოსტეოპოროზი პოსტ-მონოპაუზურ ქალებში, სკრინინგი სისტემატურად გასინჯეთ 65 წელს გადაცილებული ქალები; ხოლო ის ქალები, რომლებსაც ოსტეოპოროზული მოტეხილობების მაღალი რისკი აქვთ, 60 წლიდან.
B გონორეას სკრინინგი ყველა სექსუალურად აქტიურ ქალს ჩაუტარეთ სკრინინგი,  მათ შორის ორსულებს, თუკი მათ  ინფექციის მაღალი რისკი აქვთ. ეს გულისხმობს თუ ისინი ახალგაზრდები არიან ან აქვთ სხვა ინდივიდუალური ამ ჯგუფური რისკ ფაქტორები.
B დეპრესიის სკრინინგი სკრინინგი ჩაატარეთ ისეთ კლინიკურ გარემოში, რომლებსაც აქვთ აწყობილი სისტემა ზუსტი დიაგნოზის, ეფექტური მკურნალობისა და მომდევნო აქტივობებისათვის
B ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება, სკრინინგი და ქცევითი კონსულტაცია პირველადი ზრუნვისას გამოიყენეთ სკრინინგი და ქცევითი კონსულტირება ალკოჰოლის ბოროტად გამოყენების შესამცირებლად ზრდასრულ პაციენტებში, მათ შრის ორსულ ქალებში
B ქლამიდიური ინფექცია, სკრინინგი ორსულ ქალებში სისტემატურად ჩაუტარეთ სკრინინგი 25 წლამდე ასაკის ასიმპტომურ ორსულ ქალებს და სხვებს, ვინც მაღალ რისკ ჯგუფში შედის
B Rh(D)-რეზუს შეუთავსებლობა სისტემატური სკრინინგი რეზუს ფაქტორსა და ანტისხეულებზე ყველა არასენსიტიზირებულ რეზუს უარყოფითი სისხლის მქონე ქალთან ორსულობის 24-28 კვირებში, იმ შემთხვევაში თუ ცნობილი არ არის, რომ ბიოლოგიური მამის სისხლიც რეზუს უარყოფითია. მრავალი ლბტ ქალი ორსულდება) შესთავაზეთ სტანდარტული მომსახურება
B ძუძუთი კვება, ქცევითი ჩარევა ძუძუთი კვების ხელშესაწყობად რეკომენდებულია ძუძუთი კვებასთან დაკავშირებული სტრუქტურირებული ინფორმაციის და საკონსულტაციო პროგრამების შეთავაზება მრავალ ლბტ ქალს ჰყავს ბიოლოგიური შვილები) შესთავაზეთ სტანდარტული კონსულტაცია და განათლება
I პროსტატის კიბოს სკრინინგი პროსტატის კიბოს სკრინინგი  პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის ან ციფრული რექტალური გამოკვლევის მეშვეობით მიიჩნევა, რომ გბ მამაკაცებში პროსტატის კიბოს რისკი ისეთივეა, როგორც ჰეტეროსექსუალ მამაკაცებში განიხილეთ სკრინინგის რისკები და უპირატესობები
ანალური კიბოს სკრინინგი გბ მამაკაცებში ანალური კიბოს მაღალი რისკია, ასევე ზოგიერთ  ტრანსთანაც შესთავაზეთ სკრინინგი (Pap ტესტი)
პენალური კიბოს სკრინინგი მონაცემების მიხედვით გბ მამაკაცები შესაძლოა მაღალი რისკის ქვეშ იყვნენ შესთავაზეთ სკრინინგი
D სათესლე ჯირკვლის კიბოს სკრინინგი ასიმპტომურ მამაკაცებში რეკომენდებულია სისტემატური სკრინინგისაგან თავის შეკავება აივ-ინფიცირებულ მამაკაცებს სათესლე ჯირკვლის კიბოს მაღალი რისკი აქვთ სასურველია აივ-ინფიცირებულ გბ მამაკაცთა სკრინინგი
რანჟირების განმარტება: USPSTF-მა შეიმუშავა კოდები (ასოებით რანჟირება), რომლებიც ასახავს უპირატესობებისა და საფრთხეების ბალანსს და პრევენციული მომსახურების შეთავაზების მხარდამჭერი ფაქტობრივი მონაცემების რაოდენობას. მომსახურებები ფასდება A-დან (ძლიერი რეკომენდაცია) D-მდე (არ არის რეკომენდებული). I ნიშნავს, რომ არ არსებობს ფაქტობრივი მონაცემები უპირატესობებისა და ნაკლოვანებების შესაფასებლად, ხოლო ცარიელი გრაფა ნიშნავს, რომ USPSTF-ს ჯერ კოდი არ მიუნიჭებია.ადაპტირებული. ნებადართულია: „Health Care Screening for Men Who Have Sex with Men”, May 1, 2004. American Family Physician. Copyright 2004 American Academy for Family Physicians, All Rights Reserved

 

ლგბტ პაციენტების კონსულტირება მოწევის შეწყვეტის შესახებ ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არსებული მონაცემების მიხედვით, ლგბტ ადამიანებს მოწევის უფრო მაღალი მაჩვენებლები აქვთ, ვიდრე ზოგად მოსახლეობას. ახალი კვლევების მიხედვით, ლესბოსელი და ბისექსუალი ქალების მოწევის მაჩვენებლები ჰეტეროსექსუალ ქალებზე ორჯერ მეტია. ლბ ქალების 29.8%  ეწევა, ჰეტეროსექსუალი ქალების 17%-თან შედარებით[8]. ასეთივე მონაცემებია მამაკაცებშიც. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, გეი მამაკაცებს მოწევის დაწყების ორჯერ უფრო  მეტი ალბათობა ჰქონდათ, ვიდრე ჰეტეროსექსუალ მამაკაცებს. ტრანსგენდერი ადამიანების მოწევის მაჩვენებლები ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ მოწევის ხარისხი ამ პოპულაციაშიც მაღალია.
„სათემო პრევენციული მომსახურებების სახელმძღვანელო“ საუბრობს თამბაქოს მოხმარების შემცირების ღონისძიებების ეფექტურობაზე, რომლებიც შესაძლოა ჯანდაცვის სისტემებმა და ექიმებმა გამოიყენონ. თამბაქოს მოხმარების შემოწმება და მოწევის შეწყვეტისათვის მოკლე (3-წუთიანი) კონსულტაციების ჩატარება, მოწევის შეწყვეტის მაჩვენებლების ზრდას აჩვენებს. თუმცა, უფრო ინტენსიურ კონსულტირებასა და მოწევის შეწყვეტის მაჩვენებლების ზრდაში დოზა-პასუხის ეფექტიც მუშაობს. ექიმის „შემახსენებელი“ სისტემები, მაგალითად ფლოუშიტები, პაციენტის სამედიცინო ანკეტას მიმაგრებული სტიკერები და ა.შ. ასევე ეფექტურ მეთოდად მიიჩნევა. მეცნიერული მტკიცებულებით, ასევე წარმატებულ მიდგომად ითვლება „შემახსენებელი“ სისტემებისა და ექიმების განათლების კომბინაცია ექიმების მიერ კონსულტაციის გასაუმჯობესებლად და პაციენტთა მიერ მოწევის შეწყვეტის მაჩვენებლების ასამაღლებლად. ასევე ეფექტურია სატელეფონო კონსულტაციებიც, რაც მოიაზრებს მხარდამჭერი პირის მიერ პაციენტთათვის მოწევის შეწყვეტაში დახმარებას, ასევე მათ კონსულტირებას, ვინც ახლახან დაანება თავი მოწევას. კლინიკურ გარემოში, სატელეფონო კონსულტირება სხვა მეთოდების (მაგალითად, ექიმის კონსულტაცია და მოწევის შეწყვეტის ხელშემწყობი სხვა აქტივობები), – მომდევნო ეტაპად გამოიყენება.
მოწევის შეწყვეტის რამდენიმე მეთოდი სპეციფიკურად ლგბტ ადამიანებზეა ორიენტირებული. ადრეულ 90-იანებში,  ამერიკისლილისფერთა კოალიციამ ასოციაციამ – მოწევისა და ჯანმრთელობის შესახებ (Coalition of Lavender Americans on Smoking and health –CLASH) შექმნა ბოლო ნაფაზის პროგრამა სან ფრანცისკოში. ეს იყო ლგბტ თემზე მიმართული საგანმანათლებლო პროგრამა. ის ეფუძნებოდა მოწევის შეწყვეტის მოხალისეობრივ მოდელებს. მას მხარდაჭერას ამერიკის ფილტვების ასოციაცია და ამერიკის კიბოს საზოგადოება უწევდნენ (http://www.lastdrag.org/). მოწევის შეწყვეტის ხელშემწყობი პროგრამა, სახელად „ღია და თავისუფალი“, ცვლილების საფეხურების თეორიას იყენებს ადამიანების დასახმარებლად. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ზოგად მოსახლეობაზე გათვლილი მოწევის შეწყვეტის ხელშემწყობი პროგრამა იყენებს ცვლილების საფეხურების თეორიას,  პროგრამამ „ღია და თავისუფალი“, ეს თეორია ლგბტ ადამიანებს მოარგო. პროგრამა მოწევის შეწყვეტის ეტაპებს ქამინგ აუთის პროცესს ადარებდა. ის ლგბტ მწეველებს მოუწოდებდა, დაყრდნობოდნენ იმ უნარებს, შინაგან სიძლიერესა და რესურსებს, რომლებიც ქამინგ აუთის დროს განუვითარდათ. მესამე პროგრამა, სახელად ქვიარტიპი, ორივე პროგრამის ელემენტებს იყენებდა ჯგუფურ მუშაობაში.
ჯერჯერობით ცნობილი არაა, არსებობს თუ არა უფრო ეფექტური სპეციფიკური პროგრამები ლგბტ ინდივიდების პოპულაციაში მოწევის შეწყვეტისათვის. ასევე არაა ცნობილი, სხვანაირად რეაგირებენ თუ არა მოწევის შეწყვეტის ფარმაკოლოგიურ მენეჯმენტზე ლგბტ ადამიანები. გარდა ამისა, ლგბტ-სპეციფიკური პროგრამების ეფექტიანობის ხანგრძლივი შედეგები შესწავლილი არ არის. სასურველია, რომ მომდევნო პროგრამებმა უფრო ზუსტი კვლევების დახმარებით შეაფასონ ლგბტ-სპეციფიკური მიდგომების ეფექტურობა. ასევე, საჭიროა კვლევები იმის შესასწავლად, თუ რატომ იწყებენ ლგბტ ადამიანები მოწევას. შესაძლებელია, რომ ამის მიზეზი ფსიქოლოგიური ფაქტორები იყოს, მაგალითად, სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ დისკრიმინაციასთან გამკლავება. ასეთი ფაქტორების შესახებ ცოდნა უფრო ეფექტური მეთოდების შემუშავებას შეუწყობს ხელს.
და ბოლოს, ასაკოვან გეი და ბისექსუალ მამაკაცებს, რომლებსაც მწეველის ისტორია აქვთ, შესაძლოა წაადგეთ მუცლის ღრუს აორტული ანევრიზმის ულტრაბგერითი სკრინინგი. ეს არის მდგომარეობა, რომლის დროსაც მთავარი არტერია მუცლის ღრუში ფართოვდება და სკდება. 65-იდან 75-წლის ასაკში, მწეველი მამაკაცებისათვის ამ სკრინინგის ჩატარება რეკომენდებულია.

 

გულსისხლძარღვთა პრობლემების პრევენცია

აშშ-ში როგორც ქალების, ასევე მამაკაცების სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზი გულსისხლძარღვთა დაავადებაა (ყოველწლიურად გარდაცვლილთა 40%). 18 წელს გადაცილებულ ყველა ზრდასრულ ადამიანს მუდმივად უნდა უმოწმდებოდეს სისხლის წნევა, 35 წელს გადაცილებულ მამაკაცებსა და 45 წელს გადაცილებულ ქალებს კი ლიპიდურ დარღვევებს უნდა უსინჯავდნენ. ლიპიდური დარღვევების გასინჯვისას რეკომენდებულია  ქოლესტერინის საერთო მაჩვენებლის და ლიპოპროტეინული ქოლესტერინის კონცენტრაციის გაზომვა. სისხლის ლიპიდური შემოწმება ასევე რეკომენდებულია უფრო ახალგაზრდა სრულწლოვანი ადამიანებისათვის (მამაკაცებში 20-დან 35 წლამდე და ქალებში 20-დან 45 წლამდე), თუ კი მათ გულის კორონარული დაავადებების სხვა რისკ ფაქტორებიც აქვთ. კლინიცისტებმა უნდა იზრუნონ ასპირინის ქიმიოპრევენციაზე იმ ადამიანებში, რომლებსაც გულის კორონარული დაავადებების რისკი აქვთ. ამ შემთხვევაში, მათ უნდა განიხილონ ასპირინული თერაპიის უპირატესობებიცა და ნაკლოვანებებიც.
ლგბტ ადამიანებს გულის დაავადებების მეტი რისკ ფაქტორები გააჩნიათ, ვიდრე ზოგად მოსახლეობას. ზოგიერთ არაჰეტეროსექსუალ მამაკაცში გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკი იზრდება მათ მიერ ანაბოლიური სტერიოდების ან კლუბური ნარკოტიკების მიღების შედეგად – რადგან ორივე მათგანი მომატებულ სისხლის წნევასთან ასოცირდება. ტრანსგენდერი ადამიანებისათვის გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკს ესტროგენისა და ტესტოსტერონის მიღება ზრდის. მონაცემების მიხედვით, პოლიცისტური საკვერცხის სინდრომის მაღალი მაჩვენებლები ქალიდან-მამაკაცზე ტრანსსექსუალებში ასევე ახდენს გავლენას ქოლესტერინსა და სისხლის წნევაზე. სხვები ამტკიცებენ, რომ  ლგბტ ადამიანებში მაღალწნევიანობის მიზეზები სხვა ფაქტორებია: სტრესი, რომელსაც საკუთარი სექსუალური ორიენტაციის დამალვა იწვევს, შესაძლოა ჰიპერტონიის რისკს ზრდიდეს. გარდა ამისა, მიიჩნევა, რომ სექსუალურ ორიენტაციასთან, რასასთან და ეთნიკურ წარმომავლობასთან დაკავშირებული დისკრიმინაციის გამოცდილება მაღალწნევიანობასთან პირდაპირ კავშირშია. გულის დაავადებები ლესბოსელ და ბისექსუალ ქალებში უფრო ხშირია, ვიდრე ჰეტეროსექსუალებში.  ასევე ცნობილია, რომ ბისექსუალ და ლესბოსელ ქალებს ნაკლები ალბათობა აქვთ ჩაიტარონ საჭირო ქოლესტერინის სკრინინგი, ვიდრე ჰეტეროსექსუალ ქალებს. ლგბტ ადამიანების პერიოდული სკრინინგი სასურველია რისკ ფაქტორების შესამოწმებლად, გულსისხლძარღვთა პრობლემების პრევენციისათვის. ამის მიზეზი კი ლგბტ ადამიანებში რისკ ფაქტორების სიმრავლე და გულის დაავადებების მაღალი მაჩვენებლებია.
სახელმწიფოს და ფედერალურად დაფინანსებული კვლევების მიხედვით, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს გულსისხლძარღვთა დაავადებების შემცირებაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ. მაგალითად, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ დაფინანსებულმა სახელმწიფო პროგრამამ იუტაში სათემო ჯანმრთელობის ცენტრებში ელექტრონული შეტყობინებები განათავსა, რათა ექიმებისათვის პაციენტთა პრევენციული მომსახურების საჭიროებების შესახებ შეეხსენებინათ. შედეგად, იმ პაციენტთა რიცხვი, რომლებიც სისხლის  წნევას სისტემატურად იმოწმებდნენ, 33%-იდან 58%-მდე გაიზარდა. მოსახლეობის ნაკლებად პრივილეგირებული ფენების ჩასართავად, ფედერალურად დაფინანსებული დემონსტრაციის პროექტმა – „კეთილგონიერი ქალები“ – გულის დაავადებების შესახებ გასინჯა ქალები, რომლებიც უკვე მონაწილეობდნენ მკერდისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს შემოწმების პროგრამაში. გულსისხლძარღვთა კომპონენტის ჩართვამ გაზარდა ისეთი პრევენციული ქმედებების განხორციელების რიცხვი, როგორიცაა სისხლის წნევისა და ლიპიდური მაჩვენებლების სკრინინგი.
გულის დაავადების პრევენციის პროგრამები, რომლებიც სპეციფიკურად ლგბტ მოსახლეობაზეა მიმართული, ჯერ კიდევ გასავითარებელი და შესაფასებელია. ამასობაში, კლინიცისტებმა გულსისხლძარღვთა დაავადებების პრევენციის აქტივობები უნდა განახორციელონ და ჯანმრთელობის ხელშემწყობი ისეთი პროგრამები დანერგონ, რომლებიც უკვე ეფექტურად იმუშავებს ზოგად მოსახლეობაში.

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი

პაპილომავირუსის დასადგენი ტესტის ფართოდ გამოყენების წყალობით, საშვილოსნოს ყელის კიბოს მიზეზით სიკვდილიანობა საკმაოდ შემცირდა. საშვილოსნოს ყელის კიბო ადამიანის პაპილომავირუსის  (HPV) ონტოგენიურობასთან არის დაკავშირებული. დღესდღეობით HPV-ს მიერ გამოწვეული საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციული ვაქცინის თავისუფლად ხელმისაწვდომობამ, მნიშვნელოვნად უნდა შეამციროს ამ დაავადებით სიკვდილიანობა მომავალში, თუმცა ამჟამად არსებული ვაქცინები HPV-ს მქონე ქალებს დაავადების პროგრესირებისგან არ იცავს. USPSTF რეკომენდაციას უწევს ყველა ქალის რეგულარულ შემოწმებას საშვილოსნოს ყელის კიბოზე, სექსუალური აქტივობის დაწყებიდან სამი, ან 21 წლის შემდეგ.
HPV-ს ვაქცინაციის მაჩვენებლების შესახებ  მონაცემები ჯერ არ არსებობს, რადგან ვაქცინა ახლახან შეიქმნა. საშვილოსნოს ყელის კიბოს გასინჯვის მაჩვენებლები ლესბოსელ ქალებში უფრო დაბალია, ვიდრე ჰეტეროსექსუალ ქალებში, რაც აჩენს იმის საშიშროებას, რომ შესაძლოა ლბტ ქალებში ვაქცინის მოხმარების ხარისხიც დაბალი იყოს. ეს ფაქტორი მათ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. ამიტომ, არაჰეტეროსექსუალმა ქალებმა ისევე უნდა ჩაიტარონ სკრინინგი, როგორც დანარჩენმა ქალებმა. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ მცირერიცხოვანი კვლევები ჩატარდა, ისინი მიანიშნებენ, რომ ლბ ქალები უფრო ნაკლებად იტარებენ პაპილომავირუსის სკრინინგს, ვიდრე ჰეტეროსექსუალები და ტესტების ჩატარებას შორის ინტერვალი ლესბოსელებში სამჯერ მეტია ჰეტეროსექსუალებთან შედარებით. ტრანსგენდერი ადამიანების შესახებ ასეთი კვლევები არ არსებობს. თუმცა, ქალიდან-მამაკაცზე ტრანსსექსუალები, რომლებსაც საშვილოსნოს ყელი შენარჩუნებული აქვთ, კიბოს რისკ ჯგუფში შედიან და რეგულარულ შემოწმებას საჭიროებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ექიმის რეკომენდაციები მჭიდროდ უკავშირდება ზოგად მოსახლეობაში გასინჯვების მაჩვენებლის ზრდას, მოსახლეობაზე ჩატარებული კვლევები, რომლებიც ამოწმებს, რამდენად იღებენ არაჰეტეროსექსუალი ქალები ექიმების მიერ ტესტის ჩატარების რჩევას, არ არსებობს. არსებობს გარკვეული მონაცემები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ექიმის რეკომენდაცია ზრდის არაჰეტეროსექსუალ ქალებთან საშვილოსნოს ყელის კიბოს ტესტირების მაჩვენებლებს. ჯანდაცვის ზოგიერთ წარმომადგენელს ჰქონია, რომ თუკი ლესბოსელებს ამჟამად არ აქვთ სექსუალური ურთიერთობა კაცებთან, ისინი არ იმყოფებიან HPV-ის რისკის ქვეშ, და შესაბამისად, ისინი ლესბოსელ ქალებს რეგულარულად არ სინჯავენ. გარდა ამისა, კვლევების თანახმად, არაჰეტეროსექსუალი ქალები საკუთარ თავს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების დაბალ რისკ ჯგუფად აღიქვამენ და სჯერათ, რომ სექსუალური საფრთხის შემცირებისთვის გარკვეული ზომების მიღება მათთვის საჭირო არ არის.
არსებობს რამდენიმე მიდგომა, რომლებიც საშვილოსნოს ყელის კიბოს ტესტირების გავლის რაოდენობის გასაზრდელად შემუშავდა არაჰეტეროსექსუალ ქალებში. საგანმანათლებლო კამპანია „ლესბოსელთა ჯანმრთელობის საკითხები“ მუშაობდა როგორც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან, ისე ზოგადად მოსახლეობასთან. კამპანიის ფარგლებში ფასიანი რეკლამა განთავსდა რადიოსა და გაზეთებში. მას შემდეგ, რაც მსმენელებმა სიტყვა „ლესბოსელის“ გაჟღერების გამო რადიოში იჩივლეს, რადიოსადგურებმა რეკლამა გააუქმეს.  ლგბტ თემის ზოგიერთმა წევრმა კი კამპანიის გაგრძელება მოითხოვა. ამ დავის ხილვადობამ კამპანიის საგანმანათლებლო მიზნების მიღწევასაც შეუწყო ხელი. მეორე მაგალითია ლესბოსელებისთვის განკუთვნილი ერთსაათიანი საგანმანათლებლო სესიები, რომელსაც ლესბოსელი ექიმი უძღვებოდა. საპილოტე კვლევამ შეისწავლა 50-დან 80-წლამდე ლესბოსელების პოპულაციაში ამ შეხვედრების გავლენა საშვილოსნოს ყელის კიბოს ტესტირების ჩატარებაზე, და სამიზნე ჯგუფის მიერ სამედიცინო შემოწმების გავლის რიცხობრიობაში მცირედი ზრდა აღმოაჩინა. კვლევაში ასევე გამოჩნდა, რომ ზოგიერთმა ლესბოსელმა მონაწილემ, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში არ გაეკეთებინა მამოგრამა, მამოგრამა გაიკეთა, ზოგიერთმა კი ყოველთვიური მკერდის თვითგასინჯვა დაიწყო.

კოლორექტალური კიბოს სკრინინგი

ყოველწლიურად ამერიკელ ქალებსა და მამაკაცებში კოლორექტალური კიბოს 148 000 ახალი შემთხვევის დიაგნოსტირება ხდება და 55 000-ზე მეტი მათგანი დაავადებას ვერ უმკლავდება. აქედან გამომდინარე, მკაცრად რეკომენდებულია 50-დან 80 წლამდე ქალებისა და მამაკაცების კოლორექტალურ კიბოზე სკრინინგი ყოველ 10 წელიწადში ერთხელ მაინც. კოლორექტალური კიბოს გასინჯვის პოტენციური მეთოდებია ფარული ფეკალური სისხლდენის ტესტირება (FOBT-ასიმპტომური გასტროინტესტინალური სისხლდენის სკრინინგი), ფლექსიბური სიგმოიდოსკოპია, კოლონოსკოპია და ორმაგი კონტრასტის ბარიუმის ოყნა.
ლგბტ მოსახლეობაში კოლორექტალური სკრინინგის შესახებ საკმაოდ მცირედი მონაცემები არსებობს. აივ-ინფიცირებული პაციენტები, არაინფიცირებულ საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, კოლორექტალურ კიბოზე ნაკლებად მოწმდებიან, მიუხედავად იმისა, რომ აივ ინფიცირებული ადამიანები უფრო ხშირად იყენებენ ჯანდაცვის სხვადასხვა სერვისს. არაჰეტეროსექსუალი ქალების საკვლევი ჯგუფის მონაცემებით, რომლებიც ქალთა ჯანმრთელობის ინიციატივაში მონაწილეობდნენ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არაჰეტეროსექსუალ ქალებს სწორი ნაწლავის კიბოს მეტი შემთხვევები გამოუვლინდათ, ვიდრე ჰეტეროსექსუალებს. ეს კი ამ მოსახლეობის სკრინინგის მნიშვნელოვნებას უსვამს ხაზს.
კიბოს სკრინინგის მაჩვენებლების გასაზრდელად ზოგად მოსახლეობაში მრავალი მეთოდი არსებობს, როგორიცაა სათემო ინიციატივები, ინდივიდზე ორიენტირებული ინიციატივები, პროგრამები, რომლებიც კლინიცისტის ქცევის მნიშვნელობას უსვამენ  ხაზს. (მაგალითები შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე მოიძიოთ: http://rtips.cancer.gov/rtips/index.do) . სათემო პრევენციული სერვისების სამუშაო ჯგუფის დასკვნის მიხედვით,  კოლორექტალური კიბოს გასინჯვის ხელშესაწყობად ეფექტური მეთოდია პაციენტთათვის სკრინინგის ჩატარების დროის მოახლოების შეხსენება. ასევე  ეფექტურად ითვლება სტრუქტურული ბარიერების შემცირება (მაგალითად, სკრინინგის ჩატარების ადგილის შეცვლა, ოპერაციის საათების გადანაცვლება, ბავშვებზე ზრუნვის მომსახურების შეთავაზება).
პაციენტებს, ვინც კოლორექტალური კიბოს სკრინინგს გაივლის და არასასურველი შედეგები აღმოაჩნდება, მომდევნო დახმარებაც სჭირდება: სრულყოფილი დიაგნოსტიკა, რომელიც კოლონოსკოპიას ან ფლექსიბურ სიგმოიდოსკოპიას და ბარიუმის ოყნის გაკეთების შემდეგ გადაღებულ რენტგენს გულისხმობს. ის მიდგომები, რომლებიც ექიმებს ამცნობდნენ ფარული ფეკალური სისხლდენის ტესტის პოზიტიურ შედეგებს, ამ პაციენტებისთვის სრულყოფილი დიაგნოსტიკური შეფასების ჩატარებას უწყობდნენ ხელს.
ჯერჯერობით არ არსებობს მიზანმიმართული მეთოდი, რომელიც ლგბტ მოსახლეობის მიერ კოლორექტალური კიბოს სკრინინგის ჩატარების მაჩვენებლების გაზრდას უწყობს ხელს. ზემოთხსენებულმა პილოტურმა კვლევამ კი, რომელიც ლესბოსელი ექიმის მიერ არაჰეტეროსექსუალი ქალებისათვის კიბოზე შემოწმების ჩვევის შესამუშავებლად განათლების მიცემას გულისხმობდა, სკრინინგის ჩატარების მაჩვენებლების გაზრდა არ აჩვენა. შესაძლებელია, რომ პროგრამა, რომელიც ლგბტ ადამიანებისათვის არის შექმნილი და კონკრეტულად კოლორექტალური კიბოს სკრინინგის ხელშეწყობას ისახავს მიზნად, უფრო ეფექტური იქნებოდა, თუმცა ამას ჯერ დამტკიცება სჭირდება.

ძუძუს კიბოს სკრინინგი

2006 წელს, სავარაუდოდ, დაახლოებით 212 920 ქალს ჰქონდა ძუძუს კიბო – ყველაზე გავრცელებული კიბო ქალებში. ამავე წელს მოსალოდნელი იყო 40 970 ქალის ძუძუს კიბოსგან გარდაცვალება. ძუძუს კიბოს პრევენციის მიზანი მისი ადრეულ სტადიაზე აღმოჩენაა. ამისათვის კი სკრინინგია საჭირო. ძუძუს კიბოს მაღალი რისკის მქონე ქალებისათვის რეკომენდებულია ქიმიოპრევენციის შეთავაზება. გენეტიკური კონსულტაციის და BRCA ტესტირების ჩატარება საჭიროა იმ ქალებისათვის, ვის საოჯახო ისტორიაშიც გვხვდება BRCA1 და BRCA2 გენების მავნე მუტაციები. აშშ-ის პრევენციული სახელმძღვანელოები გვირჩევენ, რომ 40 წელს გადაცილებულ ქალებს ყოველწლიურად (ან ორ წელიწადში ერთხელ) მკერდის კლინიკურად გასინჯვასთან ერთად, ან მის გარეშე უნდა უტარდებოდეთ მამოგრამა.
მონაცემთა მიხედვით, მამოგრაფია, მკერდის კიბოს დადგენის დღემდე საუკეთესო მეთოდი, ნაკლებად გამოიყენება არაჰეტეროსექსუალი ქალების კონტინგენტში. მოსახლეობის კვლევის ახალი მონაცემები გვიჩვენებს, რომ ლესბოსელებს მამოგრაფიის ჩატარების ოთხჯერ ნაკლები ალბათობა აქვთ, ვიდრე ჰეტეროსექსუალ ქალებს. ეს კი ადასტურებს უფრო ადრეული კვლევების მონაცემებს, რომელთა თანახმად, ლესბოსელ ქალებს მამოგრაფიის გავლის უფრო დაბალი მაჩვენებლები ჰქონდათ. ერთი-ერთმა კვლევამ, რომელიც იკვლევდა ლესბოსელებს, ვის ოჯახის წევრებსაც ძუძუს კიბო ჰქონდათ გადატანილი, აღმოაჩინა, რომ ქალები კიბოს საშიშროების გამო უფრო ინტენსიურად იტარებდნენ მამოგრაფიას. სხვა კვლევის მიხედვით კი,  ლესბოსელი და ბისექსუალი მონაწილეების 75%-ს ძალიან ცოტა სმენოდათ საშვილოსნოსა და ძუძუს კიბოს გენეტიკური ტესტირების შესახებ; თუმცა, 88,1% ამბობდა, რომ მათთვის ტესტირება მნიშვნელოვანი იყო და 77,4%-მა იცოდა, რომ  ტესტირებას საჭიროებდა. კიბოს  განვითარების რისკის აღქმა და კიბოს პრევენციის საჭიროება გენეტიკური ტესტირების აუცილებლობას ამწვავებდა.
ტრანსგენდერი ადამიანების მიერ სკრინინგის ჩატარების მაჩვენებლები უცნობია, თუმცა მიიჩნევა, რომ მამაკაციდან-ქალზე ადამიანები, რომლებიც ჰორმონულ თერაპიას იყენებენ ან იყენებდნენ, შესაძლოა ძუძუს კიბოს მაღალი რისკის ქვეშ იყვნენ მოქცეულნი.
1990 წელს, აშშ-ის კონგრესმა გამოსცა ძუძუს და საშვილოსნოს ყელის კიბოს მიერ გამოწვეული სიკვდილიანობის პრევენციის აქტი. მისი მიზანი იყო მამოგრამებსა და პაპილომავირუსის დასადგენ ტესტებზე ხელმისაწვდომობა გაეზარდა იმ ქალებისათვის, რომლებიც ნაკლებად იღებენ სამედიცინო დახმარებას. მაშინ, როცა დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის  მიერ დაფინანსებული პროგრამა – სახელად ძუძუს და საშვილოსნოს ყელის კიბოს ადრეულ ფაზაზე აღმოჩენის პროგრამა (NBCCEDP) -კიბოს სკრინინგის გამოყენების მაჩვენებლების გაუმჯობესებისათვის დადებითად ფასდებოდა,  აღმოჩნდა, რომ მან მცირე შემოსავლის მქონე ქალების კონტინგენტის მხოლოდ 15% დაფარა. მრავალი ადამიანი მოითხოვს ამ პროგრამის გაფართოებას ისე, რომ იგი ნაკლებად პრივილეგირებულ ქალებსაც მოემსახუროს.
მხოლოდ ერთმა კვლევამ შეიმუშავა მკერდის ჯანმრთელობის პროგრამა ჯანმრთელი არაჰეტეროსექსუალი ქალებისათვის და სკრინინგის ჩატარების ქცევაზე მისი შედეგის გასაზომად მკაცრ ექსპერიმენტულ გარემოში საცდელად განახორციელა. ეს პროგრამა მოიცავდა მკერდის ჯანმრთელობის შესახებ კონსულტაციას ჯანმრთელობის დატრეინინგებულ  კონსულტანტთან, რომელიც უძღვებოდა ოთხ ყოველკვირეულ ორსაათიან სესიას 8 ქალისაგან შემდგარ ჯგუფთან. ოთხივე სესიას განსხვავებული თემა ჰქონდა: რისკის შეფასება და განათლება, ძუძუს კიბოს სკრინინგი, სტრესის მენეჯმენტი და სოციალური მხარდაჭერა. სესიები შედგებოდა ძუძუს კიბოს რისკის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისგან, ჯგუფური დისკუსიისაგან და უნარ-ჩვევების ტრეინინგისაგან. კვლევამ აჩვენა, რომ ძუძუს კიბოს საგანმანათლებლო პროგრამა ეფექტური იყო არაჰეტეროსექსუალი ქალების ქცევის შესაცვლელად: საცდელი ჯგუფის მონაწილე ქალები უფრო ხშირად იტარებდნენ მამოგრაფიას და მკერდის თვითგასინჯვას, ვიდრე საკონტროლო ჯგუფის მონაწილეები. ეს კვლევა აჩვენებს, რომ არაჰეტეროსექსუალი ქალების მიერ ძუძუს კიბოს საფრთხის აღქმა და სკრინინგის ჩატარების ქცევები შეიძლება კონსულტაციების შედეგად შეიცვალოს. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები უნდა ცდილობდნენ, “სექსუალურ უმცირესობებს” ასეთი კულტურულად სპეციფიკური პროგრამები შესთავაზონ, ძუძუს კიბოსა და სკრინინგის საჭიროების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად.

ჭარბწონიანობის სკრინინგი
ჭარბწონიანობამ ამერიკის შეერთებულ შტატებში ეპიდემიურ მასშტაბებს მიაღწია. ჭარბწონიანობის უარყოფითი შედეგები მოიცავს მაღალწნევიანობით გამოწვეული სიკვდილიანობის მნიშვნელოვნად გაზრდას, დისლიპიდემიას, მეორე ტიპის დიაბეტს, გულის კორონარულ დაავადებას, დამბლას, ნაღვლის ბუშტის დაავადებას, ოსტეოართრიტს, სუნთქვის უკმარისობას ძილში და რესპირატორულ პრობლემებს; ასევე ენდომეტრიულ, ძუძუს, პროსტატის და მსხვილი ნაწლავის კიბოს. ყველაფერი ეს კი შეიძლება პრევენცირებადი სიკვდილის მიზეზი გახდეს. რეკომენდებულია ექიმების მიერ პაციენტების ჭარბწონიანობაზე შემოწმება, მათ კონსულტირება და ქცევითი თერაპია ჯანსაღი წონის მისაღწევად.
ხელმისაწვდომობის მიხედვით შედგენილი შერჩევითი ჯგუფების საფუძველზე შეგროვებული მონაცემების მიხედვით, ლესბოსელებში ხშირია ჭარბწონიანობა. ერთ-ერთი თანამედროვე მოსახლეობაზე დაფუძნებული კვლევის მიხედვით, ლესბოსელი ქალები სხვა ქალებისაგან იმით განსხვავდებიან, რომ ჭარბწონიანობის და სიმსუქნის უფრო მაღალი ალბათობა აქვთ. არაჰეტეროსექსუალი მამაკაცების შესახებ ასეთი კვლევები არ არსებობს. მიიჩნევა, რომ ლესბოსელების სხეულის ხატი და ფიზიკური მიმზიდველობის აღქმა ჰეტეროსექსუალი ქალებისაგან განსხვავდება და მათი ფიზიკური აქტივობაც, ბისექსუალი და ჰეტეროსექსუალი ქალებისაგან განსხვავებით, შესაძლოა სიგამხდრეს არ ესწრაფვოდეს.
საჭიროა, ჭარბწონიანობასთან გასამკლავებლად შემუშავდეს არაჰეტეროსექსუალ მოსახლეობაზე გათვლილი კულტურულად სპეციფიკური პროგრამები. თუმცა,  ზოგადი მოსახლეობისკენ მიმართული ღონისძიებები შესაძლოა ლგბტ პაციენტების მიმართაც იქნას გამოყენებული. ერთ-ერთი საკონტროლო კვლევა ამოწმებდა პრაქტიკაზე დაფუძნებულ მიდგომას სერვისის მიმწოდებელთა მიერ პრევენციული მომსახურების გასაუმჯობესებლად. მათი საჭიროებების ერთდღიანი შემოწმების შემდეგ, პირველადი დახმარების აღმომჩენ პრაქტიკანტებს ფერშალი ფასილიტატორები პრევენციისათვის ინდივიდუალიზებული მიდგომის შემუშავებასა და განხორციელებაში ეხმარებოდნენ. პროგრამის ეფექტურობა და პრევენციული მომსახურების გამოყენება ექვსთვიანი  ინტერვალებით მოწმდებოდა. კვლევის შედეგებმა აჩვენა,  რომ საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, პროგრამის მონაწილე პრაქტიკანტებმა გაზარდეს სკრინინგის ჩატარების რაოდენობა (სიმაღლისა და წონის გაზომვა) და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ კონსულტაციების რიცხვი (რჩევები კვებისა და ვარჯიშების შესახებ).

ქცევითი კონსულტირება პირველადი ზრუნვის დროს ჯანმრთელი დიეტის ხელშესაწყობად

ჰიპერლიპიდემიის და გულსისხლძარღვთა თუ დიეტასთან დაკავშირებული  ქრონიკული დაავადებების სხვა რისკ ფაქტორების მქონე ზრდასრული  პაციენტებისათვის სასარგებლოა  ინტენსიური კონსულტაციები დიეტის შესახებ; განსაკუთრებით კი ლესბოსელი ქალებისათვის, მათი ჭარბწონიანობის მაღალი რისკის გამო. არსებობს ხელმისაწვდომი რეკომენდაციები დიეტის ხარისხის გასაუმჯობესებლად და ასევე ჯანმრთელი დიეტის მაგალითები კლინიკურ გარემოში კვებისათვის. მონაცემები აჩვენებენ, რომ ასეთი კონსულტაციების პირველადი დახმარების კონტექსტში ჩართვას ჯანმრთელობის გაუმჯობესების პოტენციალი აქვს . მრავალი კვლევის მიხედვით, არსებობს ალბათობა, რომ არაჰეტეროსექსუალმა ქალებმა ნაკლებად ჯანმრთელი საკვების მიღების გადაწყვეტილება მიიღონ. თუმცა, სხვა ჯგუფებთან განსხვავების ხარისხი უცნობია. ორი, შედარებით ახალი ნაშრომი პირველადი ზრუნვის მიმწოდებელ კლინიცისტების ინტერვენციებს განიხილავს, მათ შორის ისეთ ჩარევებსაც, რაც პირველადი ზრუნვის კონტექსტში შეიძლება განხორციელდეს და ისეთებსაც, რომლებსაც მომსახურების სერვისის მიმწოდებლის მიერ სხვასთან გადამისამართება ესაჭიროებათ. ეს მიმოხილვები აჩვენებენ, რომ პირველადი ზრუნვის ჩარევები წარმატებულია ჯანსაღი კვების ჩვევის სტიმულირების საქმეში. რამდენიმე ჩარევა მოიცავს მომსახურების მიმწოდებლის მხრიდან წამახალისებელი გზავნილების მიწოდებას, რასაც შინ წასაკითხად გამზადებულ ნაბეჭდ მასალებთან ერთად იღებს პაციენტი. მასალებში აღწერილი უნდა იყოს კლიენტისთვის კვების რეჟიმის დაგეგმვაში დასახმარებლად გამიზნული სხვადასხვა ხერხი. სამუშაო ადგილებზე, მოხალისეთა ორგანიზაციებზე, ეკლესიებსა და სხვა სათემო კონტექსტებზე გადამისამართების პროგრამები ასევე კარგი იდეაა და აუცილებლად გააძლიერებს პირველადი ზრუნვის დროს განხორციელებულ ჩარევათა მცდელობებს. ნაშრომის პუბლიკაციის დროისთვის, ავტორებისთვის ხელმისაწვდომი არ იყო ჯანსაღ კვებაზე კონცენტრირებული ლგბტ პუბლიკაციები.

მეორე ტიპის დიაბეტის მელიტუსის (იგივე დიაბეტის) სკრინინგი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC)  2004 წლის ანგარიშით, 18-დან 79-მდე წლის დაახლოებით 1.4 მილიონი ადამიანი ატარებდა დიაბეტის მელიტუსის დიაგნოზს. 1997 წლიდან 2004 წლამდე, დიაბეტით დიაგნოზირებულთა რაოდენობა  54% -ით გაიზარდა. დიაბეტის მზარდი სტატისტიკის გათვალისწინებით, ჰიპერტენზიით ან ჰიპერლიპიდემიით დაავადებულ ადამიანებს მეორე ტიპის დიაბეტის სკრინინგის რეგულარულად ჩატარებას ურჩევენ.
ამჟამად, არ არსებობს კვლევები, რომლებიც დაადასტურებდა რომ დიაბეტის გავრცელების სპეციფიკა განსხვავდება ადამიანების სექსუალური ორიენტაციის მიხედვით . თუმცა, დიაბეტის რისკის გაზრდილი ფაქტორები არაჰეტეროსექსუალ მოსახლეობაში დოკუმენტირებული და დადასტურებულია. ტრანსგენდერ ინდივიდებში, დიაბეტის რისკები შეიძლება გაზრდილი იყოს ტრანზიციის პერიოდში ჰორმონების ადმინისტრირების გამო. ლესბოსელ ქალებს შეიძლება დიაბეტის რისკი მომატებული ჰქონდეთ ამ პოპულაციაში ჭარბი წონის გავრცელების გამო.
დიაბეტით დაავადებულ ადამიანთა ზრუნვის სისტემის გასაუმჯობესებლად, სათემო პრევენციული მომსახურების სამუშაო ჯგუფი  ჯანდაცვის სისტემაში  როგორც დაავადების მართვაზე, ასევე შემთხვევათა მართვის ინტერვენციების ეფექტურობაზე  მიუთითებს. დაავადებათა მართვა ორგანიზებული, პროაქტიული და მრავალკომპონენტიანი მიდგომაა ჯანდაცვის მიწოდების სისტემაში. იგი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებზე ზრუნვის სახელმძღვანელო პრინციპებს ან ხარისხის სტანდარტებს მოიცავს; ის ასევე ითვალისწინებს მონიტორინგისა და დათვლის სისტემებს, რაც ჯანმრთელობის დაცვის მცდელობათა შედეგების გაუმჯობესებას ემსახურება.  შემთხვევის მართვის სისტემა დიაბეტით დაავადებულ ინდივიდს გადააბარებს პროფესიონალ, მაგრამ არა პირველადი ზრუნვის მიმწოდებელი შემთხვევის მმართველს, რომელიც მის ჯანმრთელობაზე ზრუნავს და კოორდინირებას უწევს მის შემთხვევას. შემთხვევის მართვის ეს ჩარევები შეიძლება იზოლირებულად ან დაავადების მართვის სხვა მცდელობებთან კომბინაციაში ჩატარდეს, მაგალითად, თრექინგის სისტემასთან კომბინაციაში. შემთხვევის მართვის ეფექტურობა ნაჩვენებია დიაბეტით დაავადებულ პაციენტთა ზრუნვის პროცესზე, რაც არაჰეტეროსექსუალ მოსახლეობაში ამ პროცესის წარუმატებლობის შანსებს ამცირებს. ამ ჩარევათა ეფექტურობა კვლევებს ჯერ არ დაუდასტურებია და კონკრეტულად დიაბეტით დაავადებულ ლგბტ ადამიანებზე მორგებული ჩარევის მოდელი ჯერ შემუშავებულიც არ არის.

გენიტალიური და რექტალური სიმსივნის სკრინინგი

პროსტატის სიმსივნე კაცებში სიმსივნის ყველაზე გავრცელებული სახეა და კაცებში სიმსივნის ყველა დიაგნოზის 33%-ს მოიცავს. 2006 წელს, სავარაუდოდ 232,000 კაცს დაუსვეს პროსტატის სიმსივნის დიაგნოზი და სავარაუდოდ, 30 350 ადამიანი გარდაიცვლებოდა ამ დაავადებებთან დაკავშირებული გართულებებისგან. ის სიმსივნით გამოწვეული სიკვდილიანობის მეორე ყველაზე გავრცელებული მიზეზია კაცებში. პროსტატის სიმსივნის სკრინინგი პროსტატ-სპეციფიკური ანტიგენების (PSA) გამოყენებით და ციფრული რექტალური გამოკვლევა (DRE) პროსტატის სიმსივნის აღმოჩენის სავარაუდო მეთოდია. თუმცა, ამ ორ ტესტზე მისაწვდომობა პროსტატის სიმსივნით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირებასთან დადასტურებულად დაკავშირებული არ არის. მეტიც, არც PSA და არც DRE არ არის 100%-ით ზუსტი.  პროსტატის სიმსივნის სკრინინგი წინააღმდეგობრივ საკითხად იქცა, რადგან ზოგიერთ კაცს პროსტატის არასაჭირო ბიოპსია ჩაუტარდა და პროსტატის სიმსივნის მკურნალობის პროცესში სავარაუდოდ დამანგრეველი გვერდითი ეფექტები დაუტოვა . თუმცა, პროსტატის სკრინინგი 50 წელს ზემოთ კაცებში და იმ ახალგაზრდა კაცებში, რომლებსაც ოჯახში პროსტატის კიბოს ისტორია აქვთ,  პირველადი პრევენციის საშუალებად განიხილება, USPSTF დასკვნით, საკმარისი მტკიცებულებები არ მოიპოვება, რომელიც PSA ან DRE  რუტინული ტესტირების რეკომენდებისთვის იქნებოდა საჭირო.  მხარდამჭერი რეკომენდაციის არარსებობის გამო, კაცებს ურჩევენ, რომ ვარიანტები პროსტატის სიმსივნის სკრინინგის შესახებ პირველადი ზრუნვის მიმწოდებლებთან თავად განიხილონ.
სკრინინგის სახელმძღვანელო პრინციპებში სიცხადის ნაკლებობა იდენტურია როგორც არაჰეტეროსექსუალი, ასევე ჰეტეროსექსუალი კაცებისთვის; ამიტომ, არაჰეტეროსექსუალმა კაცებმა სკრინინგის დადებითი და უარყოფითი მხარები აუცილებლად უნდა განიხილონ მომსახურების მიმწოდებლებთან. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ კაციდან-ქალზე ტრანსსექსუალები, რომლებსაც სქესის კვლავმინიჭების ოპერაციის შემდგომ შესაძლოა პროსტატა შენარჩუნებული აქვთ, მიუხედავად მათი ქალის სახით გენდერული რეპრეზენტაციისა, სავარაუდოდ პროსტატის სიმსივნის რისკის ქვეშ მყოფ პოპულაციას შეადგენენ. პროსტატის სიმსივნის შემთხვევები დადასტურებულია ფემინიზაციის მიზნით ჰორმონების გამომყენებელ კაციდან-ქალზე ინდივიდებში. თუმცა, არსებული მონაცემების შეზღუდულობის გამო, გაურკვეველია, როგორ უნდა შეეთავსოს პროსტატის სიმსივნის სტატისტიკა ბიოლოგიურად კაცად დაბადებულთა სტატისტიკას .
2006 წელს, დაახლოებით 8010 კაცს დაუსვეს სათესლეების სიმსივნის დიაგნოზი, 1470 კაცს  კი – პენისის სიმსივნე. შესაბამისად, სათესლეების სიმსივნის მიზეზით 270, ხოლო პენისის სიმსივნის  მიზეზით დაახლოებით  390 მამაკაცის სიკვდილი იყო ნავარაუდევი. USPTSTF ასიმპტომური ზრდასრული მამაკაცების რეგულარულ შემოწმებას რეკომენდაციას არ უწევს. კლინიცისტის მიერ რეგულარული ფიზიკური შემოწმება და ყოველთვიური თვითგასინჯვა სათესლე ჯირკვლის სიმსივნის შემოწმების პოტენციური საშუალებებია. ამ სკრინინგის ეფექტურობის, ნაყოფიერებისა და უპირატესობის შესაფასებლად საკმარისი მონაცემები არ არსებობს. სათესლე ჯირკვლის სიმსივნის იშვიათობა და სკრინინგის გარეშე სასურველი შედეგების მიღების შემთხვევები რეგულარული სკრინინგის საჭიროებას გამორიცხავს. თუმცა, არსებობს მონაცემები, რომელთა მიხედვითაც აივ ინფიცირებული მამაკაცები სათესლე ჯირკვლის სიმსივნის რისკის ქვეშ არიან   . ეს იმაზე მეტყველებს, რომ აივ ინფიცირებულ კაცებთან შესაძლო რეგულარული სკრინინგიც იყოს საჭირო. ტრანსგენდერ ადამიანებში სათესლე ჯირკვლის სიმსივნის შემთხვევების შესახებ მონაცემები არ არსებობს.
პენისის სიმსივნის სკრინინგის სპეციფიკური პროცედურები ან რეკომენდაციები არ არსებობს. პაციენტებს, რომლებსაც წამონაზარდები ან ნაწიბურები უჩნდებათ პენისზე, არანორმალური სიხშირით უჩნდებათ მოშარდვის სურვილი ან სისხლის გამონადენი აღენიშნებათ, პენილურ გართულებებზე უნდა ჩაუტარდეთ ანალიზი, თუ უკვე გამორიცხულია, რომ საქმე შესაბამისი გზით გადაცემულ სგგი-სთან არ გვაქვს. კვლევების შეზღუდული რაოდენობა, რომელიც ამჟამად ამ საკითხზე არსებობს, მიუთითებს რომ HPV ინფექცია შეიძლება პენისის სიმსივნის რისკ-ფაქტორი იყოს. ეს მოსაზრება არაჰეტეროსექსუალ კაცებთან კლინიკური ურთიერთობის დროს მსჯელობას მოითხოვს. ამის მსგავსად, კაციდან-ქალზე ტრანსგენდერ პირებს, რომლებმაც პენისის ინვერსიის ვაგინოპლასტია გაიკეთეს (პროცედურა, რომელიც ვაგინის შესაქმნელად გამოიყენება, როცა პენისის ქსოვილი შენარჩუნებულია), ამ ჯგუფში არსებული HPV-სთან დაკავშირებული პენისის რისკების გამო ნეოსერვიქსი, ნეოსერვიქსის პაპ ტესტები უნდა შევთავაზოთ.
სავარაუდოდ, 2006 წელს ანალური სიმსივნის 3990 ახალი შემთხვევა დაფიქსირდებოდა, 2240 ქალებში და 1750 მამაკაცებში. სხვა იშვიათი დაავადებების მსგავსად, პრევენციული მომსახურების რეკომენდაციებში ანალური სიმსივნის შესახებაც არ არის რეკომენდებული რეგულარული სკრინინგი. თუმცა მიიჩნევა, რომ ის მამაკაცები, რომლებიც ანალური სექსის დროს პენეტრაციას ახდენენ, ანალური სიმსივნის მაღალი რისკის ჯგუფად ითვლებიან. რეკომენდებულია გბ მამაკაცებისათვის ანალური პაპ-ტესტის ჩატარება ანალური ანომალიების და ანალური სიმსივნის წინარე პერიოდის აღმოსაჩენად.   სიმსივნის აღრიცხვისას სექსუალური ორიენტაცია არ ფიქსირდება და ამიტომ ამ სფეროში სანდო და მოსახლეობაზე დაფუძნებული მონაცემები არ არსებობსრამდენიმე კვლევა მიანიშნებს, რომ გეი მამაკაცებს ანალური სიმსივნის გადაჭარბებული რისკი აქვთ  . ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგად მოსახლეობაში ანალური სიმსივნე იშვიათია, ვარაუდობენ, რომ ჰომოსექსუალ და ბისექსუალ მამაკაცებში ის 80-ჯერ ხშირად გვხვდება და ქალებთან სკრინინგ პროგრამების შემუშავებამდე საშვილოსნოს ყელის სიმსივნის შემთხვევების სიხშირეს უტოლდება. კვლევები ასევე აჩვენებენ ანალური სიმსივნის რისკს აივ-ინფიცირებულ გბ მამაკაცებში, ალბათ მათი დასუსტებული იმუნური სისტემის მიზეზით, რაც მათ HPV-ს განვითარების საფრთხეს უზრდის.,  თუმცა, აივ ინფიცირების გარეშეც, გბ მამაკაცებს ზოგად მოსახლეობაზე ხშირად აღენიშნება ანალური სიმსივნე, რაც მიანიშნებს, რომ მისი ძირითადი მიზეზი HPV ინფექციაა. ანალური სიმსივნისა და HPV ინფექციის არსებობა ანალურ ინტერკურსთან დააკავშირეს და ასევე სექსუალური პარტნიორების მაღალ რიცხვთან ეს მტკიცებულებები ანალური სექსის მქონე ჰომოსექსუალი და ბისექსუალი მამაკაცებისთვის პაპ ტესტის ჩატარების რეკომენდებისკენ გვიბიძგებს. ტრანსგენდერ ადამიანებში ანალური სიმსივნის შესახებ მონაცემები არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ პრევენციული სერვისების სამუშაო ჯგუფი არ უწევს რეკომენდაციას რეგულარულ პაპ ტესტებს, ის ამბობს, რომ რეკომენდებული სკრინინგი გვთავაზობს ხარისხზე ორიენტირებულ სიკეთეებს, რომლებსაც სიცოცხლის ხანგრძლივობაზე აქვთ გავლენა და მისი ღირებულება არ აღემატება კლინიკურად მიღებულ სხვა პრევენციულ ინტერვენციებს .
მიუხედავად MSM-ებში HPV-თან დაკავშირებული ანალური დაავადებების მაღალი რისკისა, ცნობილი არაა, საუბრობენ თუ არა ექიმები HPV-ს პრევენციასა და სკრინინგზე თავიანთ გეი და ბისექსუალ პაციენტებთან. ადრეული კვლევები მიანიშნებდნენ, რომ ექიმები შესაძლოა არაკომფორტულად გრძნობდნენ თავს მამაკაცურ ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებით და თავი აარიდონ მასზე გულახდილ საუბარს კლინიკურ გარემოში  . საჭიროა იმ კვლევების რაოდენობის გაზრდა, რომლებიც შეისწავლიან ფაქტორებს, რომლებიც ექიმებს ლგბტ ადამიანებთან ჯანმრთელობის ხელშეწყობაზე საუბარს გაუადვილებენ. დღესდღეობით, პროფესიული ორგანიზაციები, მაგალითად გეი და ლესბოსური სამედიცინო ასოციაცია (http://www.glma.org), გვთავაზობს ლგბტ პაციენტებთან მუშაობის რეკომენდაციებს.

რა უნდა გაკეთდეს ლგბტ ადამიანების ჯანმრთელობის ხელშესაწყობად? 

ლგბტ პაციენტებისკენ მიმართული ჯანმრთელობის ხელშეწყობის ყველა აქტივობა ლგბტ ადამიანების მიერ ჯანმრთელობის სერვისების გამოყენების ფორმების კონტექსტში უნდა დაიგეგმოს. კვლევების თანახმად, ლგბტ პაციენტებს, რომლებიც ახალგაზრდები არიან ან რასობრივ თუ ეთნიკურ უმცირესობებს წარმოადგენენ, ჯანმრთელობაზე ზრუნვის მიღების ნაკლები ალბათობა აქვთ და ხშირად არ არიან დაზღვეულები. მოსახლეობის კვლევაზე დაფუძნებული ახალი მონაცემები ადასტურებს დიდი ხნის განმავლობაში არსებულ ჰიპოთეზას, რომ ლბ ქალები უფრო ნაკლები ალბათობით იყენებენ ჯანმრთელობაზე ზრუნვის სერვისებს, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები. თუმცა, ახალმა კვლევამ აღმოაჩინა, რომ არაჰეტეროსექსუალი მამაკაცები უფრო ხშირად იყენებენ ჯანმრთელობაზე ზრუნვის სერვისებს, ვიდრე ჰეტეროსექსუალები. ამის მიზეზი კარგად ნაკვლევი არ არის და შესაძლოა არასრულფასოვნად ასახავდეს HIV სკრინინგის მონაცემებს. მოხმარების ფორმების ასეთი სხვაობები, ლგბტ ადამიანებისათვის ჯანმრთელობის ხელშემწყობი სერვისების მიწოდების საქმეში, ჰეტეროსექსუალ პაციენტებთან შედარებით ექიმების განსხვავებულ დამოკიდებულებაზე მიანიშნებს, ისევე, როგორც ზოგად სხვაობაზე ლგბტ თემში. ნებისმიერ შემთხვევაში კლინიცისტებს უნდა ჰქონდეთ ხელმისაწვდომი ინფორმაცია ლგბტ ჯანმრთელობაზე ზრუნვის შესახებ.

პრევენციული სერვისების მიწოდების  ეფექტური სტრატეგიები კონცენტრირებულია როგორც ინდივიდუალურ, ისე სისტემურ დონეებზე (პაციენტები და კლინიცისტები). როცა ამ სტრატეგიებს ლგბტ ჯანმრთელობის ხელშესაწყობად ვიყენებთ, მრავალი სხვადასხვა საკითხი უნდა გვქონდეს მხედველობაში. საოფისე სისტემები, როგორებიცაა ელექტრონული შემახსენებლები, დიდი ცხრილები და სხვა მსგავსი ხელსაწყოებია, იაფი და წარმატებული სტრატეგიებია ჯანმრთელობის პროპაგანდისათვის. ამ სისტემების დანერგვა კარგი დასაწყისია. ასეთი სისტემების დანერგვის  დეტალური სქემები შეგვიძლია ინტერნეტში ვიპოვოთ http://www.ahrq.gov/ppip/manual/; სიმსივნის სკრინინგის პროგრამები შეგიძლიათ იპოვოთ სიმსივნის ეროვნულ ინსტიტუტში (National Cancer Institute (NCI) ვებ-გვერდი: http://cancercontrolplanet.cancer.gov/.) რადგან კვლევები აჩვენებს, რომ კლინიცისტებს სჯერათ თითქოს ისინი უკეთ ახდენენ ჯანმრთელობის პროპაგანდას, ვიდრე სინამდვილეში აკეთებენ ამას, შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს, რომ სამედიცინო ჩარტების შიდა აუდიტი ჩავატაროთ იმის გასარკვევად, აღწევენ თუ არა სისტემური აქტივობები ლგბტ პაციენტებამდე.
როგორც დამტკიცდა, კლინიცისტების მხრიდან სკრინინგის შთავაზება, ძლიერ გავლენას ახდენს პაციენტების მიერ პრევენციული სერვისების მიღებაზე. სავარაუდოდ, ასეთივე გავლენა ექნება რეკომენდაციებს ლგბტ პაციენტებთან, თუმცა კლინიცისტების მიერ ლგბტ ადამიანებისთვის სკრინინგის შეთავაზებისა და გაწეული კონსულტაციების სიხშირის შესახებ საკმარისი კვლევები არ ჩატარებულა. ასევე საჭიროა მეტი კვლევები ექიმებისა და ლგბტ პაციენტების კომუნიკაციის შესახებ, რათა უკეთ გავიგოთ, თუ რა არის ლგბტ პაციენტებთან ურთიერთობის საუკეთესო გზა პაციენტთა მიერ ჯანმრთელობის ხელშეწყობის რეკომენდაციების გასათვალისწინებლად. ლგბტ პაციენტებთან ჯანმრთელობის  პროპაგანდის გაზრდის მცირერიცხოვანი მცდელობებიც არსებობდა. თუმცა, მათი უმრავლესობა პატარა პილოტური პროგრამები იყო და არ მოიცავდნენ ზუსტი შეფასების კომპონენტს, ან კიდევ ეს პროექტები არ ტარდებოდა ზუსტი მეცნიერული მეთოდებით მყარი დასკვნების გამოსატანად. აქედან გამომდინარე, ჯერ კიდევ არაა ცნობილი, რა ჩარევის მეთოდებია უკეთესი ლგბტ ადამიანების ჯანმრთელობის ხელშეწყობის ჩვევების გასაძლიერებლად. თანაც, ლგბტ ადამიანებზე ორიენტირებული ზუსტი და კარგად დაგეგმილი მეცნიერული კვლევების დაფინანსების გარეშე, თემის მიერ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ქცევების შეცვლის საუკეთესო მექანიზმები გამოურკვეველი  დარჩება. ნათელი ის არის, რომ ლგბტ თემთან ჯანმრთელობის პროპაგანდის ჩვენეული გაგება მხოლოდ საწყის ეტაპზეა და მრავალ კითხვაზე პასუხი ჯერ კიდევ გასაცემია.

შეჯამება:

  • კლინიცისტებს მრავალი შესაძლებლობა გააჩნიათ პირველადი კონსულტაციისას ლგბტ ადამიანების ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.
  • მონაცემების მიხედვით, ლგბტ ადამიანები მეტად მოიხმარებენ თამბაქოს და ასევე ჭარბწონიანობის, კარდიოვასკულარული, დიაბეტური, ძუძუს კიბოს, კოლორექტალური სიმსივნის და ანალური სიმსივნის  მეტი რისკის ქვეშ იმყოფებიან. რეკომენდებულია ლგბტ პაციენტების სკრინინგი და  პირველადი პრევენციული მომსახურებების გაწევა.
  • პრევენციული სერვისების მიმწოდებელი ეფექტური სტრატეგიები სისტემურ და ინდივიდუალურ დონეებზე ფოკუსირდება (მიმწოდებელიც და პაციენტიც).
  • ცოტაა ცნობილი ლგბტ ადამიანებში ჯანმრთელობის ხელშეწყობის სტრატეგიების შესახებ.
  • ლგბტ თემთან პრევენციული სერვისების დანერგვის მეთოდების შესახებ რეკომენდაციების გარეშე, ლგბტ პაციენტებთან მომუშავე კლინიცისტებმა უნდა იფიქრონ იმ პროგრამებისა და სტრატეგიების ადაპტირებაზე, რომლებიც ზოგად მოსახლეობაში იყო წარმატებული.